ჩარლზ ბუკოვსკი - მაკულატურა

„მაკულატურა“ ამერიკელი მწერლის, ჩარლზ ბუკოვსკის, უკანასკნელი ნაწარმოებია და 1994 წელს, მწერლის გარდაცვალებამდე ორიოდე თვით ადრე გამოიცა.

ჩემთვის ფეხებიდან იწყება ყველაფერი. აბა როგორ, დაბადებისას ხომ ჯერ ფეხები დავინახე. ოღონდ მაშინ გამოძვრენას ვცდილობდი. მას მერეა, სულ პირიქით ვცდილობ, მაგრამ დიდი წარმატებით-მეთქი, ვერ დავიკვეხნი.

ქალბატონი სიკვდილი ადგა და გავიდა. ჩემს სიცოცხლეში მაგისაზე მაგარი უკანალი არ მინახავს. აი, რანაირად უნდა აგიწეროთ, ვერაფრით მოვახერხებ. ახლა თავი დამანებეთ, ამ უკანალზე უნდა ვიფიქრო.

იმის თქმა მინდა, ნებისმიერი ვინმე შეიძლება ვიყო - რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ვიქნები ან რა მერქმევა, თორე კი.

ძალიან ნიჭიერი ვიყავი, ვიყავი რა, ვარ. ხანდახან საკუთარ ხელებს რომ დავხედავდი, ვხვდებოდი, შემიძლია, დიდი პიანისტი ან რამე ეგეთი გამოვიდე-მეთქი. არადა, რაზე ცდებოდნენ ეს ხელები? ყვერებს მფხანდნენ, ჩეკებს წერდნენ, თასმებს მიკრავდნენ, ტუალეტს რეცხავდნენ და ა.შ. და ა.შ. მეც ვიბანდი ხელებს, ტვინსაც ვირეცხავდი.

დარდი შემომაწვა. ვინც დავბადებულვართ, სიკვდილი არც ერთს არ აგვცდება. ნეტა რას უნდა ნიშნავდეს ეს? რას ნიშნავს და დაბოდიალებ წინ და უკან და ელოდები... იმ მთავარ „მატარებელს“ ელოდები რა. ზიხარ ვეგასის სასტუმროს ნომერში აგვისტოს ერთ ცხელ საღამოს და დიდ ძუძუებს ელოდები. ელოდები, როდის ავა ვირი ხეზე. და დაბოდიალებ წინ და უკან.

კაცი თვითონ რომ მოიწყობ ჯოჯოხეთს, ტყუილია, ისეთს სხვა ვერ გიზამს.

ნეტა ვის რა ჯანდაბად უნდა 102 წელი ცხოვრება? სულელის მეტს ვის მოუნდება?

უიარაღო მაძებარი პრეზერვატივიან კატას ჰგავს ან უისრებო საათს კიდევ.

სიგიჟე პირობითი რამეა. ვინ არის ნორმალური საერთოდ?

ამის დედა ვატირე, კაცი იბადები და ყოველი გოჯისთვის უნდა იომო, ყველა წაღლეტაზეა. ამდენს იბრძვი, იბრძვი და მაინც უნდა მოკვდე ბოლოს. ბევრი ვიფიქრე ამაზე, ვფიქრობდი და ვფიქრობდი. მერე გადავწექი სავარძელში, მაგრად მოვქაჩე, გავაბოლე და ლამის იდეალური რგოლიც გამოვუშვი.

სექსი - მახეა, ხაფანგია. მხოლოდ ცხოველებისთვის.

ხანდახან შემეცოდებოდა ხოლმე ჩემივე ღვიძლი, მაგრამ რად გინდა, თავის დღეში ხმა არ ამოუღია, არ უთქვამს: მორჩი, ნუ მკლავ, თორე თან წაგიყოლებო. მაგრამ ღვიძლს რომ ლაპარაკი შეეძლოს, ანონიმ ალკოჰოლიკთა კლუბები ვის რაღაში დასჭირდებოდა.

ცხოვრება ისეთი რამეა, ჯანს გაცლის, სახეს გაძრობს. მაგრამ არა უშავს, ხვალ უკეთესი დღე დადგება.

ჩვენ, ყველანი, ცოტად თუ ბევრად ვიღაცას ვგავართ.

კაცი ერთხელ ცხოვრობ ამ ქვეყანაზე, ეგრე არ არი? ჰო, ლაზარეს ამბავი არ ითვლება. საცოდავი, ორჯერ უნდა მომკვდარიყო.

ჩვენ ხომ ყველანი სიღატაკეში ვკვდებით და უმრავლესობა სიცოცხლეშიც სიღატაკეში ვცხოვრობთ.

სულ რაღაცა გაწუხებს რა კაცს, სულ შფოთავ, ერთი წუთი ვერ მოისვენებ, რომ გინდოდეს.

ხანდახან ისეთი დღე გამოერევა, შანსი არ გაქ.

გავიგონე, როგორ ისროლეს გარეთ და მივხვდი, რომ სამყაროში ისევ ყველაფერი თავის ადგილზე იყო.

- მითვალთვალებ შე დედამოტყნულო?
- მეც ზუსტად მაგის კითხვა მინდოდა.

დამკრძალავ ბიუროში გავიარე, „ვერცხლისფერ ნავსადგურში“, უნდა შემომეწმებინა რაღაც-რაღაცეები. მაგარი ბიზნესია ძაან, ყველა სეზონზე მუშაობს.

ესენი ვინ არიან, იცით, ეს ნაბიჭვრები, წინასწარ რომ ყიდულობენ კუბოებს? კვირაში ექვსჯერ რომ ანძრევენ, ისინი არიან.

ვიცდიდით და ვიცდიდით გაუთავებლად. ყველანი ერთად ვიცდიდით. კი მაგრამ, არ იცოდა ამ ექიმმა, რომ მოლოდინი აგიჟებს ზუსტად ხალხს? ადამიანები ხომ მთელი ცხოვრება იცდიან. ჯერ ახალი ცხოვრების დაწყებას უცდიან, მერე სიკვდილს უცდიან. რიგებში იცდიან, ხან - ტუალეტის ქაღალდის საყიდლად, ხან - ფულის ასაღებად. თუ ფული არ აქვთ, უფრო დიდ რიგებში უწევთ დგომა და უფრო მეტს იცდიან. ჰოდა, უცდი ასე, როდის დაგეძინება, როდის გაეყრები ცოლს, უცდი, როდის გაწვიმდება, როდის გადაიღებს, როდის შეჭამ ერთხელ და მერე მეორედ როდის შეჭამ. ბოლოს ზიხარ ფსიქიატრის მისაღებში გადარეულებთან ერთად, იცდი და იმას ფიქრობ, ნეტა მეც ამათნაირი ვარ თუ არაო.

ზუსტად გაჭირვება და ტკივილი აძლიერებს ადამიანს, ან სხვაგვარად, სურვილი, გაჭირვებას და ტკივილს თავი დააღწიოს - ის აძლიერებს. მთელ დღეს მოითხოვს ეს საქმე და ზოგჯერ ძილშიც ვერ ისვენებს კაცი.

ზოგჯერ რაღაცეები, რასაც ხედავ, ზუსტად იმას ნიშნავს და არ არი საჭირო წინ და უკან ტრიალი.

ყველა ერთ დახვრეტილ ნავში ვსხედვართ და თავს ვირთობთ.

- ადამიანები ოცნებებით იკვებებიან.
- იკვებონ, მერე რაა ამაში ცუდი?
- წავიდა ოცნებების დრო.
- ჯანდაბის იქით წასულა.

ჩვენი ყოფიერება მარტო უაზრობა კი არ არი, თან უმძიმესი შრომაცაა. აბა გამოთვალე, ცხოვრებაში ტრუსიკი რამდენჯერ გამოგიცვლია. რა საზიზღარი, თავზარდამცემი და სულელურია ეს ყველაფერი.

რა ეხმარებათ დაბრკოლებების გადალახვაში? - სიჯიუტე და იღბალი. თუ ბოლომდე მიაწვები, იღბალიც მოვა, სად წავა. უმრავლესობა ვერ უძლებს ამ მოლოდინს, ჰოდა, ხელმოცარულებიც რჩებიან.

ქუჩაში ყოფნა ჯობდა. გავისეირნე ცოტა. მეთქი, დავითვლი, რამდენი სულელი შემხვდება. ორმოცდაათი დავთვალე ორწუთ-ნახევარში.

კაცობრიობის უდიდესი ნაწილი გადარეულია, მგონი. და გადარეული ვინც არის, ის გაბრაზებულია. ვინც არც გადარეულია და არც გაბრაზებული, დებილია უბრალოდ. მოკლედ, შანსი არ მქონდა. არც არჩევანი, უნდა მოიკრიბო კაცმა ძალა და ელოდო აღსასრულს.

ორი ქალი ორჯერ მეტ თავსატეხს ნიშნავს.

- ვიფიქრეთ, ვიფიქრეთ და, საშინელებაა აქაურობა. აღარ გვინდა ამ თქვენი დედამიწის დაპყრობა.
- რა არ მოგეწონათ, ჯინი?
- მთლიანად დედამიწა. ნისლი, მკვლელები, მოწამლული ჰაერი, მოწამლული წყალი, მოწამლული საკვები, სულ სიძულვილი, უიმედობა, ყველაფერი ერთად. მარტო ცხოველები მოგვეწონა და იმათაც ხოცავენ, მალე შინაური კატებისა და დოღის ცხენების გარდა არც დარჩება, ალბათ, აღარც ერთი. ძალიან სამწუხარო ამბავია, დარწმუნებული ვარ, შენც ამიტომ სვამ ამდენს.
- მართალი ხარ, ჯინი. ატომური იარაღი დაგავიწყდა.
- ჰო, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ძალით იღუპავთ თავს.
- სწორია, შეიძლება ორ დღეში მოგვეღოს ბოლო და შეიძლება მთელი ათასი წელიც გავძლოთ. რა იქნება, თავადაც არ ვიცით, ადამიანთა უმრავლესობამ ამიტომაც ჩაიქნია ყველაფერზე ხელი.

კაცმა რომ თქვას, რაც ჩემი გასაკეთებელი იყო ცხოვრებაში, იქიდან ბევრი რამე გავაკეთე. ღამღამობით ქუჩაში არ მეძინა. რასაკვირველია, ქუჩაშიც ბევრ წესიერ ადამიანს სძინავს. ასეთები სულელები არიანო, ვერც იტყვი, უბრალოდ, ეპოქის მთავარი მექანიზმს ვერ გაუგეს ვერაფერი. არადა, ეს მექანიზმიც გამუდმებით იცვლება. საძაგელი ამბავია, მოკლედ, თუ კაცს საკუთარ საწოლში გძინავს, ეს უკვე დიდი გამარჯვებაა. მართალია, დროდადრო მიმართლებდა კიდეც, მაგრამ, ამასთან, საქციელსაც ხშირად ვატანდი ჭკუას. თუმცა, ვინც რაც უნდა თქვას, სამყარო მაინც საშინელი რამაა და მეც ხშირად შემცოდებია ადამიანები. ჯანდაბამდე გზაც ჰქონია ყველაფერს. არაყი დავისხი და გადავკარი. ხშირად სიცოცხლის საუკეთესო წუთები მაშინ გიდგას, როცა არაფერს აკეთებ, ფიქრობ უბრალოდ, იცოხნები რა. იმის თქმა მინდა, ვთქვათ, გადაწყვიტე კაცმა, ცხოვრება უაზრობააო, მაშინ მთლად უაზრობა აღარ გამოდის, უაზრობის შენმიერი შეცნობა ლამის ყველაფერს თავად აძლევს აზრს. ხვდებით, რასაც ვამბობ? ეს არის ოპტიმისტური პესიმიზმი.

არავითარი „იქნებ“ არ ინდობა, როცა რევოლვერთან და სიყვარულთან გაქვს საქმე.

უსიამოვნოდ ცრიდა. ღმერთი ფისებს შვრება-მეთქი, გავიფიქრე. ბავშვობაში ვამბობდით ხოლმე ასე, წვიმა რომ დაიწყებოდა.

სკოჩი ის სასმელი არაა, პირველ ჯერზე მოგეწონოს, მაგრამ ცოტას მიეჩვევი თუ არა, თავის ჯადოსნურ ძალას შენზეც გამოცდის. მასში ის სითბო ვიპოვე, რაც ჩვეულებრივი ვისკისგან არასდროს მიგრძნია.

ტელევიზორი არ ჩამირთავს, დაკვირვებული ვარ, ამ ნაბიჭვარმა კარგად იცის, როგორ გაგიფუჭოს ისედაც ჩაოხრებული ხასიათი. ერთი უსახური ტიპი ენაცვლება მეორეს და ასე გაუთავებლად. იდიოტების უსასრულო აღლუმია და მეტი არაფერი, ოღონდ ზოგი უცნობია იქიდან და ზოგიც ცნობილი. კომიკოსები სულ უხეიროდ ხუმრობენ მანდ, დრამა ყოველთვის მეორეხარისხოვანია.

ქვეყანა სავსეა ჩემისთანა ბებერი ვირებით, რომ სხედან, წვიმას უსმენენ და ფიქრობენ, ნეტა საით მიდის ყველაფერიო. სიბერე რომ მოგიკაკუნებს კაცს, ჯდები და იწყებ ფიქრს, საით მიდისო.

დიდი წარმატებით მაინცდამაინც ვერ დავიკვეხნიდი, ვერც მე და ვერც დანარჩენი კაცობრიობა. ჩვენ ხომ უბრალოდ სიკვდილის მოლოდინში დავყიალობთ აქეთ-იქით და პატარ-პატარა საქმეების კეთებით გაგვყავს დრო. ზოგიერთი ამ პატარ-პატარა საქმეებსაც არ ვაკეთებთ. ნამდვილი ბოსტნეულები ვართ. მეც მათ შორის.

წყეული, მოსაწყენი ადამიანები. სავსეა დედამიწა ასეთებით. თან სულ თავისნაირებს ამრავლებენ.

მერე ბარტყებმა როგორც იციან, ზუსტად ისეთი ხმა გამოსცა: „წიპ, წიპ“. და როგორღაც უცებ კარგ ხასიათზე დავდექი. ჩემს გახარებას რა უნდა, თქვენ დანარჩენი კაცობრიობისა თქვით თორე.



ინგლისურიდან თარგმნა ზაალ ჩხეიძემ
გამომცემლობა „პალიტრა L”, 2014წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში