მიხეილ ჯავახიშვილის ჩანაწერები - ჯაყოს ხიზნების შესახებ

1924

თავის დროზე ჯაყომ ეკლესია დააკეტვინა. მერე როცა ქორწილი დასჭირდა, ისევ გააღებინა.

თეიმურაზი სჩივის რწმენის დაკარგვას.

ჯაყოს ეგონა, ვითომ ჩურჩულებდა, ნამდვილად ყვიროდა.

ჯაყო X ისე იყო ასხმული, თითქოს მისი ნაწილები ცულით იყო გათლილი და მერე წებოთი და ბურღებით შეკოწიწებული.

ჯაყო ისე ხარხარებდა, რომ ფრინველი და ცხოველნი ფრთხებოდნენ.

ხევისთავი ხალხს უნერგავდა ახალი მთავრობის ოპოზიციას, მაგრამ მას მოაგონეს, რომ თვითონ ის შეიცვალა და არა ბოლშევიკები.

თეიმურაზს რცხვენოდა წარსულის მოგონება, მარგოს დათმობა.

ხევისთავს ჰქონდა დროშა და ღერბი საგვარეულო.

ჯაყო უწინ სტრაჟნიკი იყო.

მარგო წაეჩხუბა ქმარს. ბრაზით გაიხადა ტანთ და იატაკზე გორაობდა. Голодовка.

მარგო ისტერიით გახდა ავად სქესის ნიადაგზე.

თეიმურაზს თავისი თავი თავისავე სამშობლოში უცხოელად მიაჩნდა.

შესწორდეს ჯაყოში შეცდომა: სწერია - „შარავი“, უნდა იყოს „შარავანდედი ჩაესახა“. (გვ. 42).

თეიმურაზ ხევისთავი ამბობს: ჩვენი ცხოვრების ღერძი და იდუმალება ის არის, რომ ხელისუფლება და ხალხი ერთმანეთს ატყუებენ. ამიტომ დღეს მოტყუება უდიდეს მეცნიერებად და ეშმაკობად გადაიქცა.

თ. ხევისთავი რუსეთში იყო გაზრდილი.

ნინიკა რომ მღეროდა, სულგანაბულ გოგოებს გული მისდიოდათ.

მარგომ მრავალჯერ დააპირა ჯაყოსგან წასვლა, მაგრამ სქესით და მუქარით იყო დაბმული.

მარგომ რამდენჯერმე დააპირა ეთქვა თეიმურაზისთვის, მაგრამ ეშმამ დაუშალა.

„ჯაყო“ - თეიმურაზს სოფელი ეხამუშება. ჩივის უკულტურობას. იქვე: გლეხი იარას იჭრის დანით. თეიმურაზს თითქმის გული მისდის.

1925

„ჯაყოს“ 1924 წ. სექტ.-ოქტომბერში ვწერდი. ვწერდი და ვგრძნობდი, რომ ჩემ გულს ცეცხლი ედებოდა, ხოლო სული იმ დროს სისხლში მქონდა ამოვლებული. „ჯაყო“ გმინვაა ჩემი სულის.

„ჯაყოსთვის“. კატა ოსებს წმინდა ცხოველად მიაჩნიათ.

„თეიმურაზში“ ჰამლეტის მერყევი სული.

„ჯაყოს ხიზნები“ შალვა დადიანს პიესად გადაუკეთებია. მიხ. ჯავ.

„ჯაყო“. თეიმურაზი მარგოს ძალიან ბევრს ჰპირდებოდა, მაგრამ მეათედიც ვერ შეუსრულა. ამიტომ შენელდნენ.

„ჯაყო“. თეიმურაზი ამტკიცებს, რომ რუსის ინტელიგენცია პირველია ქვეყანაზე.

თეიმურაზი: „ასი ფუთი ავიკიდე, ნამდვილად კი ათის ზიდვაც მეძნელება“. „სხვას უნდა დავუთმო, ვისაც ამის ზიდვა შეუძლიან“.

„ჯაყო“. რომანტიკოსი პოეტი - მთვარეული გადამწყვეტ ჟამს ჯაყოს მიემხრობა და მასთან ერთად გააძევებენ.

„ჯაყო“. განვითარდეს იდეა: ნინიკა და თეიმურაზი რომ მორიგდნენ, ჯაყო გააგდეს.

„ჯაყო“. კიდევ ერთი ტიპი: რომანტიკოსი, პოეტი პოლიტიკაში. ნინიკა გააგდებს მას: „დაიკარგე ამ სოფლიდან! გაფრინდი ცაში, თუნდ უბსკრულში, ოღონდ დღიურ საქმეში ნუ ერევი. ჭკუას ნუ მასწავლი. როცა გავძღები, შენს ლექსსაც მაშინ წავიკითხავ. ჯერ-ჯერობით კი მასწავლე, როგორ მივიღო ერთ დღიურიდან ორმოცი კოდი პური, ან ათი საპალნე ღვინო“.

ფროიდი და აგვისტო - აი ჯაყო.

„ჯაყო“. თეიმურაზს რწმენას და ლოცვას ჯაყო დასცინის და ეკლესიის დახურვას ემუქრება.

„ჯაყო“. იარაღით შეუტევს თეიმურაზს და მარგოსაც, როცა მარგო არჩევანშია - ჯაყო თუ თეიმურაზი?

„ჯაყო“. თეიმურაზ ხევისთავის ყოფაქცევა 25/II 21წ.

თეიმ. ხევისთავი: „მე მომტეხეს, მაგრამ ვერ დამიმორჩილეს. დრო მოვა და მე ჩემს ნამდვილ სათქმელს ვიტყვი. მოვა ის დრო! მოვა! მოვა!“

1926

მომეცით ჯაყო და, თუ ყოველივე ვიკადრე, მალე თეიმურაზად გადავაქცევ.

1927

ჯაყო - თათქარიძე
მკითხველი გავიჩინე.

„ჯაყო“ ველურია, პრიმიტივი, უზნეო. სამაგიეროდ ჯანსაღია. თეიმურაზი უკვე დეკადანსია, მომაკვდავი. რა სჯობია, მდიდარი წარსული და საფლავში დგომა თუ უკულტურო ჯანმრთელობა?

„ჯაყო“. ჩემს თავში საბოლოოდ ასეთი დასასრული ჩამოისახა: ნინიკა ბრძოლით დაიპყრობს მარგოს - ჯაყოს წაართმევს. მარგო ასამართლებს ჯაყოს და სიკვდილის განაჩენს გამოუტანს.

„ჯაყო“. თეიმურაზი ყოველ ცოცხალ პრობლემის გადაჭრას მუდამ წიგნებით სცდილობდა და პასუხსაც იქ ეძებდა.

ჯაყოს პრობლემა რასპუტინის პრობლემაა. დედოფალ ალექსანდრას წინაშე არჩევანი რომ წამოჭრილიყო - ან რასპუტინი, ან მეფე ნიკოლოზიო - უეჭველად რასპუტინს აირჩევდა. ვინც რასპუტინიადას იცნობს, დამეთანხმება.

„ჯაყო“. თეიმურაზი რომ გადარჩა დახრჩობას, თავს ინუგეშებს: „ყოველივე დავკარგე, მაგრამ გადარჩენილი სიცოცხლე შეიძლება გამოადგეს ჩემს ერსო“ - და თავს გადასდებს მისთვის.

„ჯაყოსთვის“ გამოსადეგი ახსნის მასალა იხ. „Дни Шульгина“ გვერდი 96 - რასპუტინზე.

„ჯაყოს“ დაუპირისპირდეს პიტეკანტროპოსი მისი ცოლი ნინო რომელიც ბოლოს გაიმარჯვებს - პატოლოგია და ესთეტიკა. პირველი იმარჯვებს - ბანჯგვლიანი, კუნთებიანი.

„ჯაყოს ხიზ.“ ჩაემატოს: როცა ნახუცარი ეუბნება ხევისთავს: „მიიღე ეს ქვეყანა უყოყმანოთო“, თეიმურაზი ეტყვის: „მიმიღია, ან მივიღებ. ოღონდ... ჯერ უნდა დამაბრმაო და ყურთა სმენაც ამართვა“.

1931-1933 აპრილამდე

ხევისთავი დაქვეითდა. ჭუჭყი, სიმყრალე, კატები, ძაღლები, შმორი, პასიანსი, კაბალისტიკა, მკითხაობა და მწვანე წყურვილი ბოლშევიკების წასვლისა.

1935

„ჯაყო“. ჩაერთოს: „აკურთხე უფალო გვირგვინი ამათი, შთაუნერგე ამათ ერთმანეთის სიყვარული და ერთგულება, განამრავლე ესენი ვითარცა წყალში თევზი, ცაში ვარსკვლავი, ჰქმენ შეუბღალავი სარეცელი. მონისა შენისა ჯაყოსი და მხევლისა შენისა მარგალიტასი ამინ“.

ბათომშიც აკრძალეს დადგმა „ჯაყოს ხიზნების“.

„ჯ.ხ.“ მარგოს ნინიკა შეუყვარდა. მუდამ იწვა მარგოსა და ჯაყოს შორის. მარგოც მას აძლევდა თავის ტანს. დღისით არ შეეძლო, ან თვალებს ხუჭავდა. სამი ჰყავდა: ჯაყო, ნინიკა, თეიმურაზი. ნინიკა ჯაყოს გაზრდილ იყო. სოფელშიც გაკვეთილებს აძლევს. ურემშიც ნინიკას წიგნი უჭირავს. მარგოს სრუს გაკვეთილები სახლში აძლიოს თეიმ-ზმა, მაგრამ ნინიკა ჯაყოს ერიდება. ნინიკა ბოლოს აღმასკომად აურჩვიათ.

„ჯაყო“. თეიმურაზმა დეპეშა გამოგზავნა რუსეთიდან ძალმომრეობის აქტის გამო: „მოვა დრო“... და აი, მოვიდა“.

ჯაყოს კბილები ფოცხსა ჰგავს.

ჯაყოს ხმა ბუხარში ქარის ღმუილს ჰგავს.

მიხეილ ჯავახიშვილი - ჩანაწერები უბის წიგნაკებიდან
გამომცემლობა „ინტელექტი“, 2011წელი