ზურაბ კიკნაძე - ავტობიოგრაფია 7 წინადადებით
„მკითხეს, ავტობიოგრაფიას რომ წერდეთ შვიდი წინადადებით, რას დაწერდით აუცილებლად?
1. არ ვწერ, მაგრამ, რომ ვწერდე, დავწერდი დაბადების წელს და გამუდმებულ სინანულს, რომ ვერ შევესწარი 1918 წლის 26 მაისს, მაგრამ არ ვითვალისწინებდი, თუ სამი წლის შემდეგ რაოდენი წუხილის გადატანა მომიხდებოდა;
2. მამას მოჰქონდა საჩუქრად სამთვლიანი ველოსიპედი, მე კი, ოთახში მყოფი, კედლის გაღმა ტროტუარზე ვხედავდი ორივეს – მტვირთველს და ტვირთს, რამაც ტრანსცენდენტურის არსებობის რწმენა გამიღვივა;
3. დავწერდი, ორი რუხპერანგიანის თანხლებით სახლს უკანასკნელად რომ ტოვებდა, მამა ჩაბნელებული წინა ოთახიდან უკანა ოთახში ქუდის ასაღებად შემობრუნდა, დაიხურა და წავიდა;
4. აღვწერდი ორ სიზმარს, – ერთში გამოცდას ვაბარებ, მეორეში შინდაბრუნებულს სახლში ვიღაც დიდი ხნის უნახავი, მონატრებული მელოდება, – როგორც წუთისოფლის გამოცანა, თან მსდევდა.
5. დავწერდი, რომ ვერასოდეს მივხვდები, რამ გამხადა ესოდენი სიყვარულის ღირსად.
6. ვერ შევუსრულე აღთქმა მეგობარს, საფლავში ჩაგძახებ, აღსრულდა-მეთქი;
7. დავწერდი, რომ ყველაფერი სიცოცხლესთან ერთად დასრულდა...
ამიერიდან მხოლოდ სინანული რჩება წასულებთან ჩვენი ურთიერთობის ენად“.
ზურაბ კიკნაძე, „ამარგი“ / „ალუდას ნახტომი“ | გამომცემლობა „ინტელექტი“, 2021 წ.