#ნობელიანტები ყველა ქვეყნისა - პატრიკ მოდიანო

„წერა ის უცნაური საქმიანობაა, რომელიც განმარტოებას მოითხოვს. დამთრგუნველია წუთები, როცა რომანის პირველ რამდენიმე გვერდს წერთ. ყოველდღე გეჩვენებათ, რომ არასწორ გზას ადგახართ. უკან დაბრუნებასა და სხვა ბილიკის არჩევაზე გეფიქრებათ. მნიშვნელოვანია, არ აჰყვეთ ამ ფიქრს და წერა განაგრძოთ. 

ეს, დაახლოებით, იმას ჰგავს, მანქანას მიაქროლებდეთ ღამით, ზამთრის მოყინულ გზაზე, როცა ირგვლივ არაფერი ჩანს. ვერაფერს იზამთ, უკან ვეღარ დაბრუნდებით, წინ უნდა იაროთ, რადგან გრძნობთ, რომ ყველაფერი გამოსწორდება, როცა გზა გამოკეთდება და ნისლი გაიფანტება. როცა წიგნი მთავრდება, ისეთი განცდა გეუფლებათ, თითქოს საფრთხისთვის თავი დაგეღწიოთ, თავისუფლების ჰაერი ჩაგესუნთქოთ, იმ მოსწავლეებივით, მეორე დღეს საზაფხულო არდადეგები რომ ეწყებათ. ხალისი გაქრობიათ, აგზნებულან და მასწავლებელს აღარ იმჩნევენ.

უფრო შორსაც წავალ და გეტყვით, რომ უკანასკნელი აბზაცების წერისას წიგნი იმ აფორიაქებულ მტერს ასახიერებს, თქვენგან თავდაღწევას რომ ლამობს. და, ჰა, ის გტოვებთ – ბოლო სიტყვის დაწერის დროსღა გაძლევთ. დაბოლოს – წიგნს თქვენ უკვე აღარ სჭირდებით და გივიწყებთ. ამიერიდან ის საკუთარ თავს მკითხველის მეშვეობით შეიცნობს. ამ დროს ისე ცარიელდებით, გეჩვენებათ, რომ უარგყვეს. განხიბლულობის განცდაც გეუფლებათ, რადგან თქვენი და წიგნის ურთიერთკავშირი ასე ნაჩქარევად დაირღვა. დაუკმაყოფილებლობა და ის გრძნობა, რომ რაღაცის დასრულება ვერ მოახერხეთ, შემდეგი წიგნის დაწერისკენ გიბიძგებთ, რათა დარღვეული ბალანსი აღადგინოთ – არადა, ეს არასოდეს ხდება“.

პატრიკ მოდიანოს „მეხსიერების ხელოვნებისათვის, რომლითაც ის ახერხებს ყველაზე ძნელად ჩასაწვდომ ბედისწერათა წარმოსახვას და ფარდას ხდის ცხოვრებას ოკუპაციის პირობებში“ ნობელის პრემია 2014 წელს მიენიჭა.

ნობელიანტების ლექციები, ლიტერატურა 1901-2018 | გამომცემლობა „ინტელექტი“

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში