მესამე სქესი | მარიამო ჯანელიძე
აკუმს რომ გეთენზე ეცხოვრა?! ეს აზრი მიტრიალებდა ის რამდენიმე დღე, რაც ნანა აბულაძის სადებიუტო რომანს ვკითხულობდი. პლანეტაზე „ზამთარი“ უფრო მეტად ხელსაყრელი პირობები იქნებოდა მისთვის, ვიდრე აქ, დედამიწაზე.
საქმე ისაა, აკუმი არცთუ დიდად გავრცელებული სახელია ადამიანისთვის, შესავალი აბზაციდან გამომდინარე, უპირველეს ყოვლისა, ამ სიტყვის წარმომავლობის, მისი დეფინიციის გამორკვევაა მნიშვნელოვანი: ესე არს არც მამალი, არც დედალი (საბა). ალბათ თუკი ვინმე ასეთი უსქესო დაბადებულა ან დაიბადება, მას კი ან საბას ლექსიკონი, ან კი პლატონის „ნადიმი“ ხელში ჩაუვარდება, ნანას რომანის მთავარი მოქმედი პირივით დაირქმევს ან დაურქმევია სახელად აკუმი.
კიდევ უფრო ჩავხლართე, ხო? კარგით, ახლავე დაწვრილებით და გასაგებად მოგახსენებთ. „აკუმი“ ასე ჰქვია რომანს, რომლის გამოცემა ჯერ გამიხარდა, რადგან ავტორს კარგად ვიცნობ და გარკვეული მოლოდინიც წინსწრებით მქონდა შექმნილი, მაგრამ იმავე წუთას გავიფიქრე, ამხელა წიგნი რამ დააწერინა-მეთქი. ავიღე ხელში და თან ვიმეორებდი, ნანა, რა დაგემართა, რატომ არ დაგეზარა? დავიწყე კითხვა და პირველი ხიბლი ჯერ ძალიან ზომიერი წერის მანერა იყო, არაფერი გადაჭარბებული, არც მეტაფორებით გამოძეძგილი, არც მაღალმხატვრული შედარებების მცდელობა, არანაირი ზიზილ-პიპილო.
წიგნი იწყება ფსიქოთერაპევტის დავალებით თუ რჩევით წარმოებული დღიურის გასაჯაროებით, მის დამწერს სიტყვები თევზებივით უსხლტება, მაგრამ რასაც თავს აბამს, იქ ერთი საკვანძო და საგულისხმო წინადადება გვხვდება: „ზაქარიამ ასე მითხრა, ცვლისო ღმერთი ბუნების წესებს და იმას იზამს, რასაც მოისურვებსო“. ამ რომანში ღმერთმა მოისურვა, რომ აკაკის და ეკას შვილი ჰყოლოდათ, სასქესო ორგანოების გარეშე, ზინგერ-კვაშალის სინდრომით. მშობლებმა გადაწყვიტეს, გაეზარდათ ის, როგორც გოგო და ანო დაარქვეს. მერე ანომ თქვა, რომ ის არ არის გოგო, არც ეს სახელი მოსწონს და მოითხოვა დაეძახათ მისთვის აკუმი. აკუმს არ აქვს სქესი გამოხატული, მის უჯრედებს სწრაფი რეგენერაციის უნარი გააჩნია, ზრდის პროცესი მნიშვნელოვნად უსწრებს მისი ასაკის მონაცემებს, მეხსიერება ინახავს ინფორმაციას მის დაბადებამდე და დაბადების პირველივე წუთებიდან, სხვა განმასხვავებელ ნიშნებთან ერთად, კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც აკუმი ჩემს გონებაში გეთენზე გავამწესე, მისი თოვლის ზედაპირზე სიარულის უნარია, აკუმს შეუძლია იაროს ისე, რომ ნაბიჯების ღრმა კვალი არ აჩნდეს თეთრ ზედაპირს. თუ პლანეტა გეთენის შესახებ არაფერი გსმენიათ, ამასაც ახლავე მოგახსენებთ. იყო ასეთი ავტორი ურსულა ლე გუინი – სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის ჟანრში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, აღიარებული, დაფასებული და, ამ ჟანრის მოყვარულთა მხრიდან, და არა მხოლოდ, ცამდე აყვანილი ავტორი. ურსულას რომანში „წყვდიადის მარცხენა ხელი“ მოქმედება პლანეტა გეთენზე ვითარდება, რომელსაც მკაცრი კლიმატური პირობების გამო ადამიანები „ზამთარსაც“ უწოდებენ. გენდერი და საზოგადოების ფორმირებაში მისი როლი წიგნში ერთ-ერთი მთავარი თემაა, გეთენზე არ ცხოვრობენ ქალები, არც კაცები, პლანეტის მცხოვრებნი ანდროგენული არსებები არიან, ანუ ისინი ნეიტრალურ სქესს ატარებენ, ისევე როგორც აკუმი, იგი არს არც მამალი, არც დედალი. გეთენის მკვიდრები სექსუალურ ლტოლვას თვეში მხოლოდ ორი-სამი დღე განიცდიან, ამ დროს ირჩევენ პარტნიორს და ან მამრის, ან მდედრის სასქესო ორგანოები უვითარდებათ, მუდმივი სექსუალური ლტოლვა კი მათში ზიზღს იწვევს.
ნანას რომანის მთავარი მოქმედი პირი სამედიცინო ექსპერიმენტის უნებლიე მონაწილე ხდება, ის არ არის პირველი, ვინც უსქესოდ დაიბადება დედამიწაზე, მაგრამ არის ერთადერთი, რომელიც დაბადებისთანავე არ გარდაიცვლება და გაიზარდება. მოცემულ რეცენზიაში გვყავს ორი ქალი ავტორი, ორი რომანი ერთი პრობლემის გარშემო, ერთის შემთხვევაში გარემო ადაპტირებულია უსქესო არსებებისთვის, მეორე შემთხვევაში კი მიუღებლობას ფსიქოლოგიურ სტრესამდე მიჰყავს აკუმი. აქ თუ ლიტერატურაში ადაპტირებულ „ტექნიკას“ გამოვიყენებთ და ერთი რომანის მოქმედ პირს უკვე შექმნილი სახით და ხასიათით, სხვა ავტორის ტექსტში გადავსვამთ, ვფიქრობ შესანიშნავი ექსპერიმენტი იქნება.
ნანა აბულაძის რომანში არის ერთი ეპიზოდი, როდესაც აკუმი ლიტერატურული წრის შეხვედრაზე მიდის, სადაც ლე გუინს კითხულობენ, დაკვირვებული მკითხველისთვის ავტორის მხრიდან ეს შეიძლება ერთგვარი მინიშნებაც იყოს. აქვე კიდევ ერთ მნიშვნელოვან ტექსტს გადავწვდები, რომელიც იქნებ იყო კიდევაც ნანა აბულაძისთვის ერთგვარი შთაგონება, რომ მისი ტექსტისთვის მთავარი თემა სწორედ გენდერი ყოფილიყო. დავატრიალოთ „დროის მდევარი“1 და დავბრუნდეთ ადრეულ წარსულში, პლატონთან და მის ფილოსოფიურ ტექსტთან „ნადიმი“. აქ ბერძენი ტრაგიკოსი აგათონი ნადიმს მართავს, სტუმრები სიყვარულზე – ეროსზე საუბრობენ, მათ შორის არისტოფანეცაა. მისი მიზანია, დამსწრე საზოგადოებას ეროსის ჭეშმარიტი ძალა აჩვენოს, გააცნოს მათ „კაცთა ბუნება, მისი სალმობანი და სახეცვლილებანი“. არისტოფანე იმ პერიოდზე საუბრობს, როდესაც თითქოს სამი სქესი არსებობდა – მამრობითი, მდედრობითი და მესამე, ორივესთვის საერთო სქესი, რომლისგანაც მხოლოდ სახელი – ანდროგინონ შემორჩა2 . „ანდროგინონ ერქვა ფორმითაც და სახელითაც პირველ ორ სქესთან წილნაყარ აკუმს“, წერს პლატონი არისტოფანეს სიტყვაში. ადამიანის ფორმა, მისივე თქმით, ძველად სფეროსებრი ყოფილა, ჰქონია ოთხი ფეხი, ამდენივე ხელი და ორი საოცრად მსგავსი სახე, ოთხი ყური და ორი სარცხვენელი. ამ სამი სქესის არსებობისა და თვითმყოფადობის განმაპირობებელი ყოფილა მზისგან ბოძებული მამრობითი საწყისი, დედამიწას მისთვის მდედრობითი საწყისი მიუცია, ხოლო აკუმისთვის დასაბამი მთვარეს მიუცია, რადგან თავადაც ბევრი რამ აქვს საერთო მზისა და მთვარისაგან. იმდენად დიდი იყო სფეროსებრი არსებების ძალა, რომ ისინი საშიშნი გახდნენ და ღმერთებზე თავდასხმა განიზრახეს. ზევსის იდეით, ანდროგინონი ორად გაიკვეთა, გაჩნდა ქალი და კაცი. ტყუპისცალის წყურვილით გახევებულებმა კი ერთმანეთს ძებნა დაუწყეს, გადაეტმასნებოდნენ ერთმანეთს და არ უნდოდათ უერთმანეთოდ. განკვეთის შედეგად გაიყო კიდურებიც, სახეც და საბოლოოდ ერთი სფერო ორ, სხვადასხვა სქესის ადამიანად იქმნა.
ნანა აბულაძის რომანში კი ერთმა ვიზუალურად უფრო მეტად ადამიანის მსგავსმა ანომ, რომელმაც სახელად აკუმი დაირქვა, საკუთარ თავში დაიტია მზეც, დედამიწაც და მთვარეც, მთელი ანდროგენული სფერო. შესაბამისად ის, რაზეც ახალგაზრდა, დებიუტანტი მწერალი წერს, არ არის პრობლემა, რომელიც ლე გუინიდან დაიწყო და მასთან გაგრძელდა.
მესამე სქესის ცნება არ არის ერთადერთი თემა რომანში „აკუმი“, სექსუალური ლტოლვა არა საპირისპირო, არამედ საერთო სქესის ადამიანთან და ამის გახმიანების შიში ცხოვრებისეულ ტრაგედიად იქცევა აკუმის დედისთვის – ეკასთვის. წიგნი მხოლოდ იმ სტიგმაზე არ მოგვითხრობს, რასაც დღევანდელ რეალობაში სექსუალური იდენტობა იწვევს. ცხრა მოქმედი პირი ჰყავს რომანს, მათი ცხოვრება ერთმანეთს ხან უკავშირდება, ხან კიდევ უპირისპირდება. სამედიცინო სამეცნიერო ტექსტებით, ძალიან ნაცნობი გარემოს აღწერით, წერის მანერით ავტორი რეალობის იმიტაციას ქმნის, იმდენად რომ ზინგერ-კვაშალის სინდრომი ამ სახელწოდებით დავგუგლე კიდევაც, თუმცა რომანი, რომ ფიქციურ სამყაროზეა, ამას ის მაგიური მოვლენები მიანიშნებს, რომლითაც ტექსტია გაჯერებული. ირეალური ამბები უმეტესწილად მებაღე ზაქარიას უკავშირდება, ის ჩემთვის, როგორც რიგითი მკითველისთვის, შეუმდგარი უძღები შვილია. აქ მადლობას მოვახსენებ ქალბატონ ნანა აბულაძეს იმისთვის, რომ ზაქარია მამასთან არ დააბრუნა, ამის ცდუნება ნამდვილად იყო. ერთი პერიოდი იმანაც დამაეჭვა, ნანა სამოსელი პირველით ხომ არ არის მოხიბლული და მისი გავლენით ხომ არ წერს-მეთქი, მაგრამ კითხვის დასრულების შემდეგ ეს აზრიც უარვყავი. რომანს ცხრა მოქმედი პირი ჰყავს, თითოეული მათგანის სახე ერთგვარი პროტოტიპია საზოგადოებრივი აზრის მსხვერპლი ადამიანებისა – ჩვენი, ჩვენი ნაცნობების თუ თანამოქალაქეებისა, თუმცა ყველასთან სხვადასხვა რამ მოიაზრება.
ერთი სიტყვით, ნანამ ძალიან კარგი ქნა, რომ ამხელა რომანს შეეჭიდა, რადგან მან ნამდვილად მოახერხა თავის გართმევა.
***
1 ჰარი პოტერიდან ჰერმიონა გრეინჯერის „ხელსაწყო“, რომელზეც ქვიშის საათია და დატრიალების შემთხვევაში წარსულში გამოგზაურებს, ჰერმიონა მას იყენებდა იმისთვის, რომ დასწრებოდა პარალელურად მიმდინარე გაკვეთილებს.
2 საშუალო სქესის ეს ბერძნული სიტყვა კომპოზიტია: ანდრო (კაცი) + გინოს (ქალი) (პლატონის „ნადიმი“, თარგმნა და კომენტარები დაურთო ბაჩანა ბრეგვაძემ).