#ერთიამბავი - თავმდაბალი ბაჩანა ბრეგვაძე
„მახსოვს, რომ კარი თვითონვე გაგვიღო და მისალმების შემდეგ მისაღებისკენ გაგვიძღვა, რომელიც მისი სამუშაო ოთახიც იყო. სამსახურის საქმეზე ვიყავით: მის ახალ ნაშრომს ვამზადებდით გამოსაცემად და რამდენიმე საკითხი მინდოდა შემეთანხმებინა. წინა დღეს ჩემს მეგობარს – ირაკლი კაკაბაძეს ვუთხარი, ერთ დიდ კაცთან ვაპირებ სტუმრობას და გამიხარდება, თუ წამოხვალ-მეთქი.
ბაჩანა ბრეგვაძესთან მანამდეც არაერთხელ ვყოფილვარ ვაკის ერთი ჩვეულებრივი კორპუსის პირველ სართულზე, თბილ და მყუდრო ბინაში, მაგრამ ეს შეხვედრა ყველაზე ხანგრძლივი, შთამბეჭდავი და ემოციური გამოდგა.
კარგახანს ფურცლავდა თავის მრავალწლიან შრომას – დახვეწილი გემოვნებით, სიღრმისეული დეტალების წვდომითა და ნამდვილი მეცნიერის ალღოთი და გამოცდილებით შესრულებულ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ პროზაულ ვერსიას. დაკაბადონებულ ტექსტში ალაგ-ალაგ მონიშნულ კორექტურას და ტექნიკურ შესწორებებს წამიერად ჰკიდებდა თვალს, მერე სტროფებს ჩაჰყვებოდა. განსხვავებით „ვეფხისტყაოსნის“ მრავალი პროზაული ვერსიისგან, ეს გამოცემა ფორმითაც და მნიშვნელობითაც განსაკუთრებული იყო.
ფორმას რაც შეეხება – უკვდავი პოემისთვის ახსნა-განმარტებისა და კომენტარების დართვის ნაცვლად, პლატონის მთარგმნელმა ძალიან სახიფათო გზა აირჩია: მან „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანება სცადა სკოლის მოსწავლეებისა და ახალგაზრდებისთვის, სტროფი-სტროფ მიყოლა. თითქმის ისევე, როგორც ეს ევროპაში ხდება, როცა, ვთქვათ, უილიამ შექსპირს ან ფრანსუა ვიიონს თარგმნიან უახლეს ინგლისურ და ფრანგულ ენებზე.
გეთანხმებით, ძნელი და უმადური საქმეა, მაგრამ საჭირო. ამიტომაც პირველი, რაც ვთხოვე, უნდა დაგვთანხმებოდა და წიგნის გარეკანზე თავისი სახელი დაეწერა.
– არა, ბატონო, არა, გენაცვალე, – თავიდანვე შორს დაიჭირა, – იქ, სადაც ავტორად შოთა რუსთაველი აწერია, მე რა მოსახსენებელი ვარ. ეს არის რუსთაველის პოემა, მორჩა და გათავდა!
– მესმის, ბატონო ბაჩანა, მაგრამ ეს ხომ თქვენი ტექსტია, თქვენი, როგორ ვთქვა… – ვცდილობდი ასე ადვილად არ დამეთმო, თან ირაკლისკენაც ვაპარებდი თვალს: მასაც ეტყობოდა, რომ არაერთი არგუმენტი უტრიალებდა გონებაში.
– თუ ძალიან საჭირო და აუცილებელია, დამაწერეთ სადმე, შიგნით, სადაც რედაქტორებს აწერენ ხოლმე.
– მაგრამ თქვენ ხომ რედაქტორი არ ხართ! – აღელვებისგან ქაღალდი შუაზე გავკეცე, მაგიდიდან კალამი ავიღე და კვადრატის მსგავსი ფიგურა დავხატე, – ვთქვათ, ეს არის გარეკანი, – ბატონმა ბაჩანამ გაოცებით შემომხედა, ირაკლიმ გაიღიმა და თვალი ჩამიკრა, – აი, აქ დაეწერება ავტორი, წიგნის სათაური და აქ, აი აქ, ის, რომ პროზაული ვერსია ეკუთვნის ბაჩანა ბრეგვაძეს.
– არა, გენაცვალე, გარეკანზე არავითარ შემთხვევაში, – უკან არ იხევდა ჩვენი მასპინძელი, და მაშინ იყო, ჩუმად, კუთხეში მჯდომმა მისმა მეუღლემ, ქალბატონმა ლიამ რომ ვერ მოითმინა:
– ბაჩო, კარგი, შენი თავი არ გიყვარს, მაგრამ შვილებზე მაინც იფიქრე!
წამიერი პაუზის შემდეგ, თითქოს მეც და ირაკლიმაც მონაცვლეობით შევაპარეთ: „თან ეს ჩვენ გვჭირდება“. „ქართველ მკითხველს სჭირდება“. „ის კი არა, გარეკანის ბოლო გვერდზე თქვენი ფოტოს გაშვებაც არ იქნებოდა ურიგო“ [ამ რეპლიკას ბაჩანა ბრეგვაძის ბავშვური გაოცება და რამდენიმეწუთიანი კამათი მოჰყვა]. „მით უმეტეს, ახალგაზრდა მკითხველმა ხომ უნდა იცოდეს, რომ ადამიანი, ვინც ეს წიგნი მოამზადა, ეგზიუპერის მთარგმნელია“. „ახალი აღთქმის“. „მარკუს ავრელიუსის“. „მაკიაველის“. „ნეტარი ავგუსტინეს“…
– სხვათა შორის, „დონ კიხოტიც“ მაქვს თარგმნილი, – წამოგვეშველა ბატონი ბაჩანა, – და ხომ ასეთი ტანჯვა და წვალებაა ამ ფილოსოფოსების თარგმნა და კომენტარების მომზადება, აი, სერვანტესს რომ ვთარგმნიდი, ისეთი სიამოვნებით, სიხარულით არაფერი მიკეთებია. მარტო ვიჯექი და ვიცინოდი. მერე ვიფიქრე, ვინმეს გიჟი არ ვეგონო-თქო, მაგრამ თავის შეკავებაც მიჭირდა. ჩემთვის ჩუმად ვიჯექი და ვიცინოდი.
თავისთვის, ჩუმად – ეს მარტოსული, ღვაწლით შემოსილი გიორგი მთაწმინდელის მემკვიდრე რამდენ ბრძენკაცს, ნიჭით გასხივოსნებულს შემოუძღვა და ძველბერძნულიდან, ლათინურიდან, ფრანგულიდან, ესპანურიდან, იტალიურიდან, რუსულიდან ქართული ენისა და ლიტერატურის სივრცეში შემოიყვანა მარტო მათი ფიქრი და ნააზრევი კი არა – მათი სული, უკვდავი სული.
და ახლა, როცა შრომითა და ძიებით დამაშვრალი ოსტატის გვერდით გატარებულ დროს ვიხსენებთ, თვითონ ალბათ ბედნიერია, რომ მისი წიგნების ფურცლებზე ისე შეუძლია დაისვენოს ჩვენმა დაღლილმა სულმა, როგორც გადამფრენი ფრინველები ისვენებენ გაშლილ ზღვაში გემის ანძაზე…“
ზვიად კვარაცხელია, „დარეკე! დაუბარე!“ |