ჯ.რ.რ ტოლკინი - ჰობიტი

ჰობიტი, გვარად აბგელი, ფრიად შეძლებული ბრძანდებოდა. აბგელები გორაკზე უხსოვარი დროიდან ცხოვრობდნენ. ყველა დიდ პატვის სცემდა მათ არა მარტო სიმდიდრის, არამედ მიმის გამოც, რომ არც ერთ აბგელს არასდროს არავითარი თავგადასავალი არ გადახდენოდა თავს და არც მოულოდნელი რამ ჩაედინა. ამა თუ იმ შეკითხვაზე აბგელის პასუხსაც კი წინასწარ გამოიცნობდით. თუმცა, ეს არის ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ გადახდა ერთ-ერთ აბგელს თავგადასავალი და, თავისდა გასაკვირად, უცნაური საქმეების კეთება და უცნაური ლაპარაკი დაიწყო. ამის შემდეგ მან მეზობლების პატივისცემა კი დაკარგა, მაგრამ სამაგიეროდ მოიპოვა...

ჰობიტები პატარა ხალხია, სიმაღლით ზრდასრულ ადამიანს წელამდე თუ შესწვდებიან, თვით წვეროსან ჯუჯებზე დაბლები არიან და მათგან განსხვავებით, არც წვერი ამოსდით. ჰობიტებს ჯადოქრობისა ბევრი არაფერი გაეგებათ, სამაგიეროდ, ერთი სასარგებლო თვისებით გამოირჩევიან, შეუძლიათ უჩუმრად და სწრაფად გაუჩინარდნენ მაშინ, როცა ჩემნაირი და თქვენნაირი ვეება ხალხი სპილოსავით ისეთი ხმაურით მოალაჯებს, რომ ერთ კილომეტრზეც ისმის. ჰობიტებს მიდრეკილება აქვთ სიმსუქნისკენ, აქვთ მოქნილი თითები, აცვიათ ღია ფერის ტანისამოსი (უმეტესად - მწვანე და ყვითელი); დადიან ფეხშიშველი, ვინაიდან თბილი, ყავისფერი ბალნით დაფარულ ტერფებზე კანი ფეხსაცმლის ლანჩივით მაგარი აქვთ; თმახუჭუჭებსა და მუდამ სახენათელებს უყვართ ჩაბჟირებამდე სიცილი (განსაკუთრებით, ნასადილევს; სადილს კი დღეში ორჯერ მიირთმევენ, თუკი საშუალება აქვთ).

ტუკების გვარში იყო რაღაც სავსებით არაჰობიტური, თუნდაც ის, რომ ხანდახან მათი საგვარეულოს რომელმე წევრი თავგადასავალშიც გაეხვეოდა ხოლმე: უგზო-უკვლოდაც იკარგებოდნენ და მათი ოჯახები ამაზე არაფერს ამბობდნენ; სწორედ ამის გამო ტუკებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უფრო მდიდრები იყვნენ, აბგელებზე ნაკლებ პატივს სცემდნენ.

ჩვენ გვიყვარს სიბნელე! - წამოიძახეს ჯუჯებმა, - შავი საქმეები სიბნელეში უნდა აკეთო!

მოხუცი ტუკის პაპის ბიძა ბღავილიც კი არ იმსახურებდა, რომელიც ისეთი მაღალი ყოფილა, რომ თავისუფლად აჭენებდა ცხენს. მწვანე მინდვრებზე ბრძოლაში ბღავილამ მარტოდმარტო გაარღვია მთა გრემიდან შემოსეული გობლინთა ლაშქარი და კომბლით თავი წააწყვიტა მათ მეთაურ გოლფიმბულს. გოლფიმბულის თავმა ჰაერში ასიოდე მეტრი იფრინა, მიწაზე დაეცა და კურდღლის სოროში სეგორდა. ასე მოიგეს ის ბრზოლა და, იმავდროულად, გამოიგონეს თამაში გოლფი.

ბილბო, კარზე ნიშანი ნამდვილად არის; ასეთ ნიშნას თქვენი ხელობის წარმომადგენლები იყენებენ თუ იყენებდნენ ოდესღაც: „გამოცდილი ქურდი ეძებს კარგ სამუშაოს, უამრავი ხიფათითა და სათანადო ანაზღაურებით“, - აი რას იუწყება ნიშანი.


***

მოგეხსენებათ, - ჩაიბურტყუნა თორინმა, - დიდი ხნის წინ, პაპაჩემ თრორის დროს, ჯუჯები შორეული ჩრდილოეთიდან გამოაძევეს და ისინი მთელი თავიანთი ქონებითა და ხელსაწყო-იარაღებით დაუბრუნდნენ მთას, რომელიც რუკაზეა გამოსახული და რომელიც ჯერ კიდევ ჩემი წინაპრის, თრაინ მოხუცის დროს იქცა დასახლებულ ადგილად. ჯუჯებმა იქ უფრო დიდი გვირაბების გაყვანა დაიწყეს, გააფართოეს დარბაზები და სახელოსნოები. ალბათ, მაშინ აღმოაჩინეს ოქროსა და ძვირფასი ქვების საბადოებიც, რადგანაც მალე გამდიდრდნენ. ასე აღორძინდა მთისქვეშეთის სამეფო, პაპაჩემი კი მისი მეფე გახდა. მას დიდ პატივს სცემდნენ ადამიანებიც, რომლებიც სამხრეთიდან მოვიდნენ და მორბენალი მდინარის გასწვრივ, მთის ძირას დასახდლნენ. მათ ააშენეს მხიარული ქალაქი ველი; მათი მეფეები ხშირად იძახებდნენ ჩვენს მჭედლებს და გულუხვად უხდიდნენ იმათაც კი, რომლებიც არცთუ კარგად იყვნენ გარკვეულნი სამჭედლო საქმეში. მამები შვილებს სასწავლებლად გვაბარებდნენ და კარგადაც გვიხდიდნენ, სურსათ-სანოვაგითაც გვამარაგებდნენ, რომლის მოსაპოვებლად არასოდეს გვეცალა. ჭეშმარიტად ბრწყინვალე დრო იყო - უღარიბეს ჯუჯასაც კი ჰქონდა სახარჯო და გასასესხებელი ფული. ნებისმიერ ჩვენგანს შეეძლო გართობის მიზნით ლამაზი ნივთების დამზადება, რომ აღარაფერი ვთქვათ ჯადოსნურ სათამაშოებზე, რომელთა მსგავსსაც დღეს ვერსად შეხვდებით. პაპაჩემის დარბაზები სავსე იყო საბრძოლო საჭურვლით, ძვირფასი ქვებით, თასებით... ველის ბაზრობამ კი მთელ ჩრდილოეთში გაითქვა სახელი.

ეჭვი არ არის, დრაკონი ჩვენმა სიმდიდრემ მოიზიდა. ისინი ხომ სხვის განძეულობაზე მონადირენი არიან; ოღონდაც გაძარცვონ ვინმე და არას დაგიდევენ, ელფია, ადამიანი თუ ჯუჯა. თავიანთ ნადავლს დრაკონები მთელი სიცოცხლე (ისინი კი, თუ ვინმემ არ დახოცა, ძალიან დიდხანს ცოცხლობენ) იცავენ და პატარა სპილენძის ბეჭედსაც კი არ უშვებენ კლანჭებიდან. სინამდვილეში, ვერც არჩევენ, რომელია უკეთესი, თუმცა, მთლიანი ნადავლის ღირებულება მშვენივრად უწყიან. თვითონ არაფრის მაქნისები ერთ პატარა განარღვევსაც კი ვერ ამოიკემსავენ ქერცლიან ჯავშანზე.

იმ დროს ჩრდილოეთით უამრავი დრაკონი სახლობდა, ამიტომაც ძვირფასეულობა იშვიათდებოდა, რადგან ჯუჯები ან იღუპებოდნენ, ან სამხრეთში გარბოდნენ. დრაკონების წყალობით ნგრევა და უბედურება სულ უფრო ხშირდებოდა. ერთ დღეს ყველაზე ხარბი, ძლიერი და ვერაგი დრაკონი - სახელად სმაუგი - ჰაერში აიჭრა და სამხრეთით გამოფრინდა. ჯერ გვეგონა, ჩრდილოეთიდან გრიგალი გვიახლოვდებოდა. მთის ფერდობზე ფიჭვების ლაწალუწი ატყდა. ზოგი ჯუჯა, და მათ შორის მეც, იმ დროს მთაში არ ვიმყოფებოდით (მაშინ სრულიად ახალგაზრდა და ცნობისმოყვარე, თავგადასავლების ძიებაში სულ გარე-გარე დავეხეტებოდი) და ამან გადაგვარჩინა. დავინახე, როგორ დაეშვა დრაკონი მთისკენ და ცეცხლი გადმოაფრქვია. ფერდობზე ტყეს ხანძარი გაუჩნდა. ველში განგაშის ზარების რეკვა ატყდა, მებრძოლები საომრად ემზადებოდნენ. ჯუჯები დიდი კარიბჭიდან გაცვივდნენ, მაგრამ იქ დრაკონი იყო ჩასაფრებული... ცოცხალი ვერავინ გადარჩა. მდინარეში წყალი აორთქლდა, ქალაქი ველი ნისლში გაეხვია. ამასობაში დრაკონი ქალაქში შეიჭრა და მებრძოლთა უმეტესობა ამოხოცა. ჩვეულებრივი ამბავია, მსგავსი რამ ძალიან ხშირი იყო იმ დღეებში... შემდეგ უკან დაბრუნდა, დიდი კარიბჭით შევიდა მთაში და ყველა დარბაზი, გამოქვაბული თუ სარდაფი საგულდაგულოდ გაჩხრიკა. მან ჩვენი განძი მიითვისა; ყველაფერი, როგორც დრაკონებს სჩვევიათ, ერთად შეაგროვა და სადღაც ღრმა გამოქვაბულში დაახვავა, თვითონ კი როგორც საწოლზე, ზედ გაწვა. მოგვიანებით ჩვეულებად გაიხადა ღამღამობით ველში ფრენა და ადამიანებით დანაყრება. განსაკუთრებით, ლამაზ ქალწულებს ერჩოდა. საბოლოოდ, ხალხმა ქალაქი მიატოვა. დანამდვილებით ვერ გეტყვით, მაგრამ არა მგონია, მთასა და გრძელ ტბას შორის დღს ვინმე ცხოვრობდეს. ახლა იქ მხოლოდ ნანგრევებია.

ჩვენ, გადარჩენილთა მცირე ჯგუფი, საფარში ვისხედით, ვტიროდით და ერთხმად ვწყევლიდით სმაუგს. ამასობაში შეტრუსულწვერიანი მამაჩემი და პაპაჩემი გამოჩდნენ. მოწყენილები ხმას არ იღებდნენ. როდესაც ვკითხე, როგორ მოახერხეს თავის დაღწევა, მარტო ეს მითხრეს, თავის დროზე ყველაფერს გაიგებო. შემდეგ იქიდან წამოვედით და დიდხანს დავხეტიალებდით სხვადასხვა მხარეში. თავი სხვადასხვა სამუშაოთი გაგვქონდა. სოფლის მჭედლებადაც ვმუშაობდით და მენახშირეებადაც, მაგრამ წამითაც არ ვივიწყებდით ჩვენს დაკარგულ განძს. ახლაც კი, როცა უკვე არც ისე ღარიბები ვართ, - ამის დასტურად თორინი თავისი ოქროს ძეწკვს შეეხო, - კვლავინდებურად ვოცნებობთ შურისძიებასა და განძის დაბრუნებაზე, თუ ეს ჩვენს ძალებს არ აღემატება.

ხშირად ვფიქრობდი, როგორ გამოაღწიეს მთის ქვეშიდან მამამ და პაპამ. ახლა ვხვდები, რომ იმ საიდუმლო კარიდან გამოძვრნენ, რომლის შესახებ მათ გარდა არავინ იცოდა.

***

ტყეში ჰობიტებს სრულიად უხმაუროდ შეუძლიათ გადაადგილება, რითაც ძალიან ამაყობენ კიდეც.

ტროლები ძალიან  ნელა აზროვნებენ და ეჭვით ეკიდებიან ყოველივე ახალს. [...] ტროლები ხომ დასანახად ვერ იტანენ ჯუჯებს (ცოცხალ ჯუჯებს, თორემ შემწვრებს სიამოვნებით მიირთმვენ). [...] მზის შუქი ძალზე საშიშია ტროლებისთვის და ამიტომ გათენებამდე მიწაში უნდა დაიმალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამუდამოდ ქვებად გადაიქცევიან - იმად, რისგანაც არიან შექმნილნი.

თორინისა და მისი მეგობრების მსგავსი კეთილშობილი ჯუჯებიც კი ელფებს სულელებად თვლიან (რაც თავისთავად სრული სისულელეა) და ვერ იტანენ მათ. ეს იმიტომ, რომ ელფებს ძალიან უყვართ ჯუჯების გამოჯავრება და დაცინვა (უმეტესად გრძელი წვერის გამო).

რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, უშფოთველ ცხოვრებაზე, ბედნიერ დღეებსა თუ მხიარულ დროსტარებაზე ბევრი არაფერია ხოლმე მოსაყოლი და ასეთი ამბების მოსმენაც ძალიან მოსაწყენია; ხოლო მაშინ, როცა რამე უსიამოვნო და ცუდი ხდება, ისეთი შესანიშნავი ამბის შეთხზვა შეიძლება, რომელიც ყველას მოწონებას დაიმსახურებს.

ელფების მეგობარი ელრონდი - ერთ-ერთი მათგანი, ვისი წინაპრებიც მოხსენიებულნი არიან უძველეს სათავგადასავლო თქმულებებში, რომლებშიც ასახულია ეფლებისა და ჩრდილოელი ადამიანების ბოროტ გობლინებთან ომები. იმჟამად ჯერ კიდევ ცხოვრობდნენ ელფთა და ჩრდილოელ ხალხთა საერთო შთამომავლები და ელრონდი მათი წინამძღოლი იყო.

რუნები იუწყებიან, რომ შენს მახვილს, თორინ, ორკრისტი ჰქვია, რაც გონდოლინის უძველეს ენაზე „გობლინმხეჩს“ ნიშნავს. სახელგანთქმული ხმალია. შენს ხმალს კი გენდალფ, გლამდრინგი ანუ „მტრისჩაქუჩა“ ჰქვია. ამ ხმლით ოდესღაც თავად გონდოლინის მეფე იბრძოდა.

მორიის უკაცრიელ მაღაროებში დღესაც შეიძლება იპოვო უძველესი განძი, რომელიც ჯუჯებმა გობლინებთან ომის დროს გადამალეს.

დურინი! ასე იწოდებოდა ჯუჯათა უძველესი მოდგმის მამათა მამა, ყველაზე უფროსი გრძელწვერიანებში.

ვინც ეძებს, ის ყოველთვის პოულობსო, ასე დაარიგა თორინმა ახალგაზრდა ჯუჯები. თუმცა, ყოველთვის იმას ვერ პოულობ, რასაც ეძებდი.

მთის გამოქვაბულები იშვიათად არის უპატრონო. [...] როცა საქმე გამოქვაბულთან გაქვს, მთავარია, გაარკვიო, რამდენად ღრმაა, საით მიდის და ბინადრობს თუ არა შიგ ვინმე ან რამე.

გობლინებს ხომ ყოველთვის შიათ და სიამოვნებით მიირთმევენ ცხენებს, პონებსა და ვირებს (და უფრო საძაგელ რამეებსაც).  [...] ნაჯახები და მოღუნული ხმლები გობლინების საყვარელი იარაღია. სასტიკი, ბოროტი და ავგული გობლინები, მართალია, ლამაზ ნივთებს არ ამზადებენ, მაგრამ საჭირო რამეების კეთებაში არ მოიკოჭლებენ. როცა საქმე მოითხოვს, გვირაბებისა და მაღაროების გაყვანაც კი შეუძლიათ, თან იმდენად კარგად, რომ ყველაზე დახელოვნებულ ჯუჯასაც კი გაუკვირდება. უროებს, ნაჯახებს, ხმლებს, ხანჯლებს, მარწუხებსა და სხვა საწამებელ იარაღს ისინი ბრწყინვალედ ამზადებენ ან თავიანთ მონებს და ტყვეებს ამზადებინებენ, სანამ ტყვეები უჰაერობისა და უსინათლობისგან არ დაიღუპებიან. შესაძლოა, სწორედ გობლინებმა გამოიგონეს იარაღები, რომლებმაც მსოფლიო შეაზანზარა - განსაკუთრებით ისეთი, როგორიც წამიერად უამრავ ადამიანს კლავს. ბოლოს და ბოლოს, მათ ყოველთვის მოსწონდათ ბორბლები, ძრავები და აფეთქებები. თუმცა, იმ შორეულ წარსულსა და იმ ველურ მხარეში გობლინები არც ისე განვითარებულები იყვნენ (თუ შეიძლება ასე ითქვას). მათ ჯუჯებიც ისევე სძულდათ, როგორც ყველა და ყველაფერი მოწესრიგებული და აყვავებული. მიუხედავად ამისა, იყვნენ ისეთი ბოროტი ჯუჯები, რომლებმაც მათთან პირი შეკრეს, მაგრამ თორინი და მისი თანმხლებნი მათნაირები არ იყვნენ. გობლინებს პირადი შუღლი ჰქონდათ თორინის საგვარეულოსთან ზემოთ გაკვრით ნახსენები ომის გამო. და, საერთოდაც, გობლინებისთვის სულერთია, ვის შეიპყრობენ, ოღონდაც ეს სწრაფად და მოულოდნელად გააკეთონ, რომ მსხვერპლმა წინააღმდეგობის გაწევა ვერ მოასწროს.

გობლინებმა მაშინვე იცნეს ხმალი, რომელმაც ასეულობით გობლინი განგმირა მაშინ, როდესაც გონდოლინელი გრძნეული ელფები თავს ესხმოდნენ მათ ციხესიმაგრეებს. ეფლების ენაზე ხმალს ორკრისტი ანუ გობლინმჩეხი ერქვა. თავად გობლინები კი მას, უბრალოდ, კბენიას ეძახდნენ. მათ სასტიკად სძულდათ ეს ხმალიც და მისი ყველა მფლობელიც.

ჯადოსანმა ხმალი იშიშვლა. მახვილი ისევ ლურჯად აელვარდა - როგორც კი ხმალი გობლინების სიახლოვეს იგრძნობდა, მრისხანებისგან ანეთებოდა ხოლმე. [...] ხმალი გლამდრინგად ანუ მტრისჩაქუჩად იწოდებოდა. გობლინები მას ჩხვლეტიასაც ეძახდნენ და თვით კბენიაზე მეტად სძულდათ.

ჰობიტებმა უამრავი ბრძნული გამონათქვამი და ანდაზა იციან, რომლებიც ადამიანებმა დიდი ხნის წინ მიივიწყეს - თუ საერთოდ ჰქონდათ გაგონილი.

მიწის სიღრმეში, წყლის პირას ცხოვრობდა გოლლუმი - პატარა და სლიპინა არსება, რომელიც არ ვიცი, ვინ ან რა იყო ან საიდან გაჩნდა. ის შავი იყო, როგორც ღამე, მხოლოდ ლოყებჩაცვენილ სახეზე ენთო მქრქალად დიდი, მრგვალი თვალები. ბრწყივნალედ ხედავდა სბინელეში. ტბაში (ბილბომ სწორედ ფართო და ღრმა ტბის ცივ წყალში ჩაყო ფეხი) ნავით დაცურავდა სრულიად უხმაუროდ და ნიჩბების ნაცვლად ფეხებს იყენებდა. გოლლუმი ხშირად უდარაჯდებოდა ზედაპირთან მოცურავე უსინათლო თევზებს და თავისი გრძელი თითებით ელვის უსწრაფესად იჭერდა მათ. არც ხორცზე ამბობდა უარს და სიამოვნებით მიირთმევდა გობლინებს, როგორც კი შესაძლებლობა მიეცემოდა. თუმცა, ძალიან ფრთხილობდა, რომ არავის აღმოეჩინა და მხოლოდ მაშინ ნადირობდა გობლინებზე, თუ რომელიმე მათგანი მარტოდმარტო შემოეხეტებოდა ტბასთან; გოლლუმი უჩუმრად მიეპარებოდა ხოლმე ზურგიდან და მოქნილი თითებით ახრჩობდა. [...] გოლლუმ! - უკანასკნელ სიტყვაზე მან საშინელი ბუყბუყა ხმით გადაყლაპა ნერწყვი. სწორედ ამ ბუყბუყა ხმისგან წარმოდგებოდა მისი სხელი. თუმცა, გოლლუმი უფრო ხშირად „ჩემი საუნჯეთი“ მიმართავდა თავის თავს. [...] გამოცანების ჩაფიქრება და ხანდახან მათი გამოცნობა მისი ერთადერთი საყვარელი თამაში იყო, რომლითაც ოდესღაც ერთობოდა ღრმა სოროებში მცხოვრებ თავისნაირ უცნაურ არსებებთან ერთად, სანამ ყველას დაკარგავდა და სრულიად მარტო დარჩენილი, მთისქვეშეთის წყვდიადში შთაინთქმებოდა.

გამოცანებით თამაში უხსოვარი დროიდან არსებობდა და მისი წესები ყველასთვის წმიდათაწმიდა იყო. თვით ყველაზე ბოროტი ავაზაკებიც კი ვერ ბედავდნენ თამაშისას თაღლითობას.

ბეჭედი ჯადოსნური იყო - თითზე გაიკეთებდი თუ არა, უმალვე უჩინარი ხდებოდი. თქვენი შემჩნევა მხოლოდ მზის შუქზე იქნებოდა შესაძლებელი, მაშინაც, მქრალი ჩრდილი თუ გამოჩნდებოდა. [...] თავიდან გოლლუმს ის სულ თითზე ეკეთა, მაგრამ მერე მობეზრდა; შემდეგ წელზე შემორტყმული ქისით დაატარებდა, სანამ კანი არ გადაეყვლიფა; ახლა მას კუნძულზე, ქვის ხვრელში მალავდა და ხშირად დადიოდა მის სანახავად. დროდადრო გოლლუმი ბეჭედს მაინც იკეთებდა - მაშინ, როდესაც მასთან განშორებას ვეღარ უძლებდა.

თვით მთის დიდი ორკებიც კი წელში მოხრილები, ლამის იატაკზე დაწვდილი ხელებით დარბიან ხოლმე.

გობლინებს მზე არ უყვართ: მზეში მუდამ მუხლები ეკეცებათ და თავბრუ ესხმით.

ვარგები - ასე უწოდებენ ველური მხარის კიდეზე მობინადრე ბოროტ მგლებს. [...] ვარგები ავ საქმეებში გობლინებს თანამზრახველები იყვნენ. გობილნები მთებიდან შორს არასოდეს მიდიოდნენ, თუ, რასაკვირველია, იქიდან ვინმე არ გამოაძევებდათ ან თუ სალაშქროდ არ მიემართებოდნენ (ეს კი, საბედნიეროდ, კარგა ხანია, აღარ მომხდარა). [...] გობლინები მგლებზე ამხედრდებოდნენ ხოლმე, ისე, როგორც ადამიანები - ცხენებზე.

არწივები გულკეთილები არ არიან. მათ შორის ლაჩრებიც გვხვდებიან და ულმობლებიც. თუმცა, ჩრდილოეთის მთების უძველესი ტომი უდიადესი იყო ფრინველებში. ამაყებს, ძლიერებსა და კეთილშობილებს არ უყვარდათ გობლინები და არც ეშინოდათ მათი. გობლინებს სძულდათ არწივები და ეშინოდათ კიდეც მათი, მაგრამ მაღალი მთების მწვერვალებზე მათი ბუდეების მოშლას ვერაფრით ახერხებდნენ.

ბეორნი მაქციაა, რომელსაც სურივილისამებრ შეუძლია სახის შეცვლა: ის ხან უშველბელი შავი დათვია, ხან - უზარამაზარი, შავგვრემანი და მკლავღონიერი, გრძელწვერა ადამიანი. ერთნი ამბობენ, რომ სინამდვილეში ის დათვია, იმ უძველესი დიდი დათვების მოდგმისა, რომლებიც მთებში გოლიათების გამოჩენამდე არსებობდნენ; მეორენი კი ამტკიცებენ, რომ ბეორნი იმ ადამიანების შთამომავალია, რომლებიც აქ ჯერ კიდევ მაშინ ცხოვრობდნენ, როდესაც სმაუგისა და სხვა დრაკონების არსებობაზე არავინ უწყოდა, თანაც გობლინები ჯერაც არ გადმობარგებულიყვნენ ჩრდილოეთიდან.

ბილბოს გვერდით მკვდარი ობობა და შავად შეღებილი ხანჯალი ეგდო. წყვდიადში უზარმაზარი მხეცის მარტოდმარტო, ჯადოსნისა და ჯუჯების დაუხმარებლად მოკლვამ ბატონი აბგელი რაღაცნაირად შეცვალა. როცა მახვილი ბალახზე გაწმინდა და ქარქაშში ჩააგო, თავი ძლიერ და სასტიკ მებრძოლად იგრძნო, მიუხედავად ცარიელი კუჭისა. - სახელს დაგარქმევ, - მიმართა თავის ხანჯალს, - ამიერიდან ნესტარი გერქმევა!

***

ტყის ელფები, დასავლელი უზენაესი ელფებისგან განსხვავებით, უფრო სახიფათონი იყვნენ და სიბრძნითაც ჩამორჩებოდნენ მათ. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ტყის ელფები (ასევე - მთებსა და ღრეებში მცხოვრები მათი შორეული ნათესავები) იმ უძველესი მოდგმისანი არიან, რომელსაც არასდროს დაუდგამს ფეხი ზღაპრულ ქვეყანაში. თმანათელი ელფები, განსწავლული ელფები და ზღვის ელფები ძალიან დიდხანს ცხოვრობდნენ დასავლეთში, სადაც უფრო გალამაზდნენ და დაბრძენდნე, დახელოვნდნენ ლამაზი ნივთების კეთებასა და ჯადოქრობაში. თუმცა, ზოგიერთი მათგანი მაინც დაუბრუნდა ვრცელ სამყაროს. ტყის ელფები კი ყოველთვის ვრცელ სამყაროში, ცხოვრობდნენ, ჩვენი მზისა და მთვარის ბინდში, მაგრამ ყველაზე მეტად ვარსკვლავები უყვარდათ; ხშირად დაეხეტებოდნენ მაღალი ხეების ქვეშ, უღრან ტყეებში, რომლებსაც დღეს ვერსად იპოვით. ძირითადად, ტყის პირას სახლდებოდნენ, რათა სანადირო ადგილებიც ახლოს ჰქონოდათ და ღამის შუქით განათებული გაშლილი ველებიც. ადამიანების გამოჩენის შემდეგ ელფები იძულებულნი გახდნენ, მიუვალ ადგილებში გადასახლებულიყვნენ და მწუხრი და საღამო კიდევ უფრო მეტად შეიყვარეს. თუმცა, ელფები იყვნენ და ელფებად დარჩნენ. ელფები კი კეთილები არიან.

[...]

ძველ დროში ელფებს ბევრჯერ უომიათ ჯუჯების ზოგიერთ ტომთან, რომლებსაც თავიანთი განძის მოპარვას აბრალებდნენ. რასაკვრიველია, ჯუჯები დანაშაულს უარობდნენ და ამბობდნენ, მხოლოდ ჩვენი წილი ავიღეთ, რადგან ელფების მეფემ მისთვის ნედლი ოქრო-ვერცხლის დამუშავებისა და გამოჭედვის სანაცვლოდ გასამრჯელო არ გადაგვიხადაო. ელფების მეფეს ერთადერთი სისუსტე ჰქონდა - ძვირფასეულობაზე, განსაკუთრებით ვერცხლსა და თეთრ თვლებზე გიჟდებოდა და დიდი საგანძურის მფლობელს სულ უფრო მეტი უნდოდა, რათა ძველი დროის ელფ მბრძანებლებს გასტოლებოდა. მისი ხალხი არც მაღაროებში მადნის მოპოვებით თუ ლითონებისა და ძვირფასი ქვების დამუშავებით იკლავდა თავს, არც მიწის თხონა-ბარვით იღლიდა ხელებს და ვერც ვაჭრობისთვის ნახულობდა დროს. ერთი სიტყვით, ძალიან უდარდელები იყვნენ და ეს ნებისმიერმა ჯუჯამ კარგად იცოდა. თუმცა, თორინის საგვარეულოს არასდროს უომია ტყის ელფებთან.

[...]

ტყის ელფები დაუძინებელ მტრესაც კი ტყვეობისას კარგად უვლიდნენ. ერთდერთი არსებები, რომლებსაც არ იბრალებდნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ, ბუმბერაზი ობობები იყვნენ.
[...]

კლდეში ნაკვეთ სვეტებიან დიდ დარბაზში, ხის ტახტზე, ელფების მეფე იჯდა; ხელში მუხის კვერთხი ეკავა, თავზე კი კენკრისა და წითელი ფოთლების გვირგვინი ედგა. ასეთ გვირგვინს ტყის მეფე შემოდგომით ატარებდა, გაზაფხულზე კი ტყის ყვავილების გვირგვინს იდგამდა ხოლმე.

***

შორს, დაფლეთილ ღრუბლებში, მოჩანდა მთა შავი მწვერვალით! მისი უახლოესი მეზობლები ჩრდილო-დასავლეთით და მათთან შემაერთებელი უსწორმასწორო მიწები ჯერ არ ჩანდა. მთა ეულად აღმართულიყო და ჭაობებს გამოღმა ტყეს გადმოჰყურებდა. მარტოსული მთა!

ის, ვინც საკუთარ სამფლობელოში ბრუნდება, იარაღს არ საჭიროებს.

კაციშვილმა არ იცის რა შეუძლია შურისძიების წყურვილით შეპყრობილსა და თავისი საკუთრების დაბრუნების მსურველ ჯუჯას.

ჯუჯები გმირები სულაც არ არიან. ისინი ანგარიშებიანები არიან და ყველაზე მეტად სიმდიდრის მოხვეჭა სურთ. ზოგი ჯუჯა მატყუარა და თაღლითია, მაგრამ ბევრად მეტია კეთილშობილი ჯუჯა - თორინისა და მისი ქვეშევრდომების მსგავსი. მთავარია, ისეთი რამის გაკეთება არ მოსთხოვო, რაც მათ ძალას აღემატება.

დრაკონები შეიძლება თავიანთი ქონებით არასდროს სარგებლობენ, მაგრამ, როგორც წესი, ყველაფერი გრამობით აქვთ აწონილი.

ბილბოს დაავიწყდა - ან იქნებ არც არასდროს იცოდა - თუ რაოდენ მახვილი ყნოსვა აქვთ დრაკონებს. ამასთან, თუ დრაკონი რამით შეშფოთებულია, ნახევრად მოჭუტული თვალებით თვლემს და თან თვალთვალს განაგრძობს.

ვერც ერთი დრაკონი ვერ უძლებს გამოცანებით საუბრისა და მათ ამოსახსნელად ტვინის ჭყლეტის ცდუნებას.

ულამაზესი ნივთი მაინც მთის საძირკვლებთან შემთხვევით ნაპოვნი დიდი, თეთრად მოკაშკაშე ქვა იყო. ჯუჯები მას მთის გულს, თრაინის ნატვრისთვალს უწოდებდნენ. ის თითქოს ათასწახნაგა ბურთი იყო. ისე ელვარებდა, როგორც ვერცხლი - ცეცხლში, წყალი - მზეზე, თოვლი - ვარსკვლავების ქვეშ, წვიმის წვეთები - მთვარის შუქზე. [...] შიგნიდან მბრწყინავი თვალი ჯუჯებმა ოდესღაც მთის გულში აღმოაჩინეს და კოხტად გამოთალეს; ქვა ყოველგვარ შუქს გარდაქმნიდა და სხვადასხვაფრად მბზინავ თეთრ ნაპერწკლებად აფრქვევდა.

როცა ჯუჯების გული ოქრო-ვერცხლისგანაა ათრთოლებული, მათგან ყველაზე წესიერი და პატივსაცემიც კი გულადი და ზოგჯერ ძალიან სასტიკი ხდება.

თორინმა ჰობიტი რომელიღაც ელფი უფლისწულისთვის უხსოვარ დროს გამოჭედილ ჯაჭვის პერანგში გამოაწყო. პერანგი დამზადებული იყო რკინანარევი ვერცხლისგან, რომელსაც ელფები მითრილს უწოდებდნენ. მასთან ერთად ბილბომ ბროლითა და მარგალიტებით მორთული ქამარიც მიიღო. სამხედრო აღწურვილობას კიდეებზე ძვირფასი თეთრი ქვებით მოოჭვილი, შიგნიდან ფოლადის რგოლებით გამყარებული ტყავის მსუბუქი მუზარადიც მოჰყვებოდა. ის ზუსტად მოერგო ჰობიტის თავს.

დაიწყო ბრძოლა, რომელსაც არავინ ელოდა და რომელსაც შემდგომში ხუთი ლაშქრის ომი უწოდეს. შეტაკება ძალიან სასტიკი გამოდგა. ერთ მხარეს იყვნენ გობლინები და ველური მგლები, მეორე მხარეს კი - ელფები, ადამიანები და ჯუჯები.

ყველა ჩვენგანი რომ ჭამა-სმას, მოლხენას, სიცილსა და სიმღერას უფრო მეტად აფასებდეს, ვიდრე ოქროს, ეს სამყარო გაცილებით მხიარული იქნებოდა.

მთარგმნელი ნიკა სამუშია

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში