მიგელ დე უნამუნო - ბურუსის ამბავი
ეს ჩემი ნაწარმოები - ვითომ მარტო ჩემი? – 1914 წელს პირველად გამოსცა „ბიბლიოტეკა რენასიმენტომ“, ბოლოს რომ თაღლითობამ და თაღლითებმა დაღუპეს.
მგონი, მეორე, 1928 წლის გამოცემაც არსებობს, მაგრამ ამის შესახებ მხოლოდ ბიბლიოგრაფიული ცნობარიდან ვიცი, თავად თვალითაც არ მინახავს და არცაა გასაკვირი, რამეთუ იმჟამად ხელისუფლების სათავეში დიქტატურა იდგა, მე კი ანდაიში გახლდით გადასახლებული, რათა მისთვის ჯეროვანი პატივი არ მიმეგო. 1914 წელს რომ გამაძევეს, უფრო სწორად, სალამანკის უნივერსიტეტის რექტორის პოსტიდან რომ გადამაყენეს, ახალი ცხოვრება დავიწყე და დავიწყე მეორე მსოფლიო ომის ქარტეხილში, რომელმაც ჩვენი ესპანეთიც შეძრა, თუმცა კი ომში არ მონაწილეობდა. ომმა ესპანელები დაჰყო გერმანოფილებად და ანტიგერმანოფილებად ანდა, თუ გნებავთ, ანტანტოფილებად; და დაჰყო უფრო ტემპერამენტის მიხედვით, ვიდრე ომთან დაკავშირებული მიზეზების გამო. ამ დაყოფამ ზეგავლენა მოახდინა მთელი ჩვენი ისტორიის შემდგომ განვითარებაზე, ვიდრე ეგრედწოდებული 1931 წლის რევოლუციამდე, ბურბონთა მონარქიის თვითმკვლელობამდე. აი, სწორედ მაშინ შემომებურა გარს ბურუსი ჩვენი ესპანეთის ისტორიისა, ჩვენი ევროპისა და მთელი ჩვენი კაცობრიობისა.
1935 წელს, როცა „ბურუსის“ ხელახლა გამოცემის საშუალება მომეცა, კვლავ გადავხედე წიგნს და ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს თავიდან ვქმნიდი, თავიდან განვიცდიდი მას; დაე, გაცოცხლდეს წარსული, მასთან ერთად ხომ გაცოცხლდება და გარდაიქმნება მოგონებებიც; ახლა კი, ეს ჩემთვის სრულიად ახალი წიგნია და, დარწმუნებული ვარ, ჩემი მკითხველიც ახლებურად აღიქვამს, თუკი ინებებს და თავიდან გადაიკითხავს. დაე, კითხვის დროს მეც გამიხსენოს და ჩემი ნააზრევიც წაიკითხოს. ერთი წუთით ჩავფიქრდი, იქნება სულაც თავიდან დამეწერა და გადამესხვაფერებინა-მეთქი, მაგრამ მაშინ სულ სხვა წიგნი გამოვიდოდა... სულ სხვა? როცა ოცდაერთი წლის წინათ შექმნილი ჩემი აუგუსტო პერესი კვლავ სიზმარში გამომეცხადა, - მაშინ ორმოცდაათი წლისა გახლდით - უკვე კარგა ხნის მოკლული მყავდა და ისე ვინანე, რომ გადავწყვიტე, ჩემს გმირს უეჭველად მკვდრეთით აღვადგენდი; მაგრამ მან მკითხა, განა შესაძლებელია დონ კიხოტი მკვდრეთით აღდგესო? მე ვუპასუხე, შეუძლებელია - მეთქი და მან მითხრა: „მერე, ჩვენ ყველა, გამოგონილი არსებანიც ხომ ასეთსავე დღეში ვართ!“ მე ვკითხე: „თუ კვლავაც გიხილავ სიზმრად?“ მან მომიგო: „ერთსა და იმავე სიზმარს ორჯერ ვერ იხილავ; თუკი მაინც იხილავ და ის კაცი მე გეგონები, სულ ერთია, სხვა იქნება“.
„სხვა? რარიგად ამეკვიატა ის სხვა და ახლაც არ მასვენებს! ამისთვის საკმარისია, ნახოთ ჩემი ტრაგედია „სხვა“. ხოლო რაც შეეხება დონ კიხოტის მკვდრეთით აღდგენას, მჯერა, სერვანტესის გმირი სწორედ მე აღვადგინე და ვფიქრობ, ასევე აღადგენს ყველა, ვინც კი მას თვალსა და ყურს მიაპყრობს; მაგრამ, რასაკვირველია, მე მეცნიერებსა და სერვანტესოლოგებს როდი ვგულისხმობ. გმირის მკვდრეთით აღდგენა ქრისტიანთა შორის ტარსოსელი პავლეს მიერ ქრისტეს მკვდრეთით აღდგენას მაგონებს. ასეთი ეს ამბავი, თუ გნებავთ, ლეგენდა. ესაა სწორედ აღდგომა და სხვა არცა ეგების.
გამოგონილი არსებანი? რეალური არსებანი? გამონაგონის რეალობიდან ნასესხები არსებანი, რაიც არის გამონაგონი რეალობისა. ერთხელ, ჩემი შვილი პეპე, სულ პატარა ბიჭი რომ იყო, თოჯინას აფერადებდა და თან თავისთვის ბუტბუტებდა: „მე ნამდვილი ვარ, დახატული კი არა“, - ამას თავისი ჭკუით, თოჯინას ათქმევინებდა - ვუყურებდი მას და თითქოს კვლავ ჩემს ბავშვობას განვიცდიდი, ბავშვობას დავუბრუნდი და შიშმა ამიტანა. ეს იყო მოჩვენებების გამოცხადება. მერე, სულ ახლახან, ჩემმა შვილიშვილმა მიგელინომ მკითხა, ფელიქსი, აი, ის კატა, საბავშვო ზღაპრებში რომ წერენ, ნამდვილია, თუ არაო. როცა შეგონება დავუწყე, კატა ზღაპარია, გამოგონილია, სიზმარია - მეთქი, სიტყვა გამაწყვეტინა: „სიზმარი ხომ ნამდვილია!“ ესაა მთელი მეტაფიზიკა, ანდა, თუ გნებავთ, მეტაისტორია.
ერთხანს ისიც ვიფიქრე, ჩემი აუგუსტო პერესის ბიოგრაფიას განვაგრძობ, სხვა სამყაროში, სხვა ცხოვრებაში მისი ყოფის ამბავს მოვყვები - მეთქი. მაგრამ ეს სხვა სამყარო, სხვა ცხოვრება ხომ თვით ამ სამყაროსა და ცხოვრების შუაგულშია მოქცეული. ყოველ პერსონაჟს თავისი ბიოგრაფია აქვს და თავისი უნივერსალური ისტორია, სულ ერთია, გინდ ისტორიული პერსონაჟი იყოს, და გინდ ლიტერატურული ან გამოგონილი. ისიც კი ვიფიქრე, თვითონ აუგუსტო პერესს ვაიძულებ და ავტობიოგრაფიას დავაწერინებ - მეთქი, ჩემს დაწერილსაც გავასწორებინებ და იმასაც მოვაყოლინებ, თუ როგორ ნახა საკუთარი თავი სიზმარში. მაშინ ამ ამბავს ორი დასასრული ექნებოდა - პარალელური ტექსტებიც კი შეიძლებოდა მოგვეყვანა, რომ მკითხველს ის აერჩია, რომელიც მოესურვებოდა. მაგრამ ესეც კია, მკითხველი ამდენს არ მოითმენს, არც იმას გაპატიებს, საკუთარი სიზმრდიან გამოიყვანო და სიზმრის სიზმარში ჩააყვინთინო, შემზარავი ცნობიერების ცნობიერებაში, ამ მტანჯველ პრობლემებში გაახვიო. მკითხველს როდი სურს, რეალობის ილუზია წაართვა. მსმენია, ერთი სოფლელი ღვთისმეტყველი ქრისტეს ვენბათა ამბავს უყვებოდა სოფლელ ღვთისმოსავთ და, როცა ისნი გულამოსკვნით აქვითინდნენ, შესძახა: რა გატირებთ, ეს ხომ ლამის ცხრამეტი საუკუნის წინათ მოხდა და ვინ იცის, იქნებ სულაც არ მომხდარა ისე, როგორც მე მოგიყევითო... ზოგჯერ კი სჯობია, მსმენელს პირდაპირ ახალო: „სწორედ ასე მოხდა...“
ერთი ამბავიც მსმენია ვინმე ხუროთმოძღვარ-არქეოლოგის შესახებ, რომელმაც თურმე X საუკუნის ბაზილიკის დანგრევა და თავიდან აშენება დააპირა, რადგან, მისი ფიქრით, ისე არ იყო აშენებული, როგორც უნდა ყოფილიყო სინამდვილეში. თანაც იმ ეპოქის ნახაზების მიხედვით უნდოდა აეგო და, ირწმუნებოდა, ნახაზიც აღმოვაჩინეო: ერთი სიტყვით, X საუკუნის ხუროთმოძღვრის „პროექტს“ გულისხმობდა, პროექტს? ჩვენმა ხუროთმოძღვარმა, ეტყობა არ იცოდა, რომ X საუკუნეში ბაზილიკები თავისთავად წარმოიქმნებოდა, არავითარ ნახაზს არ ემორჩილებოდა და თვითონვე აძლევდა გეზს მშენებელს. სწორედ ასევე იქმნება რომანის, ეპოპეისა და დრამის ნახაზიც, მაგრამ შემდეგ, რომანი, ეპოპეა თუ დრამა აუჯანყდა თავის ავტორს, პერსონაჟებიც, რომლებიც თავისი საკუთარი ქმნილებანი ჰგონია მწერალს, გაიბრძოლებენ ხოლმე მის წინააღმდეგ. ასე აუჯანყდნენ იეჰოვას ჯერ ლუციფერი და სატანა, მერე კი ადამი და ევა. აი, რა არის ჭეშმარიტი რიმანი, ეპოპეა, ტრიგედია! ასე ამიჯანყდა მე აუგუსტო პერესიც. ჩემი „ბურუსი“ რომ გამოქვეყნდა, ეს ტრიგედია შეამჩნია კრიტიკოსმა ალეხანდრო პლანამ, ჩემმა კეთილმა კატალონელმა მეგობარმა, სხვები კი, თავიანთი გონებრივი სიზანტის გამო, მაინცდამაინც ამ ჩემს ეშმაკეულ გამოგონებას - რიმანს ჩააფრინდნენ.
ამ წიგნის რიმანად მონათვლის აზრი სინამდვილეში მე არც მომსვლია და ამას ტექსტშივე ვადასტურებ, - სრულიად სხვა, უვნებელი ეშმაკობისა და კრიტიკოსთა ინტრიგაში ჩაგდების მიზნით დაიბადა. ჩემი წიგნი ნამდვილი რომანია, ყველა სხვა, ჩვეულებრივი რომანის მსგავსი, მაგრამ რას უშლის, რომ რიმანი ერქვას, თუკი ჩვენთან „დარქმევა“ „ყოფნას“ უდრის! ვინა თქვა, რომანის ანდა ეპიკური პოემის ეპოქამ თავისი დრო მოჭამაო? სანამ გარდასულ საუკუნეთა რომანები ცოცხლობენ, რომანიც სულ იცოცხლებს და აღორძინდება, ეგ არის, ამბავი ხელახლა უნდა განიცადო სიზმრად.
სანამ აუგუსტო პერესი სიზმრად გამომეცხადებოდა და მისი რიმანის თაობაზე დავიწყებდი ოცნებას, სიზმრადვე განვიცადე კარლისტური ომები, რომლის მოწმე გახლდით ბავშვობაში და დავწერე ისტორიული რომანი „მშვიდობა ომის დროს“, ანუ უკეთ რომ ვთქვათ, ეს იყო ჟანრის აკადემიური წესების გათვალისწინებით დაწერილი რომანიზებული ისტორია; იმ ჟანრის წესებისა, რასაც რეალიზმს უწოდებენ. ათი წლის ასაკში განცდილს, ხელახლა განვიცდიდი ოცდაათი წლისა, როცა ამ რომანს ვწერდი. ეს განცდა ახლაც არ მტოვებს, დღევანდელი ისტორიის დინების პროცესში, ისტორიისა, რომელიც მიედინება ჩემს თვალწინ, მიედინება და მაინც რჩება. მერე სიზმარშივე ვნახე ჩემი არანაკლებ მტანჯველი ტრაგედია „სიყვარული და პედაგოგიკა“, - ყოველ შემთხვევაში ჩემთვის მაინც მტანჯველი იყო, - რომელიც 1902 წელს გამოქვეყნდა; როცა ეს ჩემი ტანჯვა ქაღალდზე გადამქონდა, სულ იმას ვფიქრობდი, მე გავთავისუფლდები და მკითხველს გადავულოცავ - მეთქი. „ბურუსში“ კვლავ გამოჩნდა ტრაგიკომიკური, ბურუსოვან-რიმანული დონ ავიტო კარასკალი, ვინც აუგუსტოს აუხსნა, ცხოვრებას მხოლოდ ცხოვრება გვასწავლის და სიზმრების ხილვასაც - მხოლოდ სიზმრებიო. მერე კიდევ, 1905 წელს გამოქვეყნდა „დონ კიხოტისა და სანჩოს ცხოვრება, მიგელ დე სევანეტს საავედრას წიგნის მიხედვით განმარტებული და კომენტირებული“, ესეც ასევე ხელახლა სიზმრად ნანახი, განცდილი და გარდასახული. ეგებ ჩემი დონ კიხოტი და სანჩო სერვანტესისას არა ჰგვანან? მერე რა? დონ კიხოტები და სანჩო პანსები მარადისობაში ცხოვრობენ, მარადისობა დროის მიღმა კი არაა, მის შუაგულშია, მარადისობა მთლიანად დროშია, დროის ყოველ წამშია გაბნეული, - ისინი მარტო სერვანტესს როდი ეკუთვნიან ანდა მე ანდა სხვას ვისმეს, ვინც კი სიზმრად იხილავს მათ; ეგ არის, თითოეული ჩვენთაგანი ხელახლა აცოცხლებს მათ. მე მაინც ვიტყოდი, რომ დონ კიხოტმა სწორედ მე გამანდო ის სანუკვარი საიდუმლოებანი, რაც სერვანტესს დაუმალა, მეტადრე ალდონსა ლორენსოსადმი თავისი სიყვარულის ამბავი. 1913 წელს, „ბურუსის“ გამოქვეყნებამდე, დაიბეჭდა ჩემი მოთხრობების წიგნი, რომელსაც ერთ-ერთი მოთხრობის მიხედვით, სათაურად „სიკვდილის სარკე“ ვუწოდე. „ბურუსის“ შემდეგ კი, 1917 წელს, გამოვაქვეყნე „აბელ სანჩესი: ერთი ვნების ამბავი“, ჩემს მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტთა შორის ყველაზე მტკივნეული, ისეთი მტკივნეული, თითქოს მთელი ჩვენი რასისთვის საერთო სენს, საშიშ სიმსივნეს დანა დავუსვიო. 1921 წელს გამოვეცი რომანი „დეიდა ტულა“, რომელმაც გერმანული, ჰოლანდიური და შვედური თარგმანების წყალობით ამ ბოლო დროს ფართო გამოხმაურება ჰპოვა ცენტრალური ევროპის მთელ ფროიდისტულ წრეებში. ბუენოს-აირესში დაიბეჭდა მომდევნო წიგნი, ავტობიოგრაფიული რომანი „როგორ იქმნება რომანი“, რომელმაც ჩემი კეთილი მეგობარი და ბრწყინვალე კრიტიკოსი ედუარდო გომეს დე ბაკერო, იგივე ანდრენიო თავისი მიხვედრილობის მიუხედავად, კინაღამ მახეში გააბა, რიმანისა არ იყოს, და განაცხადა: ვიფიქრე, რომანი პირდაპირ იმაზეა აგებული, თუ როგორ იქმნება რომანიო. ბოლოს 1933 წელს გამოქვეყნდა „წმინდა მანუელ სათნო, წამებული და სამი სხვა ამბავი“. თითოეული ეს ნაწარმოები ბურუსიან სიზმართა ნაყოფია.
ჩემი წიგნები თარგმნის ღირსად მიიჩნიეს და მგონი, თხუთმეტ ენაზე მაინც თარგმნეს ჩემს ჩაურევლად - გერმანულზე, ფრანგულზე, იტალიურზე, ინგლისურზე, ჰოლანდიურზე, შვედურზე, დანიურზე, რუსულზე, პოლონურზე, ჩეხურზე, უნგრულზე, რუმინულზე, ხორვატულზე, ბერძნულსა და ლატვიურზე. ამათგან, ყველაზე ხშირად, „ბურუსს“ თარგმნიდნენ. თავდაპირველად, 1921 წელს, რომანის გამოქვეყნებიდან შვიდი წლის შემდეგ, წიგნი იტალიურად თარგმნა კილბერტო ბეკარიმ და წინასიტყვაობა დაურთო ეციო ლევიმ; 1922 წელს უნგრულად თარგმნა გარადი ვიქტორიმ; 1926 წელს ფრანგულად გამოსცა „კოლექსიონ დე ლა რევიუ ეროპეენ“ და თარგმნა ნოემი ლარტმა; 1927 წელს გერმანულად თარგმნა ოტო ბუკმა და ფანტასტიკური დაარქვა; 1928 წელს შვედურად თარგმნა ალან ვუტმა და ინგლისურად (ტრაგიკომიკური რომანი) - უორენ ფაიტმა და გამოიცა ნიუ-იორკში; პოლონურად - დოქტორმა ედვარდ ბოიემ; 1929 წელს რუმინულად თარგმნა ლ.სებასტიანმა და ხორვატულად (ზაგრები) - ბოგდან რადიჩმა; და ბოლოს, 1935 წელს ლატვიურად (რიგა) თარგმნა კონსტანტინს რაუდივემ. ეს არის სულ ათი თარგმანი, ორით მეტი, ვიდრე „სამი სამოძღვრებო ნოველა და ერთი პროლოგი“, რომელშიც შედის აგრეთვე „ნამდვილი მამაკაცი“.
რატომ აქვს „ბურუსს“ ასეთი უპირატესობა? როგორ მოხდა, რომ სხვა ენებზე მოლაპარაკე ხალხმა ჩემი ნაწარმოებებიდან მაინცდამაინც ეს რომანი გამოარჩია, რომელსაც გერმანელმა მთარგმნელმა ოტო ბუკმა „ფანტასტიკური რომანი“ უწოდა, ხოლო ამერიკელმა უორნერ ფაიტმა - „ტრაგიკომიკური“? ეტყობა, ფანტაზიისა და ტრაგიკომიზმის გამო. არ შევმცდარვარ, როცა თავიდანვე ვივარაუდე, ეს ჩემი რიმანად წოდებული წიგნი ყველაზე დიდ აღიარებას მოიპოვებს მეთქი. არა „ცხოვრების ტრაგიკული გრძნობა“ (ექვსი თარგმანი), რომელიც მოითხოვს გარკვეულ ფილოსოფიურსა და თეოლოგიურ ცოდნას, თან ჩვენ რომ გვგონია, იმაზე გაცილებით მეტს, ამიტომაც გამაკვირვა ამ წიგნის პოპულარობამ ესპანეთში; არა „დონ კიხოტი და სანჩოს ცხოვრება“ (სამი თარგმანი), რამეთუ სერვანტესის კიხოტი ჩვენშიც კი არ არის საკმაოდ ცნობილი და პოპულარული, არათუ ესპანეთის ფარგლებს გარეთ; ასე ფიქრობენ ჩვენი თანამემამულე ლიტერატორები; მე კი გავთამამდები და წინასწარ განვაცხადებ, რომ სწორედ ჩემი „ბურუსის“ მსგავსი წიგნები შეუწყობენ ხელს მის ფართოდ და კარგად გაცნობას. სწორედ ეს წიგნი და არა სხვა რომელიმე. მისი ეროვნული ხასიათის გამო? მაგრამ გერმანულსა და ჩეხურ ენებზე ხომ ითარგმნა ჩემი „მშვიდობა ომის დროს?“ ეტყობა, მიზეზი მაინც ისაა, რომ ჩემი „ბურუსის“ ფანტაზია და ტრაგიკომიზმი უფრო მეტს ეუბნება ადამიანს, როგორც პიროვნებას, საერთოდ ადამიანს, რომელიც ყველა კლასზე, კასტასა და სოციალურ ფენაზე მაღლა დგას და ამავე დროს დაბლაც, ადამიანს, ღარიბი იქნება ის, თუ მდიდარი, მდაბიო თუ კეთილშობილი, პროლეტარი თუ ბურჟუა; ეს მშვენივრად უწყიან კულტურის ისტორიკოსებმა, იმათ, ვისაც სწავლულებს უწოდებენ.
ვეჭვობ, ამ პროლოგი-მეტალოგის დიდი ნაწილი, რომელიც შეიძლება თვითკრიტიკადაც კი მიიჩნიონ, სწორედ იმ დონმა შთამაგონა, - იგი უკვე ამ წოდებასაც იმსახურებს, - ვინც ბუნდოვან მოჩვენებასავით გამომეცხადა ბურუსში, დიახ, იმან, დონ ანტოლინ სანჩეს პაპარიგოპულოსმა, იმან, XXIII თავში რომა მყავს გამოყვანილი, თუმცა კი ვერ მოვახერხე ამ დაუვიწყარი, ღრმა მკვლევარის მკაცრი ტექნიკა პროლოგში მაინც გამომეყენებინა. ეჰჰ, ნეტავი შემძლებოდა, მის იდეებს მივყოლოდი და იმ ხალხის ამბებისათვის მომეკიდა ხელი., რომლებიც წერას აპირებდნენ და სისრულეში კი ვერ მოიყვანეს თავიანთი ჩანაფიქრი! ამ ჯურს, ამ ტიპს განეკუთვნებიან ჩვენი საუკეთესო მკითხველებიც, ჩვენი თანამშრომლები, თანაავტორები, უკეთესი იქნებოდა მეთქვა, ჩვენი თანაშემომქმედნი - მეთქი, რომლებიც რაიმე ამბავს წაიკითხავენ თუ არა, თუნდაც ჩემს რიმანს, - მაშინვე ამას იტყვიან: „მეც ხომ ასე ვფიქრობდი და უფრო ადრეც! აი, ამ გმირსაც ვიცნობდი! ზუსტად იგივე მეც მომსვლია აზრად!“ რამდენად განსხვავდებიან ისინი იმ გულდაჯერებულ უბირთაგან, რომლებიც თავს იმტვრევენ ეგრეთწოდებულ სიმარტლეს მიმსგავსებულ ამბებზე: ანდა იმათგან, ვისაც ჰგონია, ცხადად ვცხოვრობო, და კი არ იცის, ცხადად მარტო ის ცხოვრობს, ვინც მიხვდება-ვოცნებობო, ჭკუათმყოფელიც მხოლოდ ისაა, ვინც შეიგნებს თავის სიგიჟეს; „თუ სხვას არ უბნევ თავგზას, თავად აგებნევა ჭკუა-გონება“ - ეტყოდა ხოლმე პერესს ჩემი ნათესავი ვიქტორ გოტი.
სამყარო, სადაც ცხოვრობენ ჩემი პედრო ანტონიო და ხოსეფა იგნასია, დონ ავიტო კარასკალი და მარინა, აუგუსტო პერესი, ეუხენია დომინგო და როსარიტო, ალეხანდრო გომესი - „ნამდვილი მამაკაცი“ - და ხულია, ხოაკინ მონეგრო, აბელ სანჩესი და ელენა, დეიდა ტულა, მისი და, დის ქმარი და დისშვილები, წმინდა მანუელ სათნო და ანხელა კარბალინო - ეს ანგელოზი, დონ სანდალიო და ემეტერიო ალფონსო, სელედონიო იბანისი, რიკარდო და ლიდვინა, მთელი ეს სამყარო გაცილებით რეალურად მიმაჩნია. ვიდრე სამყარო კანოვასისა და საგასტასი, ალფონსო XIII-ისა, პრიმო დე რივერასი, გალდოსისა, პერედასი, მენენდეს ი პეაიოსი და სხვა დანარჩენთა, ვისაც ვიცნობდი და ახლაც ვიცნობ, ვისაც ვხვდებოდი წინათ და ვხვდები ახლაც; ჩემს სამყაროში მე საკუთარ თავს გამოვხატავ, თუკი საერთოდ გამოვხატავ და გამოვხატავ გაცილებით უკეთ, ვიდრე ამ, სხვათა სამყაროში.
ეს ორი სამყარო ეყრდნობა მეორე, სუბსტანციურ, მარადიულ სამყაროს, სადაც მე სიზმრად ვხედავ საკუთარ თავსაც და იმათაც, ვინც იყო - ბევრი დღემდე რჩება, - ხორცი ჩემი სულისა და სული ჩემი ხორცისა; სამყარო ცნობიერებისა სივრცისა და დროის მიღმა, სადაც ცხოვრობს ცნობიერება ჩემი ხორცისა, ვითარცა ტალღა ზღვაში. როცა აუგუსტო პერესს შეწყალებაზე უარი განვუცხადე, შემომეპასუხა,: „თქვენ არ გინდათ ჩემი „მე“ შემარჩინოთ, საშუალებას არ მაძლევთ გამოვიდე ბურუსიდან, ვიცხოვრო, ვიცხოვრო, ვიცხოვრო, გავიგონო, მოვისმინო, შევიგრძნო საკუთარი თავი, ვიტანჯო, ვიყო, ერთი სიტყვით, თქვენ ეს არ გინდათ! მაშასადამე, გამოგონილ არსებად უნდა მოვკვდე! კეთილი და პატიოსანი, ჩემო ძვირფასო შემქმნელო დონ მიგელ; თქვენც ხომ მოკვდებით, დიახ, კიდეც რომ არ გნებავდეთ, მაინც მოკვდებით; თქვენც მოკვდებით, თქვენც მოკვდებით და ისინიც, ვინც ჩემს ამბავს წაიკითხავს, ყველა, ყველა უკლებლივ დაიხოცებით! ჩემსავით გამოგონილი არსებებიც დაიხოცებიან, ჩემნაირები! დაიხოცებით ყველა, ყველა, ყველა!“ დიახ, სწორედ ასე მითხრა და აი, უკვე ოც წელზე მეტია გამუდმებით ჩამესმის ეს სიტყვები, ეს მუქარა, ძლივს გასაგონი ჩურჩული, ვითარცა ბიბლიური იეჰოვას ღაღადისა, წინასწარმეტყველური და აპოკალიფსური! ამ ხნის მანძილზე ვკვდებოდი მე და არა მარტო მე, იხოცებოდნენ და დაიხოცნენ ჩემი ახლობლები, ვინც კი ჩემი უკეთესობისთვის ზრუნავდა და უკეთსსაც მხედავდა სიზმრად, ცხოვრების სული წვეთ-წვეთად, ხან კი ნაკადად მიედინებოდა ჩემგან. ზოგიერთ ყეყეჩს ჰგონია, ჩემი საკუთარი მოკვდავობის გამო ვიტანჯები! საბრალო კაცუნები! არა, მე ვიტანჯები ყველა იმათ გამო, ვინც ვიხილე და კვლავაც ვიხილავ სიზმრად, იმათ გამო, ვინც მიხილა და კვლავაც მიხილავს სიზმრად, უკვდავება ხომ სიზმარივით ან ყველას ხვედრია, ან არავისი. არ მახსენდება არც ერთი წასული იმათგან, ვისაც ნამდვილად ვიცნობდი, - ნამდვილად ცნობა კი ლამის სიყვარულია, თუნდაც გეგონოს, რომ გძულს, - რომელსაც ჩემთვის ცალკე, ჩუმად არ ეთქვას: „ახლა შენ რა ხარ? რა დაემართა შენს ცნობიერებას? რა ვარ ახლა მე შენს ცნობიერებაში? რა დაემართა ჩემს ადრინდელ მე-ს!“ აი, რა არის ბურუსი, რიმანი, ლეგენდა, მარადიული ცხოვრება... და ეს არის სიტყვა ცხოველმყოფელი, სიზმრისმომგვრელი.
ლეოპარდის, ამ ტრაგიკულ მესიზმრეს, ერთი ნათელი ხილვა აქვს - „ველური მამლის სიმღერა“, იმ გიგანტური მამლისა, რომელზედაც ბიბლიის თარგუმი გვიყვება, იმ მამლისა, რომელიც მარადიულ ხილვაზე მღეროდა და მოკვდავთ მოუხმობდა, გაიღვიძეთო. სიმღერა ასე მთავრდება: „დადგება დრო და ჟამი აღსასრულისა, არარა დაშთება არცა ამა სამყაროსი და არცა ბუნებისა, და ვითარცა არარა შემორჩა ბრწყინვალე სამეფოთა და სამფლობელოთაგან ანთუ მათს დიდებულ საუკუნო საქმეთაგან, არცა რა დაშთება ქვეყნისაგან ამისა, არცა რამ ნიშანი მოვლენათა და ბედუკუღმართობათა, არცა უსულოთა და სულიერთა. მარტოოდენ დუმილი და ღრმა მყუდროება აღავსებს უკიდეგანო სივრცეს. საოცარი და შემზარავი იდუმალება ყოვლისა არსებულისა. აუხსნელი და გამოუცნობი, გაქრობა და აღიგვება პირისაგან მიწისა“.
მაგრამ არა, დარჩება მაინც სიმღერა ველური მამლისა და მასთან ერთად იეჰოვას ჩურჩული; დარჩება სიტყვა, რომელ იყო პირველ და იქნება დასასრულ, ქროლვა ქარისა და ჩვენთვის ბოძებული ძალი სულისა, რომ მოვბოჭოთ ბურუსი და სახეებად შევადედოთ იგი. აუგუსტო პერესი ჩვენ ყველას დაგვემუქრა, - ყველას, ვინც იყო და არის „მე“, ყველას, ვინც იყო საგანი ღმერთის სიზმრისა ან, უკეთ რომ ვთქვათ, სიზმარი მისი სიტყვისა, - ვითომ ჩვენ ყველა სიკვდილისეული ხორცი, ცნობიერების ხორცი არ კვდება. ამიტომაც მოგმართავთ თქვენ, ჩემი „ბურუსის“ მკითხველნო, ვინც კი იხილეთ სიზმრად ჩემი აუგუსტო პერესი და მისი სამყარო - ეს არის ბურუსი, ეს არის რიმანი, ლეგენდა, ისტორია, ეს არის თვით ცხოვრება მარადიული.
სალამანკა, თებერვალი, 1935 წელი