ენტონი ბერჯესი - მექანიკური ფორთოხალი

ოთხნი ვიყავით: სამი ჩემი ბრატკა და მე - ალეკსი. იმ თოში, ბნელი ზამთრის საღამოს ყველანი "ფაქიზოში" ჩავჯექით და ვბალამუტობდით. ჩვენ, ოთხნი - მე, პიტი, ჯორჯი-ბიჭი და ბნელო - ეგ მართლა ბნელი ეგა და, ძმებო, თქვენ აბა, რა გემახსოვრებათ, რა კარგის რამე იყო ეს რძის ბარები - გარშემო ისე სწრაფად იცვლება ახლა ყველაფერი და ხალხიც ყველაფერს მალე ივიწყებს, გაზეთსაც კი აღარავინ კითხულობს ხეირიანად.

ფეხსაცმლის წვერი, ან ფრჩხილი ნათდება, ოქროსფერდება, მერე იფეთქებს და ქრება და ახლა რაღაც ლაქა სადმე შარვალზე დიდდება, დიდდება, მთელი სამყარო იქცევა შიგ, შენც შიგ შედიხარ და ბებერ მამაღმერთს ასკდები თავით ან სულაც ვინმე სხვას და მერე კი თავდება ყველაფერი - ისევ აქა ხარ, პირღია და ენაგამშრალი და სულს ძლივს იბრუნებ.

"კაცი მთვარეზე დაჯდა და ეშმაკმა იცის, კიდე სად წავა და მიწაზე კი აირია ყველაფერი, აღარც წესია, აღარც კანონი და თქვენისთანა ბანდიტების ხელშია ქვეყანა!.." მერე უცებ ტუჩები გამობერა და სწორედ იმისთანა ბუზიკა არ გაუშვა, ჩვენ რომ პოლიციელებს ვუპუწუნებდით! და მერე, ვითომც არაფერი, ისევ ისე მოჰყვა ღნავილს: "სამშობლო ჩემო, ლამაზო-ო..." აბა ამას ვინ გიჟი შეარჩენდა - კედელზე მივაგდეთ და კარგა გემოზე ვთეთქეთ.

ყოველ ბინაში თითო ცისფერი წერტილი ციმციმებდა: ამ ღამით მსოფლიო არხზე იქნებოდა ყველა გადართული, რაღაც ტელესპუტნიკი აქვთ გაშვებული და იქიდან თურმე დედამიწის ლუბოი წერტილში შეგიძლია ამ პროგრამის მიღება, მაგრამ რად გინდა, ისევ ის ბრიყვი კომიკი იქნება ან რამე იდიოტური თოქშოუ, წამყვანი საკუთარი სიტუტუცით რო ტკბება ან ვინმე ახალი შხვართი ნეგრიტოსი - საშუალო კლასის, საშუალო გაგების, საშუალო ფანტაზიის მქონე მაყურებლის სათოხლავი...

აფიშაზე ყველაფერი გასაგები იყო - ისევ ომსა და ჩვენი მტრების პოდლობებზე, ბახაბუხი და ერთი ამბავი და, რა თქმა უნდა, მამაღმერთი - მთავარი გმირის მხარეზე და ანგელოზები - ბნელეთის მოციქულთა წინააღმდეგ.

"წიგნი უნდა იყოს, ასე მგონია", - გავაგრძელე დინჯად, - "და ამ წიგნს თქვენ წერთ. მუდამ ღრმა მოწიწებით ვიმსჭვალებოდი ხოლმე იმ ხალხის მიმართ, წიგნების წერა რომ შეუძლიათ, ნამდვილად". მერე უკვე დაბეჭდილი ფურცლების დასტას დავხედე და სათაურმა გამაკვირვა: მექანიკური ფორთოხალი - ეწერა ზედ. "ძაან, ძაან უაზრო სათაურია", - ვეუბნები, - "ნამდვილად. ბარემ დასაქოქი ფორთოხალი დაგერქმიათ".

მერე ხელში რომ მეჭირა, იმ ფურცლიდან დავიწყე კითხვა - ხმამაღლა, ქადაგებასავით მძიმედ და საზეიმოდ: "...ყოველგვარი მცდელობა, თავს მოვახვიოთ ადამიანს - არსებას მზარდსა და ღვთის ბაგეებზე სიტკბოების შესაძლო მომტანს - თავს მოვახვიოთ-მეთქი კანონები და ის პირობები, მექანიკური ქმნილებისათვის რომ უფროა შესაფერისი, ამის წინააღმდეგ მივმართავ მე კალამს - ჩემს ერთადერთ მახვილს..."

კაცს რო ბნელოს შეგარქმევენ, რა მოგეკითხება. მუსიკა და ხმაური მაგისთვის ერთი იყო და უხმაურო მუსიკა კიდე - უმი ხორცი.

"უნდა გამიგო, ბნელო", - ვეუბნები, - "გიჟი ვხდები ხოლმე, ვინმე რო მუსიკის დროს ჩაერთვება. ავიწევი ხოლმე ჭკუიდან."

მესმოდა, კედლის იქით რას ფართიფურთობდა მამაჩემი, სახურში მიეჩქარებოდა. საწყალს, მგონი, მართლა ჯერა, რო უიმისოდ საქმე არ გაკეთდება.

ჩემდათავად, როცა მართლა ნაღდ მუსიკას ვუსმენ და თან ნაღდში ვუსმენ, ვითიშები და თითქოს ეკლები მასხამს და, მართლა, ღმერთად ვიქცევი თითქოს, განკითხვის დღეს ვმართავ და, ელვა-ქუხილში ჩამჯდარი, ჩემს ქვემოთ გართხმულ დედიშობილა ქალებს და კაცებს ვურახუნებ ხოლმე.

დღე სულ სხვა ამბავია, ძმებო, - ღამე ჩემი და ჩემისთანებისაა, აბა რომელი ჭკუათამყოფელი ოჯახის კაცი გამოყოფს ცხვირს გარეთ, ძაან თუ არ დაადგა ყელზე ოჯახი და ტელევიზორი; დღე კი ვინ აღარ დატანცაობს ქუჩაში და პოლიციაც მეტია და კარგადაც გთირავენ.

დისკების ერთი პატარა მაღაზია ცენტრის ახლო, როგორც ყოველთვის, ძაან ორიგინალური სახელწოდებით - მელოდია. თითქო დიდი არაფერი დირკა იყო, ხალხიც არ ეტანებოდა მაგრამ ბებერ ძვალტყავა არმენს (რაღაც აღმოსავლური გვარი ქონდა, ვერაფრით დავიმახსოვრე) თავისი კლიენტები ჰყავდა. მეც სულ მაგასთან დავდიოდი და კარგა ხნის წინ დამპირდა ბეთჰოვენის მეცხრეს - "დიდოსტატების" სერიით გამოვიდა მუხაიროვიჩის დირიჟორობით, "მეტროპოლიტენის" სახელმწიფო ორკესტრთან ერთად.

შუა ოთახში დავდექი შიშველი, ცალ ხელში ლუდვიგ ვანის ოლიმპიური თმაგაჩეჩილსახიანი თეთრი კონვერტი მეჭირა, მეორეში - ჩესტზე მდგარი საკუთარი ფალოსი და თვალს ვერ მაცილებდნენ თვალებდაჭყეტილი ქალბატონები და სწორედ ამ დროს ჩაირთო "მეცხრის" ის გიჟური ფინალი: ჯერ ბანები ამოვიდნენ თითქოს იატაკიდან და ორკესტრიც ზედ მიჰყვა, მერე ბარიტონი გვიქადაგებდა - განიხარეთო და წასაკუზად მოუწოდებდა მილიონებს და სწორედ მაშინ გამიწყდა მოთმინების ძაფი და გინდათ, გითხრათ რა იყო მერე? ვერ გეტყვით. ძმებო, - თვითონ უნდა ჩახვდეთ დიდი ლუდვიგის და დიდრონი ალეკსის ამ ზღაპარი კოოპერაციის გემოს.

ისეთი რამე დავინახე, ბებრუხანაც გადამავიწყდა და მისი ჯოხიც: რაღაცა სადგამი იყო, შავი ხის და ზედ თეთრი ქვისაგან გამოთლილი ბიუსტი - ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, ლიჩნად, თმაგაჩეჩილი და იმ თავისი არტისტული შარფით ყელზე. მტკაველის სიმაღლე იქნებოდა, მეტი არა და ზუსტად საჩემო.

სახელმწიფო ხარჯზე ვიშმოტკები - რაღაც ტრაწისფერი პიჟამა მაცვია და ზედ გულზე, და ზურგზედაც, ნომერი 665321 მაწერია. ასე რომ, არავითარი ალეკსი და ფამილარობა, ცარიელი ციფროვკა ვარ წინიდანაც და უკანიდანაც.

"იმიტომ, რომ ადამიანის ბუნებას ვერავითარი მეთოდებით ვერ გააუმჯობესებ. კეთილიცა და ბოროტიც შინაგანი ამბავია და ღვთისშვილს არჩევანის უფლება თუ არ აქვს, იმას ადამიანიც აღარ ეთქმის!"

"ბოლოს ყველა თავის სიყვარულს კლავსო, - ერთმა ნაციხარმა პოეტმა თქვა".

პირველი გვერდი ამით თავდებოდა და მეორეზე ვიღაცის ძაან, ძაან ნაცნობი სიფათი დაებეჭდათ, ცოტათი გადღაბნილი, მაგრამ რა ცნობა მაგას უნდოდა - იავნად მე ვიყავი, ძმებო, ლიჩნად! ქვემოთ კიდე ტექსტი მოდიოდა მსხვილი შრიფტით: კრიმინალური ინდივიდების გარდაქმნის სახელმწიფო ინსტიტუტის პირველი გამოშვება - ძალმომრეობის ყოველგვარ ინსტინქტს მოკლებული, კანონის მოშიში მოქალაქე!

"პოლიციელები", - ვბურტყუნებ ჩემთვის, - "ჩათლახები..." "ასეა", - მეუბნება, - "პოლიციური რეჟიმის კიდევ ერთი მსხვერპლი. არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი იქნები. ესაა მაგათი დამყარებული წესრიგი."

"შენ იქნებ შესცოდე კიდეც და სასჯელიც დაიმსახურე, მაგრამ ყოველგვარი სასჯელი ჩადენილი ბოროტების საზღაური უნდა იყოს მხოლოდ, შენ კი ათმაგად გაზღვევინეს - პიროვნების მაგივრად რაღაც უნებო არსებად გაქციეს და საკუთარი არჩევანი აღარ გაგაჩნია: შენ ახლა სხვისი გამოწერილი რეცეპტით უნდა იცხოვრო - სიკეთეზე მომართული მექანიკური არსება! თავად შენთვის კი ყოველგვარი ცხოვრებისეული სიამენი ტკივილის გამომწვევი იქნება მუდამ: მუსიკით ტკბობა თუ ქალის სურვილი, ლიტერატურა და ხელოვნება - ყველაფერი ეს მხოლოდ ფიზიკურ ტკივილს გამოიწვევს შენში... ეგენი კი საზოგადოების გაჯანსაღების იდეით ისე არიან შეპყრობილი, ზღვარის შეგრძნება დაკარგული აქვთ - ადამიანს თუ ნებსითი არჩევანის უფლება არ გააჩნია, მას ადამიანიც აღარ ეთქმის!.."

ელიკსანდერი. ესეც კიდე ერთი ალეკსი-მეთქი, - გავიფიქრე. მერე ალაგ-ალაგ გადავფურცლე, მაგრამ, ღმერთმანი, თავი და ბოლო ვერ გავუგე, რას ბაზრობდა. ერთი ეგ იყო, ძაან პათეტიკურად ამტკიცებდა: დღესდღეობით ხალხი რაღაც მანქანებად უნდათ, რომ აქციონ, წესით კიდე უცხო ხილივით უნდა ვიზრდებოდეთ დედამიწაზეო. ამ ჩემის ელიკსანდერს, ეტყობა, ისე წარმოედგინა ეს ქვეყანა, თითქო ჩვენ, ყველანი, ერთ რაღაც დედა-ხეზე უნდა ვეკიდოთ, მამაზეციერმა რო დარგო საკუთარ ბაღჩაში, საკუთარი დილიხორის გასასწორებლად და ჩვენ კი არ გვჭირდებოდა ღმერთი, თავად ღმერთს ვჭირდებოდით რაღაც სამყაროული წყურვილის მოსაკლავად. სულ რაღაც ამისთანას ბოდიალობდა.

"რომ ჰკითხო, მშვენიერი გამოსავალი იპოვეს - კუნთმაგარ იმბეცილებს პოლიციაში იწვევენ, ცოტა სხვანაირ ხალხს კიდე დამცველ ბარიერს ჩაუდგამენ ფსიქიკაში, უნიათო და უნებისყოფო მასად გადააქცევენ და მორჩა, დალაგდა ქვეყანა და თავისით გადაიჭრება ყველა პრობლემა... კი, როგორ არა - მაგალითების მეტი რა არი, ოღონდ აქედან მერე ნახევარი ნაბიჯია სრულ ტოტალიტარიზმამდე!"

"აქაც თუ თავისი გაიტანეს, მერე ვინც კი მთავრობას თვალში არ მოუვა, ან საწინააღმდეგოს იტყვის, ყველას შეუძლიათ კრიმინალი დასწამონ, ტვინი გამოურეცხონ, ფსიქიკა დაუბლოკონ და ამას სულ საზოგადოებაზე ზრუნვის ლოზუნგით გაამართლებენ!"

"იცი, რას გეტყვი, მარტო შენი ამბავი არ არის აქ. თავისუფლების სიყვარული ჯიშშივე მოგვდგამს და ამას უნდა გავუფრთხილდეთ. რომელი მებრძოლი მე ვარ, მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა ამოიღოს ხმა, თორემ სულ დავიღუპებით. რა, განა ნებით დაითანხმებენ ვინმეს, მის შვილს რომ იგივე გაუკეთონ, რაც შენ გიქნეს?! მაგრამ მასას სიმშვიდე და მცონარობა ყველაფერს ურჩევნია და თავს წინასწარ არავინ აიტკივებს, ყველაფრის მიმართ აპათიაც სწორედ აქედან იწყება და ამიტომაც დროზე უნდა დაარჭო ნემსი მტკივან ადგილას!"

რაბინი რუბინშტეინი მხარზე მხვევს ხელს, მკლავზე მეფერება - ნაგიჟრებს რო აწყნარებენ, სწორედ ისე, და ძაან, ძაან უმნი სახით მუბნება: "ჩვენი პარტიისა და თავისუფლების იდეისათვის თავდადებას არავინ დაგივიწყებს. თითსაც ვერავინ დაგაკარებს, ჩვენ გვერდით თუ იქნები და ყველაფერს დაგვიჯერებ. აი ნახავ, ბნელიდან ნათელში გაგიყვანთ."

ბოლოს, ჩვენი ჩარლი კაპელანის ის ძმაკაცი რო მაჩვენეს, ჯვარს რო მიათრევდა მთაზე, ვეუბნები: მანდ ვიყო და ერთი ჩაქუჩი და კაი გრძელი ლურსმნები მომცა-მეთქი!

რაღაც დიდი ფირმა ყუთი შემოაქვთ, ხსნიან და მანამ ამოიღებდნენ, უკვე ვიცი, რაც არი, ვიღაცა ბაბოჩკიანი ტიპი კიდე დასტა-დასტა დისკებს მაჩვენებს და მეკითხება: "რა დავდოთ - მოცარტი? ბეთჰოვენი? შონბერგი? კარლ ორფი?" "მეცხრე", - ვეუბნები, - "დიადი "მეცხრე"... და, ძმებო, დაგლიჯა, - გეუბნებით, - რა ხმა იყო, რა მაღლებს იღებდა, არავითარი ფონი და წკაპაწკუპი! თვალები მივნაბე და გავიტრუნე - საუკუნეები გავიდა თითქოს, რაც ასე არ გამსწორებია.


მართლა სხვანაირი გრძნობა იყო, ძმებო, - დიდი ხნის მწყურვალი მთელ ტოლჩას რო მოიყუდებ, ისეთი და მერე, სკერცო რო დაიწყო, უკვე თითქო სადღაც მივქროდი სივრცეში და მთელ აკივლებულ სამყაროს სახეს ვუსერავდი ჩემი ბრიტვით და ის ნელი ადგილიც კიდე წინ იყო და ბოლოს ის მშვენიერი გუნდიც ხომ იქნებოდა ფინალში... ღმერთმანი, უკვე ძაან, ძაან ჯანმრთელი ვიყავი. ნამდვილად.