ჯონ მაქსველ კუტზეე, პოლ ოსტერი - აქ და ახლა

ძვირფასო პოლ, მეგობრობაზე ვფიქრობდი: როგორ ჩნდება, რატომ გრძელდება ზოგ შემთხვევაში ასე დიდხანს, იმ სასიყვარულო ურთიერთობებზე დიდხანს, რომელთა მკრთალ ანარეკლადაც ზოგჯერ (შეცდომით)თვლიან ხოლმე. მინდოდა, შენთვის წერილი მომეწერა და ამ ყველაფერზე მესაუბრა, საუბარი კი ასეთი მოსაზრებით დამეწყო: იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მეგობრობა საზოგადოების ცხოვრებაში და რამდენს ნიშნავს ჩვენთვის, განსაკუთრებით ბავშვობის წლებში, საოცარია, რა ცოტაა დაწერილი ამ თემაზე.

მერე კი საკუთარ თავს ვკითხე, მართლა ასეა თუ არა-მეთქი. ჰოდა, სანამ საწერად დავჯდებოდი, ბიბლიოთეკაში წავედი და რაღაც-რაღაცები სახელდახელოდ გადავამოწმე. მერე და, რა ვნახე?! თურმე ბოლომდე შევმცდარვარ. ბიბლიოთეკის კატალოგში ამ თემაზე დაწერილი წიგნები დამხვდა - უამრავი წიგნი, რომელთა შორის ახლად გამოსულებიც მრავლად იყო. თუმცა როცა მომდევნო ნაბიჯი გადავდგი და ამ წიგნებს თვალი გადავავლე, საკუთარი თავის პატივისცემა მეტ-ნაკლებად დამიბრუნდა. საბოლოო ჯამში, მართალი ვყოფილვარ, ან სანახევროდ მართალი: ის, რაც ამ წიგნებში მეგობრობაზე ეწერა, უმეტესწილად, ნაკლებად საინტერესო იყო. მეგობრობა, როგორც ჩანს, დღემდე ერთგვარ გამოცანად რჩება: ვიცით, რომ მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ ვარაუდები გვაქვსიმის თაობაზე, თუ რატომ უმეგობრდებიან ადამიანები ერთმანეთს დამეგობრებადვე რჩებიან.

(რას ვგულისხმობ, როცა ვამბობ, რომ ის, რაც აქამდე დაწერილა, ნაკლებად საინტერესოა? შეადარე მეგობრობა სიყვარულს. ათასი საინტერესო რამის თქმა შეიძლება სიყვარულზე. მაგალითად: კაცებს ის ქალები უყვარდებათ, რომლებიც რაღაცით მათ დედებს ჰგვანან, უფრო სწორად, ის ქალები, რომლებიც მათ დედებს ჰგვანან და ამავედროს საერთოდ არ ჰგვანან, ერთდროულად არიან და არც არიან მათი დედები. მართალია? ალბათ კი, ალბათ არა. საინტერესოა? უდავოდ. ახლა მეგობრობას მივუბრუნდეთ. ვის ირჩევენ კაცები მეგობრებად? წიგნებში წერია, დაახლოებით იმავე ასაკის სხვა კაცებს, რომლებსაც მსგავსი ინტერესები აქვთო. მართალია? ალბათ კი. საინტერესოა? უდავოდ არა).

მოდი, მეგობრობის შესახებ იმ მოსაზრებებს ჩამოვთვლი, რომლებიც ბიბლიოთეკაში სტუმრობისას მართლაც საინტერესოდ მომეჩვენა. არისტოტელე ამბობს, კაცი უსულო საგანთან ვერ იმეგობრებსო (ეთიკა, მე-8 თავი). რა თქმა უნდა, ვერა! ოდესმე ვინმემ თქვა, რომ იმეგობრებდა? მიუხედავად ამისა, მაინც საინტერესოა: უცებ ვხედავთ, რა არის თანამედროვე ენის ფილოსოფიის ინსპირაციის წყარო. 2400 წლის წინ არისტოტელე ამტკიცებდა, რომ ისინი, რაც ფილოსოფიურ პოსტულატებს ჰგავდა, შეიძლებოდა მხოლოდ გრამატიკის წესები ყოფილიყო და მეტი არაფერი. მისი თქმით, წინადადებაში "მე ვმეგობრობ იქსთან", იქსი აუცილებლად სულიერი არსებითი სახელი უნდა იყოს.

ჩარლზ ლემი ამბობს, შეიძლება მეგობრები გყავდეს, მაგრამ მათი ნახვა არ გინდოდესო. მართალია და აგრეთვე საინტერესოც - კიდევ ერთი რამაა, რითიც მეგობრული გრძნობა ეროტიკული ლტოლვისგან განსხვავდება.

მეგობრები, ყოველ შემთხვევაში, დასავლეთში მცხოვრები მამრობითი სქესის მეგობრები, არ საუბრობენ იმაზე, თუ რას გრძნობენ ერთმანეთის მიმართ. აბა, შეადარე შეყვარებულების უხვსიტყვაობას! ამ კუთხით საინტერესო არაფერია. მეგობრის სიკვდილის დროს კი როგორ მძაფრად იღვრება დარდი და ვარამი: „ვაი, რომ მეტად გვიანია!“ (მონტენი ლა ბოესიზე, მილტონი ედუარდ კინგზე). (შეკითხვა: იქნებ სიყვარული ვნების ამბივალენტური ბუნების გამოა სიტყვამრავალი (შექსპირი, სონეტები), მაშინ, როცა მეგობრობა ჩუმია,რადგან სწორხაზოვანია, ყოველგვარ ამბივალენტურობას მოკლებული?)

და ბოლოს, კრისტოფერ ტაიჯენსის მოსაზრება ფორდ მედოქსფორდის „აღლუმის დასასრულში“: კაცი ქალთან იმიტომ წვება, რომ მასთან საუბარი შეძლოსო. აი, რა იგულისხმება: ქალის საყვარლად გახდომა პირველი ნაბიჯია, მნიშვნელობა მხოლოდ მეორე ნაბიჯს აქვს - ქალის მეგობრად გადაქცევას; იმ ქალთან მეგობრობა კი, რომელთანაც არ წოლილხარ, პრაქტიკულად, შეუძლებელია, რადგან მეტად ბევრი რამ არის უთქმელი და ეს ყველაფერი ჰაერში ტრიალებს. ასეთი რთული კი არის რაიმე საინტერესოს თქმა მეგობრობაზე, მაგრამ ერთ დასკვნამდე მისვლა მაინც შეგვიძლია: სიყვარულისა თუ პოლიტიკისაგან განსხვავებით, რომლებიც არასდროს არიან ისინი, რადაც მოჩანან, მეგობრობა ის არის, რადაც მოჩანს. მეგობრობა გამჭვირვალეა.

მეგობრობის შესახებ ყველაზე საინტერესო მოსაზრებები ანტიკური სამყაროდან მოდის. რატომ არის ასე? იმიტომ, რომ ანტიკურ ხანაში ადამიანებისთვის ფილოსოფიური პოზიცია, თავისი არსით, სკეპტიკური არ იყო, შესაბამისად, ისინი არ თვლიდნენ, რომ მეგობრობა რაღაც სხვა არის და არა ის, რადაც მოჩანს; არც იმას ასკვნიდნენ, თუ მეგობრობა ის არის, რადაც მოჩანს, მაშინ ფილოსოფიის საგნად ვერ გამოდგებაო.

საუკეთესო სურვილებით, ჯონი
14-15 ივლისი, 2008