ჰამლეტური აჩრდილები | დავით ხიზამბარელი

შექსპირისა და ჰამლეტის ისტორია აჩრდლებისა და აჩრდილებთან გამართული სასტიკი ბრძოლების ისტორიაცაა. აჩრდილები ჰამლეტური სამყაროს განუყოფელ ნაწილად იქცა და ყველა, ვინც დანიის იჭვნეული პრინცის პრობლემებს შეეხო, ნებით თუ უნებლიეთ, აჩრდილებთან ბროლის ქარცეცხლში გაეხვა. 

ტომას სტერნზ ელიოტიც ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც წარსულისა და ტრადიციისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად შექსპირის შეეწინააღმდეგა. ელიოტი იმ ეპოქაში წერდა, როცა შექსპირის მასშტაბებისა და მნიშვნელობის შესახებ ყოველგვარი ეჭვები საბოლოოდ იფანტებოდა და სულ უფრო ახლოვდებოდა დრო, როცა წიგნის საერთაშორისო დღეს დიდი ინგლისელი ბარდის სახელს დაუკავშირებდნენ [დიდ ესპანელთან ერთად]. თუმცა, ყოველთვის ასე არ ყოფილა. მოდერნისტებს უყვარდათ შექსპირი, ვიქტორიანელებსაც [მაგრამ შექსპირის ზოგიერთი დრამის ეპიზოდებს, მათ შორის ჰამლეტისას, მკრეხელობის ბრალდებით ამოიღებდნენ ხოლმე], რომანტიკოს პოეტებსაც და ელიზაბეთური ეპოქის ადამიანებს - თავისთავად. თუმცა, ისეთი ხალხიც არსებობდა, შექსპირი რომ გულზე არ ეხატებდათ, მაგალითად - კლასიცისტებს. შექსპირი მათთვის უდავოდ ნიჭიერი, მაგრამ ზედმეტად მოუქნელი, მრუმე შუა საუკუნეებიდან გამოვარდნილი შემოქმედი იყო, რომელმაც წერა არ იცოდა, მუდმივად არღვევდა კლასიკური დრამატურგიის სამი ერთიანობის პრინციპს და სხვა უამრავ ცოდვას სჩადიოდა ამ მიმართულებით. 

მაგრამ შეიცვალა განწყობები, საფრანგეთს დედაქალაქში აქტიურად ამუშავდა გილიოტინა და ახალი თაობის პოეტებმა, რომანტიკოსებმა, რომელთაც კლასიცისტების შემოქმედება ჩირად არ უღირდათ და დიდად არც განმანათლებლების მიერ განდიდებული გონება და რაციონალიზმი ეჭაშნიკებოდათ, მშველელად შექსპირი გამოიხმეს და კიდეც ამოთხარეს ლიტერატურული სამარიდან. რომანტიკოსებს სჯეროდათ, რომ სამყარო ბევრად რთული წარმონაქმნი იყო, რომელსაც მხოლოდ გონისა და მეცნიერების თვალით ვერ ამოხსნიდი და მას წარსულისკენ ხედვითა და წარმოსახვით უნდა დაპირისპირებოდი. წარსულსა და სიბნელეს კი, სამართლიანად თუ უსამართლოდ, ისევ შექსპირი ენათესავებოდა თავისი მედიევისტური ამბებით, პირქუში სასახლეებით, ნიმფებით, ალქაჯებითა და რაც მთავარია - აჩრდილებით.  

შექსპირი ავანსცენაზე დაბრუნდა და მას შემდეგ ადგილი აღარ მოუცვლია. მას შემდეგ ჩრდილავს ნიჭიერ პოეტებს, რომლებიც პოეტური დრამის შექმნისას ხან ჰბაძავდნენ და წინასწარვე მარცხისთვის იყვნენ განწირულები, ხან პირიქით, ცდილობდნენ მისი ჩრდილისგან გათავისუფლებულიყვნენ და ახლებური დრამები შეექმნათ - რაც ასევე უშედეგოდ მთავრდებოდა. 

შექსპირმა არამხოლოდ მომავალ თაობებს მოუჭრა გზები, არამედ თავისი ეპოქის არაერთი მნიშვნელოვანი დრამატურგიც დაჩრდილა, რაც ასე არ მოსწონდა ელიოტს და განაცხადა, დიახ, შექსპირი დიდი ავტორია, მაგრამ რიგ საკითხებში მისი თანამედროვეები სჯობდნენო; და იქვე „ჰამლეტსაც“ გაკრა კბილი, მიაჩნდა, რომ ავტორი იმაზე რთულ თემას შეეჭიდა ვიდრე მოერეოდა და ემოციური ისრები არასწორი მიმართულებით ისროლა. 

რაც შეეხება უშუალოდ „ჰამლეტს“, მისი აჩრდილი საიქიოდან მობრუნებული ყველაზე ცნობილი პერსონაჟი და მთავარი განსხეულებაა იმ კონფლიქტისა, საფუძვლად რომ უდევს შექსპირის ყველაზე ამბიციურ პიესას. „ჰამლეტი“ შურისძიების ისტორიაა, ფაბულა, რომლის ფესვებსაც ესქილესთან და სენეკასთან მივყავართ, მაგრამ შექსპირი ჟანრის ტრადიციული ელემენტების საჭადრაკო დაფას მისთვის დამახასიათებელი გენიალური გულგრილობით ცვლის, გადაადგილებს და რადიკალურად ახლებურ პარტიას ათამაშებს. ჰამლეტი თავისი ფსიქოლოგიზმით, მორალური კონფლიქტებითა და ფილოსოფიური სიღრმით ერთგვარი წყალგამყოფია არამხოლოდ შექსპირის შემოქმედებაში, არამედ ჟანრის ისტორიაშიც, რადგან მოქმედების ეპიცენტრის გარემოფაქტორებიდან პერსონაჟის გონებაში გადატანა, თანაც ამხელა მასშტაბით, მის წინამორბედებთან რთული მოსაძებნია. 

თუმცა, როგორც ხშირად აღნიშნავენ ხოლმე, შექსპირის დრამებში ნებისმიერი იპოვის თავისთვის საინტერესო სიუჟეტურ ხაზს და გონებას მიადევნებს - ზოგს სისხლიანი დაპირისპირებები დააინტერესებს, ზოგს ნაწარმოების მეორადი პერსონაჟები და ზოგსაც  ჰამლეტის დილემა, აღასრულოს სამეფოწართმეული უფლისწულისა და შურისმაძიებლის როლი, ან დაიცადოს, ვიდრე ბოლომდე გაარკვევდეს მამის აჩრდილი სამტროდ გამოეცხადა, თუ სასიკეთოდ. 

მამის აჩრდილი [თავადაც ჰამლეტი] ბევრ სიმბოლურ დატვირთვასთან ერთად წარსულის ტრადიციულ მსოფმხედველობასაც განასახიერებს, რომლის მიხედვით დაობლებული ვაჟი მამის მკვლელს უნდა გაუსწორდეს, ხოლო წართმეული სამეფო ტახტი უკან დაიბრუნოს. მაგრამ ჰალეტის ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ აჩრდლებისა და ტრადიციის ბრმად მორჩლება აღარ შეუძლია, რადგან ხმლით მებრძოლი რიგითი უფლისწული აღარაა, სწავლულია ვიტენბერგის იმ ცნობილი უნვიერსიტეტისა, სადაც მარტინ ლუთერისა და ფაუსტუსის მსგავსი ისტორიული და გამოგონილი გმირები სწავლობდნენ. 

ჰამლეტი მისი ისტორიულ-ლეგენდარული შორეული წინაპარი ამლეთივით ვერ მოიქცევა და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ვერ გადაწვავს ხის სასახლეს, სადაც მამამისის მკვლელი და დანიის სამეფოს თვითგამოცხადებული მონარქი დაბრძანებულა; არც მაკბეტია, რომლის ყოველ მოქმედებას სამი ალქაჯის ცრუ წინასწარმეტყველება განაპირობებს და მათი შეგონებით გათამამებულმა ლამისაა ნახევარი სკოტლენდი ამოჟლიტოს. ჰამლეტი ფიქრის, ეჭვისა და განსჯის ადამიანია, რომელსაც, მართალია, წარსულისა და სამეფო ვალდებულებების აჩრდილი უმოქმედობისთვის ამუნათებს, მაინც არ ექცევა გავლენების ქვეშ. შედეგად, სიმართლესაც არკვევს, ეჭვებსგანაც თავისუფლდება და შურსაც ძიობს. 

კიდევ ერთი აჩრდილი, რომელიც შექსპირსა და ჰამლეტს უკავშირდება უკვე ქართული ელემენტებითაა გაჯერებულია. საუბარი გვაქვს გამორჩეულ ქართველზე, ადამიანზე, შექსპირს რომ შეეჭიდა და მაჩაბლისეულ ხანგრძლივ ტრადიციას დაუდო სათავე. სხვა პიესებზე რომ არაფერი ვთქვათ, ჰამლეტის მისეული ვერსიის შექმნა იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ჩვენი კულტურისათვის, რომ ას წელზე მეტი გავიდა, ვიდრე ქართველი მთარგმნელები მისი ჩრდილიდან გამოსვლას მოისაზრებდნენ და ამ ყველა დროის დრამას ახლებურად აამეტყველებდნენ. ცხადია, განვლილ ას წელს მცდელობების გარეშე არ ჩაუვლია, თუმცა შედეგები კრიტიკას ვერ უძლებდნენ და ცუდად მისადაგებული სალექსო საზომით თარგმნილი „ჰამლეტი“ დღეისათვის მარტო შექსპირის მკვლევარებისთვის თუ იქნება საინტერესო, როგორც ისტორიული დოკუმენტი [ფაქტია, მკითხველთა ფართო წრემდე ეს მცდელობები ვერ აღწევდა და სკოლა იქნებოდა, უნივერსიტეტი, თუ თეატრი, ისევ მაჩაბლის თარგმანს იყენებდნენ]. 
როგორც ჩანს, მაჩაბლის თოთხმეტმარცვლიანი სტრიქონით თარგმნილი შექსპირი იდეალურად ჩაეწერა ქართულ ენასა და ცნობიერებაში. ამ თარგმანებზე მთელი თაობები გაიზარდა და დანიის პრინცის ცნობილი მონოლოგის პირველი სიტყვები, „ყოფნა-არყოფნა“ ქართულ საბჭოთა ანიმაციებშიც იქნა გამოყენებული. ასე რომ, შექსპირის, განსაკუთრებით კი „ჰამლეტის“ მთარგმნელები თავიდანვე უსამართლო ბრძოლაში იყვნენ და იქნებიან ჩართულები. და ლელა სამნიაშვილიც ერთ-ერთი მათგანია, ოღონდ ეგაა, მისმა თარგმანმა დღის სინათლე უკვე იხილა, თანაც დიდი დოზით. სამნიაშვილმა უარი თქვა მაჩაბლისეულ ტრადიციაზე და იმ მოტივით, რომ შექსპირის სხვა პიესებისგან განსხვავებით ჰამლეტი სრულად იამბური პენტამეტრით არაა დაწერილი, მაჩაბლისეულ თოთხმეტმარცვლიან სტრიქონს სხვა სალექსო ფორმებიც შეუხამა. არ მოერიდა ყველაზე საკრლალურის შეცვლასაც და „ყოფნა-არყოფნა" საბოლოოდ, დედნისეულ „ყოფნა თუ არყოფნად“ გარდაისახა. 

თამამად უნდა ითქვას, რომ ლელა სამნიაშვილის თარგმნილი „ჰამლეტი“ ორიგინალთან უფრო დაახლოებული, მრავალფეროვანი საზომით გადმოღებული და გამართული ქართულით ამეტყველებული კლასიკური ტექსტია, რომელშიც ინგლისური რენესანსის ხმებიც მოისმის და ოცდამეერთე საუკუნის საქართველოსიც. ნათქვამია, რომ ყველა ეპოქას ახალი თარგმანები სჭირდება, - მითუმეტეს შექსპირის რანგის ავტორების - რადგან დროსთან ერთად კლასიკური ნაწარმოებები ახალ-ახალი კვლევებით მდიდრდება, ტომები-ტომებს ემატება და დამატებით მნიშვნელობებს იძენს - ზოგს თითიდან გამოწოვილს, ზოგსაც დასაბუთებულს. შესაბამისად, ახალი თარგმანიც ერთგვარი კვლევა და ტექსტის ახლებური წაკითხვის მცდელობაა, სადაც ბევრი ისეთი ნიუანსი, რაც საუკუნის წინანდელ თარგმანებში შესაძლოა, ობიექტური გარემოებების გამო დაკარგულიყო, ან სათანადო გააზრების მიღმა დარჩენილიყო, გამოიკვეთება და განსხვავებული კუთხით წარმოჩინდება. 

„ჰამლეტის“ ახალი თარგმანი კი, ქართული შექსპიროლოგიის ახალი ეტაპია, რომელსაც, ყველა ღირსების მიუხედავად, უფრო ის მკითხველი დააფასებს და ბოლომდე გაითავისებს, ვინც მაჩაბლისეული ვერსიების ტყვეობას თავს დააღწევს - ჩვეულება მაინც რჯულზე უმტკიცესია. ერთი სიტყვით, ლელა სამნიაშვილს ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ კიდევ ერთ შექსპირულ აჩრდილად გადაიქცეს, ოღონდ, იმედი უნდა ვიქონიოთ, მისი წინამორბედივით ასოცდაცამეტი წლით არ დაეპატრონება დანიის სამეფოს და დროდადრო სხვა აჩრდილებიც გაუწევენ ხოლმე მეტოქეობას. 

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში