ოცი წუთი | სოსო მეშველიანი

ფეხით სულ რაღაც ოცი წუთის სავალი იყო იმ იაფფასიანი ძველ სასტუმროდან, სადაც დროებით ვცხოვრობდი, სამუშაო ადგილამდე, ობიექტამდე, სადაც ახალი გასართობი ცენტრი შენდებოდა, კინოთეატრის რამდენიმე დარბაზით. სწორედ ეს ოცი წუთი იყო ყოველ დილა-საღამოს, მთელი სამი თვის განმავლობაში, შვების მომგვრელი, ეს ოცი წუთი შემეძლო მეფიქრა იმაზე, სინამდვილეში რაც წარმოადგენდა ჩემი არსებობის მიზანს. ზეპირად ამეწყო გონებაში ლექსის რამდენიმე ვარიანტი, დროთა განმავლობაში რომ ერთმანეთში იხლართებოდა, ერთმანეთს იწოვდა, სანამ ბოლოს ერთ სახეს არ მიიღებდა, ერთ მთლიანობად არ იქცეოდა. 

ძნელი იყო, ძალიან ძნელი – ასე სათუთად მოხელთებული ფიქრი სამუშაო ობიექტში შესვლისთანავე პატარა, უსუსურ, დამფრთხალ არსებასავით შეიმალებოდა გონების რომელიღაც ბნელ კუნჭულში, შემდეგ რომ ძნელი ხდებოდა მიგნება. 

როგორც კი შევაბიჯებდი შიგნით, პირველ ყოვლისა, გავარვარებული რკინის სუნით დამძიმებულ ჰაერს ვგრძნობდი, შემდეგ გამაყრუებელ ხმაურს: ზოგან რკინას ჭრიდნენ, ზოგან დიდი ელექტროჩაქუჩით ბეტონის სქელ ფილებს ყრიდნენ, ან ძველ კედელს ანგრევდნენ, რამდენიმე დანადგარი სულის გამომფიტავად ზუზუნებდა. აქეთ უფროსი გაჩქარებს, იქით – ვიღაც უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი აუტანელ ხმაურში რაღაცას გეუბნება, თუ ვერ გაიგე, გიახლოვდება, ფეხსაცმელებს გიმოწმებს, უხეშად გირტყამს მძიმე ფეხსაცმლის ქუსლს ფეხის წვერზე, თუ ფეხსაცმელი რკინაგადაკრული არ არის, ცხადია, ტკივილისგან დაიჭყანები, მე კი ვითმენ, ჯობია ერთხელ მოვითმინო, ვიდრე მთელი დღე, კვირა თუ თვე დაჩირქებული ფეხის ფრჩხილი ეხებოდეს ოფლით გასიპულ, რკინაგადაკრულ უხეშ ტყავს... 

ამ ქაოსში ისე ვპატარავდები, მგონია, სულ გავქრები პროჟექტორების შუქზე, ნევროზიც რა ხანია შიგნიდან მხრავს, ახლა რატომღაც მგონია, დილით დაწყებული ფიქრის გაგრძელება მიხსნის ამ უაზრობისგან. ვიძაბები, ძლივს ვაგნებ, მეკარგება, ისევ ვაგნებ, სრიალებს, ფართხალებს, თევზივით მისხლტება, ერთ ამბავში ვარ, საბოლოოდ, ისე ვითიშები, მავიწყდება, რომ ქამარჩაუბმელი ვმუშაობ ჩემ მიერ სიჩქარით, უხეშად აწყობილ რკინის ხარაჩოზე, ქამარიც სადღაც დავკარგე ან მომპარა ვინმემ. 

როგორც იქნა, ფიქრს ვიხელთებ, ვათვინიერებ, ვალაგებ რითმას, აზრს, უკვე სრულიად ვწყდები აუტანელ რეალობას, ვივსები სიმშვიდით, დილის სიგრილით, გარინდებულ ზღვის შორეთში ამომავალი ვეებერთელა მზით, რომლის ანარეკლი ლურჯი ზღვის ზედაპირზე წითლად ლივლივებს. სადღაც მიხარია კიდეც, უკვე სათაურიც შევურჩიე – „აპრილის პირველი დღე მანრესაში“ და უცებ... ფეხქვეშ სიცარიელეს ვგრძნობ. 

უმალ მოვეგე გონს, მაინც გვიანია, არავითარი იმედი – რამემ შემაკავოს, სხვა რა გზა მაქვს – გავყევი, გადავხტი, ინტუიციამ თუ რაღაც სხვა ძალამ ვარდნის დროს ამაცილა დაბლა დაწყობილი მსხვილი არმატურის კაუჭებს, ფეხებით დავეცი მარმარილოს დამრეც იატაკზე, სწორედ ამან მიშველა, ინერციამ შორს გამისროლა, თავით შევიტანე „გიბსოკარდონის“ კედელი. სწრაფად წამოვხტი, არანაირი ტკივილი. გავიარ-გამოვიარე, კარგად ვარ, გადავრჩი, დაბნეული, გაოგნებული ვათვალიერებ მანძილს, საიდანაც იძულებით მომიწია გადმოხტომამ, არ მჯერა, გაუჩერებლად დავდივარ. 

ცოტა ხანში ვიგრძენი სხეულის ყველა სახსრის ტკივილი, უკვე ფეხებიც მისივდება, ფეხზე დგომა მიჭირს, ვჯდები. გამოიარა ჩემმა უფროსმა, თვალს მარიდებს, თითქოს ეუხერხულა, ჰგონია, თვალთმაქცობაზე წამასწრო, ცოტა ხანში ისევ გამოჩნდა, რაღაც მკითხა, ვუპასუხე, წასვლა დააპირა, შემობრუნდა, ვერ ითმენს და მეკითხება, თუ რატომ ვზივარ, თან საათს დახედა, მეც ვუთხარი, რაც მოხდა, ჩემზე მეტად გაფითრდა, მიხვდა, რაც ელოდათ მას და მთელ თავის უფროსობას, ეს ამბავი რომ უსაფრთხოების სამსახურს გაეგო. არადა დილით, სწორედ მას, მე თვითონ ვთხოვე, წესისამებრ დაევალებინა ხარაჩოს აწყობა ჩემთვის (თუმცა, რაც მოხდა, ალბათ მაინც მოხდებოდა, უბრალოდ, შანსი მომეცა შური მეძია ამ არაკაცზე, ყველაფერი მას გადავაბრალე), დაბნეული აზრზე არ არის, რა გააკეთოს, ვიღაცას ურეკავს, ცოტა ხანში მომიბრუნდა, რაღაცნაირ სასოწარკვეთას ვატყობ სახეზე, ადგომაში მეხმარება, სულ „მახოს“ მეძახის (ყველაზე მოფერებითი მიმართვა ესპანეთში), მე კი გავიფიქრე: „გარეწარი!“ შეუმჩნევლად გამიყვანა, საკუთარ მანქანაში ჩამსვა და საავადმყოფოში გამაქანა, დღიურების რვეულში წინასწარ ჩამიწერა, ხელიც მომიწერა ერთი კვირის სამუშაო საათებზე. ისეთი არაფერი მჭირდა, გასიებული ფეხის სახსრებზე რაღაც რეზინისებური ნაჭრები მომიჭირეს და გამომიშვეს, თუმცა სიარული მაინც მიჭირდა. 

იმ სამ ქართველს, ვისთანაც ვცხოვრობდი იაფფასიანი სასტუმროს ძველ ოთახში, ამ ამბის გამო ყურიც არ გაუბარტყუნებიათ, აზრადაც არ მოსვლიათ ჩემი მონახულება, ეს მოსალოდნელიც იყო, ისინი სამუშაო საათებზე ნადირობდნენ, დატაცებაზე იყვნენ, გაღლეტვაზე, იმის იქით ერთმანეთიც ფეხებზე ეკიდათ. მათთვის მხოლოდ ის ფუნქცია ჰქონდა რვეულსა და ავტოკალამს – ყოველდღიურად საათები ეწერათ, როგორმე გაეწელათ, ეთვალთმაქცათ. უკვირდათ ხოლმე, ამდენ ხანს რას ვინიშნავდი რვეულში,

ამდენს რას ვანგარიშობდი. უბრალოდ ვერც კი წარმოედგინათ, რომ ლექსებს ვწერდი. როცა გულისამრევი დამცინავი ღიმილით ჩამეძიებოდნენ, ცივად ვიშორებდი, ამის გამო ბევრჯერ უთანხმოება მქონია მათთან, მათ დამცინავ კითხვებს ჩემს მკაცრ, ირონიულ პასუხებს ვაგებებდი, რაც აუცილებლად კამათით მთავრდებოდა. ამის გამო, ერთ იმათგანს კარგადაც მოხვდა, დანარჩენები დაფრთხნენ. ამის მიუხედავად, მაინც ვერიდებოდი მათთან რვეულისა და ავტოკალმის გამოჩენას, კვირა დღეს თუ წავიდოდა სადმე, პატარა მყუდრო სკვერში, ჩამოვჯდებოდი ძელსკამზე ყველასგან განცალკევებით და ვათავისუფლებდი მარად დაძაბულ მეხსიერებას ტყვეობისგან.

სოსო მეშველიანი, „ალპური ყვავილები“
გამომცემლობა „ინტელექტი“, 2019 წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში