არტურ კოესტლერი - მზის დაბნელება

არტურ კოესტლერის მთავარი წიგნი „მზის დაბნელება“ გასაოცარი ძალის ანტიტოტალიტარული ნაწარმოებია. იგი კლასიკური დისტოპიის ჟანრშია დაწერილი, სადაც არც ქვეყანა, სადაც რომანის მოქმედება ხდება და არც ისტორიული პირები დასახელებულნი არ არიან, თუმცა ის მაინც გამოკვეთილი ისტორიულ-პოლიტიკური კონტექსტის მატარებელია. კერძოდ იგი ეძღვნება საბჭოთა კავშირში 1936-1938 წლების „დიდ წმენდას“ – იმას, თუ როგორ ჭამს და ანადგურებს რევოლუცია თავის შვილებს, რომელთაც ქვეყნის განვითარებაზე პარტიული ხელმძღვანელობისგან განსახვავებული შეხედულება აქვთ.

***

ვერ ახერხებდა თავის თავისთვის დაეძალებინა რომ N1 შესძულებოდა. იგი ხშირად შესცქეროდა თავის საწოლის თავზე ჩამოკიდებული N1-ის პორტრეტს და მის შეძულებას ცდილობდა. თანამებრძოლთა შორის მრავალი სახელით მოიხსენიებდნენ მას, თუმცა საბოლოოდ N1 შერჩა. 

მთელი უბედურება, რაც N1-ისგან მოდიოდა, იმაში მდგომარეობდა, რომ შესაძლოა იგი მართალი იყო. ყველა, ვინც მან დახოცა, კეფაში ჩაჭედებული ტყვიითაც კი იმას იტყოდა, რომ იგი შესაძლოა მართალი იყო. მაგრამ არც ამის მტკიცე რწმენა არსებობდა. ერთადერთი, გასასაჩივრებლად თუ მიმართავდა კაცი ცინიკოს მისანს, ადამიანები ისტორიას რომ უწოდებენ და, რომელსაც თავისი განაჩენი მაშინ გამოჰქონდა, როცა მომჩივანის ძვლები უკვე დიდი ხანია, მტვრად ქცეულიყო...

ფიქრებში ერთი წამითაც ვერ წყდებოდა N1-ს, საწერ მაგიდასთან უძრავად მჯდომს და მოკარნახეს, რომელიც თანდათან მისი საწოლის თავზე დაკიდებულ პორტრეტს ემსგავსებოდა - ყველასთვის ნაცნობ პორტრეტს, მთელი ქვეყნის საწოლებისა და კომოდების თავზე რომ ეკიდა და თავისი გაყინული მზერით, დღისით თუ ღამით, განუწყვეტლივ აკვირდებოდა ადამიანებს.

***

რევოლუციონერებმა არ უნდა იფიქრონ სხვების ტვინით. ან იქნებ სწორედაც რომ მათ უნდა იფიქრონ? როგორ უნდა შეცვალოს კაცმა სამყარო, თუკი ყოველი ადამიანის ტვინით იფიქრებს? და სხვანაირად როგორ უნდა შეცვალო იგი? ვინ გაიგებს ან ვინ შეიწყნარებს, თუ სად ვპოულობ ჩემი ქმედების მოტივებს? და თუ ვერ ვპოულობ? ისე დამხვრეტენ, რომ არავის დააინტერესებს ჩემი ქმედების მოტივები.

***

არაფერი ისე საშინელი არ არის საპყრობილეში, როგორც საკუთარი უდანაშაულობის შეგნება. იგი აბრკოლებს აკლიმატიზაციას და ძირს უთხრის მორალს. 

***

პარტია არ შეიძლება ცდებოდეს. შენ ან მე შეიძლება ვცდებოდეთ – მაგრამ პარტია არა. პარტია, ამხანაგო, მეტია ვიდრე შენ და მე და ათასობით ჩვენნაირი. პარტია ისტორიაში რევოლუციური იდეის განსახიერებაა. ისტორია არსაით იხრება და არც ანგარიშს უწევს რაიმეს. იგი მძიმედ და ურყევად მიემართება თავისი მიზნისკენ. ყოველ მოსახვევში იგი ახვავებს ღორღს, ტალახსა და წყალწაღებულთა გვამებს. მაგრამ მან იცის თავისი გზა. ისტორია არ ცდება. ვისაც ეს სავალდებულო რწმენა არ აქვს პარტიის მიმართ, იგი არ შეიძლება მის რიგებში იყოს.

სასოწარკვეთით და მგრძნობიარობით საერთოდ არანაირი პოლიტიკის კეთება არ შეიძლება. პარტიის კურსი მკაცრად არის განსაზღვრული. ეს არის ლარივით სწორი გზა მთაში. ვინც ერთ არასწორ ნაბიჯს გადადგამს მარცხნივ ან მარჯვნივ, გადაიჩეხება. ჰაერი გაუხშოებულია და ვისაც თავბრუ დაეხვევა, დაიღუპება...

***

სიკვდილთან ყოველი კონფრონტაცია სააზროვნო მექანიზმს ცვლის და მოულოდნელ რეაქციებს იწვევს, ისევე, როგორც კომპასის ისარი იწყებს მოძრაობას მაგნიტურ პოლუსთან მიახლოებისას.

***

მხოლოდ ის წამებაა მართლაც საშინელი, როდესაც კაცმა არ იცის, რას უპირებენ, რადგან საზომი არ გააჩნია, რომლითაც საკუთარი წინააღმდეგობის გაწევის უნარს შეაფასებს და ვერც იმას განჭვრეტს წინასწარ, რა რეაგირებას მოახდენს მასზე. მაგრამ ყველაზე საშინელი მაინც შიშია: შიში იმისა, რომ ისეთ რამეს იტყვის ან იზამს, რასაც მერე ვეღარასდროს გამოასწორებს...

***

ჩვენი ყველა პრინციპი სწორი იყო, მაგრამ შედეგები მცდარი მივიღეთ. ეს სნეული საუკუნეა. ჩვენ მიკროსკოპული სიზუსტით შევიცანით ავადმყოფობა და მისი სტრუქტურა, მაგრამ იქ სადაც გამოჯანსაღების მიზნით დანით ჩავერიეთ, ახალი წყლულები გაჩნდა. ჩვენი სურვილი სუფთა და ძლიერი იყო, ადამიანებს ჩვენ უნდა ვყვარებოდით, მაგრამ მათ ვძულვართ ჩვენ. რით დავიმსახურეთ სიძულვილი?

ჩვენ თქვენთან მოგვქონდა ჭეშმარიტება, მაგრამ ჩვენს ბაგეთაგან იგი ისე ჟღერდა, როგორც სიცრუე. ჩვენ თქვენთან მოგვაქვს თავისუფლება, მაგრამ ჩვენს ხელთ იგი მათრახივით გამოიყურება. ჩვენ თქვენთან მოგვაქვს სისხლსავსე ცხოვრება, მაგრამ იქ სადაც ჩვენი სიტყვა ისმის, ხეები ხმებიან და დამჭკნარი ფოთლები შრიალებენ. ჩვენ თქვენ გახარებთ საოცარ მომავალს, მაგრამ ჩვენი ხარება, ჟღერს როგორც ბრიყვული ბლუკუნი ან ველური ყეფა.

***

ბევრი იყო ისეთი, ვისაც სიტყვა ჰქონდა სათქმელი. მაგრამ მოძრაობა სხვათა აზრს ვერ მიიღებდა მხედველობაში. იგი შეუპოვრად მიაგორებდა ზვირთებს მიზნისკენ და თავისი კალაპოტის ხვეულებში დამხრჩვალთა გვამებს ლექავდა. რამეთუ მისი გზა მკვეთრი მოსახვევებით იყო სავსე, ასე მოითხოვდა მისი კანონი. და ვინც ამ დაკლაკნილი გზის მიყოლას ვერ შეძლებდა, ნაპირზე უნდა გარიყულიყო. ასე ითხოვდა მისი კანონი. მას არ აინტერესებდა ცალკეულის მოტივები. მას არ აინტერესებდა ცალკეულის მორალი. სულ ფეხებზე კიდა, რაც მის თავსა და გულში ხდებოდა. მხოლოდ ერთ დანაშაულს ცნობდა იგი: კურსიდან გადახვევას და მხოლოდ ერთ სასჯელს ცნობდა იგი: სიკვდილს. მოძრაობისთვის სიკვდილი სულაც არ წარმოადგენდა მისტერიას. სიკვდილს არ ჰქონდა ამაღლებული ასპექტები. იგი მხოლოდ პოლიტიკური შეუთანხმებლობის ლოგიკური შედეგი იყო. 

***

თუკი ვინმე საბოლოოდ მართალი აღმოჩნდება, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მანამდეც მუდამ მართალი იყო და მუდამ მართალ საქმეს აკეთებდა. ხოლო ვინ იყო მართალი, ეს მხოლოდ მოგვიანებით ხდება ცხადი. მანამდე კი ყველანი კრედიტით ვმოქმედებთ: იმ იმედით, რომ ისტორია ცოდვებს მოგვიტევებს...

ვინც ცდება, მან უნდა ზღოს, ხოლო ვინც მართალია, მას ცოდვა მიეტევება. ეს არის სწორედ ისტორიული კრედიტის კანონი. ეს იყო ჩვენი კანონი...

მე ვიფიქრე და ვიმოქმედე, ისე, როგორც უნდა მეფიქრა და მემოქმედა. მე ერთ-ერთი ჩვენგანი ვიყავი. მე გავანადგურე ისინი, რომლებიც ჩემი ახლობლებიც იყვნენ და ძალაუფლება მივანიჭე ისეთებს, რომლებიც არ მიყვარდნენ. ისტორიამ იმ ადგილზე დამაყენა, რომელიც დავიკავე. კრედიტი, რომელიც ისტორიამ მომცა, გავხარჯე. თუ მე არ შევმცდარვარ, მაშინ არაფერი მაქვს მოსანანიებელი და თუ ვცდებოდი, მაშინ საფასურის გადახდა მომიწევს...

Factum est: მე აღარ მჯერა ჩემი უცოდველობის. გამომდინარე აქედან, ჩემი საქმე წასულია.

***

ისტორიას თითქმის ყოველთვის მორალის არმქონე მშენებლები ჰყავდა, რომელიც დუღაბს ტყუილის, სისხლისა და განავლისგან ზელდა...

***

თუნდაც ერთი მაგალითი თუ გახსენდება ისტორიიდან, რომ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მერე რომელიმე ქვეყანას მართლაც ქრისტიანული პოლიტიკა გაეტარებინოს? ერთსაც ვერ დამისახელებ. განსაკუთრებულ შემთხვევაში - და პოლიტიკა პერმანენტულად განსაკუთრებული შემთხვევაა - ქვეყნების მმართველებს მუდამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ჰქონდათ გამზადებული, რომლებიც თავდაცვის გამონაკლის ღონისძიებებს შეიცავდნენ. ერები და კლასები მათი გაჩენის დღიდან ერთმანეთისაგან თავდაცვის მდგომარეობაში ცხოვრობენ, რაც მათ აიძულებთ ჰუმანიზმის საბოლოო სუფევა მუდამ სამომავლოდ გადასწიონ... 

***

ჩვენ ყველას გვეგონა, რომ ისტორიას ისე უნდა მივდგომოდით, როგორც ფიზიკის ექსპერიმენტს. განსხვავება ისაა, რომ ფიზიკის ექსპერიმენტის გამეორება ათასჯერ შეიძლება, ხოლო ისტორიისა - მხოლოდ ერთხელ.

***

მე - საეჭვო განზომილება იყო. პარტია ამგვარი ერთეულების არსებობას არ ცნობდა. ინდივიდის განსაზღვრება ასე გამოითქმოდა: რაოდენობა, რომელიც მიიღება მილიონის მილიონზე გაყოფით.

პარტია უარყოფდა ინდივიდის თავისუფალ ნებას და, იმავდროულად, თავგანწირვისთვის აბსოლუტურ მზადყოფნასა და ნებისყოფის დაძაბვას მოითხოვდა მისგან. იგი უარყოფდა მის უნარს, ორ ალტერნატივას შორის გაკეთებინა არჩევანი და, იმავდროულად, მოითხოვდა, რომ მუდამ მისი აზრით, სწორი ალტერნატივის სასარგებლოდ მიეღო გადაწყვეტილება. იგი უარყოფდა მის ნება-სურვილს, კეთილსა და ბოროტს შორის გაეკეთებინა არჩევანი და, იმავდროულად, პათეტიკურად დანაშაულსა და ღალატზე ჩიოდა.

პარტია ამტკიცებდა, რომ ინდივიდი, ეს პატარა ბორბალი საათის რთულ, შეუჩერებლივ მოწიკწიკე მექანიზმში, ეკონომიკურ ფატალურობას იყო საუკუნოდ და შეუქცევადად დაქვემდებარებული; მაგრამ, იმავდროულად, მოითხოვდა რომ ბორბალი საათის წინააღმდეგ ამბოხებულიყო და მისი სრბოლა შეეცვალა. ანგარიშში სადაც შეცდომა გაპარულიყო და ამიტომაც არ იხსნებოდა ამოცანა.

გერმანული ორიგინალური ხელნაწერიდან თარგმნა გიორგი შატბერაშვილმა
გამომცემლობა „ინტელექტი“, 2021 წ.