ჩარლზ ბუკოვსკი - ქალები

მწერლობას ვცდილობდი. ჩემს პირველ რომანს ვწერდი და შიშისგან ყოველ ღამე ერთ პინტაზე (ნახევარი ლიტრი) მეტ ვისკისა და ექვს ბოთლ ლუდს ვყლურწავდი. ამდენი ცხოვრებაში არ მისვამს. გარიჟრაჟამდე იაფ სიგარებს ვეწეოდი, საბეჭდ მანქანას ვატკაცუნებდი და რადიოში კლასიკურ მუსიკას ვუსმენდი. ღამეში ათი გვერდის დაწერა მქონდა დასახული, მაგრამ დილამდე ვერ ვიგებდი რამდენი გამომდიოდა, დილას კი ჯერ გულს ავირევდი, მერე წინოთახში ვბრუნდებოდი და ტახტზე დაყრილ ფურცლებს ვითვლიდი. როგორც წესი, ათ გვერდზე მეტი მხვდებოდა. ზოგჯერ ჩვიდმეტიც, თვრამეტი, ოცდასამი, ან ოცდახუთი. რასაკვირველია, ყოველი ღამის ნამუშევარი გასასწორებელი და გასაწმენდი იყო, ან სულაც გადასაყრელი. ჩემი პირველი რომანის დაწერაზე ოცდაერთი ღამე დამჭირდა. 

როგორც წესი, წერას საღამოს შვიდის თვრამეტ წუთამდე არ ვიწყებდი. ეს სიმბოლური დრო, ჩემს ყოფილ საფოსტო ტერმინალში ცვლის დამთავრებას ნიშნავდა.

წერას დაბნელებამდე არ ვიწყებ. დღის საათებში არაფერი გამომდის.

მაინც ჩავაღწიე ქვევით და ლოკვა დავიწყე. ლიდიას დახატული სურათი ზუსტი აღმოჩნდა; ყველაფერი თავის ადგილას დამხვდა. ლიდიას სუნთქვა დაუმძიმდა. ამან კიდევ უფრო აღმაგზნო და კარგად ამიდგა. მერე კლიტორიც გამოჩნდა, ოღონდ ვარდისფერი კი არ იყო, არამედ, ღაჟღაჟა წითელი. ენით ვეთამაშებოდი. ლიდია ხვნეშოდა და კვნესოდა. მერე ვიღაცამ მისი შემოსასვლელი კარი გააღო და დახურა. ნაბიჯების ხმა მომესმა. თავი ავწიე და დავინახე, რომ ჩვენს ლოგინთან ხუთიოდე წლის შავკანიანი ბიჭი იდგა.
- აქ რა ჯანდაბა გინდა? - შევეკითხე.
- ცარიელი ბოთლები ხომ არ გაქვთ? - მკითხა ბავშვმა.
- არა, არ გვაქვს ცარიელი ბოთლები, - ვუპასუხე.
 ბიჭუნა საძინებლიდან წინა ოთახში გავიდა, მერე კი წინკარით სახლი დატოვა.

კიდევ ის მომეწონა, - მითხრა ლიდიამ, რომ ჭუჭყიანი ბინა გქონდა და მთელი იატაკი ლუდის ბოთლებით იყო სავსე. სადაც არ გავიხედავდი, ყველგან რაღაც ნაგავი ეყარა. გაურეცხავი ჭურჭელი და უნიტაზის რგოლი, ტურტლიანი აბაზანა, ნიჟარაში ძველი ჟანგიანი სამართებლები, ვიცოდი, რომ ამდენი ჭუჭყის პატრონი, საშოზე ცხვირს არ აიბზიკავდი.

გამოჩენილი ხალხი, ყველაზე მარტოხელა ხალხია დედამიწაზე.

აუდიტორიას ისიც ვუთხარი, რომ როცა კარგ ხასიათზე ვარ, თეფშს საჭმლის შეჭმისთანავე ვრეცხავ.

მის პირზე ჩემი ტუჩების მიდება მომინდა. ქალს მოკლე კაბა ეცვა, ხოლო მისი ტრუსებიდან მშვენიერი ფეხები გამოჩრილიყო, რომლებსაც ის ხან ერთ მხარეს გადააჯვარედინებდა, ხან მეორე მხარეს, თან სვამდა, იცინოდა, და თავის ურც კაბას დროდადრო ქვევით ქაჩავდა. გვერდით მივუჯექი და ვუთხარი: - მე ვარ.
- ვიცი ვინცა ხარ. შენი პოეზიის საღამოზე ვიყავი.
- გმადლობ. სიამოვნებით შევჭამდი შენს ფისოს. ბოლო დროს საკმაოდ კარგად გამომდის. ჭკუიდან გადაგიყვან.
- ალენ გინსბერგზე რა აზრის ხარ?
- მოიცა ახლა, თემიდან ნუ უხვევ. შენი ტუჩების დაგემოვნება მინდა, შენი ფეხებისა და ტრაკის.
- კარგი, მომიგო მან.
- მაშინ დაბლა დაგელოდები, ჩემს საძინებელში.

ქერათმიანი გოგო მმოვიდა, უჩარჩო სათვალითა და პირზე ღიმილით. ცხრამეტი წლის იქნებოდა. ასევე მომღიმარმა მომახალა პირში: - შენი გაჟიმვა მინდა, რაღაცნაირი სახე გაქვს.
- როგორი?
- არაჩვეულებრივი. მინდა, რომ ჩემი ფუჩუთი სახე მოგისპო.
- შეიძლება პირიქითაც მოხდეს.
- ეჭვი მეპარება.
- მართალი ხარ. ფუჩუების მოსპობა შეუძლებელია.

ვიწექი და ბოთლის ნამსხვრევებს ვუყურებდი, ჩემგან სულ ერთ ნაბიჯში რომ მოპნეულიყო. ბოთლის ძირის ნარჩენში ერთი ბეწო ვისკი ესხა. ხელით გადავწვდი და პირთან მივიტანე. სანამ ვისკის ნარჩენს ვსვამდი, შუშის წაგრძელებულმა ნატეხებმა კინაღამ თვალი ამომთხარა. მერე ავდექი და სახლში შევედი. საშინლად მწყუროდა. ძველ ლუდის ბოთლებს დავუარე ძირზე დარჩენილი სითხის მოსაყლურწად. ერთგან პირი სიგარეტის ფერფლით გამევსო, რადგან ზოგჯერ ბოთლებს საფერფლედ ვიყენებდი.

რა კარგია, როცა იცი ვისთან წახვიდე, როცა დაგენძრევა. შორეული წასრული მომაგონდა, როდესაც წასასვლელი არსად მქონდა, როგორი დარხეულიც არ უნდა მქონოდა. შეიძლება იმ დროს ეგ უფრო მომიხდა. მაგრამ ახლა მე აღარ მაინტერესებდა, რა მიხდებოდა და რა მავნებდა. მე ის მაინტერესებდა, თუ როგორ ვგრძნობდი თავს და როგორ არ დამეშვა ცუდ ხასიათზე ყოფნა, როცა საქმე ისე არ მიდიოდა, როგორც მე მქონდა წარმოდგენილი. ის, თუ რა უნდა მექნა, თავი ისევ კარგად რომ მეგრძნო.

ნიუ იორკი არ მიყვარდა. არც ჰოლივუდი. არც როკ-მუსიკა. საერთოდ არაფერი. შეიძლება უბრალოდ მეშინოდა. ალბათ ასეც იყო. მინდოდა ფარდაჩამოფარებულ ოთახში ვმჯდარიყავი. ეგ იყო ჩეი დროსტარება. აი, ასეთი ახირებული კაცი ვიყავი. დარტყმული.

რაც ერთს ემართება, სხვებსაც გვემართება. და რომ თითოეულის ცხოვრება არც ისე განსხვავდება სხვისი ცხოვრებისგან - როგორც არ უნდა გვეგონოს, რომ განსხვავებულია.

ტკივილი უცნაური რამეა. კატა, რომელიც ჩიტს კლავს, ავტოკატასტროფა, ხანძარი... ბახ, და საიდანღაც ტკივილი დაგეცემა, ზედ გაზის და არ გიშვებს. ვერსად წაუხვალ, ხოლო გარეშე პირთათვის, სასაცილო ხდები. გეგონება უცბად იდიოტად იქეცი. ტკივილის წამალი არ არსებობს, თუ ისეთ ვინმეს არ იცნობ, რომელსაც ესმის, თუ როგორ გრძნობ თავს და იცის, რით შეუძლია შენი შველა.

მწერლისთვის ყველაზე მავნე რამე ის არის, როცა მეორე მწერალს იცნობს, იმაზე უარესი კი, როცა რამდენიმე მწერალს იცნობს. მაშინი ისინი ბუზებს ემსგავსებიან, რომლებიც ერთსა და იმავე განავალს შესევიან.

უხეშობას შიში მაიძულებს.

ჰოლივუდის სასაფლაო მანქანით შემოვიარეთ. საფლავთა უმეტესობა შემოღობილი იყო. პატარა სახლებს მაგონებდნენ თავისი სვეტებითა და საფეხურებით. ყოველ საფლავს კლიტეზე ჩაკეტილი რკინის კარები ჰქონდა. გარეთ გადმოვედით. ერთი საფლავის კარს დაეჯაჯგურა. მე კი ვიდექი და ვუყურებდი, როგორ არხევდა ტრაკს სანამ კარს ეჯაჯგურებოდა. ნიცშე მომაგონდა: გერმანელი ულაყი და ებრაელი ფაშატი. ჩემი წინაპართა სამშობლო იამაყებდა ჩემით.

ოთხმოც წლამდე ცხოვრება მქონდა გადაწყვეტილი. წარმოიდგინე, ოთხმოცი წლის რომ ხარ და თვრამეტი წლის გოგონას რომ ჟიმავ. თუ სიკვდილის გაცურების რაიმე ხერხი იარსებებდა, უსათუოდ ეს იქნებოდა.

მიხაროდა, რომ შეყვარებული არ ვიყავი და რომ მსოფლიოთი უკმაყოფილო ვიყავი. მომწონს, როცა ყველას და ყველაფერს ემდური. შეყვარებული ხალხი ხისტი და საშიში ხდება ხოლმე. ფართე პერსპექტივაში ხედვის უნარს კარგავენ, ისევე როგორც იუმორის გრძნობას. ისინი ნერვიული მუდოები ხდებიან, ფსიქოპათური გადახრებით. ზოგჯერ მკვლელებიც.

- დღეს დაწერე რამე?
- ცოტა.
- შედეგიანად?
- მაგის გასაგებად თვრამეტი დღეა საჭირო.

ხალხი ძალიან ცივად ეპყრობა ერთმანეთს.

შეიძლება სულელი ვიყო, მაგრამ უშუალო ბოროტების არ მჯერა...

მსოფლიო ძალიან ცივი ადგილია.თუ ხალხი ერთმანეთს მეტს დაელაპარაკება და საქმეებს გაარკვევს, ისე აღარ ეციება.

- შემომხედე რომ გელაპარაკები! მოტყანი არა, მართალს არ ვამბობ?
- არა, არაფერი არ მიქნია.
- აბა ამდენ ხანს რა ჯანდაბას შვრებოდი. შეხე, სახეც კი დაგიკაწრა!
- ხომ გეუბნები, ჩვენ შორის არაფერი მომხდარა-მეთქი.
- პერანგი გაიძრე, ზურგი დამანახე.
- ნუ დაიწყე რა გატრაკება, ლიდია.
- გაიძრე-მეთქი პერანგი და მაისური!
ერთიც და მეორეც გავიძრე, ლიდიამ კი შემომიარა და ზურგზე მომაჩერდა.
- ეს რა ნაკაწრი გაქვს?
- სად ხედავ ნაკაწრს?
- აი, აქ... ერთი გრძელი ნაკაწრი გაქვს... ქალის ფრჩხილი იქნება.
- თუ იმ ადგილს გულისხმობ, ეგ შენი ნახელავია...
- კაი, ახლავე გავარკვევთ.
- როგორ?
- ლოგინში ჩავწვეთ.
- ასე იყოს.
ლიდიას ტესტი წარმატებით გავიარე, მაგრამ მერე დავფიქრდი, კაცმა ქალი როგორ უნდა გამოცადოს-მეთქი? უსამართლოდ მომეჩვენა ეგ ყველაფერი.

ნიკოლი ჰაქსლიზე, ლორენსზე და მათ მიერ იტალიაში გატარებულ დროზე მელაპარაკებოდა. მორჩი გატრაკებას-მეთქი, ვუთხარი და შევახსენე, რომ მსოფლიოს ყველაზე მაგარი მწერალი მაინც კნუტ ჰამსუნი იყო. ნიკოლმა გაკვირვებული თვალები მომაპყრო, გეგონებოდა არ ელოდა, რომ ჰამსუნის შემოქმედებას ვიცნობდი.

ზოგჯერ სიკეთეს შუა ჯოჯოხეთში აღმოაჩენ ხოლმე.

ამერიკა ბანძი ადგილი იყო საჟიმაოდ.

რასაკვირველია, მე ასოციალური ტიპი ვიყავი. ერთ ქალთან ცხოვრება სრულიად მყოფნიდა. მასთან ჭამა, ძილი და ქუჩაში ერთად სეირნობა საკმარისი იყო ჩემთვის. არც ხალხთან საუბარი მჭირდებოდა და არც რაღაც ღონისძიებებზე სიარული, გარდა დოღისა და კრივის ორთაბრძოლებისა. ტელევიზორის მუღამი არ მესმოდა. არც ის, რატომ უნდა გადამეხადა ფული კინოში წასასვლელად, რათა კინოდარბაზში სხვა ხალხის ემოციები გამეზიარებინა. ფართიზე სიარული ხომ მთლად გულს მირევდა. ვერ ვიტანდი მაგ ბინძურ თამაშებს; არშიყობას, ახალბედა ლოთებს და სხვა მუდოებს.

- ეული და განდეგილი კაცი ვარ, ხალხი არ მჭირდება. წერა მარტოობას ითხოვს.
- მწერალი თუ ხარ, ხალხი როგორ უნდა შეიცნო, თუ მათ მოერიდები?
- მე მათზე უკვე ყველაფერი ვიცი, რაც საჭიროა.
[...]
- ვერ განვითარდები, რადგან ყველაფერს არასწორად აკეთებ.
- იმიტომაც გამომდის, რომ არასწორად ვაკეთებ.
- რა გამოგდის? ვინ ჩემი ფეხები გიცნობს? შენც მყავდე რა მილერი, ანდა ტრუმენ კაპოტე.
- მათ წერა არ იციან.
- მაშ მხოლოდ შენ გცოდნია წერა! მხოლოდ შენ, ჩინასკი!
- ჰო, ასე მეჩვენება.
- შენი თავი ცნობილი გგონია? ნიუ-იორკში რომ წახვიდე, გგონია ვინმე გიცნობს?
- მისმინე, ეგ მე ფეხებზე მკიდია. მხოლოდ ჩემი წერის ამბავი მადარდებს და სულ არ მჭირდება, რომ ეგ მთელ ქვეყანას მოვდო.
- რომ შეგეძლოს, მთელ მსოფლიოსაც მოსდებდი.
- შესაძლებელია.
- შენ თავს იკატუნებ, ვითომ ცნობილი ხარ.
- მე სულ ასე ვიქცეოდი. მაშინაც სანამ წერას დავიწყებდი.
- იცი, რომ ცნობილებში, მე ვინც კი შემხვედრია, ყველაზე ნაკლებად ცნობილი შენ ხარ.
- უბრალოდ ამბიციური არ ვარ.
- არაფერიც. უბრალოდ ზარმაც-კიკო ხარ. გინდა, რომ ლანგარზე მოგართვან ყველაფერი. როდის ასწრებ წერას, მითხარი? ან ლოგინში გორაობ, ან მთვრალი ხარ, ან დოღზე მიეთრევი.
- რა ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს.

მე ხომ უამრავ ქალს ვიცნობდი. რად მინდოდა უფრო და უფრო მეტი? რას ვაღწევი ამით? ახალი ინტრიგების გაბმა საინტერესო იყო, მაგრამ ეს კაი გარჯასაც მოითხოვდა. პირველ კოცნასა და პირველ ჟიმაობაში იყო რაღაც დრამატულობა. მაგრამ მოგვიანებით, ქალში უსათუოდ იჩენდა თავს სიგიჟე და მენსტრუალური ხუშტურები. მათ თვალში უფრო და უფრო უმნიშვნელო ტიპი გავხდებოდი; ისინი კი ჩემს თვალში. მე უკვე ბებერი და უშნო ვიყავი. შეიძლება სწორედ მაგიტომ ვკაიფობდი ახალგაზრდების ხეხვაზე. კინგ-კონგი და ფერიები. რისი იმედი მქონდა, რომ ახალგაზრდებთან ჟიმაობით უკვდავი გავხდებოდი? ანდა მათთან ურთიერთობა არ დამაბერებდა, თავს ბებრად არ მაგრძნობინებდა? ჰო, დაჩაჩანაკება არ მინდოდა. ანუ, ცხოვრებასთან გამომშვიდობება, იქამდე, სანამ სიკვდილი კარზე მომიკაკუნებდა.

ზოგჯერ ვეჭვიანობდი, მაგრამ როცა ვხედავდი, რომ საქმე ცუდად მიდიოდა, უბრალოდ გული მეორეოდა და ჩემს გზაზე მივდიოდი.

სექსზე ჩემი წარმოდგენები მქონდა. მუდამ ახურუშებული ვიყავი და წამდაუწუმ ვანძრევდი. სექსი იმდენად აღმაგზნებდა თავისი აკრძალულობით, რომ ლამის გამერეკა. გეგონება, რაღაც ცხოველი ყოფილიყოს, რომელიც სხვა ცხოველს ეუფლება.

რომ გავათავე, მომეჩვენა, რომ მთელი ჩემი ოჯახის პატიოსნება თეთრი სპერმით გავწუწე. ქალად რომ დავბადებულიყავი, ნამდვილად მეძავი ვიქნებოდი. მაგრამ ვინაიდან ამ ქვეყანას კაცად მოვევლინე, მუდმივად ქალის ძებნაში ვიყავი. რაც უფრო დაბალი სოციალური კლასის იქნებოდა, მით უკეთესი. მაგრამ „კარგი ქალების“ მეშინოდა, რადგან ისინი საბოლოო ჯამში სულს ითხოვდნენ, ჩემი სულისგან კი ბევრი რამ არ დარჩენილიყო, ხოლო რაც დარჩა, ჩემთვის მჭირდებოდა. სინამდვილეში, მეძავები მჭირდებოდა, მდაბიო ქალები, რომლებიც ჩემგან პირადს არაფერს ითხოვნდნე, მაგრამ ადრე თუ გვიან ბოლოს მომიღებდნენ. თუმცა ჯერჯერობით საღ-სალამათი ვრჩებოდი. ისინი მიდიოდნენ ჩემი კი არაფერი მიდიოდა. მაგრამ ამავდროულად, გული კარგი და კეთილი ქალისკენ მიწევდა, მიუხედავად ამ ჭარბი ფასისა, რადაც მათთან ყოფნა მიჯდებოდა. ორივე შემთხვევაში მენძრეოდა. ძლიერი კაცი ერთსაც მიაგდებდა და მეორესაც, მაგრამ მე ძლიერთა რიცხვს არ ვეკუთვნოდი. ამიტომ განვაგრძობდი ქალებთან ბრძოლას. აგრეთვე ბრძოლას ქალის იდეისთვის.

დავრწმუნდი, რომ ძალიან დიდი ეჭვით უნდა მოეკიდო ადამიანს, რომელიც თავის რომანს სხვებს ხმამაღლა უკითხავს. ასეთი მწერალი განწირულია.

ბევრ ლამაზმანს ვერ ნახავ, რომელსაც ხალხში არ მეორიდება კაცის საკუთრებად თავის გასაღება.

მე წერაში ვერაფერი შემიშლის ხელს, რადგან შეპყრობილი ვარ მაგ საქმით.

ქალები ან კრივის ორთაბრძოლებზე დამყავდა, ან დოღზე.

ასეა თუ ისე, მარტო ყოფნა არასდროს არ მიმაჩნდა სწორ არჩევნად; ზოგჯერ მომწონდა, მაგრამ, სწორად არასოდეს მიმაჩნდა.

კრივის, ან თუნდაც დოღის ყურება, მწერალს ბევრ რამეს ასწავლის, თუ ის მოინდომებს. ზოგადად გზავნილი ბოლომდე ცხადი არაა, მაგრამ მეც ეგ მომწონდა. მნიშვნელოვანი სწრედ მისი გაურკვევლობა იყო. უსიტყვო გზავნილი ხანძარივით, ან მიწისძვრასავით, ან წყალდიდობასავით იყო, ანდა მანქანიდან გადმომსვლელი ქალივით, რომელიც თავის ბაყვებს განახებს. მე არ ვიცოდი, თუ რა სჭირდებოდათ სხვა მწერლებს, თუმცა ფეხებზე მეკიდა, რადგან მათ მაინც ვერ ვკითხულობდი. ჩემს საკუთარ ჩვევებსა და ცრურწმენებში ვიყავი ჩაკეტილი. რა იყო ცუდი სიმუნჯეში, ან რაიმეს უცოდინრობაში, თუკი ის უცოდინრობა მთლიანად შენ გეკუთვნოდა.

ადვილი, ბოზებზე წერაა, მაგრამ კარგ ქალებზე წერა გაცილებით უფრო რთული რამეა.

მაყურებლები ყვიროდნენ, ღრიალებდნენ და ლუდს ყლურწავდნენ. მათ ცოტა ხნით თავი დაეღწიათ ქარხნებიდან, საწყობებიდან, საყასბოებიდან, მანქანის სამრეცხაოებიდან. რა თქმა უნდა, ხვალ ისინი ისევ მათი სამსახურების განკარგულებაში იქნებოდნენ, მაგრამ ამ საღამოს თავისუფლებისგან გაველურებულიყვნენ. ისინი არ ფიქრობდნენ ადამიანის დამამონებელ სიღარიბეზე, და არც მატერიალური კეთილდღეობისა და საჭმლის მონობაზე. ჩვენ, დანარჩენები, იქამდე ვიქნებით კარგად, სანამ ღარიბები თავიანთ სარდაფებში ისხდებიან და ჩუმ-ჩუმად ატომურ ბომბებს გამოჩარხავენ.

მაყურებლებს ნოკაუტები უყვარდათ. ისინი ღრიანცელს იწყებდნენ, როცა ერთ-ერთი მოკრივე ითიშებოდა, თითქოს მას ისინი თვითონ უბაგუნებდნენ. ასეც იყო. მათ წარმოსახვაში, დარეტიანებული მოკრივე ალბათ მათი დირექტორი იყო, ან ცოლი. ვინ იცოდა? ანდა ვის ადარდება?

ჩემი დევიზი მომაგონდა: „თუ გინდა ჩემი ქალი წაიყვანე, მაგრამ მანქანას ხელი არ ახლო“. არ იციან, რომ მართლა შემიძლია ჩემი მანქანის ქურდის მოკვლა.

მუდამ ვთვლიდი, რომ თუ წაგება გიწერია, მნიშვნელობა არა აქვს, ერთიანად რამდენს წააგებ; გამარჯვებული კი იქამდე ხარ, სანამ ვიღაც არ დაგამარცხებს.

- ყვითელი სახე აქვს, ჰენკ. მისი თვალები დაინახე? ავადაა.
- ოცნებითაა დაავადებული, - ვუპასუხე. დოღზე თავშეყრილებს, ყველას ეგ სენი გვჭირს.

მე ხომ მხოლოდ მავნე მიდრეკილებები გამაჩნდა: სმა მიყვარდა, ზარმაცი ვიყავი, ღმერთის არ მწამდა, პოლიტიკა ფეხებზე მეკიდა, არც იდეა გამაჩნდა და არც იდეალი. არარაობაში ვარსებობდი და უკვე შევგუებოდი კიდეც. ვითომ რატომ უნდა ვყოფილიყავი საინტერესო პიროვნება? თუმცა, არც მინდოდა რომ ვყოფილიყავი, რადგან მაგ თვისების შენარჩუნებაზე ცალკე უნდა მეზრუნა. ერთადერთი რაც მართლა მინდოდა, მშვიდი, ნისლიანი ადგილსამყოფელი იყო, სადაც მარტო ვიქნებოდი, ყველასგან მოსვენებული. მეორეს მხრივ, რომ ვთვრებოდი, ვღრიალებდი, ვბობოქრობდი და ხელიდან მივდიოდი. ურთიერთსაპირისპირო საქციელი ვიცოდი, მაგრამ, ეს არც მედარდებოდა.

რამდენიც უნდა მეჯიჯღინა ამ თემაზე, განათლება ადამიანს ძალიან ადგება, მაგალითად, როცა მენიუს ირჩევს, ანდა სამსახურს ეძებს. განსაკუთრებით მენიუს შერცევისას. პროფესიონალი მიმტანების წინაშე მუდამ არასრულფასოვნების კომპლექსი მაწუხებდა. მე გვიან შემოვედი ამ სამყაროში და სატრაბახოც დიდი არაფერი მქონდა. მიმტანები როგორც წესი, ტრუმენ კაპოტეს კითხულობდნენ. მე კი დოღის შედეგებს ვკითხულობდი.

ნიუ იორკელი მძღოლები თავიანთი მშობლიური ქალაქივით იყვნენ: ყველაფერი ფეხებზე ეკიდათ და დათმობა არ იცოდნენ. არც თანაგრძნობის გაეგებოდათ რამე, არც ზრდილობის. მათი მანქანები ერთმანეთს ბუფერს ბუფერზე აბჯენდნენ და გზას ისე იკვლევდნენ.

მწერლები თავისებურად პრობლემატური ხალხია: თუ მწერალს ნაწარმოები გამოუცხეს და დიდი ტირაჟი გაუყიდეს, ის თავის თავს დიდ მწერლად თვლის. თუ საშუალოდ დიდი ტირაჟი დაუბეჭდეს და გაუყიდეს, თავი მაინც დიადი მწერალი ჰგონია. თუ მას მცირე ტირაჟი დაიბეჭდეს და ასე თუ ისე გაუყიდეს, მაშინაც გამოჩენილ მწერლად მიაჩნია თავი. მაგრამ თუ მისთვის არც ერთი წიგნი არ დაუბეჭდავთ და შესაბამისად, არც გაუყიდიათ, ხოლო მას იმის ტრაკი არა აქვს, რომ ბეჭდვა მაინც თვითონ დააფინანსოს, მაშინ ხომ საერთოდ ფასდაუდებელ მწერლად მიაჩნია თავი. სინამდვილეში კი სიდიადე იეთი იშვიათია, რომ არც კი ჩანს. ლამის საერთოდ არ არსებობს. მაგრამ გარწმუნებთ, რომ ყველაზე უგვანო მწერლები ყველაზე თავდაჯერებულები არიან და თავიანთ სიდიადეში ეჭვი არ ეპარებათ. ამიტომ, მერჩივნა, მწერლები საერთოდ თავიდან ამეცილებინა. მაგრამ ეს თითქმის შეუძლებელი იყო. ისინი ძმობას, თუ ერთიანობას ელოდნენ ერთმანეთისგან. მაგრამ ამ ერთიანობას წერასთან საერთო არაფერი ჰქონდა. ერთი ბეწოთი არ აუმჯობესებდა მწერლის შემოქმედებას.

ჰოლივუდში რომ ვყოფილიყავით, თემის მანქანები შეუჩერებდნენ და შავები დაბმას დაუწყებდნენ, კაცები ყველა მხრიდან დაესეოდნენ, ქათინაურებს არ დაიშურებდნენ და შეიძლება ტაში დაეკრათ. მაგრამ ნიუ იორკი სულ სხვანაირი იყო; გასავათებული და ღონემიხდილი ქალაქი, რომელსაც სძულდა ლამაზი სხეულები.

აუდიტორიისთვის კითხვა სიქას მაცლიდა. სულს მწოვდა.

მართალია, რომ პოეზიის საღამოებზე სატყნავი ქალის დათრევა შეიძლება. როკ-მუსიკოსებიც კონცერტებზე ითრევენ ქალებს. წარმატებული მოკრივეები კი შეჯიბრებისას. ტორეროებს ხომ საერთოდ ქალიშვილები აძლევენ. მართალი რომ ვთქვა, სწორედ ეგენი იმსახურებენ ქალიშვილებს.

სიმღერა ისეთი რამეა, ათასჯერ შეგიძლია დაუკრა და ხალხი მაინც მოუსმენს. მაგრამ ლექსები სხვა რაღაცაა. მსმენელს მუდამ ახლები სჭირდება.

- შენ აუდიტორიის გეშინია. განა მართალი არ ვარ?
- ჰო, მაგრამ ეგ სცენის შიში არაა. მე ის მადარდებს, რომ მათი გამრთობის როლში ვარ. მოსწონთ, რომ საკუთარი მძღნერის ჭამა მიწევს. მაგრამ რას იზამ, მაგ ფულით შუქის გადასახადს ვიხდი და დოღზე დავდივარ. ეს კი საკმარისი საბაბია პოეზიის საღამოების გასამართად.

აუდიენციის სათანადოდ ვერ დაფასება დაუშვებელია; ისინი ფულს იხდიან დარბაზში მოსახვედრად; სასმელს უკვეთავენ; შენგან რაღაცას ელიან და თუ იმ რაღაცას არ მისცემ, შეუძლიათ ოკეანეში ჩაგახრჩონ.

ზასაობა ჟიმაობაზე უფრო ინტიმური რამეა. იმიტომაც ვბრაზობდი, როცა ჩემი ნაშები სხვა კაცებს ეზასავებოდნენ. მერჩივნა, რომ სულაც მიეცათ.

მთელი კვირის განმავლობაში დღე და ღამე გადაბმულად ვსვამდი. შედეგად დავწერე ოცდახუთიდან ოცდაათამდე სევდიანი ლექსი დაკარგულ სიყვარულზე.

უკვე გამოვითვალე და დავგეგმე, რომ ორი ათას წლამდე ვიცხოვრო. ოთხმოცი წლის უნდა შევსრულდე. მრგვალი ციფრია. მაგიტომაც მომწონს.

თუ ქალმა გადაწყვიტა და ზურგი შეგაქცია, შენი საქმე წასულია. მათ შეუძლიათ შენი სიყვარული, მაგრამ თუ თავში რაღაც გადაეკეტათ, შეუძლია წყნარად გიყურონ მომაკვდავს კანალიზაციაში, ანდა მანქანაგადავლილს და ზედაც არ შემოგაფურთხონ.

იმ ღამეს კდიევ ერთი პოეზიის ცუდი საღამო ჩავატარე. მაგრამ ფეხებზე მეკიდა. მსმენელებსაც ფეხებზე ეკიდათ. თუ ვიღაც ჯონ ქეიჯმა ათასი დოლარი ვაშლის ჭამაში აიღო, რატომ არ მეკუთვნოდა ხუთასი დოლარი ავიაბილეთების ჩათვლით იმისთვის, რომ რეგვენი მეთამაშა.

ჭიქას რომ ვივსებდი, ვიფიქრე, რომ სმაში ცუდი სწორედ ისაა, რომ როცა რამე ცუდი ხდება, დავიწყებას ცდილობ და თვრები; თუ რამე კარგი გემართება, გიხარია და აღნიშნავ; მაგრამ თუ არაფერი ხდება, იმის იმედით სვამ, რომ რაღაც მოახდინო.

მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილზე ბევრი რამ ვიცით და მასზე თითქმის ყოველ დღე ვფიქრობთ, თუ მოულოდნელად გარდაცვლილი ადამიანი კეთილი და გამორჩეული პიროვნებაა, ეს მოვლენა ძალიან მძიმედ გადაგვაქვს და ვერანაირ ნუგეშს ვერ ვპოულობთ იმაში, რომ მის გარდა კიდევ უამრავი ადამიანი მიდის ცხოვრებიდან; კარგებიც, ცუდებიც და უცნობებიც.

ჩემთვის ან დალევა, ან ჟიმაობა რომ აეკრძალათ, უარს უფრო ჟიმაობაზე ვიტყოდი.

სიყვარული იმათთვისაა, ვინც ფიზიკურ გადატვირთვას უძლებს, წარმოიდგინე, რომ შარდის მჩქეფარე მდინარეში ფონს გადიხარ და მხარზე ნაგვით სავსე ტომარა გკიდია. სიყვარული ცრურწმენის ერთ-ერთი ფორმაა. მე კი ცრურწმენები ისედაც არ მაკლია.

ხალხში ჰარმონიის დამყარება შეუძლებელი იყო: ზოგი კომუნიზმით იყო შეპყრობილი, ზოგი ჯანსაღი საკვებით, ზოგი მედიტაციით, ზოგი სერფინგით, ზოგი ბალეტით, ჰიპნოტიზმით, ზოგი ჯგუფური შეკრებებით, ორგიებით, ველოსიპედებით, ბალახეულით, კათოლიციზმით, მძიმე წონის აწევით, მოგზაურობით, განდგომით, ვეგეტარიანელობით, ინდოეთით, ხატვით, წერით, სკულპტურით, მუსიკის წერით ან დირიჟორობით, ტურიზმით, იოგით, სექსით, აზარტული თამაშებით, სმით, ბირჟაობით, გაყინული იოგურტით, ბეთჰოვენით, ბახით, ბუდათი ან ქრისტეთი, სავაჭრო ბრენდით, ჰეროინით, სტაფილოს წვენით, თვითმკვლელობით, კერძოდ შეკვეთილი კოსტიუმებით, კერძო თვითმფრინავით მგზავრობით, ნიუ-იორკით. მაგრამ ერთხელაც ეს ყველაფერი სადღაც ორთქლდებოდა, ან იშლებოდა და ხალხი იძულებული ხდებოდა რამე ახალი საქმიანობა ეპოვნა და ამ ახალი საქმის კეთებაში დალოდებოდა აღსასრულს. მაინც მიმაჩნდა, რომ არჩევნის ქონა კარგი რამე იყო.

- ნაპირზე პატარა მაღაზია მაქვს. ნაირ-ნაირი სამშვენისით ვვაჭრობ. ძირითადად ნაგავია.
- მართლა? მაშ ჩვენ რაღაც საერთო გვქონია, რადგან მეც ნაგავს ვწერ.
- თუ ცუდი მწერალი ხარ, რატომ წერ?
- საჭმელი და ტანსაცმელი მჭირდება. ასევე ჭერი თავს ზემოთ.

ხორცს ვჭამდი, ღმერთი არ მყავდა, ბუნება არ მაინტერესებდა, ტყნაური მიყვარდა, არჩევნებში ხმას არავის ვაძლევდი, ომები მევასებოდა, გარე სამყარო კი მაღიზიანებდა. ბეისბოლი არ მიყვარდა. არც ისტორია მიტაცებდა და არც ზოოპარკები.

***

სასტუმრო „ჰოლიდეი ინის“ სასტუმრო ნომერში ვიჯექი. ჩემი პრომოუტერი ჯო ვაშინგტონი ფანჯარასთან დამდგარიყო. უცბად დაგვიძახა: - აქეთ მოდი, უილიამ ბეროუზი ქუჩაზე გადმოდის. შენ პირდაპირ ნომერში ცხოვრობს. ხვალ კი მისი პოეზიის საღამოა. 

ფანჯარასთან მივედი და დავრწმუნდი, რომ ქვევით მართლაც ბეროუზი მოდიოდა. მაგიდასთან მივბრუნდი და ლუდი გავხსენი. ჩვენ მეორე სართულზე ვიყავით. ბეროუზმა საფეხურები ამოიარა, ჩემს ფანჯარას ჩაუარა, თავისი კარი გააღო და ოთახში სევიდა.

- გინდა შეგახვედრებ?
- არა.
[...]

ჯო ვოშინგტონი მობრუნდა. - ბეროუზმა მითხრა, რომ თავის ნომერში გელოდება. ვუთხარი, ჰენრი ჩინასკი შენს გვერდით ნომერში ზის-მეთქი. ნუთუ მართალს მეუბნებიო. კი-მეთქი. იმან კი არა, არ მინდაო.

[...]

ყინულის მანქანის საპოვნელად გავედი და ბეროუზის ნომრის შუშაბანდიდან კარს რომ ჩავუარე, დავინახე, რომ ბეროუზი ფანჯარასთან მიდგმულ სავარძელში იჯდა და გულგრილი მზერით მიყურებდა.

[...]

- დარწმუნებული ხარ, რომ ბეროუზთან შეხვედრა არ გინდა?
- ჰო.
- ამ საღამოს აპირებს თავისი ლექსების კითხვას. იქნებ დარჩე?
- არა. ლოს ანჟელესში უნდა დავბრუნდე.
- როდესმე დასწრებიხარ მის პოეზიის საღამოს?
- ჯო, მე მხოლოდ შხაპის მიღება და აქედან გაჯმა მინდა. მიმიყვან აეროპორტამდე?
- რა თქმა უნდა.

სასტუმროდან რომ გავდიოდით, ბეროუზი ისევ ფანჯარასთან მიდგმულ სავარძელში იჯდა და ან ვერ მხედავდა, ანდა თავს იკატუნებდა. ერთიც შევხედე და ჩავიარე. ჯიბეში ჩეკი მედო და მეშინოდა, რომ დოღზე არ დამეგვიანა...

***

საერთოდ, ხალხი წერილებში უფრო კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა, ვიდრე ცხოვრებაში. პოეტების არ იყოს.

ჩემთვის ქალში მთავარი ფეხები იყო.

მე დიდი მოაზროვნე არ ვარ. მაგრამ ყველა ქალი თავისებურია. ზოგადად, ყველანი საუკეთესოსა და უარესის კომბინაციისგან შედგებით. ზღაპრულისა და კოშმარის ნაზავი ხართ. თუმცა მაინც მიხარია, რომ ქალები არსებობენ.

ასეა ხალხთან ურთიერთობა. რაც უფრო დიდხანს ხარ მათთან, მით უფრო იჩენს თავს მათი ექსცენტრიკულობა. განსხვავება იმაშია, რომ თავიდან ეს გამოვლინებები სასაცილოდ გეჩვენება და გახალისებს.

მეც გერმანიაში დავიბადე; 1920 წელს, ქალაქ ანდერნახში. ის სახლი, სადაც მე მშობეს, ბორდელად ექციათ.

- მე მხატვრულ ჟანრს ვწერ.
- რა არის მხატვრული ჟანრი?
- ცხოვრების გაუმჯობესებაა.
- ანუ ტყუილებს წერთ?
- ისე, რა.

წუთში დაახლოებით თვრამეტ სიტყვას ვწერ.

ნეტა საიდან ჩნდებოდა ამდენი ქალი? მათი არჩევანი ამოუწურავი იყო. ხოლო ყოველი მათგანი ინდივიდუალური და განსხვავებული. საშოებიც განსხვავებული ჰქონდათ, კოცნაც სხვანაირი იცოდნენ, ძუძუებიც სხვანაირი ჰქონდათ, მაგრამ დედამიწაზე კაცი არ დაიარებოდა, ვინც მათ ყველას გაუმკლავდებოდა. მსოფლიოში ძალიან ბევრი ქალი იყო, ვინც ფეხს ფეხზე გადაიდებდა და კაცებს გვაგიჟებდა. განა ეს ქეიფს არ სჯობდა?!

***

ბარში მაგიდასთან ვიჯექი და ვსვამდი. ჩემთან ერთი ასაკოვანი, ღირსეული შესახედაოების ქალბატონი მოვიდა და გამეცნო. ინგლისურის მასწავლებელი ყოფილა და ერთი მისი მოწაფე მოეყვანა. პუტკუნა ბავშვი იყო, სახელად ნენსი ფრიზი. მთხოვეს, მათი კლასისთვის რამდენიმე კითხვაზე პასუხი გამეცა. 

- შეუდექით, - ვუთხარი მათ.
- ვინ იყო თქვენი საყვარელი მწერალი?
- ფანტე.
- ვინა?
- ჯონ ფ-ა-ნ-ტ-ე. „მტვერს შეეკითხე“. „დაელოდე გაზაფხულს“. „ბანდინი“.
- სად შეგვიძლია მისი წიგნების შოვნა?
- ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ვიშოვე. თუ არ ვცდები, „Fifth & Olive“ ჰქვია.
- რატომ მოგწონთ ეს ავტორი?
- ცარიელი ემოციაა. ძალიან მამაცი კაცი იყო.
- კიდევ ვინ?
- სელინი.
- რატომ?
- იმიტომ, რპომ კაცი ლამის გამოშიგნეს, ის კი სიცილით კვდებოდა. ისიც ძალიან მამაცი კაცი იყო.
- თქვენ გჯერათ სიმამაცის?
- სიმამაცე ყველა თავის გამოვლინებაში მიყვარს; ცხოველების, ფრინველების, ქვეწარმავლებისა თუ ადამიანების.
- რატომ?
- რატომ? იმიტომ რომ ყველა ცოცხალ არსებას ამშვენებს. თუნდაც ხიფათის წინაშე გადარჩენის ერთი შანსიც არ ჰქოდნეს.
- ჰემინგუეი გიყვართ?
- არა.
- რატომ?
- ნამეტანი პირქუში და სერიოზულია. კარგი მწერალია. ლამაზად წერს. თუმცა მისთვის ცხოვრება ცარიელი ომი იყო. ერთხელ არ მოშვებულა. ერთხელ არ უცეკვია.

მასწავლებელმა და მისმა მწაფემ თავიანთი რვეულები დახურეს და გაუჩინარდნენ. ვეღარ მოვასწარი იმის თქმა, რომ ყველაზე უშუალო გავლენა გეიბლისგან, ქეგნისგან, ბოგარტისგან და ეროლ ფლინისგან მქონდა მიღებული.

***

მიუხედავად ჩემი სიმაღლისა, მრცხვენოდა ასეთი პატარა ხელების. ყველაზე მძაფრად ეს ფილადელფიაში შევიგრძენი, როცა ბარში კასრებს დავათრევდი. წარმოდგენა არ მქონდა, როგორ ვიმარჯვებდი შემთხვევით ჩხუბებში მიახლოებით მესამედს.

ზოგჯერ შენს წარმატებას სხვები განაპირობებენ. ზოგჯერ კი შენ თვითონ. მაგრამ ძირითადად ის შენზეა დამოკიდებული.

ლიდიას სიტყვები გამახსენდა: თუ დალევა გინდა, დალიე. თუ ჟიმაობა გინდა მაშინ მოისროლე ეგ ოხერი ბოთლი. ჩემი დილემა ის იყო, რომ ერთიც მინდოდა და მეორეც.

ერთი პერიოდი კოკაინზე შევჯექი, მაგრამ ძალიან მძიმედ გამოვდიოდი კაიფიდან. დილაობით სამზარეულოში გასვლის მეშინოდა, რადგან იქ ყასბის დანა ინახებოდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დღეში ორმოცდაათიდან სამოცდათხუთმეტ დოლარამდე ხარჯი მეტისმეტად ჩემი ჯიბისათვის.

ყველა იმ ქალს ვჟიმავდი, რომელსაც ნაღვლიანი თვალებით შევცქეროდი ათას ცხრაას ოცდაჩვიდმეტი წლიდან მოყოლებული. ეს იყო კრიზისის უკანასკნელი და უმძიმესი წელი, როცა ბულვარზე დამდგარი ქალი ორი დოლარი ღირდა, კაცებს კი მასზე ხელი ვერ მიუწვდებოდათ, რადგან ხალხს არც ფული გააჩნდა და არც იმედი.

ხალხი და ხალხმრავლობა არ მიყვარდა. მხოლოდ საკუთარი პოეზიის საღამოებზე შემეძლო მათი ატანა. ხალხი მამცირებდა და სისხლს მიშრობდა. ჩემი დევიზიც ასეთი იყო: კაცობრიობა ყოველთვის არ არსებობდა.

როცა ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებას სტრესი და სიგიჟე აკლდებოდა, არ ვიცოდი რაზე ვყოფილიყავი დამოკიდებული.

***

განშორებები ძალიან მიჭირდა, თუმცა სწორედ ვიღაცასთან განშორება ხდიდა შესაძლებელს სხვა ქალთან შეხვედრას. ხოლო ქალთა შესაცნობად, მათ სულში ჩასახედად, ბევრი ქალი უნდა გამეცნო. როგორც კაცს, ადვილად გამომდიოდა სხვა კაცის გუნებაში ჩახედვა და მის აზროვნებაში ჩაწვდომა. მაგრამ ქალის ბუენბისა და აზროვნების წარმოდგენა, ან წიგნში ქალის პერსონაჟის გამოგონება, ჩემთვის შეუძლებელი იყო, თუ ქალის ჯერ პირადად არ გავიცნობდი. ამიტომ, ქალებს შეძლებისდაგვარად ვუახლოვდებოდი, მათში ჩვეულებრივ ადამიანებს ვპოულობდი. ხოლო სანამ მათი გაცნობის ფაზა არ დასრულდებოდა, ჯობდა წერაზე არც კი მეფიქრა. ხოლო რასაც შემდგომ ქაღალდზე დავწერდი, ის მხოლოდ და მხოლოდ მემკვიდრეობა იყო ამ ურთიერთობისა. იმას არ ვგულისხმობ, რომ კაცს აუცილებლად ქალი უნდა ჰყავდეს, თავი კაცად რომ იგრძნოს. თუმცა, რამდენიმეს წესიერად შეცნობა კაცს ნამდვილად არ აწყენდა. თუ მისი ურთიერთობა დასრულდებოდა, იგი საკუთარ თავზე შეიგრძნობდა, თუ რა მურტალია მარტოობა. ასევე გაიგებდა, თუ რას უნდა დაუპირისპირდეს, როცა მისი აღსასრულის ჟამი დადგებოდა.

ჩემს სენტიმენტალურობას ბევრი რამ განაპირობებდა: ქალის ფეხსაცმელი ლოგინის ქვეშ; სარკესთან დატოვებული თმის სამაგრი, ან თმის რეზინი; ხმის ტონი, როგორითაც ქალი თავის მამაკაცს ეუბნება, რომ მოსაფსმელად მიდის... ნაშუადღევს მათთან ერთად ქუჩაში ბოდიალი; სასმლით გაჟღენთილი და სიგარეტის კვამლით გაბუღული გრძელი ღამეები და საუბრები; უთანხმოება და ჩხუბები; თვითმკვლელობაზე ფიქრი; ერთად ჭამა და ცხოვრებით ტკბობა; ხუმრობები და მოულოდნელი სიცილი; ჰაერში ჯადოსნურობის შეგრძნება; ავტოსადგომზე დაყენებულ მანქანაში ერთად ჯდომა; ღამის სამ საათზე ჩავლილ სიყვარულებზე ფიქრი და ამჟამინდელთან მათი შედარება; ღამე გაღვიძება და მისი ხვრინვის მოსმენა; დედები, ქალიშვილები, ბიჭები, კატები, ძაღლები; ზოგჯერ ერთ-ერთის სიკვდილი, ან განქორწინება, რის მერეც მაინც გიწევს ფეხზე წამოდგომა და ყველაფრის გადალახვა; იაფ ბისტროში გაზეთის კითხვა და გულისრევა იმისგან, რომ შენი ყოფილი ქალი ახლა წარმატებულ და გონებამახვილ ექიმზეა გათხოვილი; დოღები, პარკები, პიკნიკები ამ პარკებში; ზოგჯერ ციხეები; ანდა მისი მოსაწყენი დაქალები; ან შენი მოსაწყენი ძმაკაცები; შენი დალევები და მისი ცეკვები; ან შენი, ან მისი არშიყობა სხვებთან; მისი დამოკიდებულება აბებზე; შენი მხრიდან ღალატები, ან და მისი მხრიდან; ერთად ძილი...

მაგრამ გასაკიცხი არავინ იყო. ურთიერთობაში არ არსებობდა ცუდი და კარგი. ყველაფერი საკუთარ არჩევანზე იყო დაყვანილი. გააჩნია რა უფრო გიღირდა და რისი ამტანი იყავი ცხოვრებაში: ზოგი უფრო კეთილი იყო, ზოგი უბრალოდ შენით უფრო იყო დაინტერესებული. ზოგჯერ კი, სწორედ გარეგნულად ლამაზი და შინაგანად ცივი გერჩივნა, სასტიკი და ვერაგული დარტყმების მიუხედავად, რომლებსაც ისინი გაყენებდნენ. იმ ჩათლახობის მიუხედავად, რომლებსაც ისინი გაყენებდნენ. იმ ჩათლახობის მიუხედავად, რომელსაც გიჩალიჩებდნენ. ისევე, როგორც ხალხს ფილმებში უყვარს ამ ყველაფრის ყურება. კეთილი ქალები უკეთ ჟიმაობდნენ, უფრო მეტს დებდნენ სექსში, ხოლო მათთან გატარებული დროის მერე, ისინი უფრო ლამაზებად გეჩვენებოდნენ, რადგან შინაგანად იყვნენ ლამაზები.

***

მაგნიტოფონებს ვერ ვიტანდი. როცა ღარიბ უბანში ცხოვრობ, სულ სხვისი მუსიკის და ტყნაურის სმენა გიწევს. ამ უკანასკნელს კიდევ არა უშავს, მაგრამ რამდენიმე საათის განმავლობაში სხვისი მუსიკის მოსმენა გულის ამრევი იყო. განსაკუთრებით, როცა მეზობლები ფანჯრებს ღიას ტოვებდნენ, რათა ჩემთვისაც გაეზიარებინათ თავიანთი სიხარული.

კაცი კი არა, ტრაკი ვიყავი, ბინძური თამაშების ოსტატი. მაგრამ რისი გულისთვის ვთამაშობდი? რის გამო ვიძიებდი შურს? საკუთარ თავს ვატყუებდი, რომ ჩემი ბოზანდარობით ქალის ბუნებას ვიკვლევდი? არ ვუფიქრდებოდი ქმედებებს და მათ შედეგებს, ყველაფერი თვითდინებით მქონდა მიშვებული. არაფერი მადარდებდა, გარდა საკუთარი ეგოისტური და იაფი სიამოვნებისა. ერთი უბრალო განებივრებული კოლეჯის მოსწავლესავით ვიქცეოდი. ნებისმიერ მეძავზე უარესი ვიყავი; მეძავი თავის კუთვნილ ფულს აიღებს და აღარაფერს გთხოვს. მე კი სხვისი ცხოვრებებით და სულებით ვჟონგლიორობდი, თითქოს ჩემი სათამაშოები ყოფილიყვნენ. და ამის მერე ჩემს თავს კაცს ვეძახდი? რანაირი პოეტი ვიყავი? რაზე უნდა მეწერა ლექსები? პოეტი კი არა, მარკიზ დე სადი პროვოკაცია ვიყავი და სხვა არაფერი. მაგის განათლება მაინც მქონოდა? მკვლელიც და მოძალადეც ჩემზე ალალი და გულწრფელი იყო. მე ხომ არავის მივცემდი ნებას, ჩემი სულით ეთამაშათ და მასხრად აეგდოთ, ან ზედ რომ დაეფსათ; მაგდენი მაინც ხომ მესმოდა. არავის არაფერში ვადგებოდი. მაგრამ ყველაზე უარესი ის იყო, რომ სხვებთან თავს სწორედ იმად ვასაღებდი, რაც არ ვიყავი: კეთილ ადამიანად. ხალხი კი იმიტომ მიშვებდა თავის ცხოვრებაში, რომ ბევრის ნდბოას ვიწვევდი. ასეთი მარტივი გზით ვეწეოდი ჩემს ბინძურ საქმიანობას. ბარემ ამეღო და ლექსების ნაცვლად, „აფთრის სასიყვარული ზღაპარი“ დამეწერა.

სირზე დავიხედე, ვუთხარი: შე ბინძურო ბოზისშვილო შენა! რომ იცოდე რამდენ გულისტკივილს მაყენებ შენი იდიოტური შიმშილით!

ორმოცდაათ წლამდე მუშათა კლასს ვეკუთვნოდი, მერე კი ავიღე და ცნობილი პოეტი გავხდი. იმიტომ, რომ ფხიანი ვიყავი. ამიტომაც ვაჯვამდი თავზე ყველა დირექტორსა და მენეჯერს, რადგან ერთ დროს ისინი მაჯვამდნენ თავზე, როცა მე უსუსური ვიყავი. ახლა კი მეც მათსავით ვიქცეოდი. ისეთივე განებივრებული, დამპალი ლოთი და ახვარი გავმხდარიყავი. ამ თვითანალიზმა უკეთ ვერ გამხადა.

ქალები გვჯობდნენ კაცებს. ცხოვრებას გაცილებით უკეთ გეგმავდნენ და უკეთ იყვნენ ორგანიზებულნი. სანამ კაცები ფეხბურთის ჩემპიონატს ვუყურებდით, ბოულინგს ვთამაშობდით და ლუდით ვიჭყიპებოდით, ქალები ჩვენზე ფიქრობდნენ, გვაკვირდებოდნენ, გვსწავლობდნენ და წყვეტდნენ - ვვარგოდით მათთვის, თუ არა, სხვაში გავეცვალეთ, მოვეკალით, თუ უბრალოდ მივეტოვებინეთ. საბოლოო ჯამში, ეს არავის ადარდებდა; რაც უნდა გვექნა, მაინც მარტონი ვრჩებოდით.

ახალგაზრდობაში სულ დეპრესიები მაწუხებდა. მაგრამ ამას თვითმკვლელობამდე არ მივუყვანივარ. ამ ასაკში კი სულაც გამოვრიცხავდი, რადგან ისედაც უკვე თითქმის ყველაფერი მკვდარი იყო. მე მომწონდა სიბერე და სრულიად ვეთანხმებოდი იმ მოსაზრებას, რომ მწერალი ორმოცდაათი წლის მაინც უნდა იყოს, სანამ მის ნაწერებში სიცხადე იქნება. რაც უფრო მეტი მდინარე გადაგიცურავს, მით უფრო მეტი გაიგე მდინარეებზე. იმის თქმა მინდა, რომ ორმოცდაათ წლამდე იმდენჯერ გიწევდა თეთრი წყლის გადაცურვა და რიფებზე თავის გატეხვა, რომ ვინც გადარჩებოდა, მართლაც ბევრი რამის გაეგებოდა. თუმცა კაი რთული გამოცდილება იყო.

გასაგებია, რომ მორალი ადამიანის თავისუფლებებს ზღუდავდა, მაგრამ მორალის მცნება ხომ საუკუნეების გამოცდილების შედეგად ჩამოყალიბდა. ზოგ შემთხვევაში, ის ქარხანაში მუშათა შენარჩუნებას ემსახურებოდა, ანდა საეკლესიო მრევლის შენარჩუნებას და ერის ერთგულებას სახელმწიდოსადმი. ზოგ შემთხვევაშიც, მორალი საღ გონებას აქეზებდა.

ცოტა ვარჯიში არ მაწყენდა, თუკი სიბერეში, კნუტ ჰამსუნივით, სქელი რომანების წერას ვაპირებდი.

თანამედროვე საზოგადოებამ თვითონ შექმნა თავისი თავი და ახლა მისი წარმომადგენლები ერთმანეთსვე ჭამდნენ.

მხოლოდ ერთს ვისურვებდი, რომ იპოდრომთან ახლოს დამასაფლავონ... დოღის ცხენების ჩლიქების ბაკუნი რომ გავიგონო.

გარანტია არ არსებობს, როცა საქმე ადამიანის საქციელს ეხება.

კაცს ბევრი ქალის ყოლა მხოლოდ მაშინ ეპატიება, როცა არც ერთი არ ვარგა. მაგიტომაც ეძებს ახალს. მაგრამ გაუთავებელ ტყნაურში კაცი თავის იდენტურობას კარგავს.


ინგლისურიდან თარგმნა დიმიტრი გოგოლაშვილმა
გამომცემლობა „ოჩოპინტრე“, 2016წ.