ხორხე ლუის ბორხესი, „მსოფლიო მზაკვრობის ისტორია“, ოქსიმორონი. ტრადიციის დაბადება სიცრუიდან | მათე წიკლაური
„ყველაფერი იგივე იყო, ოღონდ უფრო პატარა, ყველაფერი იგივე, მაგრამ უფრო გაბრტყელებული, მხოლოდ ხალხი იყო განსხვავებული…“, – მარიო ვარგას ლიოსა, „საუბარი კათედრალში“ ანტიკური ხანის ბერძენი პოეტი და ფილოსოფოსი კრეტადან, ეპიმენიდესი, ამბობდა: „ყველა კრეტელი მატყუარაა“. პარადოქსის ერთ-ერთი განმარტება გულისხმობს, რომ ესაა გამონათქვამი, რომლის ჭეშმარიტება ცხადია, თუმცა წინააღმდეგობისკენ მივყავართ. ამ ცნების ერთ-ერთ სახედ შეგვიძლია, ოქსიმორონი მივიჩნიოთ, რაც გონებამახვილურ სისულელს ნიშნავს. ოქსიმორონი ერთგვარი მხატვრული ფუნქციაა, რომელიც ერთმანეთთან შეუთავსებელ, ურთიერთგამომრიცხავ ცნებებს აკავშირებს. არგენტინელი მწერლის, ხორხე ლუის ბორხესის „მსოფლიო მზაკვრობის ისტორია” პატარ-პატარა ამბების კრებულია, რომელიც „შესანიშნავ გაიძვერებზე“, „ბრწყინვალე იდიოტებსა“ და სხვა ამ ნიშნით გამორჩეულ საინტერესო პერსონაჟებზე მოგვითხრობს. ალეგორიულ-მითოლოგიური სიუჟეტებით გაჯარებული ეს კრებული პირველად 1935 წელს გამოიცა, ხოლო ავტორის მიერ შესწორებული ვერსია მკითხველისთვის ხელმისაწვდომი 1954 წელს გახდა....