ნინო სადღობელაშვილის „დაბადების დღე“ | სონია ქართველიშვილი

„მწერალს საკუთარი ისტორიის გარდა თუ სხვა არაფერი აქვს, ძალიან გაუჭირდება“ – ერთგან სასხვათაშორისოდ აღნიშნავს ნინო სადღობელაშვილის რომანის – „დაბადების დღე“ ერთ-ერთი მეორეხარისხოვანი პერსონაჟი. მოცულობით არც ისე ვრცელი ტექსტის ყოველი ეპიზოდი, მკითხველის თვალწინ გაცოცხლებული ყოველი სცენა თუ დეტალი კი, თითქოს ამ ერთი შეხედვით ტრივიალური, მაგრამ უპირობოდ ყურადსაღები ჭეშმარიტების გამყარებას ცდილობს; ტექსტთან ურთიერთობის პირველივე წამიდან შეუძლებელია, სასიამოვნოდ გაკვირვებულები არ დაგვტოვოს ავტორის გასაოცარმა უნარმა და მოხერხებულობამ სულ რაღაც 165 გვერდში ჩატიოს ამდენი, ერთმანეთისგან განსხვავებული, ცოცხალი და მეტყველი  სახე, ხასიათი, ბედისწერა, შეგრძება, ხედვის რაკურსი, სამყაროს აღქმისა და აზროვნების განსხვავებული მოდელი.

ორი ძმის კონცეპტი ქართულ ლიტერატურაში საკმაოდ კარგადაა დამუშავებული (გავიხსენოთ ქართული ხალხური ზრაპრები, სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები, ილია ჭავჭავაძის მოთხრობა – „სარჩობელაზედ“, ოთარ ჭილაძის რომანი – „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“, გურამ გეგეშიძის მოთხრობა – „შურისძიება“…), მაგრამ ნინო სადღობელაშვილმა ამ მხატვრულ მრავალფეროვანებაში კიდევ უფრო მეტი სიღრმე და სიმკვეთრე შეიტანა.  

რომანს ორი, ფაქტობრივად, თანაბარწონიანი პროტაგონისტი ჰყავს – ტყუპი ძმები – სანჩო და ალე, ანუ ალე და სანჩო, რომლებიც, ამავდროულად, მთავარ მთხრობელებადაც გვევლინებიან. ნაწარმოების ერთ-ერთი მეორეხარისხოვანი პერსონაჟი, მოხუცთა თავშესაფრის დამფუძნებელი თუ დირექტორი, აკაკი წერეთელი ფიქრობს, რომ ძმებს შორის ლიდერი ალეა – ამას როგორც კი შემოგხედეთ, ეგრევე მივხვიო ეუბნება მას, მე კი, რატომღაც, მგონია, რომ ნინო სადღობელაშვილმა ე.წ. ლიდერად სანჩო ჩაიფიქრა, შესაბამისად, ლიდერის თვისებებითაც ის უფრო მეტად დააჯილდოვა და მიუხედავად იმისა, რომ რეალობიდან დიდი გაქცევის იდეა ალეს ეკუთვნის, სანჩო მასთან შედარებით გაცილებით უფრო ქარიზმატულია, ინტროვერტი, მაგრამ ბევრად ძლიერი მამაკაცური ენერგიის მატარებელი. თუმცა, რომელია ძმებს შორის ლიდერი, მაინც მეორეხარისხოვანია, რადგან რომანში ტყუპები შეიძლება მოვიაზროთ როგორც სამყაროს ორი პოლუსი, გნებავთ, საწყისი, ან სულაც მედლის ორი მხარე, ერთი მთლიანის ორი განუყოფელი ნაწილი – საკუთარ თავში ერთმანეთსაც რომ გულისხმობენ.

ტექსტში ორი ძმის კონცეპტის პარალელურად, არაერთი მრავალშრიანი, მრავალსახოვანი  სიმბოლო და სახე-ხატი იკვეთება, მაგალითად, სათამაშო ვირი. როგორც ვიცით, გახრწნილი ვირი სალვადორ დალის ერთ-ერთი საყვარელი სიმბოლო იყო. მხატვარმა, რომელიც სიურრეალიზმის ერთ-ერთ ფუძემდებლად მიიჩნევა, ეს სიმბოლო ასევე სიურრეალისტ კინორეჟისორ – ლუის ბუნუელთან ერთად 1929 წელს გადაღებულ ფილმ „ანდალუზიური ძაღლშიც“ გამოიყენა. თუკი სალვადორ  დალისთან გახრწნილი ვირი შეიძლება აღვიქვათ როგორც ერთგვარი სახე ადამიანის გახრწნილი სულისა, ასევე, დესტრუქციული სექსუალური ენერგიისა და პერვერსიული აზროვნებისა, სანჩოს მიერ გზაში ნაპოვნი გადაგდებული რბილი სათამაშო ვირი, ალბათ, ბიჭების ჯერ კიდევ ბავშვური, შეურყვნელი სულისა და სხეულის ერთგვარი გამოხატულებაა. 

ტექსტში კიდევ ერთი საინტერესო სიმბოლო გვხვდება, ზღვა, რომელთან შესახვედრადაც საკუთარი სივრციდან აფრენილი და გაურკვეველი მიმართულებით გაფრენილი ტყუპები დაუოკებლად მიილტვიან. მკითხველმა კი მათი ასეთი სწრაფვა შეუცნობელისკენ შეიძლება გაიაზროს, როგორც მოზარდების ცხოვრებასთან შეხვედრის პირველი მცდელობა, სიცოცხლის შეცნობის პირველი ნაბიჯები, ცხოვრება კი, სამწუხაროდ, სულაც არ არის ისეთი ლამაზი, თბილი და სტუმართმოყვარე, როგორც ერთი შეხდევით ჩანს. 

ცალკე აღნიშვნის ღირსია ტექსტის ენა, რომელიც ერთი მხრივ გამოძიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების მიერ დამკვიდრებულ მკვდარ ელემენტებს, მეორე მხრივ კი მოზარდების სლენგისა და პოეზიის ერთგვარ კონგლომერატს რომ წარმოადგენს. ზოგადად, ტექსტში ენას განაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ავტორი თითქოს რომანის პირველივე გვერდებიდან ცდილობს რომანის სამოქმედო სივრციდან პოეზია განდევნოს, რეალობის სისასტიკე და ტრაგიზმი უფრო ნათლად რომ შევიგრძნოთ: 

„სანჩო ლექსებს აღარ წერს“ – გვიყვება ალე, მაგრამ პოეზია სწორედ მაშინ აღდგება ხოლმე მკვდრეთით, როცა საქმე ყველაზე სასტიკი, დესტრუქციული, ემოციურად გამანადგურებელი, მკვლელი ეპიზოდების აღწერას ეხება. 

პირადად მე ტექსტის წაკითხვის დროს ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ამ ფურცლებიდან წვეთავდა და სულებში მეღვრებოდა დიდი პოეზია, მაგალითად, ასეთი: „ერთხელ, ლილიკოს მისცეს დავალება – ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცა დახატეთო. ლილიკომ დახატა დიდი ლურჯი ცა და ზედ ბევრი, ბევრი მაწანწალა ძაღლი, რომლებიც ვარსკვავებს ლოკავდნენ“ და ეს ეპიზოდი კიდევ უფრო ტრაგიკული ხდება მაშინ, როცა ვიგებთ, რომ ლილიკო მოკვდა.

თავდან ბოლომდე პოეზიაა რომანის ფინალი, სადაც ჯერ სანჩო, შემდეგ ალე, მერე ისევ სანჩო და ისევ ალე გვიყვებიან ზღვასთან პირველი შეხვედრის ამბავს: როგორ შეხვდა მათ თავად ზღვა, წაიყვანა, თუ აღარ წაიყვანა და დაუტოვა ოჯახს, საერთო შეყვარებულს, მეგობრებს, ახლობლებს, საზოგადოებას, რომელმაც მათ უკვე განაჩენი გამოუტანა („საქმე გადაკვალიფიცირდა 115-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს თვითმკვლელობამდე მიყვანას და საქმეში ჩაერთო კრიმინალური პოლიცია“),  მკითხველმა უნდა გადაწყვიტოს. 

რატომღაც, ავტორის მისამართით ნათქვამ დიდ კომპლიმენტად ითვლება, თუკი ხაზს გავუსვამთ, რომ ტექსტი ერთი ამოსუნთქვით იკითხება. უნდა ვაღიარო: მე ეს რომანი ერთი ამოსუნთქვით ვერ წავიკითხე – ემოციურად ვერ გავუძელი. მაგალითად, გარკვეული დრო დამჭირდა ტექსტთან კვლავ მისაბრუნებლად, როცა ტყუპებისა და მათი თანაკლასელების ექსკურსიაზე დავითგარეჯში წასვლის ეპიზოდი წავიკითხე. სანჩოსა და ალეს თანაკლასელი გოგონა – ლიზა სანჩოსთვის თავის მოსაწონებლად ხელში გველს იყვანს და თანატოლების თვალში დღის გმირადაც იქცევა, მაგრამ მიღებული ძლიერი სტრესის გამო ლამის ლეიკემიით დაავადდება. მერე კი, როცა სკოლაში დაბრუნდება – გამხდარი და მობუზული – სანჩო იგრძნობს, რომ მუცელში სტკივა ეს გოგო. „და მე ეს ლიზა ახლაც მტკივა“ – ამბობს 15 წლის მოზარდი მთელი გულწრფელობით, შენ კი ხვდები, რომ ასეთი სუფთა და ძლიერი სიყვარული მხოლოდ ბავშვებაში შეგვიძლია, უკვე დიდებს ამის უნარი სამუდამოდ გვაქვს დაკარგული. 

ავტორი იმდენად ზუსტად, ექსპრესიულად, სუფთად აღწერს პირველი სიყვარულით გამოწვეულ შეგრძნებას და მისი განცდები იმდენად გადამდებია, რომ რომ შეუძლებელია ამ ყველაფერს მოზრდილი ადამიანის გახრწნილმა, დაბინძურებულმა, დანგრეულმა სულმა და სხეულმა გაუძლოს. ვიჯექი და ვტიროდი – სხვა ვერაფერი შევძელი. ალბათ ყველას გვენატრება ისეთი საკუთარი თავი, როცა ჯერ კიდევ გვონია, რომ კარგებს არ ტოვებენ, როცა გვჯერა, რომ სიყვარული ყველაფერზე მთავარია. ემოციური თვალსაზრისით ზუსტად ასეთივე ძლიერია ეპიზოდი, სადაც სანჩოს პირველი სექსუალური გამოცდილებაა აღწერილი. ერთი შეხედვით ძალიან ინტიმური, უხერხული სცენა იმდენად ფაქიზად აცოცხლებს მოზარდის განცდებს, რომ უხერხულობის შეგრძნება მთლიანად გვტოვებს და თვალს სიამოვნებით ვადევნებთ მოზარდს, რომელიც საკუთარი სხეულის შეცნობას ცდილობს, ანუ ბავშვობიდან–დიდობისკენ სავალ გზაზე თავის პირველ ნაბიჯებს დგამს. 

ბანალური ვიქნები, თუკი ვიტყვი, რომ ავტორი რომანის კომპოზიციას ოსტატურად, ფაქტობრივად – უნაკლოდ აგებს, რომ მისი ტექნიკა, ენა და სტილი დახვეწილია, რომ ტექსტი საინტერესო და მეტყველი სახეებით გამოირჩევა (შემთხვევითი არ არის, რომ ტექსტის ბოლოსიტვაობის ავტორს, ნინო ვახანიას ამასთან მიმართებით გურამ დოჩანაშვილის ფრაზა: სამოთხრობე პერსონაჟი ახსენდება), რომ აქ თითოეული ეპიზოდი ერთმანეთთან  ოსტატურადაა დაკავშირებული, რაც მთლიანობის განცდას ბადებს, რომ ჩვენი ყოფითი რეალობა მისთვის ნიშანდობლივი და ზუსტი მახასიათებლებითაა რეპრეზენტირებული. 

ერთგულმა მკითხველმა, რომელიც კარგად იცნობს ნინო სადღობელაშვილის პროზასა და პოეზიას, ისედაც ძალიან კარგად იცის, რომ ეს ასეა. მხოლოდ ერთს დავამატებ – ხშირად მიფიქრია იმაზე, რომ თანამედროვე ქართული პოეზია პროზაზე ბევრად საინტერესო და ტევადია. იმაზეც ხშირად მიფიქრია, რომ ბოლო ათწლეულში რომანის ჟანრში განსაკუთრებით გაგვიჭირდა. ჩემ გარდა ალბათ კიდევ ბევრი ფიქრობს ასე, თუმცა საბედნიეროდ, დროის ამ მონაკვეთში არაერთი საინტერესო რომანიც შექმნილა, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ამ ჟანრის განვითარებაში, ნინო სადღოელაშვილის „დაბადების დღეც“ ერთ-ერთ ასეთ ტექსტად მიმაჩნია, დანარჩენზე თავად რომანი მოგიყვებათ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

ნინო ხარატიშვილი - „უკმარი სინათლე“