ნინო ხარატიშვილი - ჩემი საყვარელი ორეული |

საფეხბურთო მოედანზე ჩემი ქმრის მანქანით სამივე ერთად წავედით. ერთი შეხედვით, თითქოს არაფერი იყო უცნაური ამ სურათში. პატარა გამონაკლისის გარდა: კაცი იყო სხვა. ის კაცი, ვინც სინამდვილეში იქ უნდა ყოფილიყო, ამ დროს ალბათ თავის დოკუმენტურ ფილმს ამონტაჟებდა სტუდიაში. ის კაცი ჩემი ქმარი იყო. მაგრამ მან არ იცოდა, რომ ჩვენ მიერ მოპოვებული ერთად ყოფნა, ჩვენი ყოველდღიურობა, ჩვენი ჩვევები, ჩვენი დაპირებები, ჩვენი საშვებულებო გეგმები და ჩვენი ზეიმები, სიამოვნებით რომ ვმართავდით ხოლმე ერთად, იმ დილას კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. მე კი არაფერი ვიღონე ამის წინააღმდეგ. პირიქით, ნათხოვარ ცხოვრებაში ნათხოვარი მანქანით ნათხოვარ კაცთან ერთად სტადიონისკენ გავეშურე. 

რატომ აღმოჩნდა უცებ ყველაფერი ასეთი ყალბი, აბსოლუტურად ყველაფერი. რატომ ვწირავდი ამდენ რამეს წარსულის გატაცებას, რომელსაც ჩემთვის ბედნიერება არ მოუტანია; იმ ადამიანს, რომელსაც მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში სახელი ვერ მოვუძებნე.

***

ჩემი სიყვარული ღვინოს ჰგავდა. უიშვიათესს და უძვირფასესს. სიამოვნების გახანგრძლივებას რომ ცდილობ და ბოთლის გახსნას არ ჩქარობ – იმ განსაკუთრებული შემთხვევისთვის ინახავ, რომელიც არა და არ დგება. იმიტომ რომ არაფერია ამ ღვინის ფასი. შენ კი ინახავ და ინახავ. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, რაღაც სისულელის გამო, ბოთლი იმსხვრევა და ღვინო იატაკზე იღვრება. მაშინ მხოლოდ სინანულის გრძნობა გრჩება და ტკივილიანი მონატრება. და კიდევ იმედი, რომ ოდესმე სადმე იპოვი ისევ ამ ღვინოს და სულმოუთქმელად დალევ.

***

ეტყობა, როცა იზრდები, აღარაფერი ხდება უბრალოდ ისე. ცხოვრებისთვის, გრძნობებისთვის, და საერთოდ ყველაფრისთვის უკვე რაღაც საფუძველია საჭირო.

***

დიდებული ხედი იშლებოდა თბილისზე, დაკარგულ ქალაქზე, რომლის არსებობას ვერც დაიჯერებ სანამ არ მიუახლოვდები. თითქოს გამორჩენოდათ მისი შეტანა მსოფლიო რუკაზე. მაგრამ ერთხელ თუ ჩამოხვალ, ვეღარ მოეშვები. იმიტომ რომ აქ ერთდება სამყაროები, აქ ხდება მათი შეკავშირება. ეს ქალაქი ისე ინელებდა აღმოსავლეთსაც და დასავლეთსაც, რომ ვერც ერთი ვერაფერს აკლებდა. სხვებისთვის ნავთობი გადაჰქონდა, თვითონ კი მთელ წყალს, რომელიც მოეპოვებოდა, ტყუილუბრალოდ აღვრიდა ხალიჩებს, მცენარეებსა და მთელ ნაგავს ,რომელიც იქ გროვდებოდა. 

***

სამყარო სხვა არაფერია, თუ არა ქსოვილი, რომელშიც ცალკეული ადამიანების, ქვეყნების, ცივილიზაციების და ღმერთების ცხოვრებაა ჩაქსოვილი, რომელთა დამწერლობა ჯერ ვერ გაგვიშიფრავს. რა მომაჯადოებელია ბავშვისთვის ამის წარმოდგენა: გორგალივით ჭრელი სამყარო, რომელშიც ათასფერი ძაფია გადაბმული.

გერმანულიდან თარგმნა ნინო ბურდულმა | გამომცემლობა „ინტელექტი“

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში