აკა მორჩილაძე - ასი მილიონი გირვანქა სტერლინგით შორს
„ნამდვილად არ მიფიქრია, რომ ოდესმე ვინმე შეკრებდა და გამოსცემდა ამ „ლიბერალურ“ საფეხბურთო მზესუმზირას. რახან მოხდა და ასე გამოდის, ალბათ ეს წიგნაკი არაფერს დააშავებს და მზესუმზირადაც ივარგებს, სახალისოდაც და ახლო წარსულის სურათებსაც გაახსენებს მის გადამფურცლავ ფეხბურთის მოყვარე ხალხს.“ - აკა მორჩილაძე
"ბიძამ, რომელსაც გაირკვა რომ ჯო ჰქვია, ატეხა ყვირილი: ალან, ალანო, - იმ ტახივით ბიძას უხმო, - მოდი აქაო, - და მეუბნება: გამომიწოდე ხელიო.
ხოდა გავუწოდე.
ეხლა უნდა ჩამოგართვა ხელი და დიდხანს, დიდხანს უნდა ჩამოგართვაო, - და ჩამოვართვით ხელი. ვართმევდით ასე, იმ სიცივეში და, მე ხო ვიცი თქვენი ამბებიო, აგე ალანმაც იცისო, მარა თქვენ ხართ მაგრებიო, თქვენ მორაგბეებს ვენაცვალე მეო, რა ბიჭებიო, რა კარგებიო. ალან, ირლანდიასთან გახსოვსო, კინაღამ რო მოუგეს ირლანდიასო. რა უქნეს, გახსოვსო? რო დაშალეს და ააწყვესო.
ვაახ, - მეთქი.
კიო, იცი რა არი მთავარიო? თამაშში რო რაღაცნაირ ემოციას დაიჭერო, და ეგ იყოო. ეგ შეუძლიათ თქვენებსო", - სალამი ქართველ მორაგბეებს
“ფეხბურთი ისეთ რამედ შეიქნა დღევანდელ მსოფლიოში, რომ ზოგჯერ საკუთრივ თამაში ცოტა უკან დაიწევს ხოლმე და წინ კი სიტყვებს, მოქმედებებს და ადამიანებს გამოუშვებს. მესის, რომელსაც მარადონას ადარებენ, და ერთი-ორმა უკვე კიდეც თქვა, - მარადონაზე უკეთესიცააო, - ჯერჯერობით მეტად მშვიდი სახე აქვს იმისთვის, რომ მარადონაზე მაგარი იყოს, თუმცა რაღა თქმა უნდა, ფეხბურთელად დიდია. მაურინიო კი…აბა როგორა ვთქვა, ეს კაცი ძველი დროის ლიტერატურულ პერსონაჟებს უფრო ჰგავს, ფეხბურთის ერთგვარი ჯონ სილვერია”, - წყალი და ბალახი
“სამყარო ისე აეწყო სოციალურად და პოლიტიკურად, რომ ამ საქმეში პრაიზ-ფაიტერებმა იმარჯვეს. ჰოდა, განა იმათში არ გამოერევა ჯენტლმენი, ჰოდა მათ მიენიჭებათ ხოლმე fair play-ს პრიზები. ამიტომ, ახლა თუ ტიერი ანრი ორჯერ ხელით შეისწორებს ბურთს და ერთი კვირის მერე იტყვის, - ვნანობო, - როცა შეეძლო, იმწამსვე მისულიყო და მსაჯისთვის ეთქვა, როგორც ეს ერთ დროს იგორ ნეტომ გააკეთა, დიდი არაფერი. როგორც დონ ვიტო და მისი ამხანაგები იტყოდნენ, - არაფერი პირადი, ეს მხოლოდ ბიზნესი იყო”, - არაფერი პირადი
„დროშები, ხუთი ფუტის სიგრძისა და სამის სიგანისა, სამის სიგრძისა და ორნახევრის სიგანისა. დროშები მანქანზე დასაწებებელი, სარკეზე ჩამოსაკიდი, ტარიანი და უტარო, გასაშლელი და ფანჯრიდან გადმოსაფენი, საფრიალო და დასადგმელი, სულ დროშები და დროშები - ამდენი დროშა ძნელად რომ სადმე ნახოს კაცმა. და მაისურები, სულ ნაირნაირი, ჩვილი ბავშვისა და მოხუცისა, სანაკრებო და საქომაგო, ხუთიდან სამოცდახუთ ფუნტამდე. ათიათასობით ინგლისელ ფანს ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან უკვე დაჯავშნული აქვს ადგილები, ნაყიდი აქვს ბილეთები და ტურისტული საგზურები, ასევე სხვადასხვა ფასისა. როცა ნაკრები საზღვარგარეთ თამაშობს ხოლმე, ქომაგები სიმღერას დასცხებენ: We are going to… და ქვეყანას მოაყოლებენ, ჰოდა ახლა უკვე მოისმის We are going to South Africa…“, - ჩვენ აფრიკაში მივდივართ
„იმისთვის, რომ გავიგოთ, რით ხელმძღვანელობს ხოლმე მარადონა, მინდორი და სამწვრთნელო პროცესი სრულიადაც არაა საკმარისი. როგორც ერთმა ბაირესელმა ტაქსისტმა თქვა, მარადონა არგენტინელი კი არ არის, მარადონა არგენტინაა... ჰოდა, სანამ კაპელო, ლიპი, დუნგა და პარეირა რამეებს ხაზავენ თავიანთ დიდ დავთრებში, მგონი, მარადონას სულ სხვა რამეებისა სჯერა. მიუხედავად ყველაფრისა, მარადონას ცრემლებისა სჯერა. ასე და ამდენჯერ მოტირალი კაცი ტელეეკრანზე იშვიათად გვინახავს; ასეთი ეშმაკი, გულწრფელი და ასეთი გადარეულიც“, - მარადონას სიზმარი
„კაციც ის იქნება, ვინც ჯაბულანის ფხიზლად დაუხვდება და ვუვუზელას - მძინარედ. სამხრეთ აფრიკაში კი ზამთარი გახურდა. აუცია, როგორც ჩვენთან ნოემბრის ბოლოს.
"აჰ მეზურნევ, დაჰკარ, დაჰკარ, დაჰკარ გრძნობით დაირასა, თუ ხარ საქართველოს შვილი, ნუ მომაკლებ მაგ ტკბილ ხმასა". ჩვენ როდის მოვხვდებით ვუვუზელობაში? ხალხმა ფეხბურთის თამაში ისწავლა, ჩვენ კიდევ დაგვავიწყდა. აღარ გადავიმეორეთ“, - ვუვუზელა
“ასეთი კაცები, ფეხბურთში კი არა, მსოფლიოშიც იშვიათია. პირდაპირ შეგშურდება კაცს, სადღაც შენკენ რომ გინდა იპოვო ამ გაქანებისა და სიმართლის ადამიანი. "თუ ხალხს რაღაცის თქმა უნდა და უჭირს, მე ვიტყვი მათ წილ სათქმელს. თუ ჩემი ნათქვამი ყალბია, მას უბრალოდ არ მოუსმენენ", - აი, სოკრატესი", - სოკრატესი გახსოვთ?
"ჩვენი ფეხბურთელებისა ყოველთვის ის მენანება, რომ წიგნებს არ წერენ. ეს განსაკუთრებით ინგლისში დაგენანება ხოლმე კაცს, სადაც ფეხბურთელთა წიგნები მთელი ცალკე ჟანრია და თუკი მოთამაშე გემოს გაუგებს ამ საქმეს, მერე იმის გაჩერება ძნელია. ცხადია, ფეხბურთელები თავად არ წერენ თავიანთ წიგნებს, არამედ ცნობილი ჟურნალისტების დახმარებით, მაგრამ ვისაც ფეხბურთი უყვარს, იმისთვის ასეთი წიგნები დიდი საჩუქარია", - წერეთ წიგნები!
„აი, ეს დარტყმა, გარინჩას რომ გამოუდის, რაღაცას ამტკიცებს. ეგ დარტყმა საკამრისია იმისთვის, რომ ფეხბურთში არსებული მარადიული ვაღიაროთ და დავინახოთ. იმიტომ, რომ ეს საჯარიმო დარტყმაა, გაჩერებული ბურთი, გაჩერებული ხალხი და მხოლოდ ოსტატობა. არა მაინცდამიანც დარტყმისა, თუმცა დარტყმაც მშვენიერია, არამედ საფეხბურთო გრძნობისა და ფეხბურთელის გონებისა. რაც ჩვენ საჯარიმო დარტყმები გვინახავს, სულ ულამაზესები. სულ ძელქვეშ ჩაჭედილები, ან ჩახვეულები, რანაირი გინდა, მარადონას დარტყმულები, ზიდანის დარტყმულები. ბექემის დარტყმულები, ვისი აღარ. ის, გარინჩასი კი მაინც ჩარჩენილი მაქვს, რადგან, მომკალი და, ეგეთი დარტყმა - არა, კი მინახავს, ასე გაჭრილი პასი და ვიღაცებს უცდიათ კარში ასე დარტყმაც, მაგრამ ასე შესრულებული - არასდროს“, - ფეხი და ტვინი
"სიტი" სწორედ იმ სეზონში გავარდა, ქინქიმ რომ იბრწყინა, ქართველმა ფეხბურთელმა სახელი მაინც დიდებული დატოვა იქა და დაბლა ლიგებამდეც უერთგულა კლუბს. იმ წელიწადს, "სიტი” რომ გავარდა, მისი თანაქალაქელი და მარადი მტერი, `იუნაიტედი” ჩემპიონი გახდა, ინგლისის წლის ფეხბურთელად კი სწორედ ჩემპიონთა ლიდერი ერიკ კანტონა გამოცხადდა. საქმეც ეს იყო, იმ გამოკითხვაში მეორე ადგილზე ქინქლაძე გავიდა", - პირველი ბაქოდან
"ჰოდა, „არსენალის“ გასახდელთან სუპი, სალათები და პიცა ეწყო მაგიდებზე და სანამ ვენგერი და ფერგიუსონი ერთმანეთს ტკბილ სიტყვებს ეუბნებოდნენ და ფეხბურთელებიც ერთმანეთში „აირიენ“, სიტყვებით, ვის ებლატავები ბიჭოო, „არსენალის“ ბუფეტიდან პიცის ერთი მოზრდილი ნაჭერი გამოფრინდა და პირდაპირ ცხვირ-პირზე აეწება ფერგიუსონს", - პიცაგეიტი ათი წლის შემდეგ
ჟურნალი "ლიბერალი"
გამომცემლობა "არტანუჯი"