სხვისი ცოლი | ფედერიკო გარსია ლორკა

...და ადგილს ჩავედით ნარიყალს.
მეგონა, საბედო ვნახე,
არადა, მას თურმე ქმარი ჰყავს.

იდგა სანტ-იაგოს ღამე.
რაც მითხრა, მითხრა და ვენდე.
ფარნები ერთბაშად ჩაქრნენ,
მხოლოდ ჭრიჭინები ენთნენ.
ძუძუებს შევეხე მძინარს,
ვიდრე მოსახვევს ჩავილევდით,
და ჩუმი ფეთქვით გადამეხსნა
ხელქვეშ სუმბულის ყვავილედი.
გახამებული შიდაკაბის
ისეთი ტკარცალი ამყვა,
დანამ რომ დასეროს ათმა
ფარჩა-აბრეშუმის ქამხა.
მაღლა აზრდილიყო ბნელში
ვარჯების უმთვარო წყება
და ბინდი ეფარება შორეთს,
წყალგაღმა ძაღლებად მყეფარს.

***

როგორც კი მაყვლოვანს გავცდით,
ჩათავდა ლელიც და ნარიც,
სილაში მოვთხარე ღრმული,
ჩავწურე მისი თმის ღვარი.
მე ყელსაკრავი შემოვიხსენ.
მან აკაზმულობა მთელი.
მე ქამარი და რევოლვერი.
მან ოთხი კორსაჟი ჭრელი.
მისი ვერც ინატრონ კანი
ნიჟარის ყელმა და ნარდებმა,
მთვარე რომ მინაზე დაკრთის,
ასეთი ბრკიალი არ დგება.
ჰგავდა თეძოების სხლტომა
კალმახის ასხლეტას წყლიდან.
ნახევრად ალმური მედო,
ნახევრად ყინვისგან მცრიდა.
გზათაგან უებრო გზაზე
ფაშატი ამბრის და ბროლის
ბნელდაბნელ ვაგელვე იმღამ
უუზანგ-ულაგმო სრბოლით.
რაც მაშინ ცხელ გულზე მითხრა,
არ ვამხელ, კაცი ვარ ქვეყნად,
და ჩემი კაცური ფიქრი
მიკრძალავს მაგ ამბით კვეხნას.
თან წამოიყოლა მერე
კვალი სილისა და კოცნის.
გზაგასწვრივ რიჟრაჟის ქართან
ომობდნენ დაშნები სოსნის.

***

რაც რა ვარ, ბოშა ვარ ნამდვილი,
ზარდახშა მივეცი საჩუქრად,
ლუსკუმა ნემს-ყაისნაღებით,
და აღარც მინახავს მასუკან,
რადგანაც მემუხთლა იმ ღამით,
ადგილს რომ ჩამყავდა ნარიყალს,
საბედოდ მაჩვენა თავი,
დამალა, რომ თურმე ქმარი ჰყავს.


ფედერიკო გარსია ლორკა, „ბოშური რომანსერო“ 
ესპანურიდან თარგმნა დავით წერედიანმა
გამომცემლობა „ინტელექტი“, 2020 წ.  

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში