ვოლტერი - ზადიგი, ანუ ბედისწერა

აღმოსავლური ამბავი

ზადიგმა ზოროასტრის პირველი წიგნიდან გაიგო: თავმოყვარეობა ქარით გაბერილი ბუშტია, თუ უჩხვლეტ, იქიდან ქარიშხალი გამოიჭრებაო.

ზადიგი ზოროასტრის შეგონებით ხელმძღვანელობდა: როდესაც ჭამ, საჭმელი დაუყარე ძაღლებსაც, თუნდაც საკბენად გეტანებოდნენო.

- ოო, რომ გენახათ რისი მოწმეც ეს-ეს არის გავხდი, თქვენც ჩემსავით აღშფოთდებოდით. ახალგაზრდა ქვრივის, კორსუს დასამშვიდებლად წავედი. ორი დღის წინ ქმრის საფლავს ძეგლი დაადგა წყაროსთან, მინდორს რომ ჩაუდის. მგლოვიარემ ღმერთებს აღუთქვა, ამ საფლავთან მანამ ვიცხოვრებ, სანამ იქ ნაკადული იდენსო.
- კი მაგრამ, რაა აქ ცუდი? - გაიკვირვა ზადიგმა, - დიახაც პატივისცემის ღირსია ის ქალი, ასე გულწრფელად რომ ჰყვარებია ქმარი.
- რომ იცოდეთ რას აკეთებდა, როცა მის სანახავად მივედი! - უთხრა აზროამ.
- რას, ჩემო ლამაზო აზორა?
- ნაკადულს კალაპოტს უცვლიდა!

ფილოსოფოსზე ყისმათიანი არავინაა, - ამბობდა ზადიგი, - მას შეუძლია თავისუფლად წაიკითხოს ეს ვეებერთელა წიგნი, ღმერთს ჩვენს თვალწინ რომ გადაუშლია. ფილოსოფოსი დაადგენს ჭეშმარიტებას და იგი მხოლოდ მას ეკუთვნის: იგი კვებას და ზრდის მის სულს, ცხოვრობს მშვიდად, არაფრის ეშინია, იცის, ადამიანები ვერას დააკლებენ.

ზადიგი მიხვდა რამდენად სახიფათო იყო ზოგჯერ მეტისმეტი განსწავლულობა და თავს სიტყვა მისცა, ამიერიდან დაემალა, რასაც საკუთარი თვალით ნახავდა.

საერთოდ, რა ძნელია ბედნიერი იყო ამქვეყნად!

ბედის სიმუხთლის გასაქარვებლად ზადიგმა ფილოსოფია და მეგობრობა მოიშველია.

ზადიგმა სასტიკად აკრძალა ჭკუამახვილობით თავის გამოჩენა, რადგან არსებითად ეს მაინც უჭკუობის ნიშანია ხოლმე.

ლექსი-ექსპრომტი მხოლოდ იმისთვისაა კარგი, ვისთვისაც დაიწერა.

პოეზიის მოყვარული მეფეების იმედი მუდამ უნდა ჰქონდეს ადამიანს.

ბევრმა ერმა ისესხა ზადიგისგან დიდი კანონი: „სჯობს აპატიო დამნაშავეს, ვიდრე უდანაშაულო დასაჯო!“

როგორც სადდერი ამბობს: „მუდმივი სიამოვნება სულაც არაა ბედნიერება!“

ახალი და დათრგუნვილი ვნება აშკარად იჩენს ხოლმე თავს, ხოლო დაკმაყოფილებულ გრძნობას სულაც არ უჭირს დამალვა.

მეფისა და დედოფლის მონები ხშირად მათი გულისთქმის ჯაშუშებიც არიან.

ზადიგმა ხალხი ისე აღიქვა, როგორიც სინამდვილეში არიან: მწერებად, ტალახის პატარა გუნდაზე ერთმანეთს რომ შთანთქავენ.

როგორც ზოროასტრის შეგონება გვასწავლის, ღვაწლი ხშირად სახლის შესასვლელში რჩება, ცილისწამება კი დარბაზში მიძრვრება.

როგორც ცნობილია, პირველი ბრალდება უკუიქცევა, მეორე ოდნავ კაწრავს, მესამე კოდავს და მეოთხე კლავს.

ამბობენ, რომ ადამიანი ნაკლებ უბედურია, როდესაც უბედურებაში მარტო არ არისო. ზოროასტრის აზრით, ეს გამოწვეულია არა ღვარძლიანობით, არამედ აუცილებლობით. უბედური იმიტომ მიელტვის უბედურს, რომ თავის მგვანად მიაჩნია. ბედნიერი ადამიანის მხიარული იერი შეურაცხყოფას მიაყენებდა მას; ორი უბედური წააგავს ორ სუსტ ხეს, რომლებიც ქარიშხლისგან თავის დასაცავად ერთმანეთს ეყრდნობიან.

წუთი შეხვედრისა და წუთი გნაშორებისა ორი უდიდესი ჟამია ცხოვრებაშიო, ამბობს ზენდის დიდი წიგნი...

„ის, ვინც ლამაზ ქალს უყვარს, - ამბობს დიდი ზოროასტრი, - საფრთხეს ყოველთვის თავს დააღწევს“.

ამქვეყნად მოვლენათა მსვლელობა ყოველთვის როდი ეთანხმება თვით უჭკვიანესი ადამიანების განზრახვებს.

ადამიანებს განგების ხმა არ ესმით და ისინი უმართებულოდ ირჯებიან, როდესაც მსჯელობენ მთლიანზე, რომლის მხოლოდ პატარა ნაწილს ხედავენ.

ნაღველი ადამიანს ბრაზით აღავსებს და ასნეულებს, მაგრამ უნაღველოდ ის ვერ იცოცხლებდა. აქ, დაბლა, დედამიწაზე, ყოველივე საშიშია, მაგრამ, ამავე დროს, აუცილებელიც.


ნუნუ ქადეიშვილისა და რუსუდან დოდაშვილის თარგმანი
გამომცემლობა „საქართველო“, თბილისი, 1992წ.