ჩარლზ ბუკოვსკი - ფოსტა

„ფოსტა“ ჩარლზ ბუკოვსკის პირველი ბიოგრაფიული ნაწარმოებია, რომელიც სამ კვირაში დაიწერა. მწერალი საკუთარ გამოცდილებას ჰენრი ჩინასკის სახელით გადმოსცემს.

ვასაღებ მხატვრულ ლიტერატურად და არავის არ ვუძღვნი

ყველაფერი შეცდომით დაიწყო.

საშობაო გაწამაწიის, მგონი, მეორე დღე იყო, როცა ერთი ფაშფაშა ქალი ამეტორღიალა - სადაც რამე მქონდა მისატანი, ყველგან თან გამომყვა. ფაშფაშა-მეთქი, რომ ვთქვი - საჯდომი ჰქონდა დიდი და თახთახა, ძუძუები კი - ვეებერთელა, მოკლედ, რაც საჭიროა, ზუსტად ის ჰქონდა დიდი და ხორციანი. ცოტა შექანებული კი ჩანდა, მაგრამ მე თვალი მის სხეულზე დამრჩა, დანარჩენი რაში მეკითხებოდა.

კაი ქალი იყო ნამდვილად, მაგრამ როგორც ზოგადად, ნაშების ამბავში ხდება ხოლმე, მესამე თუ მეოთხე ღამის მერე ინტერესი საერთოდ დავკარგე და აღაც დავბრუნებივარ.

სამუშაოზე ის მეცვა, რაც ყოველთვის მაცვია ხოლმე. მე და ბეტი, ჩემი მაშინდელი ქალი, იმდენს ვსვამდით, ჩასაცმელის ფული ვის დარჩებოდა. [...] შუაღამეს რომ გადასცდებოდა, სმას მაშინ ვამთავრებდი ხოლმე.

ქინძაობა მინდოდა და, ჯონსტონის წყალობით, კიდეც მეღირსა, ოღონდ მე თვითონ მიხმარეს.

მერე წვიმების სეზონი დაიწყო. ფულის უმეტესი ნაწილი სასმელზე მიმდიოდა, ამიტომ ფეხსაცმლის ლანჩებში ნახვრეტები გამიჩნდა, საწვიმარი მოსასხამი კი დამეხა და წვიმაში თავიდან ფეხებამდი ვილუმპებოდი - თავიდან ფეხებამდე მეთქი, რომ ვამბობ, ზუსტად ეგრე უნდა გაიგოთ: წინდებიდან პერანგამდე ყველაფერი გასაწური მქონდა.

ნიფხავი რომ დაგისველდება, მერე გძვრება და რაც უფრო დიდხანს გაქვს სველი - მით უფრო მეტად; დუნდულებზე გეკრობა და სველ რეზინს მარტო შარვლის უბე აკავებს თეძოებზე.

ნუთუ იდიოტი ვარ? კაცი რომ ამდენ შარში მოახერხებს გახვევას, იმაზე სხვა რა უნდა იფიქრო? ძალიანაც შესაძლებელია, ალბათ, მართლა იდიოტი ვარ. იმის შანსიც არსებობს, რომ სულ მთლად არანორმალური გამოვდგე. ბედის წყალობაა, ჯერ რომ სული მიდგას.

სადაც არ უნდა მიმეტანა ფოსტა, ადამიანებს ერთნაირი ხმები ჰქონდათ. თქმითაც სულ ერთსა და იმავე რამეებს მეუბნებოდნენ:
- მოსვლა დაგიგვიანდათ!
- ძველი ფოსტალიონი სად არის?
- ძია სემს გაუმარჯოს!
- ფოსტალიონო, ფოსტალიონო, ეს ჩვენი არ ყოფილა!

იღლიებიდან პირდაპირ ვისკი და ლუდი გადმომჩქეფდა შადრევანივით, მე კი იმ ტვირთით ზურგზე, ვითარცა მძიმე ჯვრით, დავძრწოდი აღმა-დაღმა და ვარიგებდი ჟურნალებს, დავატარებდი ათასობით წერილს ბარბაც-ბარბაცით, მზის გულზე დამწვარი და დახრუკული.

ამერიკელი დედების ნახევარს, უზარმაზარი ძვირფასი მუტლების და ძვირფასი პატარა გოგოცუნების პატრონებს, მაგარი ბინძური ტვინები აქვთ.

დინამიტია საზოგადოება! საზოგადოება დინამიტია!

დოღზე რაღაც იღბლიანი ტალღა დამეწყო და ნელ-ნელა თავდაჯერება და კმაყოფილება მემატებოდა. ყოველდღე რაღაც ფულს ვაკეთებდი, ასე, თხუთმეტიდან ორმოც დოლარამდე მაინც. მეტი რა გინდა ადამიანს, თუ ცხოვრებისგან მეტისმეტს არ მოითხოვ. თავიდანვე რომც ვერ მოგეგო, მომდევნო ჯერზე ფსონს ოდნავ მოუმატებდი, იმდენად, რომ თუ ცხენი ფინიშამდე მიაღწევდა, რაღაც მოგება მაინც დაგრჩებოდა. დღეები გადიოდა, დოღიდან ყოველდღე მოგებული ვბრუნდებოდი.

როგორც კი ქალი სამსახურს იწყებს, ცვლილება ეგრევე ეტყობა.

ყოველ ღამე ძველებურად ვილეწებოდით, დილაობით კი ბეტი ჩემზე ადრე მიდიოდა სამსახურში, წუხანდელი სმისგან თავგასიებული. ახლა კი გაიგო ბეტიმ, რას ნიშნავდა ჩემთან ერთად ცხოვრება. [...] მე დაახლოებით თერთმეტის ნახევარზე ვდგებოდი, ზანტად ვწრუპავდი ყავას, ზედ ორ მოხარშულ კვერცს ვაყოლებდი, ძაღლს ვეთამაშებოდი, უკანა ეზოში მცხოვრები მექანიკოსის ახალგაზრდა ცოლს ვეარშიყებოდი და არც ქუჩის გადაღმა მცხოვრებ სტრიპტიზის მოცეკვავე გოგოს ვაკლებდი ყურადღებას. პირველი საათისთვის უკვე იპოდრომის სარბენ ბილიკთან ვიყავი ხოლმე დარჭობილი, მერე, მოგებული ფულით ჯიბეში, სახლში ვბრუნდებოდი და, ძაღლთან ერთად, ავტობუსის გაჩერებაზე ვხვდებოდი სამსახურიდან დაბრუნებულ ბეტის. ავიწყვე, მოკლედ, ცხოვრება.  [...] - ჰენკ, უკვე შეუძლებელია ამის ატანა! - რის ატანაა შეუძლებელი, საყვარელო? - ამ სიტუაციის. - რომელი სიტუაციის, ჩემო გოგო? - მე ვმუშაობ, შენ - მთელი დღე გორაობ. უკვე ყველა მეზობელს ჰგონია, რომ მე გარჩენ. - კი, მაგრამ ადრე ხომ მე ვმუშაობდი და შენ გორაობდი? - ეგ სულ სხვა რამეა. შენ კაცი ხარ, მე - ქალი. - უი, მართლა? არ ვიცოდი. მე მეგონა, თქვენ, წაკლებს, თანასწორუფლებიანობაზე ტლიკინი გიყვარდათ.

პროფესიონალმა იპოდრომზე კენტად უნდა იაროს. მე კი თავი გამონაკლისი მეგონა. მალე აღმოვაჩინე, რომ გამონაკლისი არ ვყოფილვარ. მეც ისევე სწრაფად მეცლებოდა ფული ხელიდან, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს.

კარგი რა, საბავშვო ბაღია? რამე სამსახურის პოვნა ყველა რეგვენს შეუძლია; უსამსახუროდ ცხოვრებაა ძნელი და ჭკვიანი ადამიანის შესაფერისი საქმე. მაგას ჩვენ ადრე დარდიმანდობას ვეძახდით. მე, მაგალითად, დარდიმანდობა მირჩევნია.

ორი განცხადება წავიკითხე, ორ ადგილას მივედი და ორივე ადგიალს ამიყვანეს. პირველ ადგილას ნამდვილი სამსახურის სუნი მეცა, ამიტომ მეორე ავირჩიე.

წვრილმანი ბაცაცობა მე არ მაინტერესებდა. ამ სამყაროსგან ან ყველაფერი მინდოდა, ან - არაფერი.

ყველა მეთვალყურეს და ზედამხედველს ეგეთი სიფათი აქვს - ისე გიყურებენ, თითქოს მძღნერი იყო დახვავებული.

საწოლიდან ძლივს წამოვიზლაზნე, სამზარეულოში გავედი, ფინჯანი წყლით ავავსე, მერე გალიასთან მივედი და ბოლო წვეთამდე შევასხი თუთიყუშებს. - დედამოტყნულებო! - თან მივაყოლე. გალუმპული ბუმბულიდან ავი თვალებით გამომხედეს. და, სხვათა შორის, მოკეტეს! წყლის თერაპიაზე უკეთესი ჯერ კაციშვილს არაფერი გამოუგონია. მეთოდს ტვინის მქერავ ფსიქოანალიტიკოსებს დავესესხე.

ადამიანებს, ჩიტებს, ყველა არსებას აქვს არჩევანი გასაკეთებელი ამ ცხოვრებაში. დაუნდობელია ეს თამაში.

მთელი ამერიკის კანტორებში ხალხი ერთი და იმავე წესით ერთობა. მოწყენილობისგან აღარ იციან, რომელ კედელს ახალონ თავი და ამიტომ შეყვარებულობანას თამაშს იწყებენ. უფრო ხშირად ეგ არაფერს სერიოზულს არ ნიშნავს - უბრალოდ, დროის მოსაკლავად თამაშობენ. დიდი-დიდი ვიღაცამ მოახერხოს და სამსახურის გარეთ ერთი-ორჯერ წაიქინძაოს. მაგრამ ეგეთ შემთხვევებშიც კი ეს ყველაფერი მხოლოდ გართობაა, როგორც ბოულინგი, ტელევიზორის ყურება ან წინასაახალწლო წვეულება სამსახურში. ჯობია, წინასწარ იცოდე, რომ ეგ ყველაფერი არასერიოზულია, მერე რომ გული არ გეტკინოს.

პროჭებში რაა ცუდი, ჩემო პატარა? შენცა გაქვს პროჭი, მეცა მაქვს პროჭი! მაღაზიაში რომ მიდიხარ და საუკეთესო ჩამონაჭერს ყიდულობ სტეიკად, პროჭი ადრე იმასაც ჰქონდა! პროჭებითაა ეს დედამიწა სავსე! გარკვეული თვალსაზრისით, ხეებსაც აქვთ პროჭები, მაგრამ შენ იმათ ვერ დაინახავ, მარტო ფოთლების ცვენას ხედავ. შენი პროჭი, ჩემი პროჭი, მსოფლიო მილიარდობით პროჭითაა გაძეძგილი, პრეზიდენტს პროჭი აქვს, მანქანების მრეცხავ ბიჭს პროჭი აქვს, მოსამართლეს და მკვლელსაც აქვთ პროჭები... შინდისფერქინძისთავიანსაც კი აქვს პროჭი!

შექუჩებული ხალხიდან ვიღაცის ხმა შემომესმა: „ყველა გენიოსი ლოთია, მოგეხსენებათ!“ გეგონება, ეგ ამბავი რაღაცას ამართლებდა ან განმარტებად გამოდგებოდა.

- მითხარით, როგორ მოვახერხო 12 საათი ღამის ცვლაში მუშაობა, ძილი, ჭამა, ბანაობა, სამსახურში მოსვლა-წასვლა, სამრეცხაოდან სარეცხის გამოტანა, ბენზინის ყიდვა, ბინის ქირის გადახდა, საბურავების გამოცვლა - მოკლედ, ამ პატარ-პატარა, მაგრამ აუცილებელი საქმეების კეთება - და თან კიდე ამ სქემის სწავლა? - ვკითხე ერთხელ ერთ ინსტრუქტორს.
- ძილი ამოგდე, - მიპასუხა. შევხედე. ხომ არ გგონიათ, რომ ამ დროს ტუჩის ჰარმონიკზე „დიქსის“ უკრავდა? სერიოზულად მეუბნებოდა ეს წყეული ბრიყვი.

ბინაში არავინ იყო. ავეჯი ძველი და გაქექილი იყო, ნოხი - თითქმის ფერდაკარგული. იტაკზე ლუდის ცარიელი ქილები ეყარა. ახლა კი იქ ვიყავი, სადაც ჩემი ადგილი იყო.

დოღებზე მე სულ უცნობ ცხენებს ვარ დადარაჯებული, ისეთებს, ფავორიტების დამარცხება რომ შეუძლიათ. თუ დავინახავ, რომ ფავორიტის დამმარცხებელი არ ჩანს, მაშინ ფსონს ფავორიტზე ვდებ.

დოღი, მოგეხსენებათ, ლოგიკას არ ექვემდებარება. მწვრთნელები ცხენებს, რასაც ჰქვია, არასასურველ პირობებს უქმნიან ხოლმე, ფული რომ სულ ერთ ცხენზე არ დაიდოს.

მაყურებელს მეხსიერება მარტო ერთ გარბენზე ჰყოფნის. ეს ნაწილობრივ იმით შეიძლება აიხსნას, რომ გარბენებს შორის შესვენება 25 წუთია. ხალხი მარტო იმას იაზრებს, რაც მის თვალწინ ხდება ან წუთის წინ მოხდა.

თუ ცხენზე დიდ ფსონს დებ, ის ცხენი აგებს. ან, უფრო ხშირად, შენვე გადაიფიქრებ ხოლმე და ფული სხვა ცხენზე გადაგაქვს. ათიანი მოგებაზე - მშვენიერი ფსონია.

ეგეთია ქალის ბუნება. მოსწონთ ჭუჭყიანი საცვლების გაცვლა-გამოცვლა, ცოტა გაწიწმატება, ცოტა დრამატიზმი. მერე შერიგება. ბოლოს - სიყვარულის ფიცის გაცვლა-გამოცვლა.

არც ერთ ქალს არ მოსწონს, როცა ბოთლს მასზე მეტ დროს უთმობენ.

- მაინც ამას გეტყვი, დაჯექი შენთვის ერთ პატარა ბინაში და წერე.
- ჰო, მაგრამ რაღაც დასაყრდენი ხომ მჭირდება!
- კიდევ კარგი, ყველა შენსავით არ ფიქრობდა. კარგია, რომ ვან გოგი არ ფიქრობდა ეგრე.
- ვან გოგს საღებავებით მისი ძმა ამარაგებდა! მომაძახა ბალღმა.

ოცნებაში კარგი რამეების წარმოდგენა დავიწყე: აი, ზღვის პირას მდგარი პატარა სახლი მე - მშვენივრად ჩაცმულ-დახურული, დამშვიდებული, დილაობით ადრე ვდგები, იმპორტულ მანქანაში ვჯდები და აუჩქარებლად მივუყვები იპოდრომის გზას; კიდევ... მზამზარეული სადილები, ბიფშტექსები და კაი-კაი სასმელები - სადილამდე და სადილის შემდეგ - ფერად-ფერად ჭიქებში ჩამოსხმული... ოფიციანტებს ფულს ვჩუქნი. ძვირფას სიგარებს ვეწევი... და კიდევ ქალები, ქალები, რამდენიც გინდა, სულო და გულო. ეგეთ ფიქრებში გადავარდნა ძალიან ადვილია, როცა იპოდრომის სალაროდან მსხვილ-მსხვილ კუპიურებს გაწვდიან; როცა ერთ ექვსფარლონგიან გარბენზე კეთდები, და, ვთქვათ, წუთა და ცხრა წამში დაახლოებით იმდენს შოულობ, რამდენსაც სამუშოზე მთელ თვეში გიხდიან.

ჯიბეში ფულს ვგრძნობდი და თვითონაც კაი ტკიცინა კუპიურასავით გამოვიყურებოდი.

ჩემი სტანდარტული ფსონი ნებისმიერ ცხენზე ორმოცდაათი დოლარი იყო. ორმოცდაათდოლარიანი ფსონის დადებას რომ შეეჩვევი, მერე თავს ისე გრძნობ, თითქოს 5 ან 10 დოალრს ხარ ჩამოსული.

ცხოვრებაში ძალიან გრძელი გზა გამოვიარე, სადღა იყო ის ბიჭი, სასაკლაოებზე რომ დაძვრებოდა, რკინიგზის მუშებთან ერთად ქვეყანას აღმა-დაღმა სერავდა, ძაღლების ორცხოლების ფაბრიკაში მუშაობდა, პარკებში ხის მერხებზე ეძინა და ამ ქვეყნის ათასობით ქალაქში გრშოების ფასად იწყვეტდა წელს.

ღმერთია თუ ვინც არის, სულ ნაირ-ნაირ ქალებს ქმნის და ქუჩაში კარტივით ყრის, ჰოდა, ზოგს ძალიან დიდი ტრაკი აქვს, ზოგს ძალიან პატარა ძუძუები, ვიღაცა გიჟია, ვიღაცა - გადარეული, ერთს რელიგიაზე აქვს კრამიტი დაცურებული, მეორე ჩაის ნაყენზე მკითხაობს, რომელიღაცა კუილს ვერ იკავებს, ვიღაცას ძალიან დიდი ცხვირი აზის, ვიღაცას გაძვალტყავებული ფეხები აქვს... თუმცა ხანდახან ისეც ხდება, რომ გამოგეცხადება, მაგრამ რა გამოგეცხადება - ქალი კი არა, მწიფე ნაყოფი, იმისთანა, კაბა სადაცაა ტანზე თავისით რომ შემოეხევა... სექსისთვის შობილი ქმნილება, წყევლა, ყველაფრის წერტილი და დასასრული.

ოკეანე, ნაპირს ურტყამს, ეხახუნება. ამ ყველფრის ქვეშ თევზებია, საცოდავი პატარა თევზები, ერთმანეთს ებრძვიან, თავს არ აჭმევინებენ. ჩვენ აქეთა მხარეს ვართ, თორემ ზუსტად ამ თევზებივით ვართ. ერთი შეცდომა, ერთი არასწორი მოძრაობა და გათავებულია შენი საქმე. მაგარი შეგრძნებაა, როცა ჩემპიონი ხარ. მაგარია, როცა იცი, რა მოძრაობა გაქვს გასაკეთებელი.

მესმოდა, როგორ აწყდებოდნენ ტალღები აქეთ-იქით და მეჩვენებოდა, რომ მთელ ოკეანესთან ერთად ვათავებდი, რომ ეს არასოდეს, არასოდეს დამთავრდებოდა. მერე მოვწყდი და გვერდზე გადავგორდი. - ღმერთო ჩემო! - აღმომხდა, - ოჰ, ღმერთო ჩემო! აზრზე არ ვარ, როგორ ახერხებს ღმერთი სულ ამნაირ ამბებში გახვევას.

ეს ხალხი საკუთარ ცხოვრებას მოცემულობად აღიქვამდა. ასეთია მონური სიბრძნე.

თუთიყუშებივით, დიდხანს ვიცხოვრე გალიაში, მერე ხვრელი ვიპოვე და გამოვფრინდი, როგორც ცაში გასროლილი ტყვია. ცა იყო ვითომ? რას გაიგებ.

ერთხელ, ღამით, სამზარეულოში, ყასბის დანა დავიდე ყელზე, მაგრამ მერე თავს ვუთხარი: რა დღეში ხარ, ბიჭო, ჭკუით, გონს მოდი, იქნებ შენს პატარა გოგოს მოუნდეს, ზოოპარკში წაიყვანო, ნაყინი აჭამო, შიმპანზეები აჩვენ, ვეფხვები, მწვანე და წითელი ჩიტები, მთელი ამბავი, მერე მზე დაეშვება და კეფაზე აუბრჭყვიალდება, დაეშვება მზე, მკლავებზე მოგეფერება და ბანჯგვლებში შეგიძვრება... აზრზე მოდი-მეთქი.

მოკლედ, როცა ფული აღარ გაქვს, ცხოვრებაც აღარ გაქვს.

დილით კი დილა იყო და მეც ჯერ ვტოკავდი.
იქნებ რომანი დამეწერა-მეთქი, გავიფიქრე.
ჰოდა, დავწერე.

ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ
დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს წიგნების თარგმნის პროგრამის ფარგლებში