გაბრიელ ტანიე - ქანაანის შვილები
ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს საზოგადოებას ომი გამოუცხადეს, თითქოს ყველანი სხვადასხვა ნაპირზე აღმოვჩნდით... მე არ მინდა ხალხთან დაპირისპირება, მეც ამ საზოგადოების ჩვეულებრივ წევრად მივიჩნევ თავს. როგორც ექიმი, ინჟინერი, ჟურნალისტი, მუშა და მძღოლი...
ეს ყველაფერი ფრთხილად და საკმაოდ მოზომილად დავაფიქსირე და იმ შენობიდან, სადაც ჩვენი უმაღლესი სასულიერო იერარქები ქვეყნის ბედნიერ მომავალზე ბჭობენ, როგორც მოსალოდნელი იყო, მოღალატის სახელით გამოვედი.
***
არხოტი პირდაპირ ესაზღვრება რუსეთს. იქით ინგუშები ცხოვრობენ. კი უყვართ ინგუშებს ხევსურები, მაგრამ რუსს საერთოდ არ აინტერესებს ეს შენი სითბო-სიყვარულები. დაინახავს, ყველა წავიდაო, იხელთებს დროს და დაარჭობს თავის ორთავიანი არწივის გერბით „დამშვენებულ“ ბოძს და რაღას ვიზამთ მერე?!.
***
ერთხელ მაინც თუ აგიხედავთ ცაში, ისე, უბრალოდ, არაფრის გამო...
ბავშვობაში ცას ყველა ვუყურებთ და უამრავ რამეს ვხედავთ, მაგრამ როცა დიდები ვხდებით, მაშინ თუ აგვიხედავს, ისე, უბრალოდ და არაფრის გამო.
როცა გავიზარდე, აღარც მე ამიხედავს.
ცაში ყურება რომ შევწყვიტე, მაშინ თურმე ბავშვობაც დამთავრდა.
***
ძალიან საშიშია ადამიანი საიდუმლოს გარეშე, მხეცს ემსგავსება, ნადირს, რომელსაც არაფერი ენაღვლება და არაფერზე ფიქრობს.
***
წინათგრძნობა საშინელებისა რატომღაც ძალიან განვითარებული გრძნობაა ადამიანში. ის ბორგავს, ნერვიულობს, აღგზნებულია და აზრები ერთმანეთში ერევა, თუმცა ვერ ხვდება რატომ. ხოლო როცა მოსახდენი მოხდება, მერე ერთიანად ეშვება და ძალაგამოცლილი და აპათიაშეპყრობილი უაზროდ შეჰყურებს და ეგუება თავსდატეხილ უბედურებას.
***
ადამიანის სულს გარშემო უამრავი, კვანძებისგან მჭიდროდ შეკრული უცნაური და უფორმო მასა შემოხვევია. ადამიანი მთელი ცხოვრება ამ კვანძების ნელ-ნელა გახსნას უნდება და საბოლოოდ, სიკვდილის წინ, როცა უკანასკნელ კვანძსაც გახსნის, სული უთავისუფლდება და ადამიანიც შვებით ამოისუნთქავს.
შეუყვარდა ადამიანს და ერთი ნასკვიც გაეხსნა, გაიზიარა სხვისი ტკივილი ან სიხარული და კიდევ ერთიც გაიხსნა, ანუგეშა, დაეხმარა ვინმეს და კიდევ ერთიც. მერე და მერე კი ისე გატკბილდება ეს გახსნა-გათავისუფლების პროცესი, რომ ეშხში შევდივართ და სულში სულ უფრო მეტი და მეტი კვანძების აღმოჩენა და გახსნა გვინდება.
ეს სწორედ ის არის, რაც ჩვენში, ჩვენგან მალულად ჩადო, დარწმუნებულმა იმაში, რომ ვიპოვით და ამ პოვნით გამოწვეულ სიხარულს მივანიჭებთ საკუთარ თავს და ამით კიდევ ერთხელ გავძლიერდებით.
აი, სწორედ ამ აღმოჩენით ფრთაშესხმულები ვიწყებთ კვანძებისგან გათავისუფლებას.
გამომცემლობა „ინტელექტი“, 2021 წ.