ძველი ბერძნული ხალხური პოეზია

აღამაღლეთ, აღამაღლეთ
დაუცალეთ ღვთაებას ზეცა,
ღმერთმა ისურვა
წარმოგვიდგეს მთელი დიდებით
და მზვაობარმა
შუა ზეცად გადაიაროს.

***

მოდი, მაღალო დიონისე,
ალეას ტაძრად,
წმინდა ტაძრად მოდი, ქარიტთა დასით,
მოდი, ბორგნეულო,
ხარის ფეხებით,
ხარო, მეუფეო,
ხარო, მეუფეო.

***

სად არის ვარდები,
სად არის იები,
სად არის ჩემი ნათელი მთვარე?
აი, ვარდები,
აი, იები,
და აი, შენი ნათელი მთვარეც.

***

რა დაითმინე? ო, ნუ გამთქვამ, გემუდარები,
ადექი, ვიდრე მოვიდოდეს, გაუჩინარდი,
დღე ახლოვდება, გახედე სარკმელს, ხომ არ ინათა?

***

შემოფრინდა მერცხალი
ნათელი დღის ხარებით,
გაზაფხულის ხარებით,
მუცელთეთრი, ზურგშავი.
სავსე კერის მიართვით
ხილი, ღვინო ფიალით,
მხოლოდ ხორბალს, მუხუდოს
არ მიიღებს მერცხალი.
კეთილი ნებით მოგვცემ თუ წაგართვათ,
გაიღე წყალობა, თორემ დაისჯები:
კარს ჩამოვიღებთ, ან კარების ბჭეს,
სულაც დიასახლისს მოგტაცებთ, მიმალულს,
ტანად პატარაა, იოლად წავიყვანთ.
თუკი გვიმასპინძლებ, იყავი გულუხვი.
გაუღეთ, გაუღეთ კარები მერცხალს,
მოხუცნი კი არა, ბავშვები მოგივალთ.

"ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"