დაკარგული დაბადების დღე | ინტერვიუ ნინო სადღობელაშვილთან

ნინო, მინდა ინტერვიუ წიგნის იდეაზე საუბრით დავიწყოთ. რომანი „დაბადების დღე“  ესაა ორი თინეიჯერი ბიჭის ამბავი, რომელსაც ნინო ვახანიამ, არა დაკარგული, არამედ გამწარებული თაობის წარმომადგენლები უწოდა. როგორ გაჩნდა წიგნის იდეა მოზარდების შესახებ?

პირველი მარცვალი ორი თუ სამი წლის წინ გაჩნდა. არ ვიცი გახსოვს თუ არა, მთელი სოციალური ქსელი და ტელევიზია მოიცვა ამბავმა ტყუპ ძმებზე, 14 წლის ბიჭებზე, რომლებიც დაიკარგნენ. ორი დღე მთელი ფეისბუქი ეძებდა ამ ბავშვებს, არც ისე სასიამოვნო პროგნოზებიც კეთდებოდა და მახსოვს ყველანი ძალიან ვდარდობდით. თუმცა, რეალურ ამბავში, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა. ეს ბავშვები ქობულეთში აღმოჩნდნენ, თურმე ფულს მთელი წელი აგროვებდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ ზღვაზე გაპარულიყვნენ. ძალიან საყვარელი ბიჭები არიან. მაშინ, ძალიან იმოქმედა ამ ამბავმა, მეხსიერებაში ჩავკეცე და ვიფიქრე, რომ სხვა დროს აუცილებლად მივუბრუნდებოდი. ჩამრჩა ერთადერთი კითხვა: რა აიძულებს ამ ასაკის ადამიანებს რომ გაიქცნენ? გასულ წელს, ვიდრე პანდემია დაიწყებოდა, დაახლოებით იანვრის შუა რიცხვებში, ისევ გამახსენდა ეს ამბავი და იდეას მოვეჭიდე. 

მერე კიდევ ერთი უცნაური შემთხვევა მოხდა. ქუჩაში მივდიოდი და გზაზე გადაგდებული სათამაშო ვირი დავინახე. პატარა, ლურჯი ვირუკელა, ვარდისფერყურებიანი. გადაგდებული კი იყო და თანაც ბუჩქებში, მაგრამ ძალიან ღირსეულად იჯდა, თითქოს თავისი დიდი, ვერცხლისფერი, ლამაზი თვალებით მეძახდა. მივხვდი, რომ რაღაცის ნიშანი იყო. მერე ისე მიება ერთმანეთს ყველაფერი, რომ მუშაობა დავიწყე. 

დასაწყისშივე ძალიან მამხნევებდა ზვიადი (კვარაცხელია), მას გავუზიარე ყველაფერი. ზოგადად ზვიადი არამხოლოდ ჩემი, არამედ ძალიან ბევრი ადამიანის სტიმული, მუდმივი ბიძგის მიმცემი და მხარდამჭერია. გამამხნევა და მითხრა, რომ მუშაობა დამეწყო. მეც დავიწყე, მერე კი პანდემიაც დაემთხვა. პანდემიით თავიდან, ისევე როგორც ყველა, მეც გაოგნებული ვიყავი. მაგრამ ნელ-ნელა, როცა ეს ემოცია  დაიწმინდა, აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრი დრო გამიჩნდა წერისთვის. ბოლოს ყველაფერი უკვე ნებაყოფლობით იზოლაციაში დამთავრდა, როცა მწერალთა სახლმა, დეკემბერში, შემოქმედებითი სარეზიდენციო პროგრამა შემომთავაზა. იქ მივიღე მონაწილეობა და ორი კვირა ზუსტად გავთვალე იმისთვის, თუ რაში გამოვიყენებდი. რომანის ფინალზე მქონდა სამუშაო, დასარედაქტირებელი იყო, რაღაც ჩავარდნებიც უნდა ამომეწია. ეს ორი კვირა მწერალთა სახლის მხრიდან შემოთავაზებული ფანტასტიკური შესაძლებლობა იყო და მეც გამოვიყენე.

რომანი „დაბადების დღე“ მოგზაურობაა დაკარგული დაბადების დღის საძიებლად და მის დასაბრუნებლად. რას ნიშნავს 14 წლის მოზარდებისთვის დაბადების დღის დაკარგვა? ან რას ნიშნავს ძიება მის დასაბრუნებლად?

ძალიან ღრმად მწამს, რომ ადამიანი ორჯერ იბადება: პირველად ფიზიკურად და მეორედ მაშინ, როცა საკუთარ თავს უსვამს კითხვას: „ვინ ვარ მე?“ ანუ, როცა იწყება თვითშემეცნებისა და თვითგამორკვევის პროცესი. მახსოვს ჩემი თავი ამ ასაკში. სხვათა შორის, როცა რომანზე ვმუშაობდი, არ ვიცოდი რამდენად დამეხმარებოდა პირადი გამოცდილება ან ჩემი მაშინდელი შთაბეჭდილებები, როცა 14 წლისა ვიყავი. თუმცა, ვფიქრობდი, რომ არსებობს რაღაც ფუნდამენტური გამოცდილებები, რაც ერთსა და იმავე ასაკში ყველა ადამიანისთვის საერთოა, მაგრამ ვიცოდი ისიც, რომ დღევანდელი თინეიჯერები ძალიან განსხვავდებიან ჩემი თაობის თინეიჯერებისგან. დავიწყოთ იმით, რომ ვირტუალურ რეალობაში ცხოვრობენ. ჩვენთვის კი ერთი რეალობა არსებობდა, ერთი განზომილება. ერთადერთი, რაშიც ვემთხვევით ერთმანეთს, ისაა, რომ ორივე პოსტტრავმული თაობა  ვართ. ამდენად, ამ ბავშვების ფსიქიკაც, პიროვნებაც პოსტომის გამოცდილების, სტრესისა და ტრავმის შედეგად ყალიბდება. პირადად ჩემთვის, როცა ამ ბიჭებზე ვფიქრობდი, ამოსავალი კითხვა სწორედ ეს იყო: ვინ ვართ ჩვენ? ისინი ხელახლა უნდა დაიბადონ იმ ტკივილების, იმ საიდუმლოს შემდეგ, რომელსაც დასთან მიმართებით ატარებენ და რაც ძალიან მოქმედებს მათ პატივმოყვარეობაზე, დაძმურ სიყვარულზე, ღირსებაზე. ძალიან დიდი უსამართლობა დატრიალდა მათ თავს და ეს ვერ გადალახეს, ვერ გადახარშეს. და ეს ყველაფერი თითქოს ლეგიტიმურ უფლებას ართმევს მათ, რომ საკუთარი დაბადების დღე იზეიმონ, აღნიშნონ, ანუ იყვნენ ცოცხლები. ახლა კი სიცოცხლის ხელახალ განზომილებას იბრუნებენ. ჩემთვის მთავარი იყო, ეს ბიჭები ხელახლა ჩამებრუნებინა სიცოცხლის კალაპოტში.

როგორ ფიქრობთ, დღევანდელი თაობა, ამ ბიჭების მსგავსად,  დაბადებისდღედაკარგული თაობაა?

საერთოდ მოვერიდებოდი კონკრეტული სახელების დარქმევას. სახელები მაინც პირობითია ხოლმე. შეიძლება ვიღაც ერთი გამოერიოს სრულიად განსხვავებული და მთელი თაობის საერთო სურათი შეცვალოს. ვფიქრობ, დღეს გაცილებით მრავალფეროვანია თინეიჯერების თაობა. მრავალმხრივად შეგვიძლია ვისაუბროთ მათზე.  რაც უნდა იყოს, მუდმივად აღტაცებული ვარ მომავალი თაობებით. ძალიან ბუნებრივი რამეა, სამყაროს კანონია რომ ახლა ვინც მოდის, ახლა ვინც შლის ფოთლებს, ახლა ვინც ისხამს ყვავილებს, ნაყოფს, ვისაც სიცოცხლე მოაქვს ახალი სახეებით, ახალი აზროვნებით, ახალი მეტყველებით, იმსახურებს, რომ შეხაროდნენ. რა თქმა უნდა, არის უამრავი პრობლემა, უამრავი ტკივილი და ამ ყველაფრით ჩვენც ვართ დაჭრილნი. ყოველ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა გვეხებოდეს და უნდა ვგრძნობდეთ მათ. ძალიან მოვინდომე, რომ ცოტა ახლოს მივსულიყავი მათთან. 

ძალიან დამეხმარა ჩემი უმცროსი მეგობარი, თითქმის ჩემი შვილობილი, ლაზარე. ზუსტად 14 წლის იყო, როცა რომანზე მუშაობა დავიწყე. თითქოს ალესაც წააგავს. მას ვაკითხებდი ხოლმე. ლექსიკაშიც ძალიან დამეხმარა, მიხსნიდა, როგორ საუბრობენ დღეს. რაღაცები გადამიხაზა, რაღაცებზე მითხრა, რომ არა, ჩვენ ასე არ ვიტყოდითო. დამეხმარა იმაშიც, რომ მეტ-ნაკლებად გამეგო რას უსმენენ, რას უყურებენ, რა მოსწონთ, რა არ მოსწონთ. დავიწყე ანიმეების ყურებაც. მახსოვს, მთელი გაზაფხული იმ ანიმეებს ვუყურებდი, რომლებიც ახლა ძალიან პოპულარულია. შევეცადე ახლოს მივსულიყავი მათთან და გამეგო რა აწუხებთ, რა სტკივათ. ძალიან ბევრია ეს ტკივილი, ძალიან ბევრი.  

საზოგადოება და მისი დამოკიდებულება ახსენეთ, ნინო. წიგნს ძალიან საინტერესო ფრაზით იწყებთ: „მე ვიცინი, შენ ტირი, ის ყვირის, ჩვენ ვხარხარებთ, თქვენ ბღავით, ისინი ღრიალებენ“. ესაა საზოგადოება და მისი დამოკიდებულება თინეიჯერების პრობლემატიკის მიმართ?

დიდწილად მაყურებლის, შორიდან შემფასებლის, დამბულინგებელის როლს ვირგებთ. ძალიან ზედაპირულად რომ გადავავლოთ თვალი, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ეს პრობლემებიც ჩვენი თვითრეპრეზენტაციისთვის გვჭირდება. პოსტებით და კომენტარებით ვქოთქოთებდთ, ვბჭობთ, მოვთქვამთ, მაგრამ პრობლემები მაინც პრობლემებად რჩება. ბევრი ტრაგედია მოხდა, ბევრი რამ დაემთხვა, მათ შორის შაქარაშვილისა და მაჩალიკაშვილის ამბებიც. რა ხდება ჩვენს თავს?! თითქოს ყველა მხრიდან ჟონავს წყალი, ჭერი გადასახურია, შენობა ინგრევა. მით უმეტეს, რომ ესაა ასაკი, როცა ხუთმაგად გამძაფრებულია ყველაფრის აღქმა. ამიტომ თითქოს ყველაფერი დაზუმული, ძალიან ახლოს მოტანილი გეძლევა. 

რაც შეეხება საზოგადოებას, საგამოძიებო ოქმებში  რომანის მეორე ხაზში, მეორე შრეში მინდოდა მეჩვენებინა, რომ ყველა, ვინც ლაპარაკობს რაღაცაზე, მათ შორის მშობლებიც კი, ლაპარაკობენ ერთადერთი პოზიციიდან: ოღონდ მე არ დამბრალდეს რამე. იმიტომ, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა რეალურად. განა იმ მშობლებისა არ მესმის. შეიძლება პირიქით, მეც მშობლის პოზიციიდან ვწერდი. მაგრამ ხდება ხოლმე, როცა ფაქტის წინაშე აღმოჩნდები, საკუთარი თავის დადანაშაულება მომხდარში შემზარავია. და ჩვენ, ალბათ, ყველაზე მეტად ეს გვაკლია  პირადი პასუხისმგებლობა.

პერსპექტივასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. ჩვენ ვხედავთ ამბავს როგორც გამოძიებაში ჩართული ადამიანების, ასევე ბიჭების პერსპექტივიდან, მაგრამ ვხედავთ ამბავს ასევე კამერის თვალით. რატომაა კამერის ობიექტივში მოქცეული კონკრეტული პასაჟები?

ეს კამერაც თავისით გაჩნდა. თითქოს პერსონაჟს ხელში ეჭირა. ძალიან ბუნებრივი იყო. თანამედროვე რეკვიზიტია და უიმისოდ თითქოს წარმოუდგენელია. თან ყველაფერი კინოსავით ხდება. ტექსტის რიტმმა, დინამიკამაც მოითხოვა, რომ ვიზუალური ხატები წამოეღო. რეალურად, ხომ უკვე ოთხ განზომილებაში ვცხოვრობთ, შეიძლება მეხუთეშიც და ახალი ხედვის კადრები, პერსპექტივები გვემატება. ამიტომ, ვიფიქრე, რომ ძალიან ბუნებრივი იქნებოდა, თუ ერთ-ერთ პერსონაჟს თვალივით ექნებოდა ეს კამერა და მოვლენებსაც სწორედ მისი საშუალებით დაგვანახვებდა. კამერა, ამავე დროს, დამატებითი ხერხი იყო იმისთვის, რომ უკეთ მეჩვენებინა, რა ხდებოდა იქ, შიგნით. მეჩვენებინა არა ერთის ან მეორის პერსპექტივა, არამედ ზოგადი ფონი.

სადაც კამერის პერსპექტივა შემოდის, იქ ობიექტივში მარგინალიზებული პერსონაჟები ექცევიან, იგივე მოხუცთა თავშესაფრის წევრები. რჩება შთაბეჭდილება, რომ ისინიც, ბიჭების მსგავსად, გარიყული არიან და საზოგადოებას მათ მიმართაც მაყურებლის პოზიცია უკავია.

ინტერპრეტაცია სწორედ ამიტომაა ძალიან კარგი. სიმართლე გითხრა, ამ კუთხით არ მიფიქრია. ბავშვებმა რომ ზღართანი მოადინეს მოხუცთა თავშესაფარში და ამ ამბავს შორიდან შევხედე, მერე დავფიქრდი, კი მაგრამ, აქ რა უნდათ? ისე მოხდა, რომ ბიჭებმა ორ დღეში თითქოს მთელი ცხოვრების გზა გაიარეს, ბავშვობიდან სიბერემდე. ეს მოხუცებიც ამობრუნებული ბავშვები არიან და ბავშვები კიდევ შეტრიალებული მოხუცები. და რაც მთავარია, აქ, მოხუცთა თავშესაფარში მხიარულებაა, ქორწილია და ეს კარნავალურობაც საჭიროა. ზუსტად ვიცოდი, კარნავალურობა, ჰეფი ენდი დასასრულს ვერ ექნებოდა, ამიტომ მინდოდა, ამ ბავშვებისთვის შედარებით ადრე, დასასრულამდე განმეცდევინებინა ცოტაოდენი კარნავალი. თუმცა მასში, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი სევდაა.

ხშირად წერთ შიშზე. წერთ გოგონაზე, რომელმაც გველის შიში გადალახა და სანჩოსაც სწორედ ამის მერე შეუყვარდა. წერთ სიმაღლიდან ხტომის შიშზეც. რისი ეშინიათ თქვენს პერსონაჟებს?

ჩემს პერსონაჟებს, ალბათ, ყველაზე მეტად იმის აღმოჩენის ეშინიათ, რომ ცხოვრება მათ მიღმა მიდის. ეშინიათ, რომ ამდენმა გარემოსტრესმა, შინაგანმა კონფლიქტმა ცხოვრების აქეთ არ გადმოაგდოს, მარგინალებად არ დატოვოს. 

როგორც მივხვდი, ზღვა ერთგვარად ამის სიმბოლოა, ის, რაც ჯერ კიდევ უცნობია, უხილავი, შეუცნობელი და ის, რისი დანახვაცაა დაბადების დღის აღდგენაც და დაბრუნებაც.

დიდი მადლობა ამ ხედვისთვის. კი, ზუსტად ეგრეა. თან ნახეთ, როგორ ხდება: ზღვაზე ღამით ჩადიან. ღამით ზღვას ვერ ხედავენ, მაგრამ გრძნობენ, რომ იქ არიან, გრძნობენ ხმით, სუნით. ცხოვრების მთელი საიდუმლოებაც ეს არის ალბათ, რომ იქ ხარ, მიხვედი, მაგრამ ვერ ხედავ, მხოლოდ გრძნობ და მთელი ეს ჭეშმარიტება ამ დაუნახავით გეძლევა, დანახულზე მეტით. ღამის ზღვა გაძლევს ამის საშუალებას. დღისით ჩასვლა და გაშლილი პეიზაჟის ნახვა ამბავს იდუმალებას დაუკარგავდა. ბოლოს კი ალეს ხილვაა, რეალურად დის აჩრდილთან შეხვედრა მისთვის თითქოს დროს კრავს და ერთიანობას ანიჭებს. ყველაზე დიდი კომპლექსები რაც კი თავისი დის მიმართ ჰქონდა, სწორედ ამ უკანასკნელ სცენაში შეიკრა. 

ესაუბრა ქეთი გახოკია

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში