მილან კუნდერა - შეუცნობელი

- თქვენთან რევოლუციაა! 
ეს მანისეთი ტონით თქვა, რომ შეკამათებას აზრი არ ჰქონდა. შემდეგ გაჩუმდა. თითქოს ამ სიჩუმით ეუბნებოდა ირენას, რომ არ შეიძლება განზე დგომა, როცა მის სამშობლოში ამგვარი მოვლენები ხდება.

მოჯადოებულივით გაჰყვა დიდი ხნის წინ წაკითხული წიგნებიდან, ნანახი ფილმებიდან, თავისი და, ალბათ, თავისი წინაპრების მეხსიერებიდან ამოტივტივებულ სურათებს: მოხუცი დედა დაკარგულ ვაჟს პოულობს; კაცი თავის ძველ შეყვარებულს უბრუნდება, რომელთანაც წარსულში ავბედობამ დააცილა; მშობლიური სახლი, რომელსაც ყველა ჩვენგანი თავის თავში ატარებს; ხელახლა აღმოჩენილი პატარა ბილიკები, რომლებზეც სამუდამოდაა აღბეჭდილი ბავშვობის ნაკვალევი; ოდისევსი, რომელიც ხანგრძლივი ხეტიალის შემდეგ თავის კუნძულს უბრუნდება: დაბრუნება, დაბრუნება, დაბრუნების დიდი მაგია.

ბერძნულად დაბრუნება არის Nostos, ხოლო Algos ტანჯვას ნიშნავს. ამგვარად, ნოსტალგია არის სევდა, რომლის მიზეზი დაბრუნების დაუკმაყოფილებელი სურვილია.

ეტიმოლოგიური წიაღსვლებისას ნოსტალგია წარმოგვიდგება, როგორც ტანჯვა არცოდნის გამო: შენ შორს ხარ, ამიტომ არ ვიცი, როგორი გახდი.

დიქტატორები კვდებიან, რუსეთი კი უკვდავია. სწორედ იმედის არქონაა იმ ქვეყნების ძირითადი უბედურება, საიდანაც ჩვენ ჩამოვდივართ.

ყველა წინასწარმეტყველება მცდარია, მხოლოდ ეს არის ის ერთ-ერთი ჭეშმარიტება, რომლის შეცნობის უნარიც ერგო ადამიანს. მაგრამ თუკი წინასწარმეტყველნი მომავლის განჭვრეტაში ცდებიან, სამაგიეროდ აწმყოზე ამბობენ სიმართლეს.

როგორ შეიძლება ისეთი ინტიმური განცდა, როგორიც სიზმარია, კოლექტიური იყოს?

დღეები დაკარგული სამშობლოს სილამაზით იყო განათებული, ღამეები კი - იქ დაბრუნების კოშმარით. დღისით დაკარგული სამოთხე ელანდებოდა, ღამით კი - ჯოჯოხეთი, საიდანაც გამოიქცა.

რატომ ფიქრობ მიქელანჯელოზე, როდესაც როდენის წინ დგახარ?

ოდისევსის არყოფნის ოცი წლის მანძილზე ითაკის მცხოვრებლები მასზე ბევრ რამეს იხსენებდნენ, მაგრამ ნოსტალგიას არ განიცდიდნენ. ოდისევსი კი, პირიქით, ნოსტალგიით იტანჯებოდა, მაგრამ არაფერს იხსენებდა.

ლუდი, რომელსაც სტუმრებმა უპირატესობა მიანიჭეს, თვითონ არ არის გულახდილობა? ბალახბულახი, რომელიც ყველანაირ ფარისევლობას, კარგი მანერების ნებისმიერ კომედიას აქარწყლებს?

მაგიდაზე ისევ დგას ირენის ქაფგასული კათხა, თითქოს ახალი ქაფიანი კათხით გაუპატიურებული.

ოჯახურ საძილეებში განაწილება დასაფლავებამდე ბევრად ადრე განისაზღვრება, ძალთა თანაფარდობით.

უზარმაზარი, გადაჭრილი ხეები ყვაოდა. გადაჭრილები, წაქცეულები ისევ განაგრძობდნენ სიცოცხლეს.

დილით გაღვიძებული ოდისევსი შეძლებდა კი ექსტაზით შეგებებოდა დიდი დაბრუნების მუსიკას, თუ ბებერი ზეთისხილის ხე მოჭრილი დახვდებოდა და გარშემო ვეღარაფერს იცნობდა?

ისინი, ვინც თავის ცხოვრებას დაღუპულად თვლის, დამნაშავეების ძებნას იწყებენ.

1968 წლის აგვისტოში მათი ქვეყანა რუსეთის ჯარმა დაიკავა. მთელი კვირის განმავლობაში ყველგან საპროტესტო გამოსვლები იმართებოდა. აქამდე არასდროს ყოფილა მათი ქვეყანა ამზომამდე სამშობლო, ჩეხები, კი - ასე ძლიერ ჩეხები.

შენ მითხარი, რომ სიყვარულში მხოლოდ სხეული მოიაზრება. ჩემო პატარავ, შენ კისრისტეხით გაიქცევი, თუ რომელიმე მამაკაცი გამოგიტყდება, რომ მხოლოდ შენი სხეული სურს.

თანაკლასელები - ეს სიტყვა ნელა, ჩუმად წარმოთქვა, თითქოს სურნელს იყნოსავდა (სუსტს, ოდნავ საგრძნობს!) ახალგაზრდობის, სიჭაბუკის წლების, წარსულის, დაკარგული დროის, ობოლი ბავშვივით სევდისმომგვრელი დროის სურნელს.

იმის მიხედვით, რამდენად იძირება თავდავიწყების მორევში მისი ცხოვრების ფრაგმენტები, ადამიანი თავისუფლდება იმისაგან, რაც არ უყვარს და თავს უფრო მსუბუქად და თავისუფლად გრძნობს.

რაც უფრო ვრცელი და მოუხელთებელია უკან დატოვებული დრო, მით უფრო დაუძლეველია უკან დაბრუნების სურვილი. ეს თითქოს ანბანური ჭეშმარიტებაა, თუმცა მცდარი, რადგან ადამიანი დროის დინებასთან ერთად ბერდება, მისი სიცოცხლის დასასრული ახლოვდება და ყოველი წუთი უფრო და უფრო ძვირფასი ხდება მისთვის. მოგონებებზე დასახარჯი დრო აღარ რჩება. საჭიროა, ჩავწვდეთ მონატრების პარადოქსულ მათემატიკას: იგი ძალიან ძლიერია ახალგაზრდობის საწყის ხანაში, როცა განვლილი ცხოვრების ოდენობა ჯერ მცირეა და უმნიშვნელო.

დაუძლეველია განვლილი სიყვარულის ბედნიერი წუთების გამეორების სურვილი.


იოზეფის ყურადღება ჯერ კიდევ უბიწო ვაჟის აღსარებამ მიიპყრო: იგი ადვილად ეალერსებოდა გოგონას მკერდს, მაგრამ უჭირდა სიმორცხვის გადალახვა, რათა მის უკანალს შეხებოდა.

როგორი დამღლელია ერთგულება, როცა მას ნამდვილი ვნება არ ახლავს.

ექსტაზი, ერთობლივი ცხოვრება, ერთგულება, ნამდვილი ვნება - რას უნდა ნიშნავდეს ისინი უმწიფარი ყმაწვილისათვის? ეს სიტყვები მრავლისმომცველიც იყო და ბუნდოვანიც; და მათი ძალა სწორედ მათ გაურკვევლობაში იყო.

დღიურმა ავტორის უბიწოების დაკარგვასთან ერთად შეწყვიტა არსებობა.

თუ გინდა, თავი კარგად დაიცვა თავდასხმისაგან, ყველაფერი წინასწარ უნდა იცოდე.

მუდმივი საუბარი ატკბობს წყვილის ურთიერთობას, მისი მელოდიური დინება ლამაზ საბურავში ახვევს სხეულის თანდათან დაქვეითებულ სურვილებს, მაგრამ როცა წყვილს შორის საუბარი წყდება, ზოგჯერ ფიზიკური ლტოლვის არქონა საშიშ სახეს იძენს.

განა სულერთი არ არის, სად იქნება მიცვალებულის ნეშტი?!

დავუშვათ, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა ოთხმოცი წელია. დაახლოებით ამ დროზეა გათვლილი და დაგეგმილი თითოეული ჩვენგანის ცხოვრება. ეს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევთ იმას, რომ წლების რაოდენობა, რომელიც სიცოცხლისთვის გვეძლევა, მხოლოდ რაოდენობრივი სიდიდ, რაღაც გარეგნული ნიშანი არ არის (როგორც ცხვირის სიგრძე, ან თვალის ფერი) არამედ გარკვეულწილად ადამიანის არსის ნაწილია. ვინც შეძლებს, ორჯერ მეტხანს, ვთქვათ, ას სამოც წელს, იცოცხლოს, ჩვენ სახეობას ვეღარ მივაკუთვნებთ. მის ცხოვრებაში არაფერი იქნება ჩვენის მსგავსი: არც სიყვარული, არც ამბიციები, არც გრძნობები, არც მონატრება.

უზომოდ დიდია განსხვავება პირველ, მეათე, მეასე, მეათასე თუ მეათიათასე სექსუალურ აქტს შორის. სად არის ის ზღვარი, რომლის იქითაც გამეორება სტერეოტიპად იქცევა, ან კიდევ უარესი, კომიკურად, შეუძლებლადაც კი? როგორი გახდება ქალისა და მამაკაცის სასიყვარულო ურთიერთობა, როცა ისინი ამ ზღვარს გადავლენ? სიყვარული გაქრება, თუ პირიქით, შეყვარებული წყვილი თვიანთი ცხოვრების სექსუალურ ფაზას ნამდვილი სიყვარულის ბარბაროსულ წინაისტორიად მიიჩნევენ?

სიყვარულის (ნამდვილი, დიდი, ერთადერთი სიყვარულის) ცნებაც, ალბათ, იმ დროის სიმცირის გამო
გაჩნდა, რომელიც ჩვენ გვეძლევა.

ადამიანის მეხსიერებაც სრულიად გაუგებარი ფენომენია, თუ მას მათემატიკური კუთხით არ მივუდგებით. მისი ძირითადი სიდიდეა რაოდენობრივი შეფარდება განვლილ ცხოვრებასა და მეხსიერებაში შემორჩენილ ცხოვრებას შორის. არავის არასდროს უცდია ამ შეფარდების გამოანგარიშება, თუმცა ამისთვის არც არსებობს რამე ტექნიკური საშუალება.

აქვს კი მოგონებებს დროითი სივრცე? არის კი ისინი დროში განვრცობილი?

სწორედ ეს არის საშინელი: წარსული, რომელსაც ვიხსენებთ, დროს არ ემორჩილება. შეუძლებელია, ხელმეორედ განიცადო სიყვარული ისე, როგორც წიგნს კითხულობ ხელმეორედ, ან ნანახ ფილმს უყურებ თავიდან.

იოზეფმა გადაწყვიტა, ისევე ეცხოვრა გარდაცვლილთან, როგორც ცოცხალთან ცხოვრობდა. სასაფლაოზე მის გასახსენებლად კი არ მიდიოდა, არამედ მასთან ერთად ყოფნისათვის, მისი თვალების დასანახად, რომლებიც მას უყურებენ და უყურებენ არა წარსულში, არამედ აწმყოში.

ქვეყნისათვის სიცოცხლის გაწირვა: ყველა ერმა იცის ამ შესაწირავის ფასი. ჩეხების მტრებმაც, გერმანიამაც და რუსეთმაც, იციან, რა არის ეს, მაგრამ ისინი ხომ დიდი ერები არიან, ამიტომ მათი პატრიოტიზმიც განსხვავებულია: მათ თავბრუ ესხმით თავიანთი დიდებისაგან, თვიანთი მნიშვნელოვნებისაგან, თავიანთი საკაცობრიო მისიისაგან. ჩეხებს ყოველთვის უყვარდათ სამშობლო არა იმიტომ, რომ იგი სახელგანთქმული და დიდებული იყო, არამედ იმიტომ, რომ იგი უცნობი იყო; არა იმიტომ, რომ დიდი იყო, არამედ იმიტომ, რომ პატარა იყო და თანაც მუდმივად საფრთხე ემუქრებოდა. მათი პატრიოტიზმი ქვეყნის მიმართ უზომო თანაგრძნობაა.

ადამიანი მხოლოდ აწმყოში შეიძლება იყოს დარწმუნებული, მაგრამ განა აწმყო სრული სიმართლეა? განა შეიძლება მისი ჭეშმარიტად შეცნობა? განა შეიძლება მასზე მსჯელობა? რა თქმა უნდა, არა. იმან, ვინც არ იცის, რა ელის მომავალში, როგორ შეიძლება სწორედ იმსჯელოს აწმყოზე?

თუ ადრე მუსიკას მუსიკის სიყვარულის გამო უსმენდნენ, დღეს იგი დაუკითხავად გაისმის ყველგან და ყოველთვის, ”ისე, რომ არც კი გვეკითხება, გვინდა თუ არა მისი მოსმენა”.

ერთხელ შონბერგის უსულო სხეული, რომელიც ბობოქარ ტალღებზე ირწეოდა, მოულოდნელად სტრავინსკის სხეულს შეეჯახა და მათ, ნაგვიანევი სინანულით შერიგებულებმა, ერთად განაგრძეს სვლა არარსებობისაკენ ( მუსიკის არარსებობისაკენ, რომელიც მსოფლიო კაკაფონიად იქცა)

- ერების სრული დამოუკიდებლობა დიდი ხანია, ილუზიად იქცა.
- მაგრამ თუ ქვეყანა დამოუკიდებელი არ არის და არც სურს გახდეს, განა ვინმეს მოუნდება ასეთი ქვეყნისათვის თავის გაწირვა?
- სულაც არ მინდა, ჩემმა შვილებმა სიცოცხლე გაწირონ.
- მაშინ სხვანაირად გეტყვი : დარჩა კიდევ ვინმე, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს?

თუ ადამიანები ერთმანეთით ძალიან არ ინტერესდებიან, ეს უბრალო გულუბრყვილობით მოსდით ისე, რომ ამას ვერც კი აცნობიერებენ.