ვარლამ შალამოვი - კოლიმური მოთხრობები

 


როდესაც მეკითხებიან, რას წერო, ვპასუხობ: მე მოგონებებს არა ვწერ, „კოლიმურ მოთხრობებში“ არავითარი მოგონებანი არაა. მე არც მოთხრობებს ვწერ – უფრო სწორად, ვცდილობ მოთხრობა კი არ დავწერო, არამედ ის, რაც არ იქნება ლიტერატურა. დოკუმენტის პროზა კი არა, არამედ პროზა, დოკუმენტივით გამოტანჯული.

***

როგორც არ უნდა ახსნა, სიკვდილი არის სიკვდილი. ახნა-განმარტებისას შეიძლება იცრუო და ექიმები აიძულო, რომ შეთხზან ფრიად მაღალფარდოვანი დიაგნოზები – მთელი კლავიატურა ლათინურ დაბოლოებათა ზიზილ-პიპილებისა, თუკი არსებობდა რაიმე შესაძლებლობა მიგეთითებინა თანამდევი მიზეზები და მიგეჩქმალა მთავარი. მაგრამ მაშინაც კი, როდესაც შეუძლებელი იყო მიჩქმალვა მთავარისა, ექიმთა დასახმარებლად მოისწრაფოდნენ „პოლიავიტამინოზი“, „პელაგრა“, „დიზენტერია“, „სურავანდი“. არავის არ სურდა, რომ წარმოეთქვა სიტყვა „შიმშილი“.

***

სიმპათიები იბადება სწორედ ამ უჩინარ ნიშან-თვისებათა აღმოჩენისას. კაცს კაცისათვის ჯერ ორი სიტყვაც არ უთქვამს და უკვე გრძნობენ ორმხრივ სულიერ სიახლოვეს, ან მტრობას, ან გულგრილობას, ანდა სიფრთხილეს. „გალიის“ გარეთ ეს პროცესი უფრო ნელა მიმდინარეობს; აქ კი, ლაგერში, ქვეცნობიერი სიმპათიები თუ ანტიპათიები უფრო სწრაფად, უყოყმანოდ, შეუცდომლად ჩნდება. ლაგერის მკვიდრის უზარმაზარი ცხოვრებისეული გამოცდილება, მისი ნერვების დაძაბულობა და ადამიანურ ურთიერთობათა დიდი უბრალოება, ადამიანთა შეცნობის ასევე დიდი უბრალოება არის მიზეზი ამგვარი მსჯავრის შეუცდომლობისა.

***

მთელი სიცოცხლე სადღაც მიეჩქარებოდა. რაოდენ მშვენიერია, რომ აღარსად მიეჩქარება, რომ შეუძლია იფიქროს ნელ-ნელა. და იგი აუჩქარებლად ფიქრობდა სიკვდილის პირა მოძრაობათა უდიდეს ერთფეროვნებაზე.

***

მთელი წელიწადი ერთ ბარაკში ვცხოვრობდით და ერთხელაც არ წავჩხუბებულვართ. ეს იშვიათი რამ არის პატიმართა ყოფა-ცხოვრებაში, ლაგერი იქნება თუ ციხე. დავა ატყდება ხოლმე რაღაც წვრილმანებზე, ლანძღვა-გინება მყისვე ისეთ გრადუსს აღწევს, რომ იფიქრებ – მომდევნო საფეხური შეიძლება იყოს დანა ანდა, უკეთეს შემთხვევაში, რკინის კეტი. მე მალე ვისწავლე, დიდი მნიშვნელობა არ მიმენიჭებინა ამ ფუშფუშა ლანძღვა-გინებისათვის. მხურვალება სწრაფად ორთქლდებოდა და თუკი ორივე მოდავე ზანტად განაგრძობდა კინკლაობას, ამით ჩვეულებას უფრო უწევდნენ ანგარიშს, ვიდრე თავმოყვარეობას.

***

ჩვენი შური, შიმშილის გამოისობით, ისეთივე ჩლუნგი და უძლური იყო, როგორც ყოველი სხვა გრძნობა. ჩვენ აღარ შეგვწევდა ძალა გრძნობებისათვის, აღარ შეგვწევდა ძალა საიმისოდ, რომ გვეარა, გამოგვეკითხა, გვეთხოვნა... მხოლოდ ნაცნობებისა გვშურდა, იმათი გვშურდა, ვისთანაც ერთად მოვევლინეთ ამ სამყაროს. იმათი გვშურდა, ვინც მოახერხა მოწყობა სამუშაოზე კანტორაში, საავადმყოფოში, საჯინიბოში – იქ არ იყო მრავალსაათიანი, მძიმე ფიზიკური შრომა, რომელსაც ხოტბას ასხამდნენ კონცლაგერის ყველა კარიბჭის ფრონტონზე, როგორც გმირობისა და სიმამაცის საქმეს.

მარტოოდენ რაღაც გარეგანს შეეძლო ჩვენი გამოყვანა გულგრილობიდან და განრიდება ნელ-ნელა მოახლოებული სიკვდილისაგან. გარეგან ძალას შეეძლო და არა – შინაგანს. ჩვენს შიგნით ყველაფერი ამომწვარი და გაპარტახებული იყო, ჩვენთვის ყველაფერი სულერთი იყო და ხვალინდელი დღის იქით გეგმებს არც ვაწყობდით.

***

სამუშაოზე მიგვერეკებოდნენ ყოველგვარი სიების გარეშე, ჭიშკარში ხუთეულებად გვყოფდნენ, მუდამ ხუთეულებად დაგვაწყობდნენ ხოლმე, ვინაიდან გამრავლების ტაბულა სხაპასხუპით ყველა ბადრაგმა როდი იცოდა. ნებისმიერი არითმეტიკული მოქმედება, რომელსაც ჩაატარებ ყინვაში და თანაც ცოცხალ მასალაზე, – სერიოზული რამ არის. პატიმართა მოთმინების ფიალა შეიძლება ანაზდად აივსოს და უფროსობა ანგარიშს უწევდა ამ გარემოებას.

***

გამახსენდა ძველისძველი ჩრდილოური ლეგენდა ღმერთზე, რომელიც ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო, როდესაც ტაიგას ქმნიდა. საღებავები ბევრი არ ჰქონდა, მაგრამ ბავშვურად სუფთა იყო, ნახატები – უბრალო და ნათელი, მათი სიუჟეტები – სადა და გულუბრყვილო. მერე, როდესაც ღმერთი წამოიზარდა და დავაჟკაცდა, მან ისწავლა გამოეჭრა თავისებურად მოხატული ფოთლები, გამოიგონა უთვალავი ფერადოვანი ფრინველები, ღმერთს მობეზრდა ბავშვური სამყარო, თოვლი დააყარა თავის ნახელავ ტაიგას და სამუდამოდ გადასახლდა სამხრეთში. ასე მოგვითხრობს ლეგენდა.

***

საავადმყოფოში, ისევე როგორც ლაგერში, კოვზებს საერთოდ არ გვაძლევდნენ. უჩანგლოდ და უდანოდ იოლას გასვლა ვისწავლეთ ჯერ კიდევ საგამოძიებო ციხეში. უკვე დიდი ხანია შესწავლილი გვქონდა საკვების მიღება „ბორტიდან“, უკოვზოდ – არც სუფი, არც ფაფა არასოდეს ყოფილა ისეთი სქელი, რომ კოვზი დაგვჭირვებოდა. თითი, პურის ქერქი და ენა პირწმინდად ასუფთავებდნენ ნებისმიერი სიღრმის ქვაბუნისა თუ ჯამის ფსკერს.

***

გაზეთის ნაკუწი მოვგლიჯე და შიგ მახორკის პაპიროსი გავახვიე. მახორკის მოსაწევად გაზეთის ქაღალდზე უკეთესს ვერაფერს მოიფიქრებ. სტამბის საღებავის კვალი არათუ აფუჭებს მახორკის სურნელს, პირიქით – ლაზათიანად წარმოაჩენს. ქაღალდის ზოლს ცეცხლი მოვუკიდე ნაკვერჩხლისგან, ღუმელში რომ იყო. მოვწიე, ხარბად ჩავისუნთქე გულისამრევი, მოტკბო კვამლი. თამბაქოს შოვნა გვიჭირდა და, კაცმა რომ თქვას, რახანია, თავი უნდა გამენებებინა – პირობები ხელს მიწყობდა, მაგრამ არასოდეს გამინებებია თავი. მზარავდა იმის წარმოდგენა, რომ საკუთარი ნება-სურვილით დავკარგავდი პატიმრის ამ ერთადერთ უდიდეს სიამოვნებას.

***

ექიმებს ეკრძალებოდათ ლაპარაკი და წერა შიმშილზე ოფიციალურ დოკუმენტებში, ავადმყოფობის ისტორიაში, კონფერენციებზე, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე. 

***

დემენცია, ერთ-ერთი „დე“ სახელგანთქმული კოლიმური „დე“ ტრიადიდან – დემენცია, დიარეა, დისტროფია...

***

ყოველი მკვიდრი ლაგერისა ებღაუჭება განვლილ დღეს, ჰგონია, რომ სადღაც მისი სამყაროს გარეთ არსებობს იმაზე უარესი ადგილებიც, ვიდრე ის, სადაც ღამის გათევა მოუწია. და ეს სწორია. ასეთი ადგილები არსებობს, და საფრთხე იქ მოხვედრისა დღენიადაგ თავს დასტრიალებს პატიმარს, არც ერთი მკვიდრი ლაგერისა არ ესწრაფის სადმე გამგზავრებას. გაზაფხულის ქარებსაც კი არ მოაქვთ ცვლილებათა წადილი. ცვლილება ყოველთვის სახიფათოა. ეს არის ერთი გაკვეთილი იმ მნიშვნელოვან გაკვეთილთაგან, რომელთაც ადამიანი დაისწავლის ლაგერში. ცვლილებებისა იმათ სჯერათ, ვისაც ჯერ არ უნახავს ლაგერი. ხოლო ლაგერის მკვიდრი წინააღმდეგია ყოველგვარი ცვლილებისა. რაც არ უნდა ავი დღე გადგეს აქ – იქ, ორიოდე ნაბიჯით, შესაძლოა კიდევ უარესი იყოს.

***

ტუსაღები განა დადიან, მათ „ერეკებიან“ – ეს ოფიციალური ლექსიკონია.

***

„ტუსაღთა უფლებები“, უფრო სწორად – ტუსაღთა შენახვის წესები, შედგებოდა ორი ნაწილისგან: 

1) მოვალეობანი – ტუსაღი იყო ვალდებული, ტუსაღი არ იყო ვალდებული. 

2) უფლებანი – უფლება ჩივილისა, უფლება წერილების წერისა, უფლება ცოტაოდენი ძილისა, უფლება ცოტაოდენი კვებისა.

***

ჩვენ ჯოჯოხეთში ვართ, ჩვენ იმქვეყნად ვართ. ლაგერს გარეთ ვიყავით უკანასკნელნი. აქ კი ვიქნებით პირველნი. და ნებისმიერ ივან ივანოვიჩს მოუწევს ანგარიში გაუწიოს ამას. „ივან ივანოვიჩი“ – ეს ინტელიგენტის მეტსახელია ბლატართა ენაზე.

***

ტილიანობა – ერთ-ერთი ფსიქოზია ლაგერში ყოფნისას. ტილები დიდი ხანია აღარ გყავს, მაგრამ თავს ვერაფრით ვერ აიძულებ, რომ მიეჩვიო არა აზრს (აზრი რა არი?), არამედ გრძნობას, რომ ტილები აღარა გყავს.

***

ყოფილი ტუსაღები, რომელთაც ლაგერი გაუიოლდათ – თუკი ვინმეს შეიძლება გაუიოლდეს ლაგერი – თავისი ცხოვრების ყველაზე ძნელ ჟამად თვლიან ლაგერისშემდგომ უუფლებობას, ლაგერისშემდგომ წოწიალს, როცა ვერაფრით ვერ ხერხდებოდა ყოფა-ცხოვრებითი მდგრადობა – ის მდგრადობა, მათ რომ შეეწია, რათა გაეძლოთ და გადარჩენილიყვნენ ლაგერში. ეს ადამიანები რაღაცნაირად შეეგუენ ლაგერს და ლაგერიც შეეგუა მათ, აძლევდა სარჩოს, ჭერსა და სამუშაოს. განთავისუფლდნენ და ჩვევები მკვეთრად უნდა შეეცვალათ. ადამიანებმა დაინახეს თავიანთი ესოდენ მოკრძალებული იმედების მსხვრევა.

***

ლაგერის შემდგომი დრო იყო გაბმულ-გადაბმული ბედნიერება – ყოველდღიური, ყოველჟამიერი. ძალზე მრისხანე ჯოჯოხეთი დაგვრჩა ზურგსუკან, და ვერავითარი გაჯახირება სპეცგანყოფილებებსა და კადრების განყოფილებებში, ვერავითარი წოწიალი, ვერავითარი უუფლებობა საპასპორტო სისტემის ოცდამეცხრამეტე სტატიისა ვერ გვართმევდა ბედნიერების, სიხარულის ამ შეგრძნებას – იმასთან შედარებით, რაც ჩვენს გუშინდელსა და გუშინწინდელ დღეებში ვიხილეთ.

***

პატიმრობიდან დაბრუნებულთა შორის ვერავის ნახავთ, ვისაც ერთი დღეც არ გაუტარებია ისე, რომ არ გაახსენდეს ლაგერი, იქაური დამამცირებელი და საშინელი შრომა.


რუსულიდან თარგმნა თამაზ ნატროშვილმა
გამომცემლობა „ინტელექტი“, 2023 წ.