გაბრიელ ტანიე - ანგელოზთა საკითხავი

- რომ ნახავ, მოგეწონება... თუ არ მოგეწონა, უარი თქვი, არავინ გაძალებს.

კალათა მიწაზე დავდგი და უსიტყვოდ შევხედე.

- ხმა ამოიღე, ადამიანო! გათხოვებთ. 

ნერვიული ხმით მითხრა და თვალებში ჩამხედა.

- დედა, ჩითილებია დასარგავი, ხვალ ცუდი ამინდი იქნებაო, ამბობენ...

***

სკამზე რომ დაჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო, ეს ორი გამხდარი გრძელი ფეხი ერთმანეთს ისე შეერწყა და შეეხლართა, რომ ექსკურსიაზე ნანახი ალავერდის ტაძრის ფასადზე ამოკვეთილი ვაზის ყლორტები გამახსენდა, შარვლის ნაკეცები ზუსტად იმეორებდნენ მისი წვივების მოხაზულობას.

შემდეგ ხელები ამოიღო ჯიბიდან. ხელის მტევნები კიდევ უფრო ლამაზი და ნატიფი ჰქონია ხუდია ჯაფაროღლუს, სანთელივით ჩამოქნილი კანის ზედაპირზე ცისფერი სისხლ-ძარღვები ვარდის წვრილი ფესვებივით მიუყვებოდნენ მტევანს და უსასრულობაში იკარგებოდნენ.

მერე ხელები ჯვარედინად დაიწყო გადაჯვარედინებულ მუხლისთავებზე და მორცხვობანარევი უტიფრობით შემომხედა. 

მე კიდევ ტახტზე ვიჯექი, ზურგით ხალიჩაზე მიყრდნობილი. ჩემი ლილისფერი კაბის წითელი მაქმანები კარგად ეხამებოდნენ ბებიაჩემის, დიდი არზუ ეთირმიშლის, ხალიჩის მწვანე და ლურჯ ორნამენტებს. ჩუმად გავხედავდი სასიძოს და სულაც არ ვგრძნობდი თავს მორცხვად. 

მგონი, მომეწონა ეს აყლაყუდა, წითური ხუდია.

***

დილიდან საღამომდე იმდენი საქმე გაკეთებულა და ისეთი გადაწყვეტილებები მიღებულა, სამყაროს მიმართულება თუ არა, სურვილები და შეხედულებები მაინც შესცვლიათ, ძველი დავიწყებიათ და ახლის ძიებაში საკუთარი თავი კიდევ ერთხელ და მრავალგზის აღმოუჩენიათ...

***

ლაზარე უსიტყვოდ უსმენდა. ერთი კი გაიფიქრა, ავუხსნი, ვეტყვი, რომ ეს განაჩენი კი არა, დროებითი გადაწყვეტილებაა, რომ ამგვარი არგუმენტი - კედელზე გაჩენილი გამოსახულება ნამდვილად ღვთისმშობლისაა და ამის გამო ადამიანი თავისი საკუთრებიდან უნდა გამოაგდო - ყველანაირ სამართლებრივ ნორმებს ეწინააღმდეგებაო. ფიქრობდა, მაგრამ... გადაიფიქრა.

***

ზამთრობით აღარც გათბობაა და აღარც საჭმლის ნარჩენები. თუ ვინმე რამეს სახლიდან გამოიტანს და ნაგვის ურნაში ჩააგდებს, იქვე ტროტუარზე მომლოდინე ადამიანები სხედან, რომლებიც შიმშილისგან თვალებგამოღამებულები და სიცივისგან გაბოროტებულები, ვინც საჭმლის ნარჩენებში შეეცილებათ, მზად არიან შუაზე გაგლიჯონ. არც ძაღლების ეშინიათ მშიერ ადამიანებს.

ძაღლებს თავიდან ძალიან უკვირდათ ასეთი მეტოქეების გამოჩენა. ნაგვის დიდ ურნებთან ჩაცუცქულები გაოცებულები შესცქეროდნენ თავიანთ ორფეხა კონკურენტებს, მერე შეეჩვივნენ და გვერდს როცა აუვლიდნენ ხოლმე, ზოგჯერ თანაგრძნობის ერთი-ორ მზერასაც არ იშურებდნენ.

კიდევ ბევრ რამეს აკვირდებიან და უკვირთ მოწანწალე ძაღლებს, მაგალითად, ვერ გაუგიათ, რამ გააბრაზა ასე ადამიანები. ადრე სულ სხვანაირად იყო. ყოველი მეორე ან მესამე ქუჩაში შეჩერდებოდა, თავზე ხელს თუ არ გადაუსვამდა, ალერსიან მზერას მაინც გააყოლებდა ან, ბოლოს და ბოლოს, საერთოდ არ მიაქცევდა ყურადღებას, ახლა კი ადამიანებს თვალებში ისეთი ზიზღი და სიძულვილი აქვთ, ჯობია სწრაფად გაეცალო.

***

ერთმანეთის გაყოლებაზე ხუთი ჭადრის შემდეგ რომ მხოლოდ ერთი იასამანია დარგული, ნეტავ რა ხასიათზე იყო მათი დარგვისას მებაღე? ეს კითხვა ჯერ კიდევ მაშინ გაუჩნდა, სკოლაში რომ სწავლობდა და პირველად რომ შეუყვარდა... მერე გადაავიწყდა, კი უნდოდა ვინმესთვის ეკითხა, მაგალითად, დედისთვის ან რომელიმე მეზობლისთვის, მაგრამ გადაავიწყდა, რადგან ის გოგო აღარ უყვარდა.

***

როდესაც გვიჭირს ღვთის გაგება, უფრო სწორად, ჩვენი შეხედულება როდესაც ეწინააღმდეგება ჩვენთვის მიუღებელს, იმწამსვე ადამიანურ ლოგიკას მივმართავთ და ამით გამოსავალს ვპოულობთ. რამდენჯერ მოგვიკლავს ღმერთი ჩვენივე ადამიანური ლოგიკით... ჩვენ ხომ ყოველ წუთს და ყოველ წამს ადამიანური ლოგიკით ვსჯით, ერთი შეხედვით სწორი, მართალი ლოგიკით.

***

გავა დრო და ყველას მიავიწყდები, აშუღ-ყერიბ. მხოლოდ გვერდითა კორპუსებიდან საავადმყოფოს ეზოში შემოსული ბავშვები შეეჯიბრებიან ერთმანეთს შენთვის ქვის სროლაში, მაგრამ ვერც ერთი მოგარტყამს, აშუღ-ყერიბ, იმიტომ, რომ ჯერ მათ პატარა ხელებს ქვის შორს სროლა არ შეუძლიათ, რომ გაიზრდებიან, ალბათ, შეძლებენ, მაგრამ იმ დროისთვის შენ უკვე აღარ იქნები...

***

ყველაფერს თავისი დრო აქვს, დაბადებას, სიკვდილს, განშორებასაც და დაბრუნებასაც! მარტო სიყვარულს არა აქვს დრო.


გამომცემლობა „ინტელექტი“, 2021 წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში