„ნიუორლეანური ჩანახატები“, - ანუ ხელოვანის გამოსვლა თვითიზოლაციიდან | უილიამ ფოლკნერის პორტრეტი ახალგაზრდობისას
ამა თუ იმ ნაწარმოებით აღტაცებულ მკითხველს სულ აქვს ფიქრი, თუ როგორ იბადება ესა თუ ის სიუჟეტი, ესა თუ ის აზრი, ესა თუ ის მელოდია ავტორის თავში და შემდეგ როგორ გადმოდის ის ფურცელზე. ყოველივე ამის აღმოჩენას მწერლის შემოქმედების გასაღების პოვნას ვუწოდებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ შემდეგ უფრო ცხადი და ნათელი ხდება ყველაფერი.
ცოტა ხნის წინ გამომცემლობა „ინტელექტმა“ გაბრიელ გარსია მარკესის „საუკუნის სკანდალი“, რეპორტაჟების, ჩანაწერებისა და მცირე ზომის ესსეების კრებული, გამოსცა. ამ წიგნმა ქართველ მკითხველს ცხადად დაანახა, თუ როგორ დგამდა პირველ ნაბიჯებს ჟურნალისტიკიდან დიდ მწერლობაში კოლუმბიელი კლასიკოსი. აღნიშნულ ტექსტებში ვიგებთ, თუ როგორ დაიბადა დიდი მწერლის გონებაში ბუენდიების ოჯახი, არაკატაკა, მაკონდო, როგორია მისი თვალით დანახული ერნესტ ჰემინგუეი და ის სხვა საკვანძო თემები, რომლებიც მარკესის გენიალურობას წარმოაჩენს. ყველა დამეთანხმება, რომ ამ კრებულის წაკითხვის შემდეგ მარკესის მწერლობა უფრო გასაგები და დიდებული გახდა, ხოლო ჩვენ კი - მის ლიტერატურულ სიღრმეებსა და ლაბირინთებში გზა უფრო მარტივად გავიკვლიეთ.
სწორედ ამ მნიშვნელობის წიგნია კვლავ „ინტელექტის“ გამოცემული უილიამ ფოლკნერის „ნიუორლეანური ჩანახატები“, რომელიც ბრწყინვალედ თარგმნა მედეა ზაალიშვილმა და ქართველ მკითხველს ამერიკელი კლასიკოსი კიდევ უფრო ახლოს გააცნო.
წიგნი პირველად 1925 წელს გამოიცა. ამ დროს უილიამ ფოლკნერი სულ რაღაც ოცდარვა წლისაა და პირველ ნაბიჯებს დგამს დიდ ლიტერატურაში. მკაფიო მეტაფორები, იუმორი, სევდა და პოეტური სული. სწორედ ეს ცნებები იმალება ფოლკნერის ჩანახატების მიღმა. აქ წარმოდგენილი თემები და ჩანაფიქრები შემდეგ იმ გენიალურ რომანებად იქცა, რომელსაც მკითხველი დღემდე აღტაცებაში მოჰყავს.
კრებულის საწყის ჩანახატებში ამერიკელი კლასიკოსი ახალგაზრდული რომანტიზმითაა სავსე, ის სამყაროს ბედსა და კაცობრიობის არსს დაეძებს. ჩვეული სევდითა და სხვადასხვა ემოციების შერევით შეგვახსენებს, რომ: „მზე ამოდის და ჩადის; კაცობრიობის ეპოქები იბადებიან, განიცდიან სიხარულს, იბრძვიან, ტირიან და ქრებიან“. ამ სიტყვების წარმოთქმისას ფოლკნერი მდიდარი ებრაელის მანტიას იხურავს, ოქროს, მარმარილოსა და ძოწეულის, როგორც ბრწყინვალების, სიმტკიცისა და ფერის მოტრფიალედ გვევლინება. კრებულში მის პიროვნებაში ჩამალულ მღვდელს, მეზღვაურს, მეწაღეს, შეყვარებულ ახალგაზრდას, ღმერთთან მოსაუბრე ჭაბუკს შევხვდებით. ავტორი თითოეული მათგანის სამყაროს ძალიან მხატვრულად წარმოგვიჩენს და თან მიგვითითებს, რომ მასში ეს ყველა ხასიათი, ყველა თვისება ცოცხლობს. ჩვენთვის უცხო სულაც არაა, რომ უილიამ ფოლკნერი აღწერების უბადლო ოსტატია. „ნიუორლეანურ ჩანახატებში“ ის ამ უნარს ძალიან ხშირად იყენებს და საოცრად მხატვრულ, მომაჯადოებელ შედარებებსა და პეიზაჟებს გვთავაზობს: „საღამო ჰგავს მდუმარებით მოცულ მონაზონს, საღამო ქალწულსა ჰგავს, რომელიც კედელ-კედელ მიიპარება სატრფოს შესახვედრად…“
ადამიანებს მცირე აღმოჩენების გაკეთება ძალიან უყვართ. საუბარი მარკესის ესსეების კრებულით დავიწყეთ და, მახსოვს, როგორი სასიამოვნო იყო ჩანაწერებში არსებული იდეების ამოცნობა, დაჭერა და „მარტოობის ას წელიწადთან“, ან გნებავთ მარკესის სხვა რომანებთან, დაკავშირება. ფოლკნერის ჩანახატებში ასეთი არაერთი სცენაა. უმალ გვახსენდება „აგვისტოს ნათელი“, როცა მტვირთავის მოგონებას ვკითხულობთ, როცა ვიხსენებთ, რომ ქალისთვის ხელის დარტყმა და გაგორებული კასრი ფოლკნერის წიგნში უკვე შეგვხვედრია.
„ნიუორელანურ ჩანახატებში“ გვხვდება ხატვის სცენა. მხატვარი სპრეტლინგი ქალს მისი ესკიზის დახატვის ნებართვას სთხოვს და თავიდან არ ხატავს მის სახეს. ქალის შენიშვნაზე, რომ მხატვარს ესკიზი არ დაუსრულებია და სახე დასახატი დარჩა, ხელოვანი აგრძელებს ხატვას და ბოლოს აღმოჩნდება, რომ სახის ესკიზს ზუსტად ისეთივე გამომეტყველება აქვს, როგორიც მონა ლიზას. უილიამ ფოლკნერი ეპიზოდის ბოლოს დაასკვნის, - მიუხედავად იმისა, რომ მარადიულობას ასაკი არ აქვს, ქალების შემთხვევაში ეს ასე სულაც არაა, მეტიც - მხოლოდ ქალებს გააჩნიათ მარადიული ასაკი. აღნიშნული მომენტი უილიამ ფოლკნერის შემომქედების განვითარებაზე საუბრისას, ვფიქრობ, ყურადღებამიუქცეველი არ უნდა დაგვრჩეს, რადგან ჩანახატების კრებული ავტორის შემოქმედების ის პირველი ეტაპია, რომელზეც სახის დახატვამდე იყო ესკიზი. ვფიქრობ, მკითხველს შეუძლია თამამად დაასკვნას, რომ როგორც ქალის ესკიზმა მიაღწია მოცემულ ტექსტში მარადიულობას, სწორედ ისე აღწევს ავტორი სრულყოფილებას, ლიტერატურულ მწვერვალს სწორედ მაშინ, როცა ახალგაზრდული ჩანაწერებიდან ფანტასტიკური თხრობის ხერხებით გაჯერებულ რომანების წერაზე გადადის.
რასაკვირველია, „ნიუორელანურ ჩანაწერებზე“ ძალიან ბევრი რამის თქმა შეგვიძლია. აქ ხომ სრულად იშლება ყველა ის ხაზი, რომელიც უილიამ ფოლკნერმა რომანების მთავარ თემებად არჩია, მაგრამ კიდევ არის რამდენიმე ეპიზოდი, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით. ჩვენთვის ცნობილია, რომ ფოლკნერი ცხენების დიდი მოყვარული იყო და ამ ემოციამ მისსავე შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. „ღმერთო, გული მტკივა, როცა კარგ ცხენს ვხედავ, რომელსაც პატრონი ისე კლავს, როგორც ეს კაცი მოიქცა“. ერთი მხრივ, მართლები ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ ეს ფრაზა მხოლოდ ადამიანზეა, რომელსაც ცხენები უყვარს, მაგრამ, მიმაჩნია, რომ ამ ერთი პატარა წინადადების მიღმა უზარმაზარი ქვეტექსტია დამალული. ეს გახლავთ, მწერლის სულის ოხვრა, მეტიც მთლიანად ჩანაწერების კრებულია ფოლკნერის განცდებზე. აქ პრიორიტეტი ფოლკნერისთვის მხოლოდ განცდების ფურცელზე გადმოტანაა, განცდებისა, რომელიც მას იმ სახლისკენ აბრუნებს, რომლის კედლებიც ტყავის სუნითაა გაჟღენთილი, რომელიც ჩაბნელებულია და რაღაც პატარა სინათლე თუ აღწევს მხოლოდ „გაურეცხავი ფანჯრებიდან“. ფოლკნერის თქმით, ამ ფანჯრებს იქით სამყაროს დინამიკა და დიდი, დაუსრულებელი ხმაურია, რომელშიც ავტორს გასვლა, თითქოს, ძალიან უნდა, მაგრამ არის რაღაც, რაც უწყვეტს კავშირს სამყაროსთან. ამ ტექსტებში, ერთი მხრივ, სამყაროდან გაქცევის მსურველ უილიამ ფოლკნერს ვხედავთ, ხოლო, მეორე მხრივ, ახალგაზრდული ჟინით სამყაროსთან შეერთების, მასში არევის და მასზე გამარჯვების მსურველ კაცს, რომელშიც სევდა და ქარიშხალი მუდამ ენაცვლება ერთმანეთს. ამ კარჩაკეტილობაში ათასი ქაოტური ფიქრი იბადება: ფიქრი კეისარზე, ფიქრი შემოქმედებაზე, ფიქრი ცხენზე, ფიქრი ხელოვანის როლზე, ფიქრი გაქცევასა და მერე ისევ უკან, ბნელ კედლებში დაბრუნებაზე.
ყველაზე შთამბეჭდავი, ალბათ, რაც ამ კრებულში უნდა დავინახოთ, ავტორის განცდათა რადიკალური ცვლილებაა. ვხვდებით მონაკვეთებს, რომლებშიც ფოლკნერი ქარიშხალზე უფრო მრისხანე, სწრაფი და აღელვებულია, მაგრამ მთელ რიგ ეპიზოდებში ის მშვიდდება და წერს, რომ სურს მოიპოვოს სილამაზის ის ნაწილი, რომელიც დედამიწიდან არასოდეს გაქრება და ამაში მეგობრულ ურთიერთობებსა და სიყვარულს გულისხმობს. მერე უცბად თავის თავს უბრუნდება, ისევ საკუთარ თავთან მართავს დიალოგს და, თითქოს, უკიდურესად მატერიალისტი ხდება, მაგრამ კრებულის სრულად წაკითხვის შემდეგ, ჩვენ ვგრძნობთ, თუ როგორ ანგრევს ახალგაზრდა ხელოვანი საზღვრებს, როგორ გამოდის დიდ ლიტერატურულ ასპარეზზე და როგორ ატყვევებს მკითხველს ფანტასტიკური ლიტერატურული ხერხებით.
დასასრულ, გვერდს ვერ ავუვლით, უილიამ ფოლკნერის თვალით დანახულ მის საკაცობრიო სურვილსა და მისიას. იმის აღმოჩენა, თუ რა აქცევს ამერიკელი კლასიკოსის ტექსტებს გენიალურად, რა თქმა უნდა, რომ მისსავე შემოქმედების არსის გასაღების პოვნას გულისხმობს. ალბათ, ყველას გვიფიქრია, თუ როგორ წერდა ამ საოცარ ამბებს, როგორ შეეძლო, ასეთი ენითუთქმელი სცენების მკითხველის გულებამდე მიტანა. აქ და ახლა „ნიუორლეანურ ჩანახატებში“ ამ შეკითხვაზე პასუხი გაცემულია: „…ვერასდროს მივცემდი სამყაროს იმას, რაც ჩემში იყო - თავისუფლების მოპოვების ყიჟინა“.
ეს ახალგაზრდა ხელოვანის ფიქრებია, ამ ფრაზის მიღმა ახალგაზრდა ხელოვანის პორტრეტი იმალება, მაგრამ დღეს, როცა ის ცოცხალი აღარ არის, როცა მისი ყველა ნაწარმოები ცნობილია, როცა ყველაფერი დაწერილია, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ ამ უნარის გამო იყო ის ყველაზე დიდი. ალბათ, გახსოვთ „დაუმარცხებლებში“ ძია ბაკ მაკქასლინს გულის ჯიბეში ერთი ყლუპი ვისკი აქვს გადადებული და გამარჯვების აღსანიშნავად ინახავს. აქ კი ყოველთვის ჩნდება კითხვა: „და რა არის ის ომი?“, „სად უნდა გაიმარჯვოს ბაკ მაკქასლინმა?“ - ის ომი ჩაკეტილი სივრცის გამონგრევა, თავისუფლების მოპოვება და სხვათათვის გაზიარებაა. უილიამ ფოლკნერმა ამ საოცარი ტექსტებით შესძახა თავისუფლების მოპოვების ყიჟინა და მიუტანა ის ხალხსაც და სწორედ ამიტომაცაა იგი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო.
მათე წიკლაური