Monday, December 2, 2013

საიდუმლო მუზეუმი: ვან გოგის უცნობი ჩანახატების წიგნაკი

მხატვრობის გენიის ტკბილ-მწარე ჩანაწერები და აუხდენელი ოცნებები

1882 წელს, ვინსენტის მიერ ძმისადმი მიწერილ წერილში აღნიშნულია: „ჩემი ჩანახატების წიგნაკი აჩვენებს, რომ მოვლენათა დაფიქსირებას კონკრეტულ მომენტებში ვცდილობ“.

საბედნიეროდ, საკუთარ წიგნში - The Secret Museum, მოლი ოლდფილდმა ნათელი მოჰფინა იმ საგანძურს, რომელიც „ძალზედ ძვირფასია გამოსაფენად“.

ამსტერდამის ვან გოგის მუზეუმის არქივში ოლდფილდმა მხატვრის გადარჩენილი ჩანახატების შვიდი წიგნაკი აღმოაჩინა, მათ შორის მხოლოდ ოთხს ჰქონდა შერჩენილი ავთენტური გარეკანი. ადრეულ ჩანახატებში ყველაზე კარგად ჩანს ვინსენტის რელიგიური აღზრდა და ის, თუ როგორ გარდაქმნა მხატვარმა ეს სულიერი ძალა შემოქმედებაში. ოლდფილდი წერს:

„ღრმა რელიგიური ცხოვრებისთვის ვან გოგს ყველაფერი ჰქონდა, თუმცა, 26 წლის ასაკში მისმა რელიგიურმა ენთუზიაზმმა მხატვრობაში გადაინაცვლა. მან მხატვრობა გადაწყვიტა, რადგან გრძნობდა, რომ კაცობრიობისთვის „გარკველი სუვენირის“ დატოვება სურდა „იმ ფერწერის სახით,  რომელიც ამა თუ იმ სკოლის სწავლებას არ შეესაბამება, მაგრამ ჭეშმარიტად ადამიანურ განცდებს გამოხატავს“.
ვინსენტი საცხოვრებლად მშობლებთან,  პატარა ქალაქ ნუენენში გადავიდა და არჩეული ხელობის სწავლა დაიწყო.

ჩანახატების პირველ წიგნაკს სამეფო ლურჯი ფერის შიდა გარეკანი და უკანა მხარეს მოთავსებული პატარა „ჯიბე“ აქვს.  წიგნაკში შესრულებული პირველი ჩანახატი ნუენენის ეკლესიას ასახავს.
View of the Sea at Scheveningen by Vincent van Gogh, 1882
მოგვიანებით ვან გოგმა დახატა: „ზღვის ხედი შვენინგენთან“ და „კრება ტოვებს რეფორმატორულ ეკლესიას ნუენენში“.

აღსანიშნავია, რომ ორივე ნამუშევარი ერთ დროს ამსტერდამის მუზეუმში ეკიდა, თუმცა 2002 წელს მომხდარი ძარცვის შემდეგ მათი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია. ვინსენტის მიერ ფანქრით შესრულებული ესკიზები ამ შედევრებზე შემორჩენილი ერთადერთი მტკიცებულებაა.  
Congregation Leaving the Reformed Church at Nuenen by Vincent van Gogh, 1884
წიგნაკის დარჩენილ ფურცლებზე ნუენენის მიდამოები და ადგილობრივთა ცხოვრების ეპიზოდებია ასახული.
მეორე წიგნაკში, რომელსაც შავი გარეკანი აქვს, ნუენენის შთაბეჭდილებებია აღბეჭდილი, რაც ანტვერპენის ჩანახატებით გრძელდება. ვინსენტი ანტვერპენში 1885 წლის ნოემბერში გადავიდა საცხოვრებლად.

სწორედ ამ ქალაქში გაიტაცა ვან გოგი იაპონურმა გრავიურებმა. სულ მალე, მხატვარი, რომელსაც თავი ძირითადად პურით, ყავითა და აბსენტით გაჰქონდა, ავად გახდა და პარიზში, საკუთარ ძმასთან გადავიდა საცხოვრებლად. სწორედ აქ დაიწყო ვინსენტმა მესამე წიგნაკში ჩანახატების გაკეთება, რომელშიც პარიზელებს, მუზეუმებში გამოფენილ სკულპტურებსა და შიშველ მოდელებს ხატავდა. ოლდფილდს უკვირს:

„ფანქრით შესრულებულ ერთ ესკიზში მე ამოვიცანი წისქვილი მონმარტრზე, ამავე დროს ეს იყო სოფლის მიდამო, რაც მის მრავალ ნახატში ჩნდება. ამავდროულად, ამ წიგნაკშია ყვავილების მისეული ესკიზები, თეო ვან გოგის სარეცხის სია და თეოსადმი გაგზავნილი ცარცით შესრულებული წერილი. წიგნაკიდან ამოხეულია ერთი ფურცელი, რომელიც ვისენტმა თეოსათვის იმ წერილის დასაწერად გამოიყენა, რითაც ქალაქში მის ჩასვლას ატყობინებდა“.

1888 წელს ვინსენტმა პარიზი დატოვა და საფრანგეთის სამხრეთში, არლში დამკვიდრდა. აქ მან გაიცნო ცამეტი წლის გოგნა, სახელად - ჟანა კალმანი, რომელიც ბიძამისის მაღაზიაში მუშაობდა - ვან გოგი აქ ფერად ფანქრებს ყიდულობდა. „ჭუჭყიანი, ცუდად ჩაცმული და უსიამოვნო“, - ასე აღწერა ჟანამ მხატვარი.  (საინტერესოა, რომ ჟანამ მხატვრის გარდაცვალებიდან საუკუნეზე მეტი იცოცხლა და 1997 წელს, 122 წლის ასაკში გარდაიცვალა).
მარტოობით შეწუხებულმა ვან გოგმა არლში მხატვართა კოლონიის დაარსება გადაწყვიტა. ვინსენტს პოლ გოგენი შეუერთდა. ორი მხატვარი განთქმულ ყვითელ სახლში ცხოვრობდა, სადაც გოგენის ოთახს „მზესუმზირები“ ამშვენებდა.

ვან გოგის საკულტო - მზესუმზირების სერიის მონახაზი მხოლოდ მხატვრის უკანასკნელ წიგნაკშია ჩახატული. ოლდფილდი წუხს:

„არასდროს გაუყიდია რა საკუთარი ნამუშევარი, მზესუმზირის ჩანახატების კეთებისას ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ამ სერიას პლანეტის მასშტაბით აღიარებდნენ“.
Van Gogh's sunflower sketches from the final sketchbook
ვან გოგის მხატვრული ოცნება სულ მალე კოშმარად იქცა. არლის მოსახლეობამ „გაგიჟებული“ მხატვრის ყვითელი სახლიდან გასახლება მოითხოვა. ვინსენტი სამკურნალოდ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადავიდა, სადაც ხატვა განაგრძო. 1890 წლის მაისში მან კლინიკა დატოვა და ოვერ-სიურ-უაზის კომუნაში, საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთით გადაინაცვლა, რათა ძმასთან და მკურნალ ექიმთან  ახლოს ყოფილიყო. ორი თვის შემდეგ, მან თავი მოიკლა და დატოვა ჩანახატების ბოლო წიგნაკი,  უიღბლო აჩრდილი მისი აუხდენელი ოცნებებისა. ოლდფილდი აღნიშნავს:

„უკანასკნელ წიგნაკში მზესუმზირების ორი ჩანახატია. ერთ მათგანზე ვაზაში 16, მეორეში კი 12 მზესუმზირაა მოთავსებული. ჩანახატები ემთხვევა ვან გოგის მუზეუმში განთავსებულ ორ ტილოს, რომლებზეც ვაზაში ამავე რაოდენობის ყვავილებია მოთავსებული. ხატვისას ის ალბათ ბედნიერ დროს იხსენებდა.
[…]
საინტერესოა, მოიკლავდა თუ არა ვინსენტი თავს, თუკი ეცოდინებოდა, რა ბედი ეწეოდა მის ფერწერას?! თავს თუ არ მოიკლავდა, როგორ ნახატებს შექმნიდა ნეტავ იგი?“

ავტორი - Maria Popova