პერიკლეს სიტყვა პელოპონესის ომის დაწყებაზე


„ათენელებო, ჩემი აზრით არ ღირს პელოპონესელთათვის დათმობა, თუმცა ვიცი, რომ ომის დაწყების გადაწყვეტილების მიღება უფრო იოლია, ვიდრე ომის წარმოება, და განწყობა შეიცვლება იმის მიხედვით, ბედი ვის გაუღიმებს. ახლაც იგივე, ან თითქმის იგივე უნდა გირჩიოთ, რაც ადრე. სამართლიანი იქნება, თუ ვინც დაეთანხმება საერთო გადაწყვეტილებას, მხარს დაუჭრეს მას წარუმატებლობის შემთხვევაშიც კი, ხოლო გამარჯვებას საკუთარ გამჭრიახობას არ მიაწერს. მოვლენათა განვითარების განჭვრეტა ხომ ისევე შეუძლებელია, როგორც აზრების კითხვა. ამიტომ, გაუთვალისწინებელ უბედურებას ხშირად შემთხვევითობას მივაწერთ.

ლაკედემონელები უკვე დიდი ხანია გვმტრობენ. მართალია, ისინი დათანხმდნენ საქმეების საშუამავლო სასამართლოში განხილვას და ორივე მხარის მიერ საკუთარ სამფლობელოთა ფარგლების შენარჩუნებას, მაგრამ მათ სასამართლოსთვის არასდროს მიუმართავთ და სადაო საკითხების ძალით გადაწყვეტას ამჯობინებენ. ახლა საჩივრით კი არა, ბრძანებით მოდიან. ისინი გვიბრძანებენ, მოვხსნათ ალყა პოტეიდაიას, მივცეთ დამოუკიდებლობა ეგინას და გავაუქმოთ მეგარის დადგენილება. ბოლოს ელინთა დამოუკიდებლობის აღიარებაც მოგვთხოვეს. არ ეგონოთ, რომ ომი უმნიშვნელო მიზეზით დაიწყება, თუ მეგარის დადგენილებას არ შევცვლით. სწორედ ეს მოჰყავთ საბუთად და გვიმტკიცებენ, გააუქმეთ დადგენილება და ომი არ იქნებაო. ნუ გადარდებთ მცირედის გამო ომი. ეს მცირედი კარგ საშუალებას იძლევა თქვენი ძალისა და გამბედაობის გამოსაცდელად. თუ ახლა დაუთმობთ, ხვალ მეტს მოგთხოვენ იმის იმედით, რომ შიშით ისევ დაუთმობთ. ხოლო თუ თამამად უარყოფთ მათ მოთხოვნებს, ამით აჩვენებთ, რომ თანასწორივით უნდა მოგექცნენ.

ამიტომ დაფიქრდით, დაუთმობთ ლაკედემონელებს რამეს, სანამ ომი არ შეგეხებათ, თუ ვიბრძოლოთ ჩვენი ღირსების დასაცავად. ნებისმიერი მოთხოვნა, რომელსაც თანასწორი თანასწორს უყენებს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, დამონების საწინდარია. რაც შეეხება ძალთა შეფარდებას, იცოდეთ, რომ არ ჩამოვრჩებით პელოპონესელებს. უფრო დაწვრილებით მოგახსენებთ: პელოპონესელები მიწათმოქმედები არიან და თავისი შრომის ნაყოფით ცხოვრობენ. არც კერძო პირებს, არც ხაზინას ფული არ აქვს. ხანგრძლივ ომებს შორეულ ქვეყნებთან ერიდებიან და უსახსრობის გამო მხოლოდ ერთმანეთს ებრძვიან. ასეთი ხალხი ვერ აღჭურვავს ხომალდებს, იშვიათად აწყობს სახმელეთო ლაშქრობასაც, რადგან ამისათვის მარჩენალ მიწას უნდა მოწყდეს. თანაც ზღვა მათ ჩვენზე წავართვით. სავსე ხაზინა უფრო წაადგება ომს, ვიდრე იძულებითი გადასახადები. მიწათმოქმედი ომში უმალ საკუთარ სიცოცხლეს ჩააგდებს საფრთხეში, ვიდრე ქონებას. სიცოცხლე შეიძლება შეინარჩუნოს კიდეც, ფული კი გამოილევა, განსაკუთრებით, თუ ომი გაჭიანურდა. ერთ ბრძოლაში პელოპონესელები წინ დაუდგებიან ყველა ელინს, მაგრამ განსხვავებული შეიარაღების მქონე მტერთან ომი მათ არ შეუძლიათ, რადგან არ აქვთ მუდმივი ერთიანი ხელისუფლება. მათ არ შეუძლიათ სწრაფად და თამამად მოქმედება. მათი კავშირი თანასწორთა და განსხვავებულთა კავშირია. თითოეული ქვეყანა საკუთარ ინტერესს იცავს და ერთად არაფერი გამოსდით. თუ ერთს სურს, მტერს რაც შეიძლება მეტად ავნოს, დანარჩენები იმაზე ფიქრობენ, რომ ომში არაფერი დაეხარჯოთ. ხანმოკლე შეკრებებზე იშვიათად განიხილავენ საერთო საქმეებს, ძირითადად ცალკეული ქალაქის სატკივარზე საუბრობენ. თითოეული თვლის, რომ მისი უნიათობა არ ავნებს საერთო საქმეს და მასზე სხვა იზრუნებს. ამიტომ თითოეული კერძო საქმითაა დაკავებული, საერთო ინტერესები კი ზარალდება.

მაგრამ მათი ძირითადი გასაჭირი ფულის ნაკლებობა იქნება. ფულს ნელა შოულობენ, ომი კი მათ არ უცდის. ჩვენ არც მათი სიმაგრეებისა და ფლოტის უნდა გვეშინოდეს. მშვიდობის პირობებშიც კი ძნელია ისეთი დაცული ქალაქის აგება, როგორიც ათენია, მით უმეტეს, ომის დროს, მას მერე, რაც ჩვემც გავამაგრებთ საზღვარს. თუ შექმნიან გამაგრებულ პუნქტს, შეძლებენ ჩვენი მიწის აოხრებას და ვინმეს გადაბირებას, მაგრამ ეს არ შეგვიშლის ხელს ზღვიდან თავდასხმაში. ზღვაზე ბრძოლაში ჩვენ ხომ მეტი გამოცდილება მოვიპოვეთ ხმელეთზე ომისთვის, ვიდრე მათ თავისი ომებით ზღვაოსნობისთვის. გამოცდილი ზღვაოსანი იოლად ვერ გახდები. თქვენც, თუმცა ამ საქმეს მიდიური ომების დროს მიჰყავით ხელით, კიდევ არ ფლობთ მას სრულყოფილად. როგორღა მიაღწიონ რამეს მიწათმოქმედებმა, ზღვის უნახავმა ხალხმა, ჩვენი ფლოტის მიერ მათი ნავსადგურების ბლოკადის პირობებში? რამდენიმე ხომალდთან შებრძოლებას ისინი კიდევ გაბედავენ, რადგან გამოცდილების რიცხვითი უპირატესობით გაბათილების იმედი ექნებათ. მაგრამ დიდი ესკადრის წინააღმდეგ ზღვაში ვერ გავლენ. ვარჯიშის გარეშე კი ვერასოდეს გახდებიან გამოცდილი ზღვაოსნები. საზღვაო საქმე ხომ ხელოვნებაა, რომელსაც სხვა ხელოვნებათა მსგავსად, სხვათა შორის ვერ შეისწავლი, მას მთელი ძალ-ღონე უნდა დაუთმო.

დავუშვათ, პელოპონესელები დაეუფლონ დელფოსა და ოლიმპიის ტაძრების საგანძურს და სცადონ, მაღალი ანაზღაურებით გადაიბირონ ჩვენი უცხოელი მეზღვაურები. ეს სახიფათო იქნებოდა, ჩვენ რომ საკუთარ მოქალაქეთა და მეტეკთა შორის მათი შემცვლელის პოვნა არ შეგვეძლოს. მაგრამ ასეთი შესაძლებლობა გვაქვს, და რაც ძალზე მნიშვნელოვანია, მესაჭეები მოქალაქეები არიან, ხოლო მეზღვაური მეტიც გვყავს და უფრო გამოცდილიც, ვიდრე სადმე დანარჩენ ელადაში. საქმე ომამდე რომ მივა, არც ერთი მოქირავნე არ დაგვტოვებს, რათა რამდენიმე დღის მანძილზე გამარჯვების იმედის გარეშე იომოს პელოპონესელთა მხარეზე უფრო მაღალი გასამრჯელოსათვის. დაახლოებით ასეთია, ჩემი აზრით, პელოპონესელთა შესაძლებლობები. ჩვენ არამცთუ არ გვაქვს მსგავსი სირთულეები, არამედ ყველა მხრივ კარგ მდგომარეობაში ვართ. თუ ხმელეთით შემოგვიტევენ, ჩვენ ზღვაზე დავესხმით თავს. მათთვის პელოპონესის ნაწილის აოხრება ბევრად უფრო მტკივნეული იქნება, ვიდრე ჩვენთვის - მთელი ატიკისა. მათ ხომ სხვა მიწა არ აქვთ, ჩვენ კი ბევრი გვაქვს კუნძულებსა და ხმელეთზე. ამდენად მნიშვნელოვანია ზღვაზე ბატონობა. დაფიქრდით, კუნძულზე რომ ვცხოვრობდეთ, ვინ რას დაგვაკლებდა? ამიტომ უკვე ახლა უნდა წარმოვიდგინოთ მდგომარეობა, როდესაც ჩვენ მიწას და სახლებს დავტოვებთ და არ შევებმებით ბრძოლის ველზე პელოპონესელთა მრავალრიცხოვან ქვეით ჯარს. რომ გავიმარჯვოთ, ისევ იმდენი მტერი დაგვრჩება, ხოლო თუ დავმარცხდით, დაიღუპება ჩვენი კავშირი - ჩვენი ძლიერების საფუძველი. მოკავშირეები მაშინვე განგვიდგებიან, როგორც კი ძალა არ გვექნება მათ დასამორჩილებლად. ამიტომ სახლებსა და ყანებზე კი არ უნდა ვიფიქროთ, არამედ საკუთარ თავზე. მე რომ შემეძლოს, დაგარწმუნებდით, თავადვე მიგვეტოვებინა და გაგვეჩანაგებინა საკუთარი მიწა, რათა პელოპონესელთათვის გვეჩვენებინა, რომ ამით ვერ დაგვაჩოქებენ.

ბევრი რამ მაძლევს იმის იმედს, რომ გავიმარჯვებთ, თუ ახალ ომს არ წამოვიწყებთ და თავს ზედმეტ ხიფათში არ ჩავიგდებთ. მტრის გეგმებზე მეტად მე ჩვენი შეცდომებისა მეშინია. მაგრამ ამაზე მაშინ ვისაუბროთ, ომი რომ დაიწყება. ახლა კი ელჩები ასეთი პასუხით გავისტუმროთ: ჩვენ გავუხსნით მეგარელებს ჩვენს ნავსადგურებსა და ბაზრებს, თუ ლაკედემონელები აღარ შეგვავიწროვებენ ჩვენ და ჩვენს მოკავშირეებს (ეს ხომ სამშვიდობო ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული); ჩვენ ვცნობთ მოკავშირეთა დამოუკიდებლობას (რამდენადაც ისინი დამოუკიდებლები იყვნენ ხელშეკრულების დადებისას), თუ ლაკედემონელებიც ნებას მისცემენ მათ ქვეყნებს, ისეთი მმართველობა ჰქონდეთ, როგორიც თავად სურთ. ჩვენ მზად ვართ, დავემორჩილოთ საშუამავლო სასამართლოს გადაწყვეტილებებს, როგორც ეს ხელშეკრულებითაა განსაზღვრული - ომს არ დავიწყებთ, მაგრამ თავს თავიცავთ. ეს იქნება სამართლიანი და ღირსეული პასუხი. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ომი გარდაუვალია. რაც მეტი ხალისით მივიღებთ გამოწვევას, მით ნაკლები შემართებით შემოგვიტევს მტერი. გახსოვდეთ, სადაც დიდი ხიფათია, იქაა უდიდესი სახელი როგორც ქვეყნისათვის, ასევე ცალკეული მოქალაქისთვის. ჩვენმა წინაპრებმა მოიგერის მიდიელთა შემოსევა, თუმცა ომის დასაწყისში ჩვენზე სუსტები იყვნენ და სახლ-კარის დატოვებაც მოუხდათ. ბარბაროსების განდევნასა და ქვეყნის განდიდებას მათ სიბრძნესა და სულიერ სიმტკიცეს უფრო უნდა ვუმადლოდეთ, ვიდრე შემთხვევასა და უხეშ ძალას. ჩვენ მათი ღირსეული მემკვიდრეები უნდა ვიყოთ, წინ აღვუდგეთ მტერს და შთამომავლობას არანაკლებ დიადი და ძლევამოსილი ქვეყანა დავუტოვოთ“.

თუკიდიდე - „პელოპონესის ომის ისტორია“ (ისტორია)
ადაპტირებული თარგმანი - ლევან გორდეზიანისა 
„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2007 წ.