რიუნოსკე აკუტაგავა - პროლეტარული ლიტერატურა

ჩვენი დროის სამანთა გადალახვა არ შეგვიძლია. არ შეგვიძლია ჩვენი კლასის სამანთა გადალახვა...

საშუალო კლასებმა, უეჭველია, მრავალი რევოლუციონერი წარმოშვა. თეორიულად და პრაქტიკულად მათ საკუთარი იდეები გამოხატეს, მაგრამ განა შეძლო მათმა სულმა საშუალო კლასების ზღუდეთა გადალახვა? ლუთერმა რომაულ-კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ გაილაშქრა. ის ხედავდა ეშმას, მის სამეს წინ რომ ეღობებოდა. ლუტერი ახალი იდეებით იყო აღჭურვილი, მაგრამ მის სულს არ სეეძლო არ შეემჩნია რომის კათოლიკური ეკლესიის ჯოჯოხეთი. ეს მხოლოდ რელიგიას არ ეხება. იგივეა, როცა სოციალურ სისტემაზე ლაპარაკობენ.

ჩვენი სული კლასობრივი დამღით არის დატვირთული. მაგრამ მხოლოდ კლასობრივი კუთვნილება არ გვაერთიანებს. ჩვენ შეკავშირებულნი ვართ გეოგრაფიულადაც _ დაბადების ადგილით, ჯერ იაპონიით და შემდეგ მშობლიური ქალაქითა და სოფლით. ახლა მემკვიდრეობასა და გარემოცვას თუ გავიხსენებთ, ჩვენვე გაგვიკვირდება, იმდენად რთული წარმონაქმნი ვართ... მცენარეები ვართ, სხვადასხვა მიწაზე და სხვადასხვა ცის ქვეშ რომ ხარობენ. ჩვენი თხზულებანიც განსხვავებულ პირობებში აღმოცენებულ მცენარეთა ნაყოფია. ღვთის თვალით რომ გადმოვხედოთ საკუთარ თავს, დავინახავთ, ჩვენს ნაწარმოებებში მთელი ჩვენი ცხოვრებაა აღბეჭდილი.

რა არის თავისთავად პროლეტარული ლიტერატურა? უპირველეს ყოვლისა, ეს, რა თქმა უნდა, ლიტერატურაა, რომლის ყვავილებიც პროლეტარული კულტურის წიაღში იფურჩქნება. დღევანდელ იაპონიაში ამას ვერ ვხედავთ. შემდეგ, ეს პროლეტარიატის ინტერესებისათვის მებრძოლი ლიტერატურაა. ჩვენ ამას იაპონიაშიც ვხედავთ (მეზობლად შვეიცარია რომ ყოფილიყო, პროლეტარული ლიტერატურა უფრო განვითარდებოდა.) მესამე _ ესაა ლიტერატურა (სულ ერთია, კომუნიზმის ან ანარქიზმის პრინციპებს ემყარება თუ არა), რომელსაც პროლეტარული სული უდევს საფუძვლად. პროლეტარული ლიტერატურის მეორე და მესამე განსაზღვრა ერთმანეთს სრულიად შეესაბამება. ახალი, ახალგაზრდა ლიტერატურა რომ შეიქმნას, ის პროლეტარული სულით უნდა იყოს სთაგონებული... კომუნისტური ან ანარქისტული იდეების გამოსახვა ნაწარმოებში სრულიადაც არაა ძნელი, მაგრამ ნაწარმოებს მხოლოდ პროლეტარული სული ანიჭებს პოეტურ სიდიადეს და ალმასისებურ ბრწყინვალებას. უდროოდ გარდაცვლილ ახალგაზრდა ფილიპს პროლეტარული სული ჰქონდა...