ხოსე ორტეგა ი გასეტი - ენა

                                                                            ლექციების ციკლიდან - "ადამიანი და ხალხი"

ძნელად მოსაძებნია მასზე ადამიანური ურთიერთობა, რომელიც დედა-შვილს აკავშირებს. უაღრესად უნიკალური არსება - დედა ხომ თავისი უნიკალური ქმნილების - შვილის გამო ცხოვრობს. სწორედ ამ კონკრეტულ მამაკაცს უყვარს სწორედ ეს კონკრეტული ქალი - შეუდარებელი, შეუცვლელი, ერთადერთი. მათი ქცევა, მათი ერთმანეთისადმი დამოკიდებულება პიროვნებათშორისი ურთიერთობის ძალზე ნათელი მაგალითია. ბარემ აქვე შევნიშნოთ: შეყვარებული წყვილი ყველაზე ხშირად და ყველაზე მეტად საუბრითაა დაკავებული.

რა თქმა უნდა, სასიყვარულო ალერსსაც ეძლევიან, თუმც, ესეც საუბრის გაგრძელებაა, ოღონდ - სხვა ფორმით. ამას დაზუსტება აღარ სჭირდება. სიყვარული, რომელსაც მზერა და ალერსი ასულდგმულებს, უფრო მეტად ცოცხლდება საუბრით, დაუსრულებელი დიალოგით. სიყვარული მგალობელი ფრინველივით სტვენს და ჭიკჭიკებს, სიყვარული მჭევრმეტყველია და, თუ რომელიმე შეყვარებული მაინც დუმს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას სხვაგვარად არ შეუძლია. ის ბუნებითაა გამორჩეულად მდუმარი.

ეს უაღრესად ინდივიდუალური ქმედება, რომელსაც ორივე მონაწილე მთელ თავის პიროვნულ სიღრმეს ახმარს, ორიგინალური შესაქმის ეს უწყვეტი აქტი - სიყვარული - შუამავლად მეტყველებას ირჩევს. ლაპარაკი გარკვეული ენის გამოყენებას ნიშნავს, თუმც, შეყვარებულებს არ შეუქმნიათ იგი. ენა, რომელზეც მიჯნურები საუბრობენ, მათთან ერთად არსებობდა, საზოგადოებაში ფეთქავდა. ბავშვობაშივე ჩასახლდა მასში ადამიანთა სამეტყველო აღქმასთან ერთად. რამეთუ ენას - იმთავითვე და სამუდამოდ მარად მშობლიურს - ითვისებენ არა გრამატიკიდან ან ლექსიკონიდან, არამედ - მხოლოდ ადამიანური მეტყველებიდან. ყველა მიჯნურს სურს რაღაცის თქმა, ბევრის გამოთქმა, მაგრამ სინამდვილეში ეს სურვილი მხოლოდ ერთს ნიშნავს - გიამბოთ საკუთარ ცხოვრებაზე, თითოეულის განუმეორებლად ინდივიდუალურ ყოფაზე. როცა ერთ-ერთ პირველ ლექციაში აღვნიშნე, ადამიანთა ცხოვრება თავიდან ბოლომდე რადიკალური მეტყველებაა-მეთქი, დავამატე, რომ სიყვარული ორი მარტოობის გაცვლა-გამოცვლის, ორი იდუმალი შინაგანი სამყაროს შერწყმის ცდაა და თუ ის წარმატებით დასრულდა, ორი ნაკადი გაერთიანდება, ორი ცეცხლი ერთურთს შეედუღება. აი, რატომ ეუბნებიან შეყვარებულები ერთმანეთს:

ჩემო სიყვარულო!  ან სხვა მათ დარ სიტყვებს.

მაგრამ ერთმანეთისგან უნდა გავარჩიოთ, რის თქმას ლამობენ ამ სიტყვების მეშვეობით და ის, რასაც ამბობენ. ის, რისი თქმაც შეყვარებულებს სურთ, ერთურთისადმი რომ განიცდიან, ის გრძნობაა - ჭეშმარიტი, აღმვსები, მათი პიროვნული სიღრმიდან მომდინარე, მათ მიერ განცდილი და გაცნაურებული. საპირისპიროდ ის, რასაც ამბობენ ანუ გამოთქმა, რომლითაც ერთურთს მიმართავენ, სიყვარულში უტყდებიან, გრძნობაში არწმუნებენ - ჩემო სიყვარულო!  - მათთან გარედან მოვიდა. მათ არ ესმით მისი არსი. აქ ზუსტად იგივე ვითარებაა, რაც - მისალმებისას. მშვენივრად მესმის, რომ მისალმებისას შემხვედრს ხელი უნდა გავუწოდო, მაგრამ სრულებით ვერ გამიგია, რატომ უნდა მოვიქცე სწორედ ასე და არა სხვაგვარად. შეყვარებულებმა შეუმცდარად იციან, რომ გრძნობათა გაცვლისას მთავარია ამგვარ ან ანალოგიურ სიტყვათა დართვა. მაგრამ ისინი ვერ ხვდებიან, რად ჰქვია მათ გრძნობას სიყვარული, რად გამოიხატვის ბგერათა სწორედ ამგვარი თანმიმდევრობით და არა სხვაგვარად. მათ სურვილში, გრძნობაში, გამოუტყდნენ სატრფოს, და გამოთქმის აქტში ანუ გარკვეულ ბგერათწარმოებაში, კავშირის დანახვა შეუძლებელია. და თუ მიჯნურები ამ ბგერათშეთანხმებას ირჩევენ, მხოლოდ იმიტომ, რომ სმენიათ: შეყვარებულები ასე იქცევიან. და არა სხვა რომელიმე მიზეზის გამო, რაზეც მიგვითითებს სიტყვა სიყვარული.

ენა სოციალური ჩვევაა, ორი ადამიანის, ორი სამყაროს შუამავალი და თითოეული ინდივიდის მიერ მისი გამოყენება უაღრესად ინდივიდუალურია. და ამ ფაქტის შემაძრწუნებელ, თითქმის კომიკურ დადასტურებას იმაში ვხედავ, რომ ჩვეულებრივ, რაციონალურსა  და ლოგიკურს  ვეძახით ჩვენს უკიდურესად გონივრულ საქციელს. მაშინ, როცა თვით ეს სიტყვები- რაციონალური, ლოგიკური  - წარმოდგება სიტყვებისაგან Ratio და Logos, რომლებითაც თავდაპირველად ლათინურსა და ბერძნულში მეტყველებას  აღნიშნავდნენ. სხვაგვარად რომ ვთქვა, ამ სიტყვებით გამოვთქვამთ ირაციონალურ ქმედებას, თანაც იშვიათად - ერთ-ერთ გადამწყვეტ მომენტში, ყველაზე ხშირად კი - სხვა დანარჩენში.

ვიმეორებ: ჩვენ მეტ-ნაკლებად კარგად გესმის იდეები, რომელთა გამოხატვას წარმოთქმული სიტყვებით ვცდილობთ, მაგარამ არ ვიცით, რას გამოხატავს ჩვენი მეტყევლება, თავისთავად რას ნიშნავს ჩვენი გამოთქმანი ანუ სიტყვები. ყოველივე ზემოთქმული მისალმებასაც ეხება. თვით ხელის გაწვდის ფაქტი მხოლოდ მაშინ ცნობიერდება, როცა მისალმების შემდეგ ვიწყებთ თეორიულ მსჯელობას იმაზე, რაც მოხდა და შედეგად ჩვევის ეტიმოლოგიას აღმოვაჩენთ ხოლმე. იგივე ხდება სიტყვის შემთხვევაში. ხშირად მასში აზრს ვერ ვპოულობთ და გაუგებარი რჩება. ასე მოხდა სიყვარულთან  დაკავშირებით. ეს სიტყვა რომაელთაგან გვერგო, მაგრამ არა რომაული, არამედ - ეტრუსკულია. ეტრუსკთა გამოცდილებიდან იშვა (საკითხავია, როგორი გამოცდილებიდან?), თუ მათაც სხვა ხალხებისგან ისესხეს? სამწუხაროა, მაგრამ არ ვიცით სიყვარულს - აგრერიგად დიდი ადგილი რომ უჭირავს ჩვენს ცხოვრებაში - მაინცდამაინც ასე რატომ ვეძახით? მაგალითად, ვამბობთ: შიშმა განმგმირა. თავისთავად ამ გამოთქმას აზრი არა აქვს. გაუგებარია, გრძნობა, რომელიც ჩვენში იშვა და სივრცესთან გაუცხოებულია, როგორ აღმოჩნდა ჩვენს მიღმა და შემდეგ განგვგმირა  კიდეც! თუმც ამ შემთხვევაში ყოველივეს ნათელს ჰფენს ეტიმოლოგია, რომლის თანახმადაც ბერძნულსა და სხვა ინდოევროპულ ენებშიც არსებობდა სწორედ ასეთი გამოთქმა. პირველყოფილ ინდოევროპელებს სჯეროდათ, რომ ვნებები, სნეულებათა დარად, კოსმიური, გარემომცველი, ადამიანთა მიღმა არსებული ძალებია, რომლებიც დროდადრო ჩვენში იჭრებიან.

ჩვეულების მეორე ნიშანი ისაა, რაც გვაიძულებს მის დაცვას, მის მორჩილებას. მეტყველებაში როგორ ხდება ყოველიევ ეს? ვინ გამიბრაზდება ან ვინ დამემუქრება, თუ მე არა სიტყვებს, არამედ ჩემს მიერ გამოგონილ ბგერებს გამოვიყენებ?

როცა მისალმებაზე საუბრისას ერთგვარ იძულებაზე მივუთითებდი, მხოლოდ სანქციის ის ტიპი გიჩვენეთ, რომელიც წარმოიქმნებოდა ჩვეულების უგულებელყოფისას. მაგრამ როგორც ქვემოთ დავინახავთ, ჩვეულების ყველა ტიპში იძულება მხოლოდ ამ ტიპისთვის ნიშანდობლივ ფორმას იღებს. განსხვავება მათ შორის უკიდურესად არსებითია. ეს ფორმები ყველაზე უკეთ არკევევენ ფუნქციას, რომელსაც ჩვეულების თითოეული ტიპი ასრულებს ამა თუ იმ საზოგადოებაში. მაქსიმალური იძულება ფიზიკური ხასიათისაა. სოციალური გარემოცვა მას მაშინ მიმართავს, როცა ადამიანები უარობენ ჩვეულებათა ძალზე ნიშანდობლივი ტიპის - სამართლის  დაცვას. თუ რატომ, ქვემოთ ვნახავთ. ამჯერად კი მხოლოდ შენიშვნით დავკმაყოფილდეთ: იმ იძულებასთან შედარებით, რომელიც მისალმების ჩვევის უგულებელყოფას მოსდევს, სამართალი გაცილებით მძლავრად, უხეშად და მკვეთრად მოგვეჩვენება. წარმოვიდგინოთ ასეთი ვითარება: ვიღაცამ საათი მოიპარა და დაიჭირეს ინ ფრაგანტი (დანაშაულის ადგილას); პოლიციელი მაშინვე აკავებს დამრღვევს და ძალის გამოყენებით იქ მიჰყავს, სადაც ჯერ არს. ამ შემთხევევაში რომელიღაც კერძო პირის ბოროტ ქმედებაზე საზოგადოების პასუხი ფიზიკური ხასიათისაა, მაქსიმალურად ინტენსიური და სწრაფი. ეს მაგალითი კიდევ ერთხელ გვათქმევინებს, რომ ჩვეულება შეიძლება დავყოთ ძლიერად და სუსტად. ჩვევავათა ინტენსივობით მითითებული ორი ხარისხი განისაზღვრება საიძულებლად გამოყენებული ძალის ოდენობით. მისალმება და ყოველიევ ისიც, რასაც ზნეს  ვეძახით, სუსტ ჩვეულებათა სახეობანია. სამართალი, პირიქით, ძლიერი ჩვეულებაა. და იმედოვნებ იჩვენოთ, მისი ყველაზე ხშირი ფორმა და Prima Facie (აქ: საწყისი სახე, თაურსახე) რატომაა სხვა ჩვეულებებთან შედარებით განსაკუთრებული; სწორედ უკანასკნელმა გარემოებამ შეუშალა ხელი იურისტებსა და სამართლის ფილოსოფოსებს სამართალში ის განეჭვრიტათ, რაც სინამდვილეშია: სამართალი მრავალთაგან ერთ-ერთი ჩვეულებაა. უკვე გითხარით: რამდენადაც ჩვენი გარემოცვა სოციალურია, თავს ავლენს, როგორც მუდმივი და საყოველთაო იძულება. აი, დადგა ხელსაყრელი მომენტი სიტყვის უთქმელად გამოვასწოროთ გავრცელებული მცდარი შეხედულება სოციალურ და კოლექტიურ იძულებაზე!

ჩვეულებრივ მიიჩნევენ, რომ კოლექტიური იძულება იგულისხმება სხვების მიერ ჩვენდამი გამოხატულ დადებით თუ უარყოფით ქმედებაში. ეს ასე არ არის. სინამდვილეში ეს იმ იძულების ერთ-ერთი ფორმაა, რომლის ორი სახეობა უკვე განვიხილეთ: სხვების აღშფოთება, როცა მათ არ ვესალმებით (რაც მეგობრული დამოკიდებულების, პატივისცემისა და ურთიერთობის სურვილის უბრალო უგულებელყოფაა) და მეორეც, პოლიციელის ენერგიული ჩარევა მაშინ, როცა ვიღაცამ, ვთქვათ, საათი მოიპარა ან ანდერძი გააყალბა. სავსებით ბუნებრივად მეჩვენება ჩემს საქციელზე იძულებით ზემოქმედებად  განვიხილო ნებისმიერი მძიმე შედეგი, რაც იმით იქნება გამოწვეული, რომ მე ისე არ მოვიქეცი, როგორც ეს ჩემს სოციალურ გარემოცვაშია მიღებული.

მაგალითად, ჭაბუკს სურს სიყვარულში გამოუტყდეს სატრფოს, მაგრამ უარობს რომელიმე ცნობილი ენის გამოყენებას. რა თქმა უნდა, ეს პოლიციის ჩარევის საბაბი არ არის, მაგრამ ერთი რამ კი უეჭველია: ამ შემთხვევაში მისი მიჯნური ჭაბუკის ზრახვებს ვერ ამოიცნობს და ვერც ჭაბუკი ეტყვის საწადელს. ჩვეულება, რომელსაც ენა წარმოადგენს, მშვიდად, აუღელვებლად, ყოველგვარი გარეშე ძალის გამოუყენებლად ზემოქმედებს ადამიანებზე, აიძულებს მათ ამ ჩვეულების უბრალო და, ამავე დროს, პირწმინდად ავტომატურ და უცილო გამოყენებას. ამ ჩვეულებაზე უარის თქმისას ენა შეუძლებელს ხდის გაგებას და გაგებინებას, ძირშივე ადამბლავებს ნებისმიერ ნაყოფიერ და ნორმალურ თანაგანცდას. აქ ჩვენს წინაშეა იძულება, რომელიც არ შეიცავს ვისიმე პოზიტიურ თუ ნეგატიურ ქმედებას ეს, ასე ვთქვათ, წინასწარგანზრახული უტყვობაა), რადგანაც ჩვენ ქმედებად  ვერ მოვიხსენიებთ გაუგებრობას  ან რაღაცას, რაც უინდივიდოდ ხორციელდება. ამგვარად, იძულება ყოველგვარ პირობებში ფორმალურად უნდა მივიჩნიოთ, როცა კი ჩვენ დაუსჯელად ძალგვიძს ქცევის იმ წესის არჩევა, რომელიც საყოველთაოდ მიღებულისგან განსხვავდება. დასჯა ან შურისძიება სხვადასხვა ზომას ან ხარისხს გულისხმობს. მაგალითად, იმის შეუსრულებლობა, რაც ჩვენს გარემოცვაშია მიღებული, გაცილებით ძნელია, ვიდრე - მისი შესრულება. აი, ერთი მარტივი და, ამდენად, ძალზე თვალსაჩინო მაგალითი: საკმარისია საუზმეზე იმისგან განსხვავებული რამ მოვითხოვოთ, რაც ჩვენს ყოველდღიურ მენიუშია, რომ უდიდეს წინააღმდეგობებს წავაწყდეთ. რამდენ ხათაბალას უკავშირდება ამ ტრივიალური მოთხოვნილების დაკმაყოფილება მოგზაურობისას ან ადგილის შეცვლისას! პირიქით, საზოგადოება გვათავისუფლებს საუზმის ჩვენ მიერვე მოგონების მოვალეობისაგან და გვთავაზობს წინდაწინ აპრობირებულ მენიუთაგან ერთ-ერთს. ყოველივე ეს - დრამატიზების გარეშე - მხოლოდ წვრილმანია და მაინც, საზოგადოების არსებობის, უფრო სწორად, მისი სიმყარის გადამწყვეტ მიზეზად გვევლინება. ხომ ყველა ჩვენგანს მონდომებია, ერთხელ მაინც გაჰქცეოდა საზოგადოებას! თუმც საკმარისი იყო იმ ძალისხმევის წარმოდგენა, რაც მარტო ყოფნას დასჭირდებოდა - როცა სრულიად მარტო უნდა გაისარჯო - რომ გაქცევისადმი ვნება მაშინვე ჩაგვეკლა. ნათვამია, ადამიანი ბუნებით საზოგადოებრივი არსებააო. ეს განსაზღვრება საკმაოდ ბუნდოვანია, მაგრამ დროის უქონლობის გამო მის კრიტიკას ვერ შევუდგები. საბოლოოდ, მზადაც კი ვარ დავეთანხმო მას, თუ ერთ რამეს დავამატებდი: ადამიანი ბუნებით მარტოხელაცაა და მასში გამუდმებით ხან თვლემს, ხან იღვიძებს საზოგადოებისგან გაქცევის სურვილი. პერიოდულად ეს სურვილი ისტორიული მასშტაბითაც გამოვლენილა. უკანასკნელ ხანს - ხან ერთ, ხან მეორე ქვეყანაში - მთელს მსოფლიოში იფეთქა გაქცევის ავადმყოფური სწრაფვის ეპიდემიამ, წყურვილმა, მიატოვო საზოგადოება, რომელშიც ცხოვრობ და შეძლებისდაგვარად - ყოველივე სხვაც. მაგალითად, ამ წლების განმავლობაში უამრავ ევროპელს უოცნებია უკაცრიელი კუნძულის ბინადრობაზე.როცა ნაპოლეონი გერამანიაში შეიჭრა და მისი ჯარი ვეიმარს იუახლოვდა, გოეთემ თქვა: ნეტავ ყოველივე ამის მიღმა ვყოფილიყავი!, მაგრამ ასეთი მიღმა  არ არსებობს. რომის იმპერიის პირველ საუკუნეებში ყოველგვარი კულტურული და სამოქალაქო ცხოვრებით განხიბლული ადამიანები უდაბნოში გარბოდნენ, რათა ჩაძირულიყვნენ სასოწარკვეთილ მარტოობაში. ქრისტიანი ბერები როდი არიან მარტოობის გამომგონებელნი. ისინი მხოლოდ ბაძავდნენ მათ, ვინც სირიასა და ეგვიპტეში ჯერ კიდევ ორი ასწლეულის წინ გამხდარიყო მეუდაბნოე და განდეგილი, რათა ექადაგათ მონე - მარტოობა. ამიტომაც დაარქვეს მათ Monakhoi - მონაზვნები. ცხოვრების ასეთმა წესმა მათ უზარმაზარი პოპულარობა შესძინა და წარმოქმნა ერთგვარი ეპიდემია. უდაბნოები აივსო ათასობით განდეგილით, რომლებიც ამის გამო უკვე აღარ იყვნენ მარტოხელები და დაარსეს თემი - კინოვია, მონასტერი (სიტყვიდან Koinos - საერთო). მათ კი, ვინც უფრო რადიკალურ განმარტოებას ესწრაფოდა, გადაწყვიტეს, ვერტიკალის მეშვეობით ჩამოსცილებოდნენ ახლობლებს - აშენებდნენ მაღალ სვეტს, რომლის მწვერვალზეც ცხოვრობდნენ. მათ მესვეტეები უწოდეს. თუმც არც ამან უშველათ. იმპერატორი თავის კარისკაცებს რჩევისთვის აგზავნიდა წმინდა სიმონთან. ისინი ქვევიდან ასძახოდნენ და თავიანთ თხოვნას აცნობდნენ მას.

ენა, რომელიც უფრო რთული წარმონაქმნია, ვიდრე - მისალმება, სხვებზე მკაფიოდ და ზუსტად აგნებს სოციალური რელობის ნიშან-თვისებებს. ამიტომაც მასში ყველაზე ნათლად ვლინდება სოციალური ყოფა. საზოგადოება არსებითად თანაცხოვრებაა, განსაზღვრული კოლექტიური ერთობის უწყვეტი და უდრეკი არსებობა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს არის თანარსებობის განსაკუთრებული ფორმა, რომელიც განსხვავდება სხვა კოლექტიური გაერთიანებებისა და ერთობებისაგან. როგორც კი ადამიანთა რომელიმე ჯგუფი გამოეყოფა კოლექტიურ ერთობას, რომელშიც სხვებთან ერთად ცხოვრობს, იმავე წამს ავტომატურად ვისიმე ნებისგან დამოუკიდებლად იცვლება ენა, რომელზეც ესა თუ ის ჯგუფი ადრე ლაპარაკობდა და თანდათანობით ყალიბდება განსხვავებული, ახალი ენა. თუკი რომელიმე ტრაგიკული მიზეზის გამო დარბაზში მსხდომნი სხვა ესპანელებს მოვწყდებოდით და რამდენიმე წლის შემდეგ კვლავ შევუერთდებოდით ჩვენს თანამემამულეებს, დიდად გაგვიკვირდებოდა, რომ, შეუმჩნევლად, ზოგადმოსახმარი ესპანურისგან განსხვავებულ ენაზე ავმეტყველებულვართ! ამ განსხვავებას შევამჩნევდით ზოგი სიტყვის წარმოთქმისას, განსხვავებული იქნებოდა ზოგის სემანტიკა, სინტაქსური ფორმა, ფრაზეოლოგიზმები. ჩვენ მიერ წარმოსახული შესაძლებლობა არაერთხელ განსხეულებულა ისტორიაში. აქ თავს იჩენს საპირისპირო დამოკიდებულებაც: ეს არაერთხელ გამეორებული ფაქტი ადასტურებს, რომ რომელიღაც ერთობის არსებობას წინ უცილოდ უძღვის რომელიღაც განცალკევება. ეს უკანასკნელი შეიძლება სხვადასხვა მიზეზებმა წარმოშვას. მათგან ყველაზე ნათელია გეოგრაფიული წინაღობები, რომლებსაც ჯგუფის იზოლაციამდე მივყავართ. დრო რომ მქონდეს, გიამბობდით ახალი გვინეის ერთ ხალხზე, რომელიც ახლახან აღმოაჩინეს და შეისწავლეს. საუკუნეთა წიაღში, შორეულ წარსულში მოხდა გეოლოგიური კატასტროფა, რის შედეგადაც მთის ხეობებში მომწყვდეული ეს ხალხი სამყაროს მოწყდა. მაგრამ განკერძოების მიზეზი შეიძლება იყოს მხოლოდ პოლიტიკურიც ან აიხსნას სხვა, უფრო რთული მოტივებით. სოციოლოგიური კვლევები სათანადოდ რომ მიმდინარეობდეს, უთუოდ ღრმად შეისწავლიდნენ იზოლაციის გავლენას კოლექტიურ ცხოვრებაზე - როგორც წარსულში, ისე - აწმყოში. ამ საკითხის განსავრცობად დავუმატებდით, რომ წარსულშიც და მომავალშიც შესაძლებელია მკაფიოდ მივადევნოთ თვალი სხვადასხვა კერძო მაგალითს, უაღრესად ფერსავსე სურათს. ეს დიდად გვარგებდა, თანაც იმაზე მეტად, ვიდრე წარმოგვიდგენია. მაგალითად, შეტყობინების თანამედროვე საშუალებათა განვითარებამ იქამდე მიგვიყვანა, რომ ადამიანთა უმრავლესობა ძალზე ხშირად მიდის მშობლიური ქვეყნიდან სხვა, მათ შორის, ყველაზე დაცილებულ ადგილას - და ეს ისტორიაში პირველად იქცა ნორმად. ეს მოვლენა, ალბათ, კვლავაც ინტენსიურად განვითარდება. საკითხი მხოლოდ სივრცეში მოძრაობით როდი ამოიწურება. პრესის წყალობით შეგვიძლია საზღვარგარეთ მიმდინარე ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების თანამონაწილენი გავხდეთ. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: რას მოუტანს ეს საზოგადოებრივ ცხოვრებას? ჯერ ხომ ისევ გაურკვეველია, უპირობოდ კეთილად იმოქმედებს თუ არა ეს? ხომ შეიძლება ამ პროცესის დაჩქარებამ თუნდაც დროებითი, ყველაზე უფრო მძიმე და საბედისწერო შედეგი მოგვიტანოს?

სოციოლოგებსა და ეთნოგრაფებს ამ პრობლემისთვის სათანადო ყურადღება არ მიუქცევიათ. ისინი არასოდეს დაფიქრებულან, ვთქვათ, ასეთ ფაქტზე.

ერთმანეთისგან რასობრივი ნიშნით - ენით, ჩვეულებებითა და სხვ. - სრულიად განსხვავებული ნიგერიის მრავალრიცხოვანი ტომები ისეთ სივიწროეში ცხოვრობენ, რომ გადაუჭარბებლად შეიძლება თქმა: ერთმანეთს თავზე ასხედან. მიუხედავად ამისა თითოეული ტომის წარმომადგენელი მიჯაჭვულია თავის კონკრეტულ საზოგადოებას და მკაფიოდ აცნობიერებს სხვების უცხო ტომთათვის მიკუთვნებულობას. და რადგან წმინდა დოლები საკუთარი ტომისა და საკუთარი საზოგადოებრივი ჩვეულების გამომხატველია, ველურები ნებისმიერი უცხოელის გამოჩენისას ამბობენ: სხვა დოლის ხმაზე ცეკვავს , რაც ნიშნავს: სხვა რწმენა, ენა, ტაბუ და ა.შ. აქვს.

როგორ ავხსნათ, რომ განსხვავებულობის ამგვარ თანაგანცდაში არ იკარგება ტაბუსა და სხვა ფენომენების მსგავსება, რომლებიც ამ ტომთა შიგნით მჭიდრო სოციალურ ერთიანობასა და დარაზმულობას უზრუნველჰყოფს? ტაბუს ერთგვარობა იწვევს სოციალურ ერთობას, რომელიც განმაკერძოებელ გავლენას ახდენს ყველაზე აქტიურად თანამცხოვრებ ხალხებზეც.

იმის წყალობით, რომ ენა ძალზე ზუსტად რეაგირებს სოციალურ პირობებზე, თვალს ვადევნებთ ენობრივ სხვაობას არა მარტო განსხვავებულ საზოგადოებაში, არამედ - განსხვავებულ სოციალურ ჯგუფებშიც. უძველესი ცნობის თანახმად, რომელიც დაახლ. ჩვ. წ-მდე 3000 წლითაა დათარიღებული, შუმერულ-აქადურ ქალაქებში ორი განსხვავებული ენა არსებობდა: ერთი - მამაკაცთა - Eme-cu, მეორე - ქალთა - Eme sal, რომელსაც, ამავე დროს, ფრთხილთა ენასაც ეძახდნენ. მაინც რამ განაპირობა, რომ ამ კაცებმა და ქალებმა ერთმანეთს ვერ გაუგეს? მსგავს შეხედულებას იცავდა თვით ედუარდ მეიერი! მაგრამ რამდენიმე წლის წინათ, როცა ჰროზნიმ გაშიფრა ხეთური ლურსმული წარწერა და ხეთების მონათესავე სხვა ხალხის იეროგლიფური წარწერაც, ამ დასკვნას წყალი შეუდგა. გაუგებრად რჩება, რატომ ვერ შეეგუა ამ მოვლენას ეს შესანიშნავი ენათმეცნიერი: ახლაც ხომაა ხალხი, რომელშიც არსებობს კაცთა და ქალთა ენები! კარლო ალბერტო ბერნული, კერძოდ, ყურადღებას ამახვილებს ისეთ ქალურ ენაზე, რომლის გაგება არც ერთ მამაკაცს არ ძალუძს და რომელიც გამოიყენება მხოლოდ ქალთა საიდულო წეს-ჩვეულებათა აღსრულებისას (მაგალითად, სუაჰილის ენაში). ამ ენის თავისებურებები და გავრცელების არეალი შეისწავლა ფლორა კრაუსმაც.

ჩვენი ესპანური, იმ ფორმით, - ნაწილობრივ იდეალურად ან უტოპიურად, მაგრამ საბოლოოდ, საკმაოდ საფუძვლიანად - რომლითაც ძალგვიძს მას ნორმატიული ვუწოდოთ, განსხვავებული სოციალური კლასების თანამშრომლობის მექანიკური შედეგია. როგორც ცნობილია, ყოველ კლასს აქვს თავისი ენა. ამის მიზეზია არა შემთხვევითი სხვაობა მათ შორის, არამედ - ერთგვარი ფუნდამენტური გარემოება, რომელიც სხვადასხვა საზოგადოებრივ კლასებს ერთგვარ ორგანოებად აქცევს, რომელთაგან თითოეული განსაკუთრებულ როლს თამაშობს ნორმალური ენის მყოფობაში. კლასები, რომელთაც შესაბამისად, სახალხოს, საშუალოს და უმაღლესს უწოდებენ, ლაპარაკობენ სავსებით განსხვავებულ ენებზე. როგორც ლერხი აღნიშნავს, ლაპარაკის მანერა, ანუ ენის გამოყენება სამ განსხვავებულ, სოციალურ ჯგუფად იყოფა; მაგალითად, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ლაპარაკისას არ მსჯელობენ თავიანთ მანერაზე; ისინი ენას დაუდევრად იყენებენ და ჰაიჰარად ეპყრობიან - ეს სახალხო ჯგუფია. არსებობენ ისეთებიც, რომლებიც განსჯიან საკუთარ მეტყველებას, მაგრამ ეს რეფლექსია მცდარია; მას მივყავართ სალაღობო დაწინდვამდე, როცა ნატიფი განათლებით თავმომწონე რომელიღაც ქალბატონი აცხადებს, რომ მისი ქმარი იმპორტულ ენებს ფლობს. და ბოლოს, არსებობს უმაღლესი ჯგუფი, რომელიც მკაცრად ადევნებს თვალ-ყურს თავის მეტყველებას.

ანგარიშში ნუ ჩავაგდებთ საშუალო ჯგუფს, რომელიც იშვიათად ახერხებს ნორმატიულ ენაზე ზემოქმედებას. რჩება ხალხი და კულტურული არისტოკრატია. მათი დამოკიდებულება ენისადმი მხოლოდ კერძო გამოვლინებაა საერთო, ცხოვრებისეული მდგომარეობისადმი. მხოლოდ ორი საშუალებაა, რომ ცხოვრებისადმი დამოკიდებულება გამოხატო. ერთი იმას გულისხმობს, რომ თავი არ შეიზღუდო და ნებისმიერი სურვილი აისრულო. მეორე მიდგომა ისაა, რომ ჩავიკლათ სულში სწრაფვანი და მიველტვოდეთ იმას, რომ ჩვენი ქცევა ნორმებში მოვაქციოთ. ლერხი მიუთითებს, კულტურული  ინდივიდი, ჩვეულებრივ, უმაღლესი კლასებიდან, თუ როგორ ლაპარაკობს ალინგვისტურური ნორმების, თავისი ენისა და, ზოგადად, ენის სახელით. პლებეი, პირიქით, ისე ლაპარაკობს, როგორც ღმერთი ინებებს. ამიტომაც, ლერხი, რომანტიკული ინტერპრეტაცის საპირისპიროდ, ამტკიცებს, რომ რჩეულნი (ანუ არისტოკრატია), ნორმის ერთგულნი რჩებიან, ამყარებენ და იცავენ ენას, ხელს უშლიან იმას, რომ ფონეტიკური კანონების ამარა დარჩენილი ენა, სადაც განუყოფლად ბატონობს ხალხური მეტყველება, უკიდურესად არ გაღარიბდეს. მართლაც დიდი გავლენა იქონია ფრანგულში თანხმოვნების დაკარგვამ, ვიდრე უმაღლესი კლასები გონს არ მოეგნენ და თავიანთი მკაცრი კონტროლი არ დააწესეს: პედიცულუმ-იდან (ტილი), მხოლოდ პოუ დარჩა, Parabolare-დან (საუბარი) - Parler, Cathedra-დან (სავარძელი) - Craire ან Chaise, Oculus -დან - (თვალი) - Oeil, Augurim-დან (საათი) - Heur. აქედან გამომდინარეობს მრავალი კონვერგენცია, რომლებმაც ფრანგული ენა ორაზროვანი ბგერებით დახუნძლეს: სუნ მომდინარეობს ისეთი განსხვავებული ლათინური სიტყვებიდან, როგორებიცაა ცენტუმ (ასეული), სანგუემ(სისხლი), სინე (გარეშე), სე ინდე (ს   ენ) (საიდან), საბოლოოდ, ეცცე ჰოც ინდე (ც   ენ); აქედანვე მომდინარეობს გამოთქმა, რომლის ეტიმოლოგიის დადგენა დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა: C endessus dessous (ყირამალა), რომელიც სრულიად სულელურად გარდაქმნილა ახლა სენს Dessus dessous, უფრო ადრე, ვოჟლა და მადამ დე სევინიე წერდნენ: Sans Dessus Dessos.

როცა ის სიტყვები მოკლდებოდა, რომელთაც მახვილი ბოლოსწინა მარცვალზე მოუდიოდათ: Tepidus, Tiede (თბილი), რჩებოდა მხოლოდ მახვილიანი მარცვლები ბასრი ან ბლაგვი მახვილით: Portum (პორტი) - Port; Porta - Porte (კარი). თუმც, ბოლო სიტყვაში ე მუნჯია, და რომ არა კულტუროსანთა ჩარევა, რა თქმა უნდა, ე გაქრებოდა და პორტე პორტ-ში აგვერეოდა, ორი სიტყვისაგან რედუცირებულ ფორმა პორტ-ს მივიღებდით. აბსტრაქტული სიტყვებისა და უამრავი უაღრესად სასარგებლო ენობრივი საშუალების არსებობას, მაგალითად, ზოგიერთი კავშირისა, სწორედ განათლებულ საზოგადოებრივ ფენებს უნდა ვუმადლოდეთ.

XVI საუკუნეში ფრანგული ენის განვითარება ჯერ კიდევ ემორჩილებოდა ინდივიდუალური გამოყენების კაპრიზს. XVII საუკუნის დასაწყისში იგრძნობა ნორმის ზემოქმედება, რაც მაღალი კლასებისაგან მომდინარეობს. პერსონაჟი, რომელიც ამ ნორმის გამოსახატად შეირჩა, არც ბრძენია და არც პედანტი, რომელიც მხოლოდ საკუთარი სახელით ლაპარაკობს. ეს გახლავთ თავაზიანად მოუბარი ადამიანი, ანუ ის, ვინც მსმენელის თვალსაზრისს ითვალისწინებს და პასუხს იძლევა, რადგან ლაპარაკობს არა როგორც მარტოსული მწერალი, არამედ - როგორც ფორმალურად საუბრის მონაწილე. ამგვარად, იღებენ ნორმას, რომელსაც ყველაზე მთავარი ენობრივი თავისებურება გვკარნახობს - ეს არის თანაზიარობა. და სწორედ ადამიანი, როგორც ურთიერთობით მცხოვრები არსება, დაადგენს კანონს. მაგრამ თვით ამ ცნების საზღვრებშიც კი უპირატესობა ენიჭება იმგვარ თანაზიარ ადამიანს, რომლისთვისაც მეტყველება - საუბარი - პირწმინდა ფორმალობაა, საკუთარი თავისთვის განხორციელებული, ანუ უპირატესობა ენიჭება თავაზიან მაღალი წრის ადამიანს  - I Honnete Homme, I Homme de Bonne Compagnie. სამართლიანია, რომ ზეპირი საუბრისას, როცა მთავარია სწორად გაგიგონ, მეტყველების ფორმას განაპირობებს სწორედ ასეთი ტიპის ადამიანი, ვინაიდან ის ისე ლაპარაკობს, როგორც საჭიროა. წერილობითი მეტყველებისას, პირიქით, ფორმას ის ირჩევს, ვინც წერს.

როცა მეტყველება ფონეტიკური კანონების ამარა რჩება, ისეთი ენა წარმოიქმნება, რომელშიც ძალზე ბევრი ორაზროვანი თანაბრად რთული გამოთქმა იყრის თავს; ზოგი მათგანი ემსგავსება ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვები სხვადასხვა სიტყვიდან არიან წარმოქმნილნი. ასე დაემართა ინგლისურ და ჩინურ ენებს. აქედან მომდინარეობს ეს სევდიანი ხვედრი ინგლისური ენისა, რომელიც ავალებს მის მატარებელთ ხშირ სპელლინგ-ს (ასოებით გამოთქმა სიტყვისა), როცა ხან ერთმა, ხან მეორე თანამოსაუბრემ თავის ადრესატს უნდა გაუშიფროს წარმოთქმული სიტყვა. ხანდახან ეჭვიც კი იბადება, რომ ერთ ინგლისელს მეორისა მხოლოდ იმდენად ესმის, რამდენადაც მათი საუბარი ყველაზე ხშირად საერთო ადგილებისაგან  შედგება და თითოეულმა წინდაწინ იცის, რას უპასუხებენ. ჩინურში გამოთქმის რთული პრობლემა გადაიჭრა განსხვავებული სიმაღლის ტონებით, რომლებმაც აქციეს ეს ენა არც თუ ამოდ სასმენ მუსიკად და ხელი შეუშალეს მის ლათინური ასოებით ტრანსკრიპციას ანდა ნებისმიერი სხვა არაიდეოგრაფიული ანბანით ჩაწერას.

ჩემო სიყვარულო!  არც თუ ცუდი დასაწყისია! კიდევ კარგი, შეუძლებელია იმის გათვლა, კერძოდ ვის მიემართება ეს სიტყვიერი ამოოხვრა! როცა ამ სიტყვებს ათასკაციანი აუდიტორიის წინაშე წარმოვთქვამ, ამ თავხედურ გამოთქმას არქიმორიდებულობად ვაქცევ ხოლმე; მორიდებულობა, როგორც ცნობილია, იმას გულისხმობს, რომ გამოტოვო ის, რაზეც ლაპარაკი არ ეგების. ამგვარი თავმდაბლობა მაინც გულისხმობს იმ პირობას, რომ უთქმელის თქმა ნამდვილად შეიძლებოდა, რადგან ის გაცნობიერებულია. მაგრამ ორი ზემონახსენები სიტყვა, იმის მიუხედავად, რომ მათ სიტყვის სახე და განუსაზღვრელი მნიშვნელობა აქვთ, არ წარმოგვიდგება გამოთქმად, ანუ არაფერს ამბობენ. რატომ? მათი შემადგენელი ბგერები ხომ სრულად და სწორად გამოითქვა? ისინი არაფერს ამბობენ, რადგან არავის მიემართებიან, მათ ჰყავთ გამგზავნი - მე -, -მაგრამ არ ჩანს ადრესატი და ამიტომაც, როცა ბაგეებს ამოსცდებიან იმ მტრედივით, რომელსაც დაავიწყდა, საით მიფრინავს და ცაში ტრიალებს, ეს სიტყვები არ მისდევენ საკუთარ ბილიკს, არავისთან მიდიან, არაფერს ამბობენ. ჩემს მიერ წარმოთქმული ჩემო სიყვარულო!  ახლა ჰაერში გამოიკიდა; ისე არსებობს, თითქოს ლექსიკონში იყოსო. ლექსიკონში მოთავსებული სიტყვები კი მხოლოდ შესაძლო მნიშვნელობებია, მაგრამ არაფერს გამოთქვამენ. უჩვეულოდ სქელკანიანი წიგნები, რომელთაც ლექსიკონებს  ვეძახით, საკმაოდ საინტერესო ფენომენია: მათში თავმოყრილია ენის ყველა სიტყვა და მაინც, ლექსიკონის ავტორი ერთადერთი ადამიანია, რომელმაც ეს სიტყვები ჩაწერა, მაგრამ იმავე დროს, არ გამოთქვა ისინი.

ზედმიწევნით ჩაწერილი ისეთი სიტყვებით, როგორებიცაა, ვთქვათ სულელი,  ბრიყვი, იგი არავის მიმართავს, მათ არავის უასაბამებს და არავინ ჰყავს მხედველობაში. აი, მოულოდნელი პარადოქსი - ენა, ანუ სიტყვათა კრებული, ლექსიკონი პირდაპირ უპირისპირდება მეტყველებას. ხოლო სიტყვები ასეთები მხოლოდ მაშინ არიან, როცა ისინი ვიღაცამ ვიღაცას უთხრა. მხოლოდ კონკრეტული ქმედებისას, სხვაგვარად - ცოცხალი ქმედებისას, რომელსაც ერთი ადამიანი მეორის მიმართ ახორციელებს, სიტყვები თავის რეალობას იძენენ. ვინაიდან ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ესიტყვებიან, ადამიანური სიცოცხლეებია. ყველა ადამიანური სიცოცხლე კი ნებისმიერ წამს განსაზღვრულ სიტუაციასა თუ გარემოებაშია. სავსებით მკაფიოა, რომ იმგვარი რეალობა, როგორიც სიტყვაა, განუყოფელია მთქმელისაგან, რომელიც მას წარმოთქვამს. ნებისმიერი სხვა მიდგომა იმთავითვე აბსტრაქციად აქცევს სიტყვას, ამპუტაციას უტარებს მის მნიშვნელობას, რის შედეგადაც მისგან მხოლოდ უსიცოცხლო ნასხეპი რჩება.

ამგვარად, თუ ვამბობ ჩემო სიყვარულო  და ამასთან, ამ სიტყვებს არავის ვუსაბამებ, არავისკენ მივმართავ, არ იქმნება გამოთქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სიტყვებში არ არის ჭეშმარიტი სიტყვიერი ქმედება. ჩვენს წინაშე მხოლოდ ბგერაა, ის, რასაც ლინგვისტები ფონემას უწოდებენ. მიუხედავად ამისა, მოცემულ ბგერას, როგორც ჩანს, მნიშვნელობა მაინც აქვს. რა მნიშვნელობას ვგულისხმობ? რასაკვირველია, ჩვენ არ ვცდილობთ სარისკო ამოცანის გადაჭრას - განვსაზღვროთ სიყვარულის შემადგენელი რეალობა. საბოლოოდ, ჩვენი მიზანია - ვიპოვოთ ამ გამოთქმის საზრისი, ანუ განვსაზღვროთ გაგება, რომელიც მყისიერად წარმოიქმნება ჩვენს გონებაში, როცა კი ვამბობთ ჩემო სიყვარულო!  და თუკი მაინც ვეცდებოდით ამ საკითხის გადაჭრას, აღმოვაჩენდით, რომ ჩვენი გონებრივი მზერის წინაშე მეტნაკლებად მკაფიოდ წარმოიქმნება სხვადასხვა კონკრეტული მნიშვნელობები, რომლებითაც ეს სიტყვები წარმოითქმის ვინმეს მიერ და ვინმეს მიმართ. ამგვარ შემთხვევაში მათი მნიშვნელობები განსხვავებულია იმის გათვალისწინებით, თუ რა სიტუაციაში იმყოფებიან მისი მონაწილენი. მაგალითად, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ სიტყვებით ჩემო სიყვარულო!  დედა მიმართავს შვილს ან შეყვარებული - სატრფოს. დედობრივი სიყვარული განსხვავდება ქალისა და მამაკაცის გრძნობისგან. ეს ნათელია და ჩვენი განხილვის საგანს არ წარმოადგენს. უფრო საინტერესოა ამ ორი მნიშვნელობის შედარება: იმისი, რომელსაც იძენს სიტყვა სიყვარული, როცა ის მართლაც კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში წარმოითქმის და იმისი, რომელიც მას ჰქონდა, როცა ის პირველად ამოვთქვი. თუ საქმე ეხება დედაშვილურ სიყვარულს ან სატრფოთა ურთიერთობას, სიტყვა სიყვარული  მიგვითითებს ქმედით, რეალურ, ყოვლისმომცველ გრძნობაზე, მისთვის ნიშანდობლივი არსებითი თუ მეორეხარისხოვანი ნიშან-თვისებებით. უხეიროდ გამოვთქვი: საქმე ისაა, რომ ორივე შემთხვევაში ეს სიტყვა წარმოადგენს ან აღნიშნავს არა ერთ რეალურ გრძნობას, არამედ ორ ერთმანეთისგან განსხვავებულს. ამგვარად, გამოდის, რომ ერთი სიტყვა გამოიყენება ორი და თანაც, ძალზე განსხვავებული რეალობის აღსანიშნად. მსგავსი მოვლენა არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავურიოთ ორაზროვან სიტყვათა არსებობის ფაქტთან, რომელთათვისაც ნიშანდობლივია ლინგვისტების მიერ პოლისემიად  წოდებული ტერმინი ანუ მრავალმნიშვნელოვნება. ბგერათა ერთი და იგივე შეთანხმება სიტყვაში Leon აღნიშნავს აფრიკულ მტაცებელსაც, ესპანეთში მდებარე ქალაქსაც, რომის მრავალ პაპსაც და ორ სკულპტურასაც, რომლებიც ჩვენი პარლამენტის შენობის კიბეს იცავენ. ის ფაქტი, რომ ერთი და იგივე ფონემა Leon ჩვენს მიერ მოყვანილ მაგალითში აღნიშნავს ყველა ამ რეალობას, - წმინდა შემთხვევითობაა და ყოველი დამთხვევა აიხსნება რაღაც განსაკუთრებული და კონკრეტული მიზეზით. სახელი Leon (ლომი ) ცხოველის სახელწოდების შემთხვევაში, უბრალოდ, წარმოდგება ლათინური ძირიდან Leon-Leo-Leonis, ხოლო ქალაქ ლეონის სახელწოდება მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან ლეგიო (რომაული სამხედრო შენაერთი), რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ამ ადგილას იყო რომის ჯარების სამხედრო და ადმინისტრაციული სარდლობა. შესაბამისად, Leon, როგორც ცხოველისა და ქალაქის სახელწოდება, ერთი და იგივე სიტყვა კი არ არის, არამედ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ორი სხვადასხვა სიტყვაა. უბრალოდ, ორი ფონეტიკური რიგის გამოთქმისას მომხდარი შემთხვევითი ტრანსფორმაციის შედეგად, რომლებითაც იწყებოდა Leon და Legio, ისინი გაიგივდნენ და მართლაც წარმოქმნეს ორაზროვნება. ვისარგებლებ შემთხვევით და დავუმატებ ახლანდელ დაკვირვებას. ზემომოყვანილი მაგალითი ნათლად ადასტურებს: ფონეტიკურ ცვლილებათა ანაბარად მიტოვებული ენა საბოლოოდ ივსება მსგავსი ორაზროვნებით, რაც შეუძლებელს ხდის ურთიერთგაგებას, ვინაიდან ლაპარაკი წმინდა სიტყვიერ თამაშად გარდაიქმნება. რაც შეეხება Leon-ებს, რომლებიც პარლამენტის წინ გამოუქანდაკებიათ, აქ მეტაფორამ შეცვალა სიტყვის მნიშვნელობა და იმის ნაცვლად, რომ აღენიშნა სისხლხორციელი ცხოველი, ბრინჯაოს ან მარმარილოს ნაჭერს ეწოდა, რაც რამდენადმე თუ მოგვაგონებს ლომს (Leon).

თუმც, ლინგვისტთა აზრით, სიტყვა ჩემო სიყვარულო, რომელსაც წარმოთქვამს დედა და სიტყვები, წარმოთქმული სატრფოს მიერ, იგივეობრივია. საქმე ეხება ერთსა და იმავე გამოთქმას და ერთსა და იმავე მნიშვნელობას. მიუხედავად ამისა, ორივე ამ გამოთქმის შმთხვევაში სიტყვები უდავოდ სხვადასხვა გრძნობებს გამოხატავენ - სიტყვა სიყვარული  თავისთავად და, როგორც ასეთი, უნდა ნიშნავდეს ან დედობრივ სიყვარულს, ან სატრფოთა ურთიერთობას. როგორ უნდა გამოხატავდეს ორივე ამ გრძნობას ერთდროულად, ძალზე გაუგებარია. მაგრამ ყოველივე ნათელი გახდება, როგორც კი ყურად ვიღებთ, რომ სიტყვა სიყვარული, ცალკე აღებული, სხვაგვარად რომ ვთქვათ, იმ ცხოვრებისეული სიტუაციისაგან მოშორებული, სადაც ითქვა, სინამდვილეში, არც ერთს, არც მეორეს, არც რომელიმე რეალურ, კონკრეტულ და, შესაბამისად, სრულყოფილ სიყვარულს არ ნიშნავს, ის აღნიშნავს მხოლოდ თვისებათა ნაკრებს, რომლებიც აუცილებლად უნდა არსებობდეს ყოველგვარ სიყვარულში - ადამიანების, საგნების, ღმერთის, სამშობლოს, მეცნიერების სიყვარულის და ა.შ., - თუმც იმ პირობით, რომ ამ თვისებების არსებობა საკმარისი არ არის სიყვარულისათვის. იგივე ეხება სიტყვა სამკუთხედსაც . მნიშვნელობები, რომლებსაც ჩვეულებრივ, შეიცავს ეს სიტყვა, სულაც არ არის საკმარისი დაფაზე რომელიღაც სამკუთხედის დასახაზად. ამისათვის საჭიროა, თვითონაც დაუმატო კიდევ რამდენიმე თვისება, რომელნიც ცნებაში არ არიან ჩართულნი, მაგალითად, ისეთები, როგორებიცაა - გვერდების ზუსტი სიგრძე და კუთხეების ზუსტი სიდიდე; მხოლოდ ეს დამატებები აქცევს სამკუთხედს სამკუთხედად. სიტყვებს - სიყვარული , სამკუთხედი  - ხისტად რომ მივუდგეთ, არ გააჩნიათ მნიშვნელობა, ჩვენს წინაშე მხოლოდ მათი ჩანასახი, აზრობრივი სქემაა. ეს ერთგვარი ალგებრაისტული ფორმულა გახლავთ, რომელიც, როგორც ასეთი, ჯერ კიდევ არ არის ანგარიში, არამედ ესაძლო ვარაუდის სქემაა, - სქემა, რომელშიც ასოების ნაცვლად უნდა ჩაისვას  განსაზღვრული რიცხობრივი მნიშვნელობა.

არ ვიცი, შევძელი თუ არა, თქვენამდე მომეტანა ეს უცნაური თავისებურებები, რომლებიც ახასიათებს სიტყვებს და, შესაბამისად, მთელს ენას, რომ ავიღოთ სიტყვა, როგორც ასეთი (სიყვარული, სამკუთხედი), აღმოჩნდება, რომ მას საკუთარი მნიშვნელობა არ გააჩნია, არამედ მის მხოლოდ ერთ ფრაგმენტს გამოხატავს. ის მხოლოდ მაშინ შეიძენს ნამდვილ და სრულ მნიშვნელობას, როცა ჩვენ მას გამოვთქვამთ. თუმც, საიდან იძენს სიტყვა და ენა იმ რაღაცას, რომლებიც საჭიროა მათი ჩვეული როლის განსასახიერებლად, კერძოდ კი, მნიშვნელობის, აზრის ქონისათვის? ჩანს, რომ ეს თვისება სიტყვებს სხვა სიტყვების საშუალებით არ გადაეცემა და არ მომდინარეობს რაღაც ისეთიდან, რასაც აქამდე ენა  ერქვა და რაც პრეპარირებული სახით არსებობს ლექსიკონში და გრამატიკაში. ენის ეს თავისებურება იბადება თვით ენის ფარგლებს მიღმა, ის მომდინარეობს ამ ენით მოუბარი ადამიანებისაგან, ადამიანებისაგან, რომლებიც განსაზღვრულ ვითარებაში ლაპარაკობენ. ადამიანები, წესისამებრ, სიტყვებს საჭირო ტონით წარმოთქვამენ, სახის ამა თუ იმ გამომეტყველებით, მათ მეტყველებას სდევს ესა თუ ის - თავშეკავებული თუ სარისკო - ჟესტიკულაცია, რომელიც თავის მხრივ, ლაპარაკობს და გამოთქვამს . ე.წ. სიტყვები რეალობის რთული კომპლექსის მხოლოდ ერთი ნაწილია და ასეთნი მხოლოდ იმდენად არიან, რამდენადაც მონაწილეობენ ამ რეალურ კომპლექსში და მას არ სცილდებიან. მაგალითად, ბგერათშეთანხმება წითელი ასხივებს შესაძლო მნიშვნელობათა განსხვავებულ რიგს, მაგრამ ნამდვილი არც ერთი არ არის. თუმც, საკმარისია, ამ სიტყვამ დუქანში გაიჟღეროს, რომ ეს სივრცე აივსება უსიტყვო მომენტებით, დუქნისთვის დამახასიათებელი ატმოსფეროთი  და მსგავსი სიტყვა მხოლოდ მაშინ ასრულებს თავის ფუნქციას, მიზანში მაშინ ახვედრებს ზუსტ მნიშვნელობას. მაგ., ამ ფრაზაში: დაუსხი წითელი!  ნათქვამს უდიდესი მნიშვნელობა აქვს სწორედ ბანალობის გამო, რადგან მჭევრმეტყველურად ადასტურებს, რომ სიტუაციის ყველა სხვა განსხვავებული კომპონენტი, რომლებიც ვერაფრით ჩაითვლება სიტყვებად და რომლებიც სენსუ სტრიცტო საერთოდ არ უკავშირდებიან ენას. ენა გამოთქმის განუსაზღვრელი შესაძლებლობებითაა სავსე, ამიტომ მეტყველება შედგება არა მხოლოდ იმისაგან, რასაც თავისთავად ამბობს, არამედ ამ შესაძლებლობების აქტუალიზაციისაგან, გამოთქვას რამე მთელი სიტუაციის მნიშვნელობის გაცნობიერებით. წარმოგიდგენიათ: სიტყვა, როგორც ასეთი, სხვაგვარად რომ ვთქვათ, როცა ის თავის ძირითად როლს ასრულებს - გამოითქმის -, გარდუვალად ერწყმის მთელ სიტუაციას, საგნებსა და ადამიანებს, ანუ ყოველივე იმას, რაც თავისთავად უტყვია. სიტყვა თავისთავად ძალზე ცოტას ნიშნავს, მისი როლი ზემოქმედების მოხდენაა, როგორც უძლიერესი დეტონატორისა, რომელიც გამაყრუებელი გრუხუნით აფეთქებს ყველა დანარჩენის კვაზისიტყვიერ მუხტს. რა თქმა უნდა, წერილობით ენაში საქმე რამდენადმე სხვაგვარადაა. ეს არც ისე მნიშვნელოვანია, რადგან წერილობითი მეტყველება ზეპირს ემორჩილება, მთლიანად მას ეფუძნება. ჯერ კიდევ გოეთემ თქვა, რომ წერილი ზეპირი სიტყვის მკრთალი აჩრდილი და უღირსი მემკვიდრეა.

როგორც უკვე დავრწმუნდით, მე, შენ, აქ  და იქ  - განსხვავებული მნიშვნელობის მქონე სიტყვებია, რომლებიც დამოკიდებულია გამოთქმის სუბიექტსა და მის ადგილმდებარეობაზე. მაგალითად, გრამატიკაში ასეთ სიტყვებს ოკაზიონალური მნიშვნელობის სიტყვები  ჰქვიათ. კიდევ ერთხელ გავხაზავთ, რომ სწორედ ამ პუნქტში შეიძლება ლინგვისტებთან შეკამათება. ჩემი აზრით, უფრო სწორი იქნებოდა გვეფიქრა, რომ მსგავს სიტყვებს აქვთ არა მხოლოდ ერთი ოკაზიონალური მნიშვნელობა, არამედ - უთვალავი. მოყვანილი მაგალითები არაორაზროვანი დასკვნის გაკეთების უფლებას გვაძლევს: სწორედ ეს თავისებურებები აღმოაჩენს ყველა სიტყვას, ანუ ნებისმიერი სიტყვის ზუსტი მნიშვნელობა განისაზღვრება იმ გარემოებებით, იმ სიტუაციით, რომლებშიც ისინი გამოითქვა. ამგვარად, თითოეული სიტყვის სალექსიკონო მნიშვნელობა ჭეშმარიტი აზრის მხოლოდ ჩონჩხია; სიტყვის აზრი ყოველი გამოყენებისას რაღაცით განსხვავებულია და ახალია, მისი ჩონჩხი კონკრეტული მნიშვნელობის ცოცხალი ხორცით მეტყველების სწრაფმავალ და მარად ცვალებად ნაკადში იმოსება. რაც შეეხება სალექსიკონო მნიშვნელობას, ტერმინ ჩონჩხის  ნაცვლად, ალბათ, უნდა გვესაუბრა ჭედადი მასალით შექმნილ ნამზადზე, რომელიც თავის შტამპირებულ ფორმას მაშინ იღებს, როდესაც სიტყვები თავიანთ თავს უბრუნდებიან ანდა როდესაც მათ ვინმე გამოთქვამს და ვინმეს მიმართავს, ასევე, როდესაც განსაზღვრული მიზეზების გამო და კონკრეტული მიზნის მისაღწევად გამოითქმის.

ლინგვისტიკამ იმით დაიწყო, რომ რეალურ ენაში გამოყო ზემოთ ნათქვამი სქემატური და აბსტრაქტული მომენტი. ამის შედეგად შესაძლებელი გახდა გრამატიკისა და ლექსიკონის შექმნა - ამოცანა, რომელიც ენათმეცნიერებამ ბრწყინვალედ შეასრულა, მაგრამ, როგორც კი პირველი სიძნელე გადალახა და ჩვენს წინაშე ლექსიკონი და გრამატიკა აღმოჩნდა, ნათელი გახდა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან ჭეშმარიტი მეტყველება და წერა სრულიად ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც კი ლექსიკონი და გრამატიკა გვასწავლიან. ეს დაკვირვება, უცილოდ, მართალია და ჩვენ სრული უფლება გვაქვს, ვამტკიცოთ: მეტყველების არსი სწორედ გრამატიკულ წესთა და სალექსიკონო ნორმების მუდმივ დარღვევაშია. მკაცრად ფორმალური მნიშვნელობით, კარგი მწერლობა, სხვაგვარად რომ ვთქვათ, საკუთარი სტილის ქონა ნიშნავს, ხშირად და მუდმივად შეიჭრა ლექსიკასა და გრამატიკაში. სწორედ ამიტომ ცნობილი ლინგვისტი ვანდრიესი მკვდარს იმ ენას უწოდებს, სადაც შეცდომის დაშვების უფლება არავისა აქვს. ცოცხალი ენა კი, საპირისპიროდ, თავისი შეცდომებით ცოცხლობს. სწორედ ამ გარემოებით აიხსნება ის სახალისო მდგომარეობა, რომელშიც დღეს ლინგვისტიკაა: ადრე მის მიერ შექმნილი გრამატიკა და ლექსიკონი გარდუვალად ივსება იმ გამოკვლევათა ფართო სპექტრით, რომლებიც შეცდომათა მიზეზებსა და მათი დაშვების შესაძლებლობებს ეძღვნება, ვიმეორებ, შეცდომებისა, რომელთაც, რასაკვირველია, სადღეისოდ დადებითი როლი ითამაშეს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მსგავსი გამონაკლისები იმგვარადვე ნიშანდობლივია ენისათვის, როგორც - წესები. ტრადიციულ ლინგვისტიკას შემოკრული კვლევათა ეს ველია სტილისტიკა. მოვიყვან მხოლოდ ყველაზე გასაგებ და ტრივიალურ მაგალითს. როცა ვიღაც ყვირის ხანძარი!  - ის გრამატიკას შეურაცხყოფს და აი, რატომ: მსგავსი ამოძახილით ჩვენ ყოველთვის რაღაცას გამოვთქვამთ. ყველა გრამატიკულად სწორი გამოთქმა კი, ჩვეულებრივ, რეალიზაციისათვის ითხოვს სრულ ფრაზას (როგორც ჯერ კიდევ არისტოტელე შენიშნავდა, ცალკეული სიტყვა არაფერს გამოხატავს). ჩვენს მაგალითში მოტანილი ფრაზა, შესაძლოა, ასეც ამოეთქვათ: ცეცხლმა გამოიწვია ხანძარი და სახლი იწვის . მაგრამ პანიკამ და სიცოცხლის უშუალო საფრთხემ, რაც ამ სიტუაციას მოჰყვება ხოლმე, აიძულა ადამიანი, უარი ეთქვა იმ გრძელი ფრაზული ფორმის გამოყენებაზე, რომელსაც ტრადიციული ლინგვისტიკა ითხოვს. ამის შედეგად, მთელი წინადადება ერთ საგანგაშო სიტყვად შეიკუმშა.

როგორც ვხედავთ, სტილისტიკამ, გრამატიკისაგან განსხვავებით, სამეცნიერო კვლევის სფეროში ჩართო ისეთი უტყვი ელემენტი, როგორიცაა ემოციური მდგომარეობა და კონკრეტული სიტუაცია, რომელშიც ვიღაც ლაპარაკობს, სხვაგვარად, სწორედ ის, რაც, როგორც ადრე დავრწმუნდით, სრულიად განუყოფელია სიტყვისაგან და ამის მიუხედავად, მას ძალით მოწყვიტეს ლექსიკონებსა და გრამატიკაში. ეს კი ნიშნავს, რომ სტილისტიკა, მოარული აზრის საპირისპიროდ, სულაც არ არის გრამატიკის ერთგვარი დანამატი. პირიქით, ის ახლადაღმოცენებული ლინგვისტიკაა, რომელმაც გაბედა, ენას კონკრეტულ რეალობასთან მიახლოებული პოზიციით მიდგომოდა. გავრისკავდი კიდეც და ვივარაუდებდი, რომ მთავარი დანიშნულება სტილისტიკისა, რომელიც ცოტა ხნის წინ წარმოიშვა ლექსიკისა და გრამატიკის უცნაურ დამატებად, ისაა, რომ შეითავსოს ეს ორი დისციპლინა და ბარემ, მთელი ლინგვისტური პრობლემატიკაც ხელყოს. დიდი ხნის განმავლობაში მე ვავითარებ ახალი ფილოლოგიის დებულებას, რომლის უცილო უპირატესობას ვხედავ ენის ერთიან რეალობად შესწავლაში. ანუ იმ სახით, როგორშიცაა, როცა ცოცხალი, ჭეშმარიტი გამოთქმა განიხილება და არა - მკვდარი, თავის ცოცხალ სხეულს დაცილებული ანასხეპი. ახალი ფილოლოგია, მაგალითად, მოვალეა, ფორმალურ ლინგვისტურ პრინციპად ჩამოქნას ერთი ძველებური წესი (აქ ის მხოლოდ მისი შედარებით სიმარტივის გამო მომყავს), რომელიც ყოველთვის პრაქტიკული ჰერმენევტიკის ორიენტირი იყო და რომელიც ასე ჟღერს: Duo si idem dicunt, non est idem - როცა ორნი ერთსა და იმავეს გამოთქვამენ, სინამდვილეში სხვადასხვა რამეს ამბობენ.

ლინგვისტიკამ - ფონეტიკა იქნება ეს, გრამატიკა თუ ლექსიკა - ენის, როგორც ასეთის შესწავლის ნიღბით, გამოიკვლია ერთგვარი აბსტრაქცია, რომელსაც ენა  უწოდა. ენა კი, თუკი მისი ფორმალურად დასაზღვრის ნებას მოგვცემენ, სულაც არ არის აბსტრაქცია, არამედ როგორც გითხარით, ნამდვილი სასწაულია, რომელსაც უნდა ჩაწვდე, ვიდრე ადამიანთა და საზოგადოების შემსწავლელი მეცნიერების რომელიმე ფენომენს შესწავლიდე. თუმც, ლინგვისტები ენას ჯერ მხოლოდ მიუახლოვდნენ, რადგან ის, რასაც ისინი ამ ცნებაში გულისხმობენ, სინამდვილეში არ არსებობს, არამედ მხოლოდ ერთგვარი ხელოვნური და უტოპიური სქემაა, თვით ენათმეცნიერებისავე მიერ შექმნილი. სინამდვილეში ენა არასოდესაა რაღაც შექმნილი, დასრულებული, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ფაქტი, რადგან ის არასოდეს უქმნიათ, არასოდეს სრულუყვიათ. ენა მუდმივად ქმნის საკუთარ თავს, ქმნის და ამავე დროს, ანგრევს, სპობს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ენა, ერთსა და იმავე დროს მუდმივად თვით- ქმნადობის პროცესშიცაა და თვით განადგურებასაც განიცდის. აი, რატომაა, რომ დიდი ინტელექტუალური გმირობა, განსახიერებული თანამედროვე ლინგვისტიკის მიერ, ავალებს ამ უკანასკნელს - კეთილშობილებას ხომ თან სდევს მოვალეობა - ამჯერად მეორედ, ენერგიულად და ზუსტად მიუახლოვდეს ენის რეალობას. მოცემული დისციპლინა ამას მხოლოდ მაშინ მიაღწევს, როცა თვისი საგნის სერიოზულ შესწავლას დაიწყებს, მაგრამ არა როგორც მზადმყოფისა და დასრულებულისა, არამედ, როგორც ჩამოყალიბების პროცესში არსებულისა, ანუ მყოფისა ინ სტატუ ნანსენდი. ეს იმას ნიშნავს, რომ ლინგვისტიკამ ენა შეისწავლოს თავისი სიღრმით, რომელიც მის ძირებშია მიმალული. შეცდომა იქნებოდა იმის ფიქრი, რომ დასახული მიზნის მისაღწევად ლინგვისტიკისთვის საკმარისი იქნებოდა ყველა წინამავალი ენობრივი ფორმის რეკონსტრუქცია ანდა - უფრო ზოგადად - ფორმების აღდგენა მათი განსაზღვრული ტიპის კვალობაზე, რომელიც ოდესღაც ჩამოყალიბდა. ეს ამოცანა ლინგვისტიკამ წარმატებით გადაჭრა და დიდად ფასეული ცოდნაც დააგროვა. ამასთან მთელი ეს ე.წ. ენის ისტორია  მხოლოდ გრამატიკათა და ლექსიკათა იმ ფორმით მოცემული წყებაა, რომელიც ენის ყველა ადრეული მდგომარეობისათვის იყო ნიშანდობლივი. არსებითად, ენის ისტორია მხოლოდ ენათა რიგია, რომელიც ერთმანეთს მოსდევს. ჩამოყალიბება, რაც ენას, როგორც ასეთს, ახასიათებს, სრულიად უკვლევი დარჩა.

ამ პრობლემის შესწავლისათვის საჭირო არ არის წარსულში ჩაღრმავება, თუმც ეს ყოველთვის უაღრესად სასარგებლოა. ენა მუდმივად ქმნის საკუთარ თავს და თვითვე ანადგურებს. ამიტომ მისი ჩამოყალიბების მიკვლევა თანაბარი წარმატებითაა შესაძლებელი როგორც წარსულში, ისე - აწმყოში. ერთი რამ უდავოა: წარსული მთავარია, მაგრამ უმთავრესი ისაა, რომ ლინგვისტიკამ თავს იდოს ენის მაცოცხლებელი ძირების მიკვლევა, იმ მომენტებისა, სადაც თვით სიტყვა ჯერ არ სრულქმნილა, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მიკვლევა მისი გენეზისისა.

ჩემი ახალი ლინგვისტური მოძღვრების შეკუმშულად წარმოდგენა ასე ძალმიძს: ლაპარაკი - ძირითადად ნიშნავს (თუ რატომ ძირითადად , მოგვიანებით ვნახავთ) ენის ისე შენახვას, როგორც - ჩვეულებისა. მაგრამ ენის დაცვა, როგორც ჩვეულებისა, ადასტურებს, რომ ენა უკვე სრულქმნილია და თავს ჩვენს გარშემო არსებულმა საზოგადოებამ მოგვახვია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ენა უკვე შექმნილია. მაგრამ ქმნადობა არ არის უბრალო ლაპარაკი. პირიქით, ქმნადობა ენის გამოგონებას გულისხმობს, მისი ახალი მოდუსების აღმოჩენას და, შესაბამისად, მისი აბსოლუტური, თავდაპირველი ქმნადობის მიკვლევას. ახალი მოდუსები და გამოყენების საშუალებები წარმოიქმნება მხოლოდ იმიტომ, რომ ენის განკარგულებაში არსებული უკვე არსებული მოდუსები საკმარისი არ არის ყველაფერ აუცილებლის გამოსახატად და გამოსათქმელად. გამოთქმა ანუ თვითგამოხატვის, ახსნა-განმარტების ნება განსაკუთრებული მოღვაწეობაა, ის ფუნქციაა, რომელიც წინ უსწრებს თვით ლაპარაკს, თვით მეტყველებასა და ენის იმ არსებობას, რომელშიც ის წარმოდგება.

გამოთქმა ქმნის ყველაზე ღრმა ენობრივ ფენას, რომელიც ლაპარაკზე გაცილებით ღრმაა. და ამ უღრმესი პლასტების მოძიება ლინგვისტიკის პირდაპირი ამოცანაა. ადამიანი, არსებითად, გამომთქმელი არსება რომ არ იყოს, ანუ ის, ვისაც ეთქმის, მაშინ არავითარი ენა არ იარსებებდა. ამიტომ გთავაზობთ ახალი დისციპლინის შექმნას, რომელიც ენის შესახებ ყველა არსებული ცოდნის ქვაკუთხედად უნდა იქცეს, და მიმაჩნია, რომ კვლევის ამ სფეროს უნდა ეწოდოს გამოთქმის თეორია. მაგრამ მაინც რატომ უჩნდება ადამიანს გამოთქმის მოთხოვნილება, რატომ არ დუმს, როგორც საბოლოოდ დუმან სხვა დანარჩენი ცოცხალი არსებები და იფარგლებიან მხოლოდ სიგნალის მიცემით მსგავსთა მიმართ ყვირილის, სიმღერის, ღმუილის საშუალებით, სიგნალთა ერთიანობით პრაქტიკულ სიტუაციებში ბუნებამ ერთხელ და სამუდამოდ რომ დაუსაზღვრათ? მაგალითად, ფონ ფრიშმა საკმაოდ ზუსტად მოახერხა ნახატების სერიის შექმნა, რომელნიც გამოისახება ჰაერში ფუტკრების ფრენისას და რომელთაც თან სდევს სრულიად განსაზღვრული ბზუილი და ხმაური. ამ ქმედებათა ერთიანობის შემწეობით ფუტკარი მოცემული სიტუაციის შესაბამის სიგნალს აძლევს  სხვა ფუტკრებს. თუმც, მოცემული სიგნალები შეუძლებელია ფუტკრის გამონათქვამებად  მივიჩნიოთ, საქმე გვაქვს მხოლოდ სხვადასხვა სიტუაციებით გამოწვეულ ავტომატურ რეფლექსებთან.

ერთი იმ დაბრკოლებათაგანი, რომელიც ნებას არ გვაძლევს ვილაპარაკოთ გამოთქმის, როგორც საკუთრივ ადამიანური ფუნქციის შესახებ, ის მიდგომაა, რომლის დროსაც ენა განიხილება იმის გამოხატულებად, რის შეტყობინებაცა და სიტყვებით გადმოცემა გვსურს, მაშინ, როცა დიდი ნაწილი იმისა, რის შეტყობინებასა და სიტყვებით გადმოცემას ვლამობთ, ორი განზომილებით გამოუთქმელი რჩება. პირველი განზომილება თვით ენობრივი მოღვაწეობის ზემოთაა, მეორე - ქვემოთ. ზემოთაა ყოველივე ის, რისი გამოთქმაც არ შეიძლება, ანუ რაც არ გამოითქმის. ქვემოთ - ყოველივე ის, რასაც არ ვამბობთ და თავისთავად იგულისხმება. და სწორედ მაშინ მსგავსი თავშეკავება მუდმივად მოქმედებს ენაზე, მის ახალ ფორმებს წარმოქმნის. ჯერ კიდევ ჰუმბოლდტი აღნიშნავდა: ნებისმიერ ენაში ერთი მისი ნაწილი ყოველთვის ექსპრესიულადაა აღნიშნული და მკაფიოდ გამოხატული, მეორე კი, დამატებითი, ყოველთვის განზე რჩება, იგულისხმება. ჩინურ ენაში პირველსა და მეორეს შორის ურთიერთშესაბამობა ძალზე მცირეა . და შემდეგ განაგრძობდა: ნებისმიერ ენაში სამეტყველო კონტექსტი წინ უსწრებს გრამატიკას. ჩინურში ის საერთო საფუძველია ურთიერთგაგებისა და, ხშირად, თვით კონსტრუქცია მხოლოდ მისგან მომდინარეობს. თვით ზმნაც კი შესაძლებელია გაგებულ იქნას ზმნის შესახებ არსებული ცნების წყალობით. ანუ ზმნა იბადება ზმნური ქმედებების იდეიდან, რომელიც, თავის მხრივ, კონტექსტიდან მომდინარეობს. მხოლოდ ზემომოყვანილი დასკვნების გათვალისწინებით შეიძლება უქვემდებარეო წინადადების გაგება, დაახლოებით, ამ ტიპისა: არის!, ასევე, ისეთი წამოძახილებისა: ხანძარი!, ქურდები!, წავედით! მაგრამ თუ ადამიანი გამომთქმელი არსებაა, სრულიად აუცილებელია იმის გარკვევა, კერძოდ რას გამოთქვამს, აგრეთვე, რა აიძულებს, გამოთქვას, ან - პირიქით, გამოთქმისაგან თავი შეიკავოს, დადუმდეს. აშკარაა, რომ გამოთქმის სწორედ ასეთმა მოთხოვნილებამ - თანაც ეს მოთხოვნილება სავსებით გარკვეული და კონკრეტულია, რადგან ქმნის იმის მკაფიო სისტემას, რის გამოთქმაც ეგების, - შექმნა და შემდგომად განავითარა ენები. და მხოლოდ ახლა ძალგვიძს ადამიანის მიერ შექმნილი გამოთქმის ამ იარაღის განსჯა.

ყოველთვის, როცა ადამიანი ლაპარაკს იწყებს, თან სდევს შეგნება, რომ შეძლებს ნაფიქრალის გამოთქმას. მაგრამ ეს ილუზიაა, რადგან ამისთვის მხოლოდ ენა არ კმარა. ენა ხომ, ასე თუ ისე, იმის მხოლოდ მცირე ნაწილს გადმოსცემს, რასაც ჩვენ ვფიქრობთ და ქმნის დაბრკოლებებს სხვა დანარჩენის გადმოსაცემად. მაგალითად, ენა ვარგისია მათემატიკურ თეორიათა და მტკიცებათა გადმოსაცემად. მაგრამ როგორც კი საუბარი ფიზიკას ეხება, ის მაშინვე ამჩნევს საკუთარ ორაზროვნებას და ნაკლულობას. და რაც უფრო სავსე, ადამიანური და რეალური ხდება თემა, მით ინტენსიურდება ენობრივი უზუსტობა, იდუმალება და უგერგილობა. ჩვენ შევეჩვიეთ დამკვიდრებულ ცრურწმენას, თითქოს, საუბრისას ერთმანეთის გვესმის, და იმდენად გვჯერა ყველაფერი თქმულის, რომ საბოლოოდ ისეთი მოტყუებულნი ვრჩებით, სჯობდა, საუკუნოდ დავმუნჯებულიყავით და უბრალოდ, სხვათა აზრების კითხვა შეგვძლებოდა. მეტიც: რადგან თვით აზროვნება დიდწილად ენას ეფუძნება - თუმც, სხვათაგან განსხვავებით, ეს დამოკიდებულება აბსოლუტური არა მგონია - საბოლოოდ გამოდის, თითქოს, ფიქრი საკუთარ თავთან ლაპარაკს ნიშნავდეს და, შესაბამისად, საკუთარი თავის ცუდად გაგებას. საკუთარი თავის გაუგებრობას კი საბედისწერო შედეგები მოსდევს.

1922 წელს პარიზში შედგა ფილოსოფოსთა საზოგადოების შეკრება, რომელიც ენის განვითარების პრობლემებს მიეძღვნა. სენის ნაპირების მკვიდრი ფილოსოფოსების გარდა მონაწილეობდნენ ფრანგული ლინგვისტური სკოლის, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის წევრებიც. და აი, ვკითხულობ დისკუსიის მოკლე მიმოხილვას და შემთხვევით წავაწყდი მეიეს ზოგიერთ გამოთქმას - მეიე თანამედროვე ლინგვისტიკის შეუდარებელი კორიფეა -, რომელთაც პირდაპირ თავზარი დამცეს.

ყველა ენა, - ამტკიცებს მეიე, - გამოხატავს საზოგადოებისათვის ყოველივე აუცილებელს; ენა ამ საზოგადოების ორგანოა. ნებისმიერი ფონეტიკური წყობა და გრამატიკა ვარგისია იმისთვის, რომ ის გამოთქვა, რაც საჭიროა.

 მიუხედავად მეიეს ხსოვნისადმი დიდი პატივისცემისა, ამ სიტყვებში ბევრი რამ გადაჭარბებულია. რა აძლევს უფლებას მეიეს, თავისი კატეგორიული მსჯელობა ჭეშმარიტებად მიიჩნიოს. თვით პრობლემაც კი სცდება ლინგვისტიკის ვიწრო საზღვრებს. ლინგვისტმა ხომ ამა თუ იმ ხალხის მხოლოდ ენა იცის და არა - აზროვნება. მსგავსი დოგმა რომ ამტკიცო, საჭიროა, ჯერ ერთი, აზროვნება ენებით განსაზღვრო და, მეორეც: მათი იგივეობის კონსტატირება მოახდინო, მაგრამ ამ პირობის შესრულებაც კი იმის სამტკიცებლად, თითქოს, ნებისმიერი ენით ნებისმიერი აზრის გამოთქმა შეიძლებოდეს, სულაც არ არის საკმარისი. აუცილებელია იმის დამტკიცებაც, რომ ეს ერთნაირი სისადავითა და უშუალობით ძალუძს ყველა ენას. ენა კი არამხოლოდ ხელს უშლის ზოგი აზრის გამოთქმას, არამედ ამავე მიზეზის გამო ართულებს სხვის მიერ მათ გაგებას, გაგების ზოგი მიმართულების პარალიზებას ახდენს.

ჯადოსნური რეალობის წვდომა, ენა რომ ჰქვია, შეუძლებელია იმ უეჭველი ფაქტის სრული გაცნობიერების გარეშე, რომ მეტყველება სწორედ თავშეკავებიდან, სიჩუმიდან იბადება. არსებას, რომელსაც არ ძალუძს ბევრი რამის გამოხატვაზე უარის თქმა, საერთოდ არაფრის თქმა არ შეუძლია. ამგვარად განსხვავებული ენები შესაძლოა სხვადასხვაგვარად წარმოდგნენ გამოხატულსა და გამოუხატავს შორის გათანაბრების თვალსაზრისით. ყველა ხალხი რაღაცას მალავს, რაღაცის გამოთქმისგან თავს იკავებს, რათა დანარჩენი თქვას. რადგან აბსოლუტურად ყველაფრის გამოხატვა არ შეიძლება. ამიტომაა განსაკუთრებით ძნელი ნებისმიერი თარგმანი, რადგან სწორედ ესაა ცდა, გამოხატო რომელიღაც ენაზე ის, რისი თქმისგანაც სხვა ენა თავს იკავებს. ყველა გამოთქმის შესახებ გამოთქმის თეორია უნდა იქცეს ასევე თეორიად იმ განსაკუთრებულ მიჩუმათებაზე, რომელიც სხვადასხვა ხალხისთვისაა ნიშანდობლივი. მაგალითად, ინგლისელები ბევრ ისეთ რამეს არ ამბობენ, რაც ჩვენ, ესპანელებს, გამუდმებით პირზე გვაკერია. და პირიქითაც! თუმც არსებობს ბევრი უფრო სერიოზული მიზეზი, რომელთა გამოც ლინგვისტიკა გამოთქმის თეორიას უნდა მიუბრუნდეს. აქამდე ლინგვისტიკა არსებულ ენას სწავლობდა, ანუ ისეთს, როგორიც წარმოგვიდგა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ლინგვისტიკა სწავლობდა ენას, როგორც მომხდარ ფაქტს. მაგრამ ენა, ხისტად რომ ვთქვათ, არასოდესაა რამე დასრულებული, ის ყოველთვის ქმნის თავის თავს და თვითონვე ანგრევს, რადგან ეს ზოგადად, კაცობრიობის თავისებურებაა. ლინგვისტებს სწამთ: ეს საკითხი ისე უნდა გადაწყდეს, რომ შესწავლილ იქნას ენის არამხოლოდ თანამედროვე მდგომარეობა, არამედ განხილულ იქნას მისი ევოლუცია, ისტორიული განვითარება. საქმე ეხება სოსიურის მიერ ლინგვისტიკის დანაწილებას, ანუ დაყოფას სინქრონიად, რომელიც სისტემას ჩამოყალიბებული სახით იკვლევს და, დიაქრონიად, რომელიც ყურადღებას აპყრობს დროში ენობრივი მოვლენების ტრანსფორმაციას. მაგრამ მსგავსი დაყოფა დიდად უტოპიურია და ვერანაირად ვერ გვაკმაყოფილებს. უტოპიურია თუნდაც იმიტომ, რომ ენის შემადგენლობა არასოდესაა დუნე, უსიცოცხლოო. ხისტად რომ ვთქვათ, ენაში საერთოდ არ შეიმჩნევა მისი ყველა კომპონენტის სინქრონული სურათი. მეორეც, უტოპიურია იმიტომაც, რომ იგივე დიაქრონია სხვა არაფერია, თუ არა რეკონსტრუქცია ენის სხვა შეფარდებითი თანამედროვეობებისა თანაც იმ სახით, როგორითაც ისინი წარსულში არსებობდნენ. ამგვარად, დიაქრონია გვიჩვენებს მხოლოდ ენობრივ ცვლილებებს და, შედეგად, ჩვენ ვამჩნევთ მხოლოდ ერთი ახლანდელი დროის მეორით შეცვლას, ანუ თვალნათლივ ვხედავთ ენის ზოგ სტატიკურ სურათს, რომელთა შედარება შეიძლება რომელიღაც ფილმთან, სადაც ერთმანეთის მონაცვლე უძრავი სახეები მაყურებელს მოძრაობის ილუზიას აღუძრავენ. საუკეთესო შემთხვევაში, დიაქრონიას ძალუძს, გვაცნობოს ენის კინემატური ხედვა და არა მისი დინამიკური გაგება, რომელთან ერთადაცაა შესაძლებელი ცვლილებათა წვდომა. ნებისმიერი ცვლილება - ზემოთ აღნიშნული ქმნადობისა და განადგურების მხოლოდ შედეგია, ენის მხოლოდ გარეგნული მხარე. ჩვენთვის კი აუცილებელია ენის შინაგანი კონცეფციის შექმნა, სადაც აღმოვაჩენდით არა დასრულებულ ენობრივ ფორმებს, არამედ - უშუალოდ მის მამოძრავებელ ძალებს.

ენის წარმოშობის საკითხს ლინგვისტებმა ტაბუ დაადეს. ეს გამართლებულია, თუ გავითვალისწინებთ ძველი ენობრივი მონაცემების სრულ არარსებობას. მაგრამ ენა, სიმართლე რომ ვთქვათ, არასოდესაა რაიმე დასრულებული, დატუმ (მოცემული), დასრულებული ლინგვისტური ფორმები, უფრო პირიქით, ის გამუდმებით ქმნის საკუთარ თავს. ამ თუ იმ სახით ენის ცხოველმყოფელი შესაძლებლობანი ამჟამადაც არსებობს. ამიტომაც რეზონულად ძალგვიძს ამ ენობრივი შემოქმედებით პოტენციის გამოყოფა თანამედროვე ენაში და მათი აღწერა. წინასწარ უარის თქმით, ამგვარი ცდებისაგან თავშეკავებით, თვითონვე ვაგებთ შეუვალ წინააღმდეგობებს ენის გენეზისის რამდენადმე წვდომის გზაზე.

ამ მიზეზის გამო ენის წარმოშობის ყველა თეორია ორ უკიდურესობას შორის მერყეობდა: ერთი მხრივ, მიიჩნევდნენ, რომ ენა საღვთო მადლია, მეორე მხრივ - ცდილობდნენ ცოცხალი არსებისთვის ნიშანდობლივი მოთხოვნილებებისაგან მის გათავისუფლებას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, უკანასკნელ შემთხვევაში ადამიანთა ენა უთანაბრდებოდა ან ყვირილს, ოხვრას, მოწოდებას (სწორედ ამას ამტკიცებდა არც თუ დიდი ხნის წინათ გ. რევეში), ან - სიმღერას, ჩიტების ანალოგიით (დარვინი, სფენსერი). ამავე იდეას ადასტურებს თითქოს ისეთი მოვლენები, როგორებიცაა შორისდებულები, ბგერათა მიბაძვა და სხვ. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც სხვა დროს, თეოლოგიური ახსნა ყველა ახსნის საწინააღმდეგოა, რამეთუ მტკიცება, თითქოს, ღმერთმა ადამიანი გონიერ ცხოველად შექმნა ანუ უბრალოდ მიანიჭა მას ე. წ. რაციონალობა, რომელიც თავის მხრივ, ენის ფლობასაც ნიშნავს, ან უფრო მარტივად , დებულება, თითქოს, ენა ადამიანს ღმერთმა უბოძა - იმის ტოლფასია, აღიარო: არც რაციონალობა საჭიროებს რაიმენაირ განმარტებას და არც - ენა. სინამდვილეში გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას: თვით ადამიანი არასოდეს ყოფილა რაციონალური და არც ახლა შეიძლება ასეთად მისი მიჩნევა. არსებითად, ლაპარაკია რომელიღაც ბიოლოგიურ სახეობაზე, რომელიც წარმოიშვა - უკანასკნელი მონაცემებით - დაახლოებით მილიონი წლის წინათ. უდავოა, ევოლუციისას, ანუ თავისი ისტორიის განმავლობაში, ადამიანი დაადგა გზას, რომელმაც ათასწლეულების შემდეგ, შესაძლოა, ჭეშმარიტ რაციონალობამდე მიიყვანოს. მაგრამ სადღეისოდ მხოლოდ ძალზე პრიმიტიული ინტელექტუალური შესაძლებლობებით უნდა დავკმაყოფილდეთ, რომლებიც, ვიმეორებთ, მხოლოდ ფარდობითად შეიძლება რაციონალურად ჩაითვალოს. ამასთან ენის წარმოშობის ახსნის ცდა, გამომდინარე ცხოველური თავისებურებებიდან, უხეშ შეცდომად მიიჩნევა, რადგან ამ შემთხვევაში სრულიად გაუგებარია , სხვა დანარჩენმა ბიოლოგიურმა სახეობებმა რატომ ვერ მიაღწიეს განვითარების ისეთ საფეხურს, როცა საკუთარი ენის შექმნას თვითვე შეძლებდნენ. ფაქტობრივად, მსგავსი ბიოლოგიური თეორიები მიაწერენ ადამიანურის ტოლფას თავისებურებებს ყველა სხვა არსებას, მაგრამ სულაც არ არის აუცილებელი, რომ ცოცხალ არსებათა ამგვარი შესაძლო ენები ასევე დანაწევრებულ სამეტყველო სისტემას წარმოადგენდნენ. პრინციპში, ამას ყვირილის ენაც შეძლებდა. ცხოველთა ბევრ სახეობას ხომ - არა მარტო პრიმატებს - აქვთ ტვინის ერთგვარი ელექტრონული მოწყობილობა, რომელსაც დაუძაბავად ძალუძს მეხსიერებაში შეინარჩუნოს ათასგვარი ყვირილის სისტემა, თანაც ისეთი რთულისაც, რომელიც თავისუფლად შეიძლება ენას შევადაროთ, თუმც, ამ შემთხვევაში მეტყველების ორგანო არა იმდენად ენაა, რამდენადაც - ყელი.

სავარაუდოა, რომ ადამიანში ადამიანურობის გაჩენის წამიდან წარმოიქმნა ურთიერთობის დაუოკებელი მოთხოვნილება, რომელიც აბსოლუტურად აღემატება ყველა სხვა ცხოველის მსგავს სურვილს. და ეს საგანგებოდ იმ ცხოველში უნდა ჩასახლებულიყო, რომლიდანაც მოგვიანებით ადამიანი წარმოიშვა, ვინაიდან სწორედ ამ ცხოველს სურდა ძალიან ბევრის, არანორმალურად ბევრის თქმა. ამგვარად, ადამიანში მკვიდრობდა რაღაც, რაც არ გააჩნდა რომელიმე სხვა ცხოველს: ეს ავსებდა მის შინაგან სამყაროს, რომელიც მას რაღაცნაირად უნდა გამოეხატა, გამოეთქვა. მიგაჩნდეს, რომ ეს რაციონალური სამყარო იყო - უხეში შეცდომაა. ხისტად რომ ვთქვათ, ამჟამინდელ რაციონალობაში  გარდუვალად აღწევს ინტელექტუალური ჩვევები, რომლებიც კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში კოლოსალური დაძაბულობის შედეგად გამომუშავდა და რომლებიც, რადგან თავდაპირველად არ არსებობდნენ, უშუალოდ მოჰყვნენ გადარჩევას, აღზრდას, შინაგან დისციპლინას. იმ ცხოველში, რომელიც შემდეგ ადამიანად იქცა, უნდა წარმოქმნილიყო განსაკუთრებით მდიდარი და უჩვეულოდ განვითარებული წარმოსახვის ორიგინალური ფუნქცია ანუ ფანტაზია. ისტორიულად მტკიცდებოდა სწორედ ეს ფუნქცია, ვითარდებოდა, ხანგრძლივ სავარჯიშოებს უძლებდა, რამაც, თავის მხრივ, ფანტაზია იმად გადააქცია, რასაც ჩვენ რიხით გონებად ვიხსენიებთ. რა ძალამ ამოხეთქა ამ რომელიღაც ზოოლოგიურ სახეობაში ფანტაზიის უშრეტი წყარო ანუ განსაკუთრებით განვითარებული წარმოსახვა - ამაზე გაკვრით ვისაუბრე წინა ლექციაზე, ამასთან, ჩემს ერთ-ერთ შრომაშიც. ამ თემის გასაშლელად ახლა უბრალოდ დრო არა გვაქვს. და მაინც მცირედ გადავუხვევ სათქმელს და მოგახსენებთ: თეოლოგების საპირისპიროდაც, რომლებიც ადამიანს ღვთის განსაკუთრებულ ქმნილებად მიიჩნევენ და, ზოოლოგიური კონცეფციისგან განსხვავებითაც, რომელიც ცხოველური სამყაროს ნორმალურ ფარგლებში ცდილობს ჩვენს ჩადუღაბებას, ადამიანს ერთგვარ არანორმალურ ცხოველად მივიჩნევ. ადამიანის არანორმალურობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი აღსავსეა ხატ-სახეებით, ფანტაზიით, რომელმაც მოიცვა იგი, მძლავრ ნაკადად მიმოიქცა მასში, შექმნა ის, რასაც შინაგანი სამყარო ეწოდება. აი, რატომაა ადამიანი - ამ სიტყვის სხვადასხვა მნიშვნელობით - ფანტასტიკური ცხოველი. ამ საუნჯემ, რომელსაც ადამიანი ატარებს და სხვა ცხოველთათვის უცხოა, მიანიჭა ადამიანურ თანაგანცდას, ადამიანური ურთიერთობების ტიპს სრულიად ახალი ხასიათი. ამიერიდან ლაპარაკია არა მხოლოდ სიტუაციიდან გამომდინარე უტილიტარულ სიგნალთა მიღებასა და გაცემაზე; საქმე ეხება გადაუდებელ მოთხოვნილებას, გამოხატოს საკუთარი სანუკვარი სამყარო, რომელიც შინაგანად ხეთქს ადამიანს, სიმშვიდეს სტაცებს, აღაგზნებს და შფოთითა და ძრწოლით ავსებს. ეს შინაგანი სამყარო ადამიანისაგან დაჟინებით ითხოვდა გარეთ გასაღწევს, მასში ურთიერთობის ჭეშმარიტი მონაწილეობის - ერთი სიტყვით - ახსნა-განმარტების წყურვილს შობდა. ენის გენეზისის გასაგებად ზოოლოგიური უტილიტარიზმი საკმარისი არ არის. აქ არ შეიძლება შემოფარგვლა უბრალო სიგნალებით, რომლებიც ასოცირდება რაღაც ჩვენს მიღმა მომხდართან, ანუ სიტუაციასთან, რომლის აღქმაც ძალგვიძს.

აბსოლუტურად აუცილებელია, წარმოვიდგინოთ, რომ ყველა იდუმალ არსებაში საკუთარი სულის სხვისთვის ჩვენების უზარმაზარი ვნებაა, იმის თქმის ჟინია, რაც შიგნით მომწიფდა და, კერძოდ - სანუკვარი წარმოსახვითი სამყარო; ერთი სიტყვით, იქ სულდგმულობდა აღსარების დიდი ლირიკული მოთხოვნილება, მაგრამ რადგანაც შინაგანი სამყაროს ხატ-სახენი უშუალო აღქმას არ ექვემდებარება, მათი გადმოცემა სიგნალით შეუძლებელია; ვინმეს შინაგანი სამყარო მეორემდე რომ მიიტანო, სიგნალი თავისი წმინდა სახით, გარდუვალად უნდა იქცეს გარკვეულ გამოხატვად, სხვა სიტყვებით, ამგვარი ნიშანი თვითვე უნდა გულისხმობდეს რაღაც აზრს, რაღაც მნიშვნელობას. მხოლოდ ცხოველი, რომელსაც მართლაც სურდა ბევრის თქმა,და სწორედ იმაზე, რაც აქ არ არის, გარესამყაროში არ არსებობს, ამბობს უარს სიგნალთა უბრალო ერთიანობაზე, რადგან ზუსტად ესმის მისი შეზღუდულობა. ამ აღმოჩენამ, უცილოა, ეს ცხოველი აიძულა კავშირი გაეწყვიტა კომუნიკაციის მსგავს ნაკლულ საშუალებასთან და ეცადა მისი გადალახვა. საინტერესოა, რომ აღნიშნული წყვეტა, როგორც ჩანს, არა მხოლოდ უშუალოდ უკავშირდება ენის გამოგონებას, არამედ უდავოდ დღემდე გრძელდება და მცირე ქმნილებათა სერიად გარდაიქმნება. ესაა ინდივიდის მარადიული კონფლიქტი, რომელიც ესწრაფის რაღაც ახლის გამოთქმას, რაც მის სულში იშვა და სხვათათვის უცხოა; ესაა პიროვნების კონფლიქტი უკვე დადგენილ და წინასწარგანსაზღვრულ ენასთან, ან არა და, გამოთქმის ნაყოფიერი შეჯახება მეტყველებასთან.

ამ გარემოებებმა მომანიჭეს უფლება, წინასწარ მეთქვა, რომ ენის წარმოშობის პრობლემა ნაწილობრივ, ახლაც შეიძლება ვიკვლიოთ. ენა, მეტყველება, ან ის, რაც გამოითქმის, - კოლოსალური სისტემაა იმ სიტყვიერ ჩვეულებათა, რომლებსაც განსაზღვრული საზოგადოება აღიარებს. ინდივიდი, პიროვნება ამ ჩვეულებათა სახით იმთავითვე განიცდის ენობრივ იძულებას. ამიტომ მშობლიური ენაა ყველაზე ნათელი და ტიპური საზოგადოებრივი მოვლენა. სწორედ ის აძლევს საშუალებას სხვებს, შემოაღწიონ ჩვენში და საუკუნოდ დაფუძნდნენ, რაც თითოეულ ინდივიდს ხალხის კერძო შემთხვევად აქცევს. მშობლიური მეტყველება ახდენს ჩვენი სანუკვარი სამყაროს უღრმეს ფენათა სოციალიზაციას, და ამიტომაც ნებისმიერი ინდივიდი, ამ სიტყვის ხისტი მნიშვნელობით, საზოგადოებას ეკუთვნის. რა თქმა უნდა, ცალკეულ ადამიანს შეუძლია იმ საზოგადოებიდან გაქცევა, რომელშიც დაიბადა და აღიზარდა, მაგრამ მაშინაც კი საზოგადოება გააფთრებით გამოეკიდება ლტოლვილს, რადგან ყველა ინდივიდი საზოგადოების მარადიული მატარებელია. აი, ჭეშმარიტი არსი დებულებისა, რომლის თანახმადაც, ადამიანი საზოგადოებრივი ცხოველია (თუმც, არისტოტელემ თქვა პოლიტიკური ცხოველიადა არა საზოგადოებრივიო;). ადამიანი სოციალურია, საზოგადოებას ეკუთვნის მაშინაც კი, როცა მას დიდად არ ხიბლავს ურთიერთობა. მისი სოციალობა, ანუ ამა თუ იმ საზოგადოებისადმი კუთვნილება მის გულღიაობაზე არ არის დამოკიდებული. მშობლიური ენა საუკუნოდ ტვიფრავს ადამიანს. და რადგანაც ყველა ენა გულისხმობს სამყაროს აბსოლუტურად თვითმყოფ სურათს, ის გარდუვალად აჯილდოებს ადამიანს რამდენიმე განსაზღვრული შესაძლებლობით, და ამასთან, არსებითად ზღუდავს კიდეც მას. აი, სად ვხედავთ მკაფიოდ, თუ როგორ ხდება მოვლენა - ესა თუ ის ადამიანი უმაღლესი კლასის აბსტრაქცია! ყოველივე, რაც ადამიანში სანუკვარია, წინასწარ არის განსაზღვრული და ფორმულირებული ამა თუ იმ საზოგადოებით.

მაგრამ ესეც სიმართლეა: ის, ვისაც უაღრესად პიროვნულისა და, შესაბამისად, სრულიად ახლის გამოხატვა სურს, წესისამებრ, ადამიანთა მეტყველებაში, ენაში ვერ პოულობს იმ სიტყვიერ ჩვევას, ადეკვატურად რომ ეთანადებოდეს მის გამოთქმას. მაშინ ინდივიდი ახალ გამოთქმას ქმნის. და თუ გაუმართლა და სხვა ბევრიც გაიმეორებს, ეს გამოთქმა, შესაძლოა, ახალ ენობრივ ჩვევად ჩამოყალიბდეს. ამგვარად, ყველა სიტყვა და ფრაზეოლოგიური საქცევი იმთავითვე იყო ცალკეულ ადამიანთა მიერ შექმნილი, რომლებიც შემდგომ მექანიკურ ყოფით ჩვეულებად გარდაისახნენ. მსგავსი დეგრადაცია აუცილებელია, რადგან სიტყვათა და საქცევთა ენაში შემოსვლის მთავარ პირობად გვევლინება და მაინც, ამ პიროვნულ აღმოჩენათა დიდი ნაწილი შედეგს ვერ აღწევს, ანუ რამდენადმე შესამჩნევ კვალს არ ტოვებს ენაზე: პიროვნული შემოქმედების ეს აქტები ბევრისთვის გაუგებარია. პიროვნული გამოთქმებისა და ადამიანთა მეტყველების ეს ბრძოლა ენის ყოფის ნორმად იქცა. ცალკეული ადამიანი ყოველთვის საზოგადოების ტყვეა, თუმცა კი, ხანდახან, მისგან გაქცევის შესაძლებლობით სულდგმულობს, რათა ცხოვრების დამოუკიდებელ, საკუთარ ფორმას მისდიოს. ამგვარ ცდათაგან ცოტა თუ სრულდება წარმატებით - და მაშინ საზოგადოება აუქმებს ამა თუ იმ ჩვევას და პიროვნების მიერ გამომუშავებულ ახალ ფორმებს აიტაცებს ხოლმე. თუმც, ხშირად, ჩვენ მაინც მსგავს პიროვნულ სასოებათა მსხვრევის მოწმენი ვხდებით; ამგვარად ენაში ჩვენ ვხედავთ ნებისმიერი სოციალური ფაქტის პარადიგმას. ეთნოგრაფთა მონაცემების თანახმად, ველურებში, ახლაც პირველყოფილი წყობით რომ ცხოვრობენ, ხშირად გვხვდება ისეთი მოვლენა, როცა რომელიმე ახალი სიტუაცია ინდივიდისაგან მოითხოვს მშობლიურ ენაში არარსებული ფონემების წარმოქმნას. ეს ფონემები შემოქმედების შედეგია, რადგან მათი ბგერითი ფორმა წარმოთქმის მომენტში სრულად უპასუხებს იმას, რასაც განიცდის და რის გამოთქმასაც ლამობს ესა თუ ის ინდივიდი. კაცორიობის განვითარების ადრეულ ეტაპზე ეს ფენომენი, სავარაუდოდ, უფრო ხშირად გვხვდებოდა, რადგან ადამიანური მეტყველება მხოლოდ მაშინ იდგამდა ფესვს და არსებობდა ენის, როგორც ასეთის - თუ შეიძლება ასე ითქვას - შავი მონახაზი.

მაგრამ გვაქვს კი საფუძველი ვამტკიცოთ, რომ სწორედ ფონეტიკური ფორმაა მთავარი, გადამწყვეტი მომენტი სიტყვათქმნადობის ზემოაღნიშნულ პროცესში, როგორც ამას დღევანდელი ლინგვისტიკა ვარაუდობს. სინამდვილეში, მყარად მწამს: თვით ფონეტიკაც კი უცილოდ ენის უღრმეს შრეებს უნდა ეფუძნებოდეს.

ენის დაყვანა სიტყვამდე - სენსუ სტრიცტო, ანდა - მის ბგერით მხარემდე აბსტრაქციაა, ანუ რაღაც, კონკრეტულ რეალობას რომ არ ემთხვევა. თანამედროვე ლინგვისტიკის საფუძლად ქცეული ეს აბსტრაქცია დაბრკოლებად არ აღმართულა იმ ფართომასშტაბიანი და ერთგვარად, მკაცრად სანიმუშო კვლევისას, ენად რომ მოვიხსენიებთ. მაგრამ ენათმეცნიერების უდავო წარმატებები იმ პლასტის რღმა დამუშავებასა და დეტალურ შესწავლას გვავალებს, რომელიც სულ ახლახან განხილული აბსტრაქციის ფარგლებს მიღმაა. ლინგვისტიკამ, როგორც დავრწმუნდით, უცილოდ უნდა ჩართოს მეტყველების ანალიზში იმის ნაწილი, რაც თვით მასში არ გამოიხატა, გამოუთქმელი დარჩა. და აქ არაორაზროვნად მსურს განვაცხადო! ჩვენი მეტყველება შედგება არა მხოლოდ სიტყვებისაგან, ბგერათშეთანხმებათაგან ან ფონემათაგან. დანაწევრებულ ბგერათა წარმოთქმა ხომ მეტყველების მხოლოდ ერთი ნაწილია. მისი მეორე მხარე მოიცავს მთელი ადამიანური სხეულის სრულ ჟესტიკულაციას, რომელიც თვითგამოხატვას ესწრაფის. და ეს ჟესტიკულაცია ბუნებრვია, შედგება არა მხოლოდ მკაფიოდ გამოხატულ მოძრაობათაგან, არამედ, მაგალითად, თვალების, ღაწვების და ა.შ. ტონუსის შესამჩნევ ცვლილებათაგან. ენათმეცნიერები მსგავსი მოვლენების ფასეულობათა აღიარებისთვის დიდი ხანია მზად არიან, მაგრამ ამის მიუხედავად, მათ სერიოზულად არ აღიქვამენ. განა უმჯობესი არ იქნება სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და ვაჟკაცურად ვაღიაროთ: მეტყველება ჟესტიკულირებას ნიშნავს? ამ ფრაზის არსი უფრო კონკრეტული და პირქუშია, ვიდრე, შესაძლოა ერთი შეხედვით მოგვეჩვენოს.

ცალკეულმა ხალხმა, დიდწილად, დასავლეთის მგვიდრებმა პრაქტიკულად ორი ასწლეულის განმავლობაში მკაცრად დისციპლინური გახადეს თავიანთი მეტყველება, რის შედეგადაც მათ იმას მიაღწიეს, რომ არსებითად შეზღუდეს, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი, საერთოდ აკრძალეს ყველაზე თვალშისაცემი ჟესტების გამოყენება. მაგალითად მოვიყვანთ ინგლისელებს. Merry England-ის (კეთილი, მხიარული ინგლისი) ხანაში საუბრისას ისინი იმ სიმშვიდითა და უდრტვინველობით ვერ დაიკვეხნიდნენ, დღეს რომ მათ ნიშანდობლივ თავისებურებად მიაჩნიათ. ფალსტაფსა და მისტერ იდენს უფსკრული აცილებთ, რომელმაც უამრავი ჟესტი შთანთქა. როგორ იმოქმედა ამან გამოხატვაზე, არაფერს ვიტყვი. მაგრამ თუ ისტორიული განვითარების ადრეულ ეტაპებს დავუბრუნდებით, ჟესტიკულაციის ინტენსიურ მატებას შევამჩნევთ. აფრიკაში დღესაც შეხვდებით პირველყოფილ ხალხებს, რომელთაც არ ესმით ეთნოგრაფებისა და მისიონერებისა, არადა, მათ სრულყოფილად იციან იქაურთა ენები, თუმც მეტყველებას გამძაფრებულ ჟესტიკულაციას არ ურთავენ. მეტიც: ცენტრალური აფრიკის ზოგი ტომი შებინდებასთან ერთად საუბარს წყვეტს. არ ლაპარაკობენ, რადგან ერთმანეთს ვერ ხედავენ - ვინაიდან უკანასკნელი გარემოება ჟესტიკულაციას საბოლოოდ აუცხოებს მეტყველებისაგან. მაგრამ მოყვანილი მაგალითები ჯერ კიდევ არ არის საკმარისი საფუძველი ფორმულისა: მეტყველება ჟესტიკულაციას ნიშნავს.

გასული საუკუნის დასაწყისში, რომელსაც კანტმა მეცნიერების საიმედო გზა უწოდა, ლინგვისტიკა მაშინვე შეუდგა ენის იმ მხრივ შესწავლას, რომელიც უფრო სასურველი გახლდათ ზუსტი კვლევებისათვის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყურადღება მიაპყრეს კაცობრიობის ძირითად სამეტყველო აპარატს, რომელიც ბგერების არტიკულაციას ახდენდა. ასე წარმოიშვა ფონეტიკა. მკაცრი მნიშვნელობით, ეს ტერმინი ჭეშმარიტებას არ შეესაბამება. თვითონ განსაჯეთ - ეს მეცნიერება სულაც არ სწავლობს ენობრივ ბგერებს, როგორც ასეთს; მხოლოდ სამეტყველო ორგანოების მუშაობას იკვლევს. ამიტომ კლასიფიკაციისას ენობრივ ბგერებს ანიჭებდნენ მოქმედი ორგანოს სახელს; ასე გაჩნდა ქვეყნად ბაგისმიერი, კბილისმიერი და სხვ. ბგერები. სრულიად უეჭველია, რომ ამ მეთოდმა ბრწყინვალე შედეგები მოგვცა. და მაინც, არტიკულაციისთვის სრული უპირატესობის მინიჭება არასაკმარისად გააზრებულია, რადგან ენაზე დაკვირვება მთქმელის პლანში მიმდინარეობს და არა - მსმენელისა. მაგრამ ჩვენ მშვენივრად გვესმის: სიტყვა ამგვარი მაშინ კი არ ხდება, როცა ითქმის, არამედ მხოლოდ მაშინ, როცა ესმით, როცა მას ყურმახვილი ადამიანი იგებს. თვით მთქმელიც კი მუდმივად ცდილობს სრულიად გარკვეული ბგერის მკაფიო არტიკულირებას, სწორედ იმ ფონემის გამოთქმას, რომელიც მან თავდაპირველად უცხო ბაგეთაგან მოისმინა. წინასწარ განსაზღვრულ და მზა ენაში სიტყვების სმენით მოხელთების სამუშაო ყოველთვის პირველადია; შესაბამისად, ენა, უწინარესად, აკუსტიკური ფაქტია. როცა ოცდათხუთმეტიოდე წლის წინათ თავადმა ტრუბეცკოიმ მეტყველების ბგერების, როგორც ასეთის, შესწავლა დაიწყო იმის გასარკვევად, თუ ფონემის კერძოდ რომელი ნაწილი აქცევს ბგერებს განმასხვავებელ, მადიფერენცირებელ, ანუ სამეტყველო მოღვაწეობის ყველაზე ეფექტურ თვისებად, - თავში მარჯვე აზრმა გაუელვა (რადგან იმჯერად ტერმინი ადეკვატური აღმოჩნდა), თავისი დისციპლინისთვის ფონოლოგია დაერქმია.

უდავოა, ტრუბეცკოის მეთოდმა, განსხვავებით ტრადიციული ფონეტიკისაგან, შესაძლებელი გახადა ბგერის პირველსაწყისთან უფრო მიახლოება. და მაინც, როგორც ჩანს, არც თუ დიდი ხნის წინათ შემოთავაზებული არც ეს თვალსაზრისია საკმარისი ენის მთავარი, საწყისი დახასიათების მისაკვლევად. ფონოლოგია სწავლობს ბგერებს, როგორც ასეთთ. მაგრამ მზა ენაში დამკვიდრებული ეს ბგერები თავდაპირველად ოდესღაც უცილოდ ვიღაცის მიერ წარმოითქვა.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, გამოთქმა ხელახლა იქცევა პირველადად, მაგრამ ფონეტიკასთან შედარებით, სრულიად განსხვავებული მნიშვნელობით. საქმე ელემენტარული გამოთქმა როდია, რომელიც მთლიანად ემყარება წინასწარგანსაზღვრული, წინასწარ ცნობილი ბგერის წარმოთქმის სწრაფვას ან, რომ გავამარტივოთ, მიბაძვაზე დამყარებულ გამოთქმას.

ამ შემთხვევაში იმ არტიკულაციას ვგულისხმობთ, რომელსაც საერთოდ არ გააჩნია, რომელიმე წინასწარგანსაზღვრული ბგერითი მოდელი, ნიმუში... საქმე ეხება მოვლენას, რომელიც არ გახლავთ უბრალო მოწყობილობა, როდესაც მოძრაობა წარიმართება მთქმელისთვის უკვე ცნობილი სიტყვის გარეგანი ბგერითი ხატის შესაბამისად. და რადგანაც ყველა ენა ფონემათა განსაკუთრებული სისტემაა, ფონემათა მიღმა გარდუვალად მოიაზრება რაღაც განსაკუთრებული, საარტიკულაციო მოძრაობის თვითკმარი სისტემა, რომელიც სტიქიურია და არა - წინასწარგანზრახული ან მიბაძვითი. ამ თავისებურებებით აღბეჭდილი მოძრაობა იწოდება გამომხატველად, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჟესტებად. ეს სრულიად ეწინააღმდეგება იმ მოძრაობებს, რომელთა შემწეობით, ამა თუ იმ მიზნის მიღწევას ვლამობთ.

რა გასაკვირიც უნდა იყოს, ვეჭვობთ, რომ ენის ნებისმიერი ბგერა მართლაც მეტყველების აპარატის ორგანოთა შინაგანი ჟესტიკულაციისაგან წარმოდგება, მათ შორის - ბაგეებისაც. ყველა ხალხში იყო გავრცელებული და ახლაც გავრცელებულია წინასწარგანუზრახველი, არასაჩვენებელი, მაგრამ სრულიად განსაზღვრული არტიკულაციის ტიპი, რომელიც გამოხატავს მისთვის დამახასიათებელ და ყველაზე ხშირად, თვითმყოფი შინაგანი სამყაროს თავისებურებებს. და ვინაიდან სამეტყველო აპარატის მიერ არტიკულირებულ ბგერებს ყოველთვის თან ახლავს ჩვენი სხეულის ჟესტები, ყველა ენის ბგერითი სისტემა გარკვეული პროექციით გარდუვალად გულისხმობს ამ ენაზე მოლაპარაკე ხალხის სულს. თვით ლინგვისტები გვკარნახობენ: რომელიმე ენის სასწავლად ჯერ სხეულის სრულიად კონკრეტული პოზა უნდა მივიღოთ. მაგალითად, ინგლისურ ენაზე სასაუბროდ, პირველ რიგში, ნიკაპი წინ უნდა წამოვწიოთ და კბილი კბილს დავაჭიროთ, შემდეგ კი ვცადოთ ბაგეთა პრაქტიკულად უძრავ მდგომარეობაში მოყვანა, ამგვარად, და მხოლოდ ამგვარად ყალიბდება ინგლისელებში ის ნაკლებგამომხატველი და ზიზღიანი კნავილი, რისგანაც შედგება მათი მშობლიურ ენაზე მეტყველება. ამის საპირისპიროდ, თუ ფრანგულის სწავლას გადაწყვეტთ, საჭიროა მთელი სხეული ერთგვარად ბაგეებისკენ მიდრიკოთ, თითქოს ვინმეს კოცნას აპირებდეთ, და მხოლოდ მერე ასრიალოთ ტუჩები, ისე, რომ ერთმანეთს ეხებოდნენ. სწორედ ასე მიიღწევა უსაზღვრო თვითკმაყოფილება, ასე ნიშანდობლივი რომაა რიგითი ფრანგისათვის. ზედმეტი თვითდაჯერებულობის მეორე სახესხვაობა გამოიხატება ნაზალიზაციით, რომელიც ინგლისურს ამერიკელებმა შესძინეს. ნაზალიზაცია ბგერის გადაყლაპვაა, რომელიც თან სდევს ზეაწეულ ბგერას (მხოლოდ იმიტომ, რომ ცხვირის ღრუში მისი მჟღერი გამოძახილით დატკბეთ). მჟღერი სიტყვების ამგვარი მოპყრობა უფრო მეტი თვითმყოფადობის შესაძლებლობას იძლევა, ისეთს, თითქოს, საკუთარ თავს შიგნიდან უსმენდე. ლინგვისტთა შორისაც გამოჩნდება ხოლმე რომელიღაც მარჯვე ვაჟკაცი; ამერიკელებს არ გაუჭირდებათ იმის გაგება, რომ ინგლისელმა ლეოპოლდ სტეინმა თავის წიგნში მეტყველების ჩვილობა და ჩვილის მეტყველება (The Infancy of Speech and the Speech of Infancy) ნაზალიზაციის დამკვიდრება პითეკანთროპს დაუკავშირა.

ამრიგად, ენა - დაფუძნებული გამოთქმაზე - ადამიანური ჟესტების ნაკრებს (შესაძლოა, აქ უფრო შესაფერისი ტერმინ სისტემის გამოყენება იყოს) განეკუთვნება. თუმც თითოეული ინდივიდის ჟესტთა ეს კრებული მისი პიროვნების მხოლოდ მინიმალური ნაწილია. ყველა ჩვენი ჟესტი, პრაქტიკულად, საზოგადოებისგან წარმოდგება, სხვაგვარად, ეს გახლავთ ჩვენ მიერ გამოყენებული რომელიღაც მოძრაობები, რომლებიც მიღებულია საზოგადოებაში. ამიტომ საკმარისია ამა თუ იმ ადამიანის ჟესტიკულაციის დანახვა, რომ დავადგინოთ, რომელ ერსა თუ ხალხს განეკუთვნება. ჟესტიკულაცია იმ ჩვევათა ერთიანობაა, რომელიც ჰგავს ჩვენ მიერ წინა ლექციებისას განხილულთ. მათი ანალიზისას კვლავაც ვეხებით უკვე ნაცნობ პრობლემათა წრეს. და აქ ნებისმიერი ინდივიდი განიცდის გარემოცვის ზეგავლენას. და თუ ოდესმე ჟესტიკულაციის ისტორია დაიწერება, ისინი გარდუვალად დასრულდება ამ სტროფებით: ჟესტების გამოყენება, დაუცველობა და გაუქმება ჩვევათა არსებობის საერთო კანონებს ემორჩილება. ნებისმიერი საზოგადოება თავისი ჩვეულებებით, თავისი ჟესტებით ცხოვრობს და სწორედ მათში გამოიხატება ყველაზე ნათლად ამ საზოგადოების ხასიათი. ამიტომ ესა თუ ის ხალხი უძლიერეს შოკს განიცდის, როცა სხვა ხალხის თვითმყოფად ჟესტიკულაციას აწყდება. ხშირად მსგავსი შოკი დაუოკებელ სიძულვილში გადაიზრდება ხოლმე, რის შედეგადაც ისეთი წვრილმანი, როგორიც განსაზღვრული ადამიანური საზოგადოების გამომსახველი მოძრაობებია, ხდება ურწმუნობის, სიძულვილისა და, ხანდახან მტრობის, ძლიერი ფაქტორი.