აუცილებელი საკითხავი აფხაზეთის შესახებ |
თანამედროვე ქართველი ავტორების მხატვრული ტექსტები აფხაზეთზე, აუცილებლად საკითხავი წიგნები ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი განსაკუთრებული მხარის შესახებ...
ვილაპარაკოთ. 33 ამბავი აფხაზეთზე
„რაზეა ეს წიგნი და:
როგორც მოკლე მინაწერიც გვაუწყებს:
უფრო ომზე, ვიდრე მშვიდობაზე!
შვილებდაკარგულ მშობლებზე, მერე თვითონაც რომ უნდა შეწირვოდნენ ომში დაღუპულ შვილებს!
ბავშვებზე, რომელნიც ერთ საათსა თუ ერთ დღეში უნდა გაეზარდა ომს, ხოლო გაზრდილთათვის სამუდამოდ მიესაჯა განგებას ბავშვის თვალები!
იმ ჭრილობებზე, ომი რომ აჩენს, მაგრამ მშვიდობა ხომ აშუშებს!
და კიდევ იმაზეა ეს წიგნი:
რომ უკვე დროა, ვილაპარაკოთ!
ასეცაა დასათაურებული:
„ვილაპარაკოთ – 33 ამბავი აფხაზეთზე“.
იდეა და კონცეფცია ირაკლი შამათავას უნდა მოეფიქრებინა, შემდგენელ-რედაქტორად გვერდით რომ უნდა ამოეყენებინა ინა არჩუაშვილი, პროექტის კონსულტანტობა ირმა ბერიძეს მინდობოდა, და „ინტელექტს“ დაელოცა გზა მკითხველისაკენ ამ მრავალმხრივი მნიშვნელობის გამოცემისათვის, მის მხატვრულ და პოლიტიკურ მიზანდასახულებას სულიერი ხიდის მისიაც რომ უნდა დაჰკისრებოდა.
ამ მისიას კი ამ რანგისა და სულისკვეთების წიგნი თუ შეასრულებს.
რანგის:
თანამედროვე ქართული პროზის სიმაღლეს ასე ხელშესახებად რომ აირეკლავს, მისი ზემოქმედების ძალას, მის სიღრმეს, მის მასშტაბურობას, მის გაქანებას, მის შთამბეჭდაობას, ამხელა კრებულში – გააზრებული შედგენის წყალობით – ერთი ჩავარდნაც რომ არ შეინიშნება და მხოლოდ კარგ და უკეთეს ნიმუშებს მოუყრია თავი.
და სულისკვეთების:
„ვილაპარაკოთ – 33 ამბავი აფხაზეთზე“ სრულიად რომ გარიდებულა პუბლიცისტურობას და თავით ბოლომდე მხატვრული სულით აღვსილა.
და ის დოკუმენტური პროზის ნიმუშებიც, მოხდენილად რომ ჩართულა მათი ფრაგმენტები ნოველებისა და მოთხრობების ნაკადში.
რა ბევრი საერთოც უნდა ჰქონდეს დოკუმენტურ პროზასა და პუბლიცისტიკას, შეუიარაღებელი თვალით ხან ძალიანაც რომ ჭირს მათი გარჩევა, ერთი უმთავრესი ნიშანი მაინც განასხვავებთ:
ის, რაც შიშვლად და დაუფარავად, პროკლამაციის დაურიდებლობით უნდა ითქვას პუბლიცისტურ სტატიაში, უსათუოდ შეფარული უნდა იყოს დოკუმენტურ მოთხრობასა თუ რომანში – მხატვრულ პროზას როგორც სჩვევია, და მინიშნებებში, ქვეტექსტებში იყოს შესაძლებელი მათი ამოკითხვა.
ამ მხრივ სწორედ რომ სანიმუშოა ნაირა გელაშვილისა თუ შორენა ლებანიძის დოკუმენტური პროზა, აცილებული მათივე პუბლიცისტიკას, ამ წიგნსაც ასერიგად რომ დაამშვენებდნენ, მათ გარდა ეს ამდენი სახელიც რომ უნდა დატრიალებულიყო იმ სულიერი ხიდის აგების მონაწილეებად:
გურამ ოდიშარია თუ ირაკლი სამსონაძე, ვახტანგ კომახიძე თუ თამრი ფხაკაძე, ბექა ქურხული თუ ნინო გუგეშაშვილი, დათო ქარდავა თუ ირაკლი კაკაბაძე, კობა ცხაკაია და ირაკლი ლომოური, ნინო სადღობელაშვილი თუ მიხო მოსულიშვილი, ილია ჭანტურია თუ მანანა მენაბდე, გელა ჩქვანავა თუ დათო ტურაშვილი, კოტე ჯანდიერი თუ მარინა ელბაქიძე, რეზო თაბუკაშვილი თუ თეონა დოლენჯაშვილი, ბესო პაპასქუა თუ ნანა აკობიძე, ლადო კილასონია თუ მანანა დუმბაძე, ანდრო ბუაჩიძე თუ მარიანა ნანობაშვილი, ბესო ხვედელიძე თუ თეა თოფურია, ირმა მალაციძე, ბესო სოლომანაშვილი თუ მაკა მიქელაძე.
სწორედ რომ საუკეთესო მასალაა სალიტერატურო კრიტიკისათვის, ჯერ მარტო სოხუმური ფრთა რომ არ გაუშვებს ხელიდან და შემოგვთავაზებს მის დეტალურ, გამოწვლილვით ანალიზსა და შეფასებას.
33 ამბავი აფხაზეთზე – უმნიშვნელოვანესი, იქნებ გადამწყვეტი მოლაპარაკების საწინდრადაც.
შემთხვევითია ვითომ, მაინცდამაინც 33 ამბავი რომ უნდა თავმოყრილიყო?
იქნებ წინასწარგანზრახვით, იქნებ იდუმალი კანონზომიერებით...
ეს სულერთია – ამბავი ოცდაცამეტია და წარმოგვიდგება სიმბოლურ სურათად – თითო ნიმუში მაცხოვრის მიერ დადენილი სისხლის გაგრძელებად რომ აღიქმება, დიდ ტკივილებში გამოტარებულ სისხლის წვეთებად, ხელშესახებ შეგრძნებად იმისა, ეს ტრაგედია კვლავაც რომ გრძელდება და არც არასოდეს მოთავდება, თუკი გაწყვეტილი ძაფები არ აღდგება და აფხაზეთის მხარე კვლავაც განუყოფელი ნაწილი არ შეიქნება საქართველოს სახელმწიფოსი – აფხაზთა ერთადერთი გადამრჩენისა რუსული წყალდიდობისაგან.
33 ამბავი – 33 წვეთი სისხლისა და 33 ჭრილობა, გამზადებული და გამიზნული მოსაშუშებლად”, – როსტომ ჩხეიძე, „33 წვეთად სისხლისა“ (დღიურის ფურცლებიდან).
თეონა დოლენჯაშვილი – „ჩიტი არ გამოფრინდება“
„ეს არის საოცრად ეპიკური და მეტაფორებით სავსე წიგნი. ბევრი ტექსტი წამიკითხავს ამ თემაზე, მაგრამ მე ასეთი სიმძიმის, ასეთი დრამატულობისა და შთაბეჭდილების აღწერა არაფრისგან მიმიღია. ეს ძალიან დიდი ლიტერატურაა ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე და დიდი გამბედაობა სიმართლის თქმის პრინციპის მიმართ.
ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაა. ტრაგიზმია, სხვის ომში გმირობის ისტორიაც საკუთარი მშვიდობის დაცულობის სანაცვლოდ. საერთოდ სხვა ხედვაა. და იმდენად საინტერესოა, ისეთი ამბები და დეტალებია, ლიტერატურული თვალსაზრისით ხომ საოცრად შთამბეჭდავია, მაგრამ ადამიანური და ემოციური თვალსაზრისით კითხვისას სუნთქვა გიჩერდება.
თეონა დოლენჯაშვილმა ყველაფერი გახსნა, ფრჩხილები გახსნა და ყველაფერი მოყვა. ეს არის ამავე დროს საკმაოდ თვითკრიტიკული რომანი, სადაც ადამიანობაც კი, როგორც ჰუმანური კონტექსტიც კი იცვლება და დიდი მადლობა მას ამ გამბედაობისთვის“, – ლაშა ბუღაძე.
გურამ ოდიშარია – „შენთან-უშენოდ“
„წარმოიდგინეთ, რომ არსებობს შავი ზღვის რესპუბლიკა და თქვენ მისი მოქალაქე ხართ. ეს კი ნიშნავს – დედამიწაზე ყველაზე მშვიდობიანი, პაციფისტური რესპუბლიკის მოქალაქეობას, პარლამენტს – დიდ ყავახანაში; დასვენების დღეებივით სასიამოვნო სამუშაო დღეებს; არავითარ დედაქალაქს (რომელიმე ქალაქს რომ გული არ დასწყდეს), არამედ ცენტრს – სრულიად შავი ზღვის სანაპიროს; არა კონკრეტულ, არამედ ნისლოვან-ბუნდოვან საზღვრებს, რათა რომელიმე მილიტარისტულ ქვეყანას არ მოუნდეს ამ საზღვრების ჯერ პოვნა და მერე შევიწროვება; ეს ნიშნავს პატარა ქვეყანას დიდი და ფილიგრანული დიპლომატიით; რესპუბლიკას ასეულობით ბენდით, ორკესტრით, ანსამბლით და მუსიკალური ჯგუფით; ორი პლაჟით – ერთი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც შავი ზღვის რესპუბლიკას აღიარებენ, მეორე კი მათთვის, რომლებიც არ აღიარებენ...
შავი ზღვის რესპუბლიკის მოქალაქეობა შესაძლებელია – თუკი წაიკითხავთ გურამ ოდიშარიას ახალ რომანს „შენთან-უშენოდ“; თუკი ჩაერთვებით რომანის პერსონაჟების ხალისიან და მახვილგონივრულ კამათში, მათთან ერთად შექმნით ახალი რესპუბლიკის კონცეფციას, მოინდომებთ და გაიზიარებთ მის იდეას... ეს არაა ალტრუისტულ-ლიტერატურული თამაში, გნებავთ ჰუმანისტური სიმულაცია, ეს ომის რეჟიმში დაბადებული ჯანსაღი ავანტურაა, დაღუპვისგან ხსნის ვერსია, რომელიც მხოლოდ ისეთ მწერალს გაუჩნდება, ვინც ყველაზე კარგად იცნობს ზღვას...
გურამ ოდიშარია ასეთი მწერალია. მისთვის ზღვა ბედისწერულ ტოპოსად იქცა და განსაზღვრა კიდეც მისი შემოქმედებითი არეალი, სტილი, ატმოსფერო. მის ყველა ტექსტში ზღვა ზუსტად ის „ნისლოვან-ბუნდოვანი“ საზღვარია („შენთან-უშენოდ“), უფრო სწორად – ის უსამანო სამანი, რომელთან შეხებაც ბუნებრივად ცვლის ყველაფრის არსს, ბუნებრივად ბადებს ახალ რეალობას, ამ რეალობაში მყოფობის კოდექსს“, – ნაწყვეტი ნინო სადღობელაშვილის წერილიდან – „თავისუფლება ზღვის საჩუქარია“.
ირაკლი შამათავა – „გამშვები პუნქტი“
„ირაკლი შამათავას წიგნში დენთის სუნი ტრიალებს, თუმცა ბევრს არ ისვრიან და არც ბატალურ სცენებს შეხვდებით, უბრალოდ ატმოსფეროა დენთის სუნით გაჯერებული“, – ბექა ახალაია.
„მეგობრებისგან განსხვავებით, რომლებიც გვირილას ეკითხებოდნენ ვუყვარვარ თუ არ ვუყვარო, თურმე, ირაკლი გვირილას, დავბრუნდები თუ არ დავბრუნდებიო, ეკითხებოდა. ჰოდა, ირაკლის მინდა ვუთხრა – დავბრუნდებით! მე ამ რწმენით ვცოცხლობ! მე იქ მელოდებიან მამა, მზე და ზღვა!“, – ქეთევან დუმბაძე ირაკლი შამათავას ორენოვან კრებულზე – „გამშვები პუნქტი“.
შორენა ლებანიძე – „მანანა ანუა – ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე“
„ძლიერ და მეამბოხე ქალებზე მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც ყოველწლიურად უამრავი მხატვრული და დოკუმენტური რომანი იწერება, სხვადასხვა ტიპის გამოცემა მზადდება და იბეჭდება. ეს ინფორმაციულადაც საინტერესოა, საკითხავადაც ემოციური და რაც მთავარია, სამაგალითო, შთამაგონებელი.
ჩვენც გვყავს ასეთი ძლიერი და ღირსეული ქალები და მათ შორის რა თქმა უნდა მანანა ანუა – ადამიანი, რომლის 1993 წლის აფხაზეთის ომისდროინდელი დრამატული ამბავი შთამბეჭდავად მოგვითხრო შორენა ლებანიძემ.
ესაა სიმტკიცისა და განწირულ მდგომარეობაში ჰუმანიზმის იდეალების შენარჩუნების ისტორია. ის, რაც ომის თემაზე შექმნილი წიგნებიდან და ფილმებიდან გვხიბლავს და გვაკვირვებს, თავისი დამანგრეველი ძალითა და ერთი ადამიანის (ქალის) გაძლების/გადარჩენის წარმოუდგენელი უნარით, რამდენიმე ათეული წლის წინ მოხდა და სულ ახლახან დაიწერა. ეს არის აუცილებლად წასაკითხი წიგნი“, – ზვიად კვარაცხელია.