გია ყანჩელის „დიალოგების“ შესახებ | ვახტანგ ჯავახაძე

„მეოცე საუკუნიდან ქართულ ლიტერატურაში წარმატებით დამკვიდრდა დოკუმენტური პროზა და ეს საინტერესო მოვლენა ასევე წარმატებით აისახა გამომცემლობა „ინტელექტის“ „რეპერტუარშიც”.

ახლახან წავიკითხე ნატალია ზეიფასის სოლიდური მოცულობის „დიალოგები გია ყანჩელთან“ (მთარგმნელი კახა თოლორდავა). კომპოზიტორს თანამოსაუბრეც ღირსეული აღმოაჩნდა და დასანანია, რომ იგი ქართველი მუსიკისმცოდნე არ გახლავთ. ბიოგრაფიული ეპიზოდები, შემოქმედებითი პროცესები და პოლიტიკური სიტუაციები გახალისებულია იუმორითა და ირონიით. მუსიკის მოყვარულის დონეც კი საკმარისია, რომ ტექსტი აღვიქვათ და შევიყვაროთ, თუმცა ბგერითი სამყაროს მაღალ კატეგორიებსა და ნიუანსებზე გვესაუბრებიან.

გია ყანჩელი გალაკტიონს აღმერთებდა. ერიდებოდა – მე არ შემიძლია გალაკტიონის ლექსების მუსიკაზე მუსიკა შევქმნაო.

2018 წლის 15 ნოემბერს გალაკტიონმა გია ყანჩელი სახლში „მომიყვანა”: მოვიდა და პოეტის ლექსებზე ახლახან შექმნილი ნოტების კრებული მომიტანა – „შემოდგომის ფრაგმენტები“. გულისხმიერად ვისაუბრეთ გალაკტიონზე და საერთო ნაცნობებსა და მეგობრებზე.

ამჯერად გული დამწყდა: მე რომ ეს „დიალოგები” წაკითხული მქონოდა 2018 წელს, ჩვენი დიალოგები უფრო ხანგრძლივი და უფრო საინტერესო აღმოჩნდებოდა.

მადლობა გამომცემლობა „ინტელექტს“ ამ სააღდგომო საჩუქრისათვის“.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში