არდადეგებზე საკითხავი ლიტერატურა |

მოზარდებისთვის და არა მხოლოდ მოზარდებისთვის 4 თანამედროვე ქართველი ავტორის 6 მხატვრულ ტექსტს გირჩევთ, წიგნებს, რომლებსაც პირველი აბზაციდან გატაცებით კითხულობენ...

***

„სული-ჩიტი“ თამარ გეგეშიძის – წარმატებული მასწავლებლის – სადებიუტო რომანია, ქართველი ავტორის მიერ მოზარდებისთვის შექმნილი ერთ- ერთი გამორჩეული თანამედროვე წიგნი.
  
ლუკა თავიდან ყველას შეიძლება ერთი ჩვეულებრივი, თერთმეტი წლის ბიჭი გეგონოთ, მაგრამ იგი სულაც არ ფიქრობს ასე და მიაჩნია, რომ მისი კარგად გაცნობაა საჭირო. ერთ მშვენიერ დღეს, ლუკა და მისი ახლო მეგობრები გადაწყვეტენ ცის ფრინველებიდან თავისი, საკუთარი ჩიტი ამოირჩიონ, ის, რომელიც მათი სული გახდება და მას შემდეგ, თითოეულ მათგანს, თავისი სული-ჩიტი ეყოლება.
 
თუმცა, სულ-ჩიტებსაც კი შეიძლება სხვა სკოლიდან გადმოსულმა ახალმა თანაკლასელმა მოულოდ- ნელად სიმშვიდე და ჰარმონია დაურღვიოს – ისე, რომ ვეღარც შინ პოულობდნენ მოსვენებას, ვერც გაკვეთილზე და ვერც თუნდაც ერთმანეთის დაბადების დღეებზე.
 
შეძლებენ დაქსაქსული კლასელები ისევ გამონახონ საერთო ენა? ლუკას მშობლები, მთელ დღეებს სამსახურში რომ ატარებენ, მოახერხებენ შვილის გულის ისევ მოგებას? ან ყველასთვის საყვარელ მარიკა მასწავლებელს თუ შესწევს ძალა, ბევრი ცუდი ამბისგან ყურებჩამოყრილ მოსწავლეებს ისევ შეასხას ფრთები? – „გაკვეთილების შემდეგ საკითხავის“ სერიით გამოცემულ ახალ წიგნში ამ და ბევრ სხვა შეკითხვაზე იპოვით პასუხს, რაც სასარგებლო გამოცდილება იქნება როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მათი მშობლებისა და მასწავლებლებისთვის.


2020 წლის ეროვნული ბესტსელერი „საშლელები“ საბავშვო მწერლის, თამარ გეგეშიძის, რიგით მეორე წიგნია, რომელიც ერთნაირად საინტერესოა როგორც მოზარდებისთვის, ასევე მათი მშობლებისა და მასწავლებლებისთვის.

ცამეტი წლის ანას ჩვეულებრივი ცხოვრება სავსეა მძაფრი ემოციებით  – სიხარულითა და დარდით, შეცდომებით, რომელთა გამოსწორებასაც ყოველთვის ვერ ახერხებს და ადამიანებით, რომლებთან ურთიერთობაც საკუთარ თავში სხვადასხვა თვისებას აღმოაჩენინებს ხოლმე. ამიტომ წიგნში უამრავი კითხვაა, რომელსაც მოზარდი საკუთარ თავს უსვამს: რატომ ვიქცევი ასე და არა სხვაგვარად? ვინ არის ჩემი მეგობარი? როგორ მოვხვდით ერთ ოჯახში ამდენი განსხვავებული ადამიანი? მართლა მომწონს თუ არა ის, რაც მომწონს?

რა სურთ მოზარდებს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია, რადგან ხშირად თავადაც ვერ ხვდებიან, რა უნდათ სინამდვილეში, თუმცა ერთი რამ ზუსტად იციან – უნდათ, რომ მათ აზრს პატივი სცენ, რომ გარშემომყოფებმა მოუსმინონ, უთანაგრძნონ, ხანდახან კი უბრალოდ მიიღონ ისეთები, როგორებიც არიან. ეს წიგნიც სწორედ ამაზეა და მისი წაკითხვის შემდეგ, მშობლები და შვილები, მასწავლებლები და მოსწავლეები, ცოტა უფრო უკეთ გაუგებენ ერთმანეთს.


„თუკი, თქვენ გჯერათ სასწაულების ან უკვე აღარ გჯერათ; თუ ხშირად ფიქრობთ, როგორ უნდა გაუძლოს ობოლმა ბავშვმა სევდას; თუკი, გაინტერესებთ, რატომ ხედავს ერთი იმას, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ, მაშინ გაიცანით მანათობელ პეპლებად გადაქცეული დედის კოცნები, აჩლაჩულა და აფლაფატო, ბრაზო და ღიმო, ცისტერნა, რომელიც ფერად წყალს ყიდის, მოღიმარი გრამოფონი, კეთილი კლოუნი, დაკარგული ქუდების ქვეყანა და ერთფეროვანი ყოველდღიურობა გაილამაზეთ.

გურამ პეტრიაშვილის ზღაპრები განსხვავებულ ადამიანებზეა. ისინი ჩვენ გვერდით ცხოვრობენ და იმაზე მეტს გრძნობენ და განიცდიან, ვიდრე – სხვები. ზოგჯერ ზღაპრის გმირების იმედები, გულწრფელობა, ოცნებები გაუგებარი ხდება, მაგრამ დარღვეულ ჰარმონიას ისევ თანადგომა, სიხარულის გაზიარება და კეთილი ღიმილი ავსებს.

წიგნი მასწავლებლებს საინტერესო გაკვეთილების ჩატარებისკენ უბიძგებს, მშობლებს დაეხმარება ბავშვების გულების გასათბობად, მოზარდებს მშვენიერების შემჩნევას ასწავლის, ბავშვობამონატრებულ მკითხველს კი სევდიან ფიქრებს აუშლის, თუმცა, „სევდაც უნდა გამოსცადო ხანდახან, რომ უკეთ იგრძნო, რა არის სიხარული...“ 


ადამიანები დაბეჩავდნენ, გმირების შესახებ ლეგენდებიღა შემორჩა, ვინც ცოცხალი გადარჩა – კერასაა მიჯაჭვული, რადგან სახიფათოა ნისლებში გასვლა. ნისლებში ბილიკები გეზს იცვლიან და ისე იკლაკნებიან, სამუდამოდ დაკარგავენ გაბედულ მგზავრსაც კი. ნისლებში ავსულები, მაქციები და ათასგვარი ფათერაკის მომტანი არსებები დაბორიალობენ, ამიტომ იქ თითოოროლა თავზეხელაღებული, ანდა სიცოცხლემობეზრებული კაციღა თუ შეაბიჯებს. თუმცა ყველაზე სასოწარკვეთილ დროებასაც კი თავისი იმედის სხივი აქვს – ნისლებს მიღმა ჯერ კიდევაა შემორჩენილი ერთი სოფელი, კეთილი და გაბედული ადამიანებით დასახლებული გურო.
 
ნატო დავითაშვილი განსაკუთრებული ფიგურაა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ავტორზე საუბრისას შეგვიძლია არაერთი ჯილდო და გამარჯვება ვახსენოთ, მისი ფასი ქართული ლიტერატურისთვის პრემიებზე მაღლა დგას, რადგან ის ფენტეზის ჟანრის გურუა, სხვა ჟანრების ნისლებს მიღმა არსებული უნისლო შემოქმედებით. იროელთა ქრონიკებში მწერალი ქართულ მითოლოგიაზე დაყრდნობით უნიკალურ სამყაროს ქმნის, რომელშიც მშობლიური ლეგენდებიდან გადმოსული კარგად ნაცნობი პერსონაჟები ავტორის გამოგონილ გმირებთან ერთად ცოცხლობენ.
 
„ნისლებში და ნისლებს მიღმა“ ბრწყინვალე საკითხავია როგორც ჟანრის მოყვარულთათვის, ისე ფენტეზისთან უბრად მყოფი მკითხველისთვის, როგორც დიდებისთვის, ისე ბავშვებისთვის. აქ ქართული ფოლკლორის ესთეტიკა ეპოსურ ხასიათთანაა დაზავებული, ფათერაკებითა და მოულოდნელობებით აღსავსე სიუჟეტი კი ნისლებში არსებული ბილიკებივით მიიკლაკნება და წარმოუდგენელია იმის გათვლა, თუ სად ამოაყოფინებს მკითხველს თავს. ამ და სხვა თვისებათა გამო რომანი ერთი ამოსუნთქვით იკითხება, თუმცა ხანგრძლივ საფიქრალს ტოვებს. თუმცა, სანამ თქვენც სხვა მკითხველებივით ჩაფიქრდებოდეთ, ჯერ ნისლებში მცხოვრები მოხუცი ანანიასა და მამაცი მახარეს ამბავი უნდა შეიტყოთ, ნისლებს მიღმა ერეკლე, გვანცა და გამახელა გაიცნოთ, მათთან ერთად კი ვეძის სამკურნალო წყლის მოსაპოვებლად და ნისლთა გასაფანტავად სასწაულებით მოკირწყლულ ბილიკს დაადგეთ, რომელსაც ნატო დავითაშვილის „ნისლებში და ნისლებს მიღმა“ ჰქვია.


წლების წინ, როცა ნატო დავითაშვილის „ამბავი ლილე იროელისა“ პირველად, სრულიად შემთხვევით წავიკითხე, მივხვდი, რომ ახალი, არაჩვეულებრივი სამყარო აღმოვაჩინე, რომელიც აუცილებლად ბევრჯერ დამიძახებდა და დამაბრუნებდა თავის ჯადოსნურ წიაღში. ეს არის წიგნი, რომელიც ხელს ჩაგკიდებთ და გამოგზაურებთ ქართული მითოლოგიის ლაბირინთებში, რომელიც თითქოს ასე კარგად ნაცნობი და ამავდროულად, მაინც იდუმალებით მოცულია თითოეული ჩვენგანისთვის. 

უშრეტი ფანტაზიის წყალობით, მითოლოგიურ პერსონაჟებს ნატო დავითაშვილი ახალ სიცოცხ ლეს სძენს, ჩვენ კი მათი თავგადასავლების მონაწილეებად გვაქცევს და გვიჩენს სურვილს, მათ შესახებ მეტი ვიცოდეთ, გავიგოთ და შევიგრძნოთ ყველა ის ამბავი, რომელიც ლეგენდებად გადაეცემოდა თაობიდან თაობას, რომელიც „იროელთა ქრონიკების“ სხვა წიგნებში გველოდება და რომელსაც აუცილებლად მიეცემა გაგრძელება ჩვენს წარმოსახვაში, რადგან ლილე, კოპალა, იახსარი, კაისა, თუთა და სხვა პერსონაჟები აუცილებლად გადაიქცევიან ჩვენს თანამგზავრებად და ჩვენი სათავგადასავლო სიზმრების გმირებად.
 
„ამბავი ლილე იროელისა“ ყველა ასაკის მკითხველისთვისაა, ყველა ადამიანისთვისაა, ვისაც უნდა, ცოტა ხნით მაინც მოწყდეს ერთფეროვან რეალობას და უცხო სამყაროებში იმოგზაუროს, იმ ბავშვებისთვისაა, რომლებსაც ჰგონიათ, რომ კითხვა მაინცდამაინც არ უყვართ, სინამდვილეში კი, მკითხველობის სიხარულის აღმოსაჩენად ლილეს გაცნობას ელოდებიან, იმ მოზარდებისთვისაცაა, რომლებმაც უკვე შეიყვარეს კითხვა და მუდმივად ახალ შეგრძნებებს ეძებენ, იმ ზრდასრულებისთვისაც, ჯადოსნური თავგადასავლები რომ წარსულში დატოვეს და იმათთვისაც, ვისაც არასოდეს განელებია უცნობი მიწების, ცებისა და ზღვების აღმოჩენის წყურვილი.
 

Toresa Mossy-ს ახალი, საყმაწვილო რომანი „ორდროშობანა“ ერთდროულად საინტერესო თავგადასავალიცაა და დამაფიქრებელი ისტორიაც, გამოგონილი ამბავიც და მიმდინარე მოვლენების ამსახველიც დოკუმენტიც. მას შეუძლია ნებისმიერი ასაკის მკითხველის ყურადღება მიიპყროს, რადგან უცნაურ, წინააღმდეგობებით სავსე და საინტერესო თავგადასავალში ყველას ჩაითრევს.

რა მოხდება თუ ერთ დილით გაიღვიძებთ და აღმოაჩენთ, რომ ქართული დამწერლობა გაქრა? და რა მოხდება თუ ერთ ჩვეულებრივ სკოლაში სწავლობს 14 წლის ცელქი ბიჭი თომა და ჰყავს ორი ისეთი მასწავლებელი, როგორიც უნდა იყოს ნებისმიერი მასწავლებელი?

ლიზა ისტორიას უბრალოდ კი არ ჰყვება, არამედ განგაცდევინებს, ხოლო ზაზა ფიზიკის შესასწავლად საჭირო ფორმულებს უბრალოდ კი არ გაზეპირებინებს, არამედ თავადაა აღმომჩენი და გამომგონებელი და შენშიც მეცნიერების სიყვარულსა და დაუოკებელ ცნობისმოყვარეობას აღძრავს.

როგორ განვითარდება მოვლენები თუ ლიზა ქართული კულტურის გადარჩენას ცდილობს, ხოლო ზაზა და თომა ფარნავაზის ეპოქაში გადავლენ და დროის მსვლელობაში მომხდარი ცვლილების გამოასწორებას შეეცდებიან?

გაიგე როგორ შეიქმნა ქართული ანბანი და როგორები იყვნენ ადამიანები, რომლებიც ზღაპრის გმირებად კომბლეს, ასფურცელას და ნაცარქექიას მეტსახელებით იქცნენ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში