თომას გოლცი - საქართველო, ომისა და პოლიტიკური ქაოსის კრონიკა საბჭოთა კავკასიაში

პრეზიდენტისთვის (ზვიად გამსახურდიასთვის) უნდა მეკითხა, თუ რას გრძნობდა ხელისუფლებიდან ჩამოგდების დროს.
- უნდა წახვიდე და ის კაცი მოძებნო... რა ჰქვია? - იკითხა სავარძელში მოკალათებულმა მეთიუმ ლონდონიდან.
- ვის? - კითხვა შევუბრუნე ოდნავ დაბნეულმა.
- ფაშისტი რომ ჰყავდათ... ახალხან რომ მოიშორეს, - ამიხსნა მან.

თბილისში ძირითადად ოპოზიცია ისტორდა. როგორც ტელევიზიიდან, ან საგაზეთო ფოტოებიდან ვხედავდი, ისინი არ ჰგავდნენ ჩვეულებრივ, სამსახურიდან დათხოვნილ პრფესორებს, არც იმ ხალხს, პოლიტიკური კულტურის სემინარებს რომ უძღვებიან ხოლმე. ესენი იყვნენ წმინდა წყლის პუტჩისტები, რომელთა ხელშიც აღმოჩნდა მძიმე შეიარაღების არსენალი. აუცილებელი არ იყო, ყოფილიყავი დიდი კონსპირაციული თეორიების შეშლილი მორწმუნე, რათა გაეგოთ, თუ რა ხდებოდა თბილისის ქუჩებში. ვიღაცამ იარაღით მოამარაგა ქართველი იმისათვის, რომ ადვილად მოეკლა მეორე ქართველი. ეს ვიღაცა კი იყო რუსეთი, ან მისი სპეციალური საიდუმლო სამსახური, სამხედრო დაზვერვის დირექტორატი, ე.წ. „გრუ“. როგორც მას ადრე უწოდებდნენ - „კგბ“.

ჟურნალისტური ცხოვრების პერიოდში არასოდეს შევხვედრივარ ისეთ პიროვნებას (გამსახურდია), რომელსაც ასთი კვამლის დაყენება შეეძლო.

მახსოვს, თუ როგორი განგაში ატყდა 1988 წელს ამერიკის საელჩოსთან თურქეთში, როცა საქართველოდან გამოქცეულმა საბჭოთ პილოტმა ნატოს ერთ-ერთ ბაზაზე მიგ-29 დასვა.

მედიის წევრებიდან ვერავინ შეძლო, სათანადოდ შეეფასებინა მთელი ეს უაზრობა, რაც ჩვენ ირგვლივ ხდებოდა. ამ კაცის (გამსახურდია) პოვნის ჟინით შეპყრობილები ვერ წასწვდნენ იმ მთავარ იდეას... საბოლოოდ, როგორც გავაცნობიერე, ეს გახლდათ იმ რეალობის ძიება, რომელიც შეიძლებოდა მომხდარიყო მხოლოდ იმ დროს, როცა ამ ქვეყანაში ვინმე დემოკრატიის დაფუძნებას შეეცდებოდა (თუნდაც შერყვნილი სახის). არავის სურდა ამის დანახვა და ეს ძალზე მტკივნეული იყო. სრულიად მცდარია იდეა, თითქოს ჩვენ, „დასავლეთი“, დიდი ხანია მხარს ვუჭერდით „მათ“, თავისუფლების მაძიებელ საბჭოელ ხალხს და მათაც სჯეროდათ ამ ოცნების. ჩვენ კი, ამ დროს, მხოლოდ მათ დაკრძალვებზე დასასწრებად გვეცალა.

გამსახურდია არ გახლდათ აჩრდილი. ეს იყო იდეა. არ ჰქონდა მნიშვნელობა, თუ სად იქნებოდა ფიზიკურად. გამსახურდია საქართველოს დამოუკიდებლობის იდეად იქცა, რისი გათელვაც მოახერხეს მოწინააღმდეგეებმა.

თუკი ამ სისხლიანი შეტაკებების შესახებ ფარდებს მიღმა მყოფი ქვეყნიდან ხმა დასავლეთსაც მისწვდებოდა, სამწუხაროდ, ის მაინც შორეული ქვეყნის შორეულ მოვლენებად რჩებოდა. იქ ნაკლებად აინტერესებდათ იმ ქვეყნის მოვლენები, რომელმაც მსოფლიოს იოსებ სტალინი მოუვლინა. ისინი ხომ იმსახურებდნენ კიდეც ამის გამო თავს დატეხილ უბედურებას.

მაღალი სტატუსის მქონე ელიტური ინტელიგენცია თავს მოტყუებულად და იდეოლოგიურად დეზორიენტირებულად გრძნობდა. ის ძველი საბჭოთა წყობილება, სადაც მათ ყოველთვის ჰქონდათ განსაკუთრებული პრივილეგიები, უეცრად გაუჩინარდა. იგი შეცვალა ეპიკური ერთგულებისა და ეროვნული ენთუზიაზმით აღსავსე საზოგადოებრივმა მოძრაობა, რომლის ხატიც ყოფილი დისიდენტი ზვიად გამსახურდია იყო. თუმცა საბჭოთა ინტელიგენციას „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო ირაციონალურ ბრბოდ წარმოედგინა. შემდეგ მოხდა ის, რომ ქართული ფილოსოფიის ვარსკვლავმა, მთელს კავშირში სახელგანთქმულმა მერაბ მამარდაშვილმა თავისი ბოლო ცნობილი აფორიზმი წარმოთქვა: „თუ საქარტველო ზვიად გამსახურდიას არიჩევს, მაშინ მე მომიწევს ჩემი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა“. ცოტა ხანში მამარდაშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა. ეს ფაქტი მიჩნეულია, როგორც ქართული ინტელიგენციისა და მის მიერ „სამოქალაქო საზოგადოების“ შექმნის მისიის სიმბოლურ გარდაცვალებად.

- საპირფარეშოში ხომ არ გნებავთ? - მკითხა დავითმა. მართალი გითხრათ, მინდოდა და უკან გავყევი ახლომდებარე ოთახისკენ. მან უეცრად კარი მიხურა და მომიტრიალდა. ღიმილი გამქრალიყო მისი გაფითრებული სახიდან, შიში უკრთოდა წყლიან თვალებში, მთელი დაძაბულობა გამოხატვოდა სახეზე. - გთხოვ, შეეცადე და უთხარი მსოფლიოს სიმართლე - ჩურჩულით მითხრა, შემდეგ მანტიის ჯიბიდან რამდენიმე ცალი ასრუბლიანი ამოიღო. - გთხოვ, მიიღო ეს როგორც საჩუქარი. სხვა არაფერი გამაჩნია, რომ მოგცე. - რისთვის? - ვკითხე და შევეცადე უარი მეთქვა ფულზე. - გევედრები, გთხოვ, გამომართვი და უთხარი მსოფლიოს, რომ.. - ხელი უთრთოდა სრულიად გაფითრებულ მღვდელთმთავარს, - უთხარი, რომ რაღაც დიდი საშინელება ხდება ჩვენს ქვეყანაში. გთხოვ! ეს იყო უცნაური და სევდიანი შეხვედრა, უცნაურ და სევდიან კაცთან. მღვდელი, რომელიც საბჭოთა პერიოდში სავარაუდოდ იმპერიალისტური ბოროტების წინააღმდეგ ქადაგებდა, დღეს საკუთრი, ჭეშმარიტი რელოგიის ფესვების მიგნების შემდეგ იბრძვის იმ ცინიზმით სავსე პოლიტიკური შავი ხვრელის წინააღმდეგ, რომელმაც მისი ქვეყანაც მოიცვა. ფული გამოვართვი და რა კეთილგონივრული აზრიც მაშინ მომივიდა, იყო ის, რომ ამ ფულით რამდენიმე ბოთლი კონიაკი ვიყიდე და თეატრის წინ მსხდომ მწყურვალ ხალხს ჩამოვურიგე. მოგვიანებით, როცა სოხუმში დავბრუნდი, კვლავ მივაკითხე დავითს, მაგრამ შინ არ დამხვდა, თბილისში გამოეძახებინათ. როცა მეც ჩავედი თბილისში, მართლმადიდებლურ საპატრიარქოში მოვიძიე იგი. მაგარმ მითხრეს, რომ გულის შეტევით გადაცვლილიყო. ხმები უფრო ბნელ დასასრულზეც საუბრობდნენ.

სიგუა იყო, ასე ვთქვათ, ლეღვის ფოთოლი ამ გადატრიალების ლეგიტიმაციის პროცესში.

უცნაური იყო ისიც, რომ უსაფრთხოებისთვის მისი (შევარდნაძის) პირადი მცველები ფორტ-ბრეგსა და CIA-ს უწყებებში გადიოდნენ ტრენინგებს. ნიღბიანი სპეცრაზმელების მაღალკალიბრიან ტყვიებს თბილისში უკვე „ბეიკერებს“ ეძახდნენ, პოლიციის გერმანულ ნაგაზებს კი „გენშერებს“.

- ჩემი ცხოვრების მიზანია აღვზარდო მეორე შევარდნაძე. - გამანდო თავისი მხურვალე სურვილი პროფესორმა რონდელმა ერთ-ერთი შეხვედრის დროს, როცა ჩვენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცივ და ჩაბნელებულ შენობაში სტუდენტების შესახებ ვსაუბრობდით. ხშირად რონდელი თავის სტუდენტებს შინელითა და სანთლით ხელში უტარებდა ლექციებს. - მხოლოდ შევარდნაძისნაირ გენიოსს თუ შეუძლია გამოიყვანოს შეშლილი პოეტებისა და მხატვრების ნაცია იმ კატასტროფიდან, სადაც დღეს აღმოვჩნდით.

მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონდათ ფული და არც იმის ანგარიში, რომ ვინმე ამ დროსტარებაში მათ ფულს გადაუხდიდა, ეს იყო ზოგადი პრინციპებისა და ზნეობის საკითხი. არ ჰქონდა მნიშვნელობა, თუ სად მოგიწევდათ ქეიფი: „ფიროსმანის“ რესტორანში თუ ჩაბნელებული რვასართულიანი კორპუსის ბოლო საერთულზე, ახლად აშენებულ დაუმთავრებელ სახლში თუ მდინარისპირა პატარა ჯიხურში. პურმარილის იდეა იყო ქართული მეობის დედაბოძი. როგორც რუსთაველმა უანდერძა მათ: „რასაცა გასცემ, შენია, რაც არა - დაკარგულია“.  მაგიდები იზნიქებოდა მრავალნაირი კერძებით დატვირთული: ხაჭაპურები, ხინკალი, ხარჩო, ლობიო, მწვადები, ქაბაბი ტყემლით, კიტრი, მწვანილი, ნიგვზიანი ბადრიჯანი, ცხარე კუპატები: ყელის ჩასაწმენდად მინერალური წყლები და უმშვენიერესი ქართული ღვინო, პლასტმასის ბოთლში ჩამოსხმული ჭაჭა.

„მისტერიული თვითმფრინავი გუმისთას თავზე“ - ეს სტატია არასოდეს გამოქვეყნებულა, უფრო იმისგამო, რომ იგი ვერ თავსებოდა სიახლეების კონტურებში. შესაძლოა იმ დროისათვის ბოსნიაში მიმდინარე მოვლენებითა და სხვა ბუნდოვანი კონფლიქტების დაიჯესტით გართულმა დასავლურმა მედიამ ჯანსაღად ვერ მოახერხა ამგვარი ინფორმაციების მონელება.

აფხაზები აშკარა უპირატესობით გამოირჩეოდნენ. იმდენად აშკარად, რომ ეს მხოლოდ აფხაზები არ უნდა ყოფილიყვნენ. ერთხელ შევარდნაძემ მითხრა, რომ სეპარატისტების 80-90 პროცენტს „დაქირავებული“ ძალა წარმოადგენდა, რომელშიც რუსეთის მოქალაქეები, ჩეჩნები და კაზაკები შედიოდნენ. მათ ქართველებთან ბრძოლის არანაირი საფუძველი არ გააჩნდათ, გარდა მაროდიორობისა და ფულადი ინტერესებისა. თუმცა იყვნენ „სხვებიც“, ხალხი, რომელსაც კარგი კავშირი ჰქონდა რუსეთის თავდაცვის სტრუქტურებთან. ხალხი, რომელსაც ხელი მიუწვდებოდა ყველაფერზე, მოიერიშე-ბომბდამშენი ავიაციიდან დაწყებული, სატელიტური ფოტოგრაფიით დამთავრებული.

- ამერიკა, - ჩაილაპარაკა ჯარისკაცმა თავისთვის, - იცი, ჩვენ გვწამდა თქვენი, მაგრამ თქვენ არ იწამეთ ჩვენი. ჩვენ დაგიჯერეთ, როცა თქვით, რომ საბჭოთა კავშირი ბოროტების იმპერია იყო და რომ უნდა დაშლილიყო. მაგრამ თქვენ აღარ დაგვიჯერეთ, როცა ჩვენ ვთქვით, რომ რუსების არასოდეს შეეგუებოდნენ ამას...

ერთადერთი საგმირო შემთხვევა, რასაც შევესწარი, ის იყო, როცა ერთმა ყმაწვილმა საკუთარი დედა და და გემბანზე ამოიყვანა, შემდეგ მიმოახედა და უეცრად წყალში გადაეშვა. იგი ცურვით ბრუნდებოდა საბრძოლველად. გემბანზე დარჩენილი დედა განწირული ხმით გაჰკიოდა. შემდეგ მას გული წაუვიდა.

მგზავრების სიაში შედიოდა საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე, ვისაც ჯარსიკაცების კეთილდღეობის საკითხები ეხებოდა. აქ იყო თავგადაპარსული სამხედრო პოლიციის უფროსიც. ასევე გადაჰქონდათ მხედრიონელის გვამი. მას სოხუმიდან მოეხერხებინა გამოქცევა, მაგრამ შემდეგ ქუჩაში სიგარეტით მოვაჭრეს მოუკლავს ფოთში, როდესაც მხედრიონელმა უარი განუცხადა გადაეხადა შეკვრა სიგარეტის საფასური.

როგორც შევიტყვე, ეს საეჭვი რეპორტიორი ერთკვირიანი ვიზიტის დროს ერთხელაც არ ყოფილა სოხუმში, თუმცა როგორღაც მოეხერხებინა მოსკოვისკენ მიმავალი შევარდნაძის თვითმფრინავში ჩახტომა და თეთრი მელასათვის ინტიმური ინტერვიუს დატყუება. მთელი სული და გული ამოუნთხევია შევარდნაძეს ამ ინტერვიუში. „ახლა მარტონი ვართ...“ - აღწერდა საიმონ სებაგ-მონტეფიორე მომენტს. სტატიის წაკითხვისას უმალ აღვივსე ფსიქოზურ რისხვაში შეზავებული ჟურნალისტური შურით და შემდეგ, რამდენიმე წლის განმავლობაში, ენერგიულად ვატრიალებდი ავტორის სახელს უწმაწური სიტყვების კორიანტელში, ვიდრე სრულიად შემთხვევით არ გავიგე (სულ ცოტა ხნის წინ), რომ ავტორი სამომავლო წიგნისთვის (სტალინის კულტის შესახებ) მასალებს ამზადებდა. სწორედ ამ მიზნით სჭირდებოდა თეთრ მელასთან გასაუბრება. ბოდიშს ვიხდი, საიმონ...

***

ჯაბა იოსელიანის სასამართლო პროცესი მართლაც რომ მომაჯადოებელი რეტრო თეატრი გახლდათ. მავანი უთუოდ ბერტოლტ ბრეხტის კალამს მიაკუთვნებდა ამ სპექტაკლს. მათ წინ იჯდა ქვეყანაში ყველაზე შიშისმომგვრელი ადამიანი. მასთან ერთად გისოსებში დუჟინი ხალხი იყო გამომწყვდეული, მათ შორის ზვიადისტებიც. სწორედ იმ პრეზიდენტის მომხრეები, ვინც იოსელიანმა ხელისუფლებიდან გადააგდო. გისოსებიანი საბრალდებო კუთხე მაიმუნის გალიას უფრო წააგავდა. ეს იყო უაღრესად დამამცირებელი. სპექტაკლიც ხომ სწორედ ამას ისახავდა მიზნად.

- ბრალდებულო... - წარმოთქვა მოსამართლემ, - თქვენ ბრალად გედებათ ტერორიზმი... თვლით თუ არა თავს დამნაშავედ?

- დამნაშავე ვარ, რადგან სამშობლო გავათავისუფლე! - წამოიყვირა ბრალდებულმა და დასძინა, რომ არ ენდობოდა საქართველოს სასამართლო სისტემას.

შეერთებულ შტატებში ასეთი საქცეილისთვის მოსამართლე დარბაზიდან გააძევებდა ბრალდებულს, მაგრამ თბილისის სახელმწიფო სასამართლოსთვის ეს ნაკლებსაყურადღებო აღმოჩნდა. დაცვის მხრიდან არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია შეძახილებს. გისოსებს შიგნით შესვლაც კი ეშინოდათ პოლიციელებს. კარგად ხვდებოდნენ ამას შიგმყოფნი და კვლავ უშიშრად განაგრძობდნენ შეძახილებს. გალიის კუთხეში იჯდა ჯაბა და მთელი სპექტაკლის განმავლობაში თავმომწონედ იღიმებოდა. თავზე შალის სათხილამურო ქუდი ეხურა. გვერდით მჯდომ ბრალდებულს ესაუბრებოდა, თითქოს წინადღის სიახლეებზე საუბრობენო.

ჯერ არ მინახავს ტუსაღი, რომელსაც ასე თავდაჯერებულად ეჭიროს თავი. საკუთარ თავში მეტად დარწმუნებული ჩანდა. თითქოს, იცოდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.

„ბრალდებულ ჯაბა იოსელიანს ბრალად ედება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა...“ - წამიერად დაიძაბა საკუთარი სახელის გაგონებაზე, შემდეგ წელში გასწორდა, გვერდით მყოფს მიუბრუნდა, მასსავით გალიაში გამომწყვდეულს, და მუსაიფი განაგრძო. ორივემ ერთხმად ჩაიქირქილა. შემდეგ მცველს გადაულარაკა რაღაც. ამ უკანასკნელმაც მყის გადასცა მოსამართლის თხოვნა. დარბაზშისამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა.

თვით ბოსი ლაპარაკობდა.

აღიარება? მუქარა? დაპირება? ამ ათ-წამიან მონაკვეთში მან ირიბად გადაავლო თვალი შიშით განაბულ დარბაზს და წამიერად ჩემსა და ქიდდერზე გაყინა მზერა. სახეზე ჯერ დაბნეულობა, შემდეგ დაუჯერებლობა გამოეხატა. ბოლოს, თითქოს, მიხვდაო რაღაცას, გაეღიმა. ნუთუ მომეჩვენა?! თუ მხედრიონის ლიდერმა ჯაბა იოსელიანმა მართლა გააცნობიერა, რომ დრამატული შემოქმედების თანამოსაგრე მსახიობი მარგო ქიდდერი ესწრებოდა მის სასამართლო პროცესს და თანაც რეპორტაჟს უძღვებოდა.

- დაჟინებით გიცქერს. - გადავუჩურჩულე.

- ვიცი. - თქვა მარგო.

- თან გიღიმის.

- მოკეტე, - ჩაილაპარაკა ქიდდერმა, - ვიღებ.

შემდეგ დარბაზში შერიფი, თუ მაგდაგვარი ვიღაც, შემოვიდა და ბორკილასხმული ბრალდებულები დარბაზიდან გაათრია.

 ***

მოვიყვან რამდენიმე სიტყვას, რაც სააკაშვილმა ილაპარაკა ცხოვრებაზე, თავისუფლებაზე, ვარდების რევოლუციაზე და ვირთხებზეც კი.

- აქაურობა ვირთხებით იყო სავსე, ვიდრე ჩვენ მოვიდოდით, - ამოიხვნეშა მიშამ. იგი შევარდნაძის აპარატის ყოფილ ოფისზე, კანცელარიის შენობაზე საუბრობდა. - ვირთხებმა სატელეფნო ხაზები გადაღეჭეს, დარბოდნენ მთელ შენობაში - და შევარდნაძემ იცით, რა ქნა? კატა მოიყვანა! დაუჯერებელი იყო...

გამომცმელობა „არტანუჯი“, 2014