ივანე ტურგენევი - ზედმეტი ადამიანის დღიური

ვითომ რითია თოთხმეტი დღე უფრო ნაკლები თოთხმეტ წელიწადზე? ან თოთხმეტ საუკუნეზე; ამბობენ, მარადისობის წინაშე ყველაფერი უმნიშვნელოა, დიახ თუ ასეა, მაშინ თავად მარადისობაც უმნიშვნელო რამ ყოფილა.

წესიერი ადამიანი საკუთარ ავადმყოფობაზე არ ლაპარაკობს.

მხოლოდ ერთხელ ვიხილე დედა სრულად დამშვიდებული, კერძოდ, მისი გარდაცვალების დღეს, კუბოში.

ოჰ ბუნებავ! როგორ მიყვარხარ. მეც შენი წიაღიდან გამოვედი ცხოვრებისათვის ასეთი უნიათო.

ბავშვები იმიტომ არსებობენ, რომ მშობლებმა არ მოიწყინონ.

ადამიანი ვერ გრძნობს საკუთარ სიცოცხლეს, იგი, როგორც ბგერა, გარკვეული ხდება რამდენიმ ხნის შემდეგ.
სიკვდილის წინ მგონი მეპატიება ასეთი სურვილი, გავიგო, საერთოდ ვინ ვიყავი. კარგად რომ ჩავუფიქრდი ამ მნიშვნელოვან საკითხს და თანაც ჩავთვალე, რომ არავითარი საჭიროება არ მქონია, დიდი სიმკაცრით მემსჯელა ჩემ თავზე, როგორც ამას საკუთარ ღირსებაში მეტად დარწმუნებულნი სჩადიან, გულახდილად უნდა ვაღიარო, რომ მე გახლდით სრულიად ზედმეტი ადამიანი მთელს ქვეყანაზე, უფრო სწორად უცხო ვინმე.

ადამიანები არიან ბოროტები, კეთილები, ჭკვიანები, სულელები, სასიამოვნონი, უსიამოვნონი, მაგრამ ზედმეტნი... არა.

მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, ჩემი ადგილი ყოველთვის დაკავებული მხვდებოდა. იქნებ იმის გამო, რომ ამ ადგილს იქ არ ვეძებდი, სადაც უნდა მეძებნა.

საერთოდ, სულელი არ გახლავართ. ზოგჯერ თავში მომდის საკმაოდ ყურადსაღები და არცთუ ჩვეულებრივი აზრები, მაგრამ ზედმეტი ადამიანი რომ ვარ და თანაც შინაგანად ჩაკეტილი, ამიტომ ვშიშობ საკუთარი აზრების გამოთქმას. მით უმეტეს, წინასწარ ვიცი, რომ საძაგლად გამოვთქვამ.

უნდა მოგახსენოთ, რომ თუმცა ზედმეტი ადამიანი ვარ, მაგრამ არცთუ საკუთარი სურვილით. თავად ავად გახლავართ, მაგრამ ავადმყოფურს ვერაფერს ვიტან. ბედნიერებაზეც არ ვიტყოდი უარს. კიდეც შევეცადე მივახლოებოდი, ხან მარჯვნიდან მივუდექი, ხან მარცხნიდან... ამიტომ საკვირველი არ არის, მეც ვყოფილიყავი მოწყენილი, როგორც ყველა სხვა მოკვდავი.

როცა ადამიანი ძალიან კარგად გრძნობს თავს, მისი გონება, როგორც ცნობილია, ნაკლებ ქმედითია. მშვიდი და სასიხარულო შეგრძნება კმაყოფილებისა მოიცავს მთელ მის არსებას. მისით არის აღვსილი, ადამიანში ქრება პირადულობის შეგრძნება - იგი განცხრომაშია, როგორც ამას ცუდად აღზრდილი პოეტები ამბობენ და ბოლოს როცა ეს ”ხიბლი” გაივლის, ადამიანს იპყრობს სინანული. სინანული იმისა, რომ ბედნიერების ჟამს ნაკლებად აკვირდებოდა საკუთარ თავს, რომ საკუთარი ფიქრებით თუ მოგონებებით არ გაიორკეცა სიამოვნება... ”ნეტარებაში” მყოფ ადამიანს განა აქვს დროის შეგრძნება, ან ღირს კი იმ დროს საკუთარ
გრძნობებზე დაფიქრება? ბედნიერი კაცი - მზეზე გალაღებული ბუზია.

მარტოხელა და მოკრძალებულ ადამიანთა უბედურება სწორედ ის არის, რომ თვალებიც კარგი აქვთ და საკმაოდ დაჭყეტილებიც, მაგრამ მაინც ვერაფერს ხედავენ. ანდა ხედავენ მცდარად, გეგონება ნაირფერი სათვალიდან იყურებიანო, მათთვის საკუთარი აზრები და დაკვირვებები მხოლოდ ხელის შემშლელია.

ვინა თქვა, რომ მხოლოდ სიმართლეა რეალობა? ტყუილიც, ისეთივე სიცოცხლის უნარიანია, როგორც სიმართლე, თუ მეტად არა.

ძნელია ცოცხალი არსებისთვის სიცოცხლესთან გამოთხოვება!