ჯ.რ.რ ტოლკინი - ამბავი ძალაუფლების ბეჭდებისა
ცხოვრობდა ოდესღაც მაია, სახელად საურონი, რომელსაც ბელერიანდელმა სინდარებმა გორთაური შეარქვეს. არდის დასაბამს აცდუნა იგი მელკორმა და მიიმხრო. საურონი მტრის უდიდეს და უერთგულეს მსახურად იქცა; იგი ყველაზე სახიფათოც იყო, რამეთუ მრავალი იერის მიღება შეეძლო და დიდხანს მოჩვენებითი კეთილშობილებითა და მშვენიერებით აცდუნებდა ყველას, გარდა უაღრესად ფრთხილებისა. როცა თანგოროდრიმი დაანგრიეს და მორგოთი დაამხეს, საურონმა ისევ მშვენიერი იერი მიიღო და ქედმოდრეკილი ეახლა ეონუეს, მანუეს მაცნეს, რათა მისთვის ჩადენილი ბოროტქმედებანი ეპატიებინა. ზოგი ამბობს, რომ მაშინ საურონი არ ცრუობდა და ჭეშმარიტად მოინანია, თუნდაც შიშით, ვინაიდან მორგოთის დაცემასა და დასავლეთის მეუფეთა რისხვას ძლიერ შეეშფოთებინა. თუმცა ეონუეს მისივე თანასწორი მაიას შეწყალების უფლება არ ჰქონდა და საურონს უბრძანა, ამანში დაბრუნდი და დაე, მანუემ განგსაჯოსო. შერცხვა საურონს, არ ისურვა თავის დამცირება, რამეთუ ფიქრობდა, არდაში მორგოთის ბატონობისას ძალმოსილი მმართველი ვიყავი და ვალარებისთვის ერთგულების დამტკიცება გამიჭირდებოდაო. ამიტომ, როცა ეონუე წავიდა, საურონმა შუახმელეთს შეაფარა თავი და ისევ ავის ქმნას მიჰყო ხელი; მორგოთის ბოროტების ბორკილებს ძლიერად შეეკრა იგი.
აოხრებული ქვეყნიერების შემხედვარე საურონმა გულში გაიფიქრა, ვალარებმა მორგოთის დამხობით გული იჯერეს და შუახმელეთი ისევ მიივიწყესო და სწრაფად შეიპყრო ამპარტავნობამ. [...] არდის მკვიდრთაგან ყველაზე იოლად ადამიანები გადაიბირა; თუმცა ყველაზე დიდხანს ელფთა მიმხრობასა და თავის სამსახურში ჩაყენებას ცდილობდა, რამეთუ კარგად უწყოდა, პირველშობილნი უფრო ძლიერები იყვნენ. ელფთა შორეულ სამეფოებში მიემგზავრებოდა და კეთილშობილისა და ბრძენის იერით ეცხადებოდა მათ. მხოლოდ ლინდონში არ მისულა, რამეთუ გილ-გალადსა და ელრონდს აეჭვებდათ მისი კეთილგანწყობა და, თუმცა მისი ნამდვილი ვინაობა არ იცოდნენ, სამეფოში შესვლის ნებას მაინც არ აძლევდნენ. [...] საურონმა ანატარი, ძღვენთა მეუფე დაირქვა და მასთან მეგობრობით ელფებმა თავიდან დიდად იხეირეს.
***
ოსტ-ინ-ედილის მჭედლებმა საოცარი რამეები დაამზადეს. მათ შორის ყველაზე გასაოცარი იყო ძალაუფლების ბეჭდები. თუმცა, ერეგიონელ მჭედლებს საურონი ხელმძღვანელობდა და რასაც აკეთებდნენ, ყველაფერი იცოდა. მას ელფთა დამორჩილება და დამონება განეზრახა. ელფებმა მრავალი ბეჭედი დაამზადეს; ხოლო საურონმა საიდუმლოდ გამოჭედა მმართველი ბეჭედი, ყველა დანარჩენი მას ემორჩილებოდა და მხოლოდ იმდენ ხანს გაძლებდა, რამდენსაც მთავარი ბეჭედი. საურონმა ელფთა ძლიერი ბეჭდების დასაპატრონებლად მმართველ ბეჭედში თავისი ძალისა და ნების ნაწილი ჩააქსოვა. წყვდიადის ქვეყნის ცეცხლოვან მთაში გამოჭედა საურონმა მმართველი ბეჭედი; როცა ის ეკეთა, ამჩნევდა ყოველივეს, რაც უმცირეს ბეჭედთა მეშვეობით კეთდებოდა და კითხულობდა და განაგებდა იმათ აზრებს, ვისაც ის ბეჭდები ეკეთა.
ელფები ასე იოლად როდი მოტყუვდნენ. როგორც კი საურონმა მმართველი ბეჭედი გაიკეთა, მყისვე იგრძნო, იცნეს იგი და მიხვდნენ, რომ საურონს მათზე და მათ მიერ შექმნილზე ბატონობა ეწადა. გაბრაზებულებმა და შეშინებულებმა მოიხსნეს ბეჭდები. საურონი მიხვდა, რომ ელფები არ მოტყუვდნენ და მისი მუხანათობა გამჟღავნდა და რისხვით აღივსო; მან ელფებს ომი გამოუცხადა და მოითხოვა, ყველა ბეჭედი გადმომეცით, რამეთუ ელფი მჭედლები ჩემი ცოდნისა და დახმარების გარეშე მათ ვერ დაამზადებდნენო. ხოლო ელფები გაექცნენ საურონს, სამი ბეჭედი გადაარჩინეს, თან წაიღეს და დამალეს.
ეს სამი ბეჭედი სულ ბოლოს გამოჭედეს და სხვებზე ძლიერი იყო. ნარია, ნენია, და ვილია უწოდეს ლალის, ადამანტისა და საფირონისთვლიან ბეჭდებს - ცეცხლის, წყლისა და ჰაერისა. ელფთა ბეჭდებიდან სწორედ ამ სამის დაპატრონება სურდა ყველაზე მეტად საურონს, რამეთუ ისინი ჟამთა სვლის ხრწნადობისა და ქვეყნიერების დამღლელობისგან იცავდა მფლობელს. თუმცა საურონმა მათი პოვნა ვერ მოახერხა, რამეთუ ელფების სამივე ბეჭედი ბრძენთ გადასცეს შესანახად, ხოლო ბრძენნი ღიად აღარ იყენებდნენ მათ, სანამ საურონს მმართველი ბეჭედი ჰქონდა. ამგვარად, თავად კელებრიმბორის მიერ გამოჭედილი სამი ბეჭედი საურონის შეხებისგან არასოდეს წაბილწულა. თუმცა ისინიც მმართველ ბეჭედს ემორჩილებოდნენ.
იმ დროიდან მოყოლებული, საურონსა და ელფებს შორის დაუსრულებელი ომი გაჩაღდა.
საურონმა დანარჩენი ძალაუფლების ბეჭდები ხელში ჩაიგდო და შუახმელეთის სხვა მოდგმის ხალხს დაურიგა იმ იმედით, რომ მათთვის შეუსაბამო იდუმალი ძალის ფლობას მოწყურებულთ დაიმონებდა. შვიდი ბეჭედი ჯუჯებს მისცა, ხოლო ცხრა - ადამიანებს, რომლებიც უფრო იოლად დაჰყვებოდნენ ხოლმე მის ნებას. საურონს იმ ბეჭდების გამოჭედვაში წილი ედო და მისგან წაბილწულებმა და დაწყევლილებმა, საბოლოოდ, თავიანთ მფლობელებს უღალატეს. ჯუჯები საკმაოდ მტკიცენი და ძნელად მოსათვინიერებელნი აღმოჩნდნენ; ჯუჯებს სხვათა მორჩილება არ უყვართ, ვერც მათი გულის სიღრმეს ჩასწვდებით და არც აჩრდილებად იქცევიან. ისინი მხოლოდ სიმდიდრის მოსახვეჭად იყენებდნენ თავიანთ ბეჭდებს; თუმცა, ბეჭდებმა მათ გულებში სიხარბისა და ოქროს სიყვარულის ცეცხლი ააგიზგიზა; ამან, საურონისდა სასარგებლოდ, ჯუჯებს უამრავი ბოროტება ჩაადენინა. როგორც ამბობენ, ჯუჯათა მეფეების შვიდი საგანძურის შექმნას საფუძველი სწორედ იმ შვიდი ოქროს ბეჭდით ჩაეყარა. თუმცა, ის საგანძურები დიდი ხნის წინ გაძარცვეს და გაანადგურეს დრაკონებმა, ხოლო შვიდი ბეჭდიდან ზოგი ცეცხლმა შთანთქა, ზოგიც საურონმა დაიბრუნა.
კაცნი უფრო იოლად გაებნენ საურონის მახეში. ცხრა ბეჭდის მფლობელები თავიანთი დროის დიადი მეფეები, გრძნეულები და მეომრები შეიქნენ. დიდება და სიმდიდრე მოიხვეჭეს, მაგრამ თავიც დაიღუპეს. უკვდავება მოიპოვეს, მაგრამ სიცოცხლე მათთვის გაუსაძლისი გახდა. თუ მოინდომებდნენ, დღისით, მზისით, სხვათა მზერისთვის უჩინრა დადიოდნენ და იმას ხედავდნენ, რაც მოკვდავთათვის უხილავია; თუმცა, დიდწილად ეს საურონის მოვლენილი მოჩვენებები და ცრუ ხილვები იყო. ერთიმეორეზე მიყოლებით, ზოგმა ადრე, ზოგმა გვიან - იმის გათვალისწინებით, რამდენად ძლიერნი იყვნენ წარმოშობით ან რამდენად კეთილნი ან ბოროტნი ბუნებით, თავიანთ ბეჭდებს დაემონნენ და საურონის მმართველ ბეჭედს დაემორჩილნენ. აჩრდილებად იქცნენ და წყვდიადის სამეფოში შეაბიჯეს. მათ მხოლოდ ის ხედავდა, ვისაც მმართველი ბეჭედი ეკეთა. წყვდიადი თან სდევდა საურონის უერთგულეს მსახურებს, ბეჭდის აჩრდილებს, ანუ ნაზგულებს და მუდამ სიკვდილის ხმაზე გაჰკიოდნენ.
უსაზღვროდ გაამპარტავანდა საურონი, მცირედი აღარ აკმაყოფილებდა, მთელ შუახმელეთზე გაბატონება, ელფების განადგურება და, თუ მოახერხებდა, ნუმენორიის დამხობა სურდა. მეტოქეებს არ ინდობდა და იმონებდა, თავი დედამიწის მეუფედ გამოაცხადა. იერის შეცვლის ძალა ჯერაც შერჩენოდა და, როცა კაცთა გაცურებას განიზრახავდა, მათ პირმშვენიერი ბრძენის სახით ეცხადებოდა. ძლმომრეობასა და სისასტიკეს იყენებდა დამონებულთა სამართავად; მისი სამეფოდან წყვდიადი თანდათან შორს გავრცელდა და თავისუფალმა ხალხმა მას შავბნელი მბრძანებელი და საყოველთაო მტერი უწოდა. საურონმა მიმოფანტული და მიწის ქვეშ დამალული მორგოთის ბოროტი მსახურები კვლავ გარს შემოიკრიბა; მის სამსახურში მდგარი ორკები ბუზებივით მრავლდებოდნენ. ასე დაიწყო შავბნელი წლები, რომლებსაც ელფები გაქცევის დღეებს უწოდებენ. იმხანად შუახმელეთის მრავალი ელფი გაიქცა ლინდონში, იქიდან კი - ზღვის გადაღმა და უკან აღარ დაბრუნებულა.
***
თეთრი ხე არმენელოსში, ოდესღაც ნუმენორის მეფის ბაღში მდგარი ნიმლოთის ნაყოფისგან იყო გაზრდილი; თავის მხრივ, ნიმლოთი ტირიონის ხის შთამომავალი იყო, ხოლო ტირიონის ხე - სახება უხუცესი ხისა, თეთრი ტელპერიონისა, რომელიც იავანამ გაახარა ვაართა მიწაზე. თეთრი ხე, მოსაგონარი ელდართა და ვალიონორის ნათლისა, ისილდურის სასახლის ეზოში დარგეს, ვინაიდან ხის ნაყოფი სწორედ მან გადაარჩინა; ხოლო შორსაჭვრეტი ქვები გაინაწილეს. [...] ვინც ამ ქვებში ჩაიხედავდა, შორეულ სივრცეებსა ან დროს მიაწვდენდა მზერას. უმეტესად მონათესავე ქვასთან უახლოეს რამეებს დაინახავდით, რამეთუ ქვები ერტმანეთს ეხმიანებოდნენ; თუმცა, დიდი ნებისყოფისა და ძალის მქონენი ქვებს იმორჩილებდნენ და მზერას იქით მიმართავდნენ, საითაც მათ სურდათ. ამგვარად, ნუმენოროლები მტრების იდუმალ განზრახვას წინდაწინ შეიტყობდნენ ხოლმე და მათ ფხიზელ თვალს იშვიათად თუ რამე გამოეპარებოდა.
***
საურონმა უჩუმრად გადაიარა ეფელ-დუათი, წყვდიადის მთები და აღმოსავლეთით გონდორის მოსაზღვრე მორდორის უძველეს სამეფოში გამაგრდა. მისი დიდი და მტკიცე ციხესიმაგრებარად-დური, ბნელი კოშკი, გორგოროთის ხეობას გადაჰყურებდა. იმ შავბნელ ქვეყანაში იდგა ცეცხლოვანი მთა, რომელსაც ელფნი ოროდრუინს უწოდებდნენ. საურონი სწორედ ამ მთის გამო დასახლდა მორდორში, რამეთუ მიწის წიაღში დაგროვილ ცეცხლს გრძნეულებისა და ჭედვისთვის იყენებდა; მორდორის შუაგულშივე გამოჭედა მან მმართველი ბეჭედი. ახლაც იმ წყვდიადში იცდიდა, ვიდრე ახალ იერს შეიძენდა; საზარლად გამოიყურებოდა იგი, რამეთუ ნუმენორის დაქცევისას ზღვაში ჩაძირულმა მშვენიერი გარეგნობა სამუდამოდ დაკარგა. კვლავ გაიკეთა ძალაუფლების ბეჭედი და ძალით შეიმოსა. საურონის თვალის ბოროტ მზერას ელფტა და კაცთაგან მხოლოდ მცირედნი თუ უძლებდნენ.
გილ-გალადი და ელენდილი საურონის გაძლიერებას შეეშფოთებინა და მოითათბირეს, თუ არ გავერთიანდებით, მტერი სათითაოდ ყველას დაგვამარცხებსო. ამიტომაც შეკრეს კავშირი, რომელსაც უკანასკნელ კავშირს უწოდებენ.
ელენდილის ხმალი, ნარსილი, ორკებსა და კაცებს შიშით აღავსებდა, რამეთუ მზესა და მთვარესავით ელვარებდა.
ბოლოს, როცა მდგომარეობა დამძიმდა, თავად საურონი გამოვიდა ბარად-დურიდან; ის გილ-გალადსა და ელენდილს შეებრძოლა და ორივე მოკლა. ნარსილი დაცემული ელენდილის ქვეშ მოყვა და დაიმსხვრა. თუმცა, საურონსაც სძლის და ვადაში გადატეხილი ნარსილით ისილდურმა ხელიდან მმართველი ბეჭედი მოჰკვეთა და დაისაკუთრა. საურონი დროებით დამარცხდა, მისმა სულმა სხეული დატოვა და შორეულ უდაბნოებს შეაფარა თავი. მრავალი წლის განმავობაში აღარ მიუღია ხილული იერი.
ასე დასრულდა ადრეული დღეები და შავი წლები და დაიწყო ქვეყნიერების მესამე ეპოქა.
იმ ეპოქაში მმართველი ბეჭედი გაქრა და ის თვით ბრძენებმა და სწავლულებმა დაივიწყეს. ისილდურმა ბეჭედი ბრძოლის ველზე გვერდით მდგარ ელრონდსა და კირდანს არ დაუთმო. მათ ისილდურს ურჩიეს, ბეჭედი ოროდრუინის ცეცხლში ჩაეგდო, იქ, სადაც გამოჭედეს, რათა განადგურებულიყო და სამუდამოდ ძალაგამოცლილი საურონი უდაბნოში დავანებულ ბოროტ აჩრდილადღა ქცეულიყო. თუმცა, ისილდურმა ელრონდისა და კირდანის რჩევა არ შეისმინა. ასე შეესიტყვა: „ამას მამის ჩემისა და ძმის ჩემის ნასისხლად ავიღებ. განა მე არ ვაწვნიე მტერს სასიკვდილო დარტყმა?“ თანაც, ბეჭედი ისეთი მშვენიერი ჩანდა, რომ ისილდურს მისი განადგურება დაენანა. ამიტომ მინას ანორში დაბრუნებულმა ბეჭედი თან წაიღო.
თუმცა, ისილდურს ნისლიან მთებთან ჩასაფრებულმა ორკებმა გადაუჭრეს გზა. [...] იქ ისილდურის თითქმის მთელი ამალა გაჟლიტეს. [...] ისილდური ბეჭდის მეშვეობით დაუსხლტა ორკებს, რამეთუ, როცა ის თითზე ეკეთა, უხილავი ხდებოდა. თუმცა ორკები მის სუნსა და ნაფეხურებს მიჰყვებოდნენ. ბოლოს, ისილდური ანდუინს მიადგა და მდინარეში ჩახტა. იქ ბეჭედმა უღალატა მას და ბატონის შური იძია, ისილდურს თითიდან მოსძვრა და წყალში დაიკარგა. ორკებმა დაინახეს მდინარეში მცურავი ისილდური და ისრები დააყარეს. ასე აღესრულა ისილდური, ძე ელენდილისა. მისი ამალიდან მხოლოდ სამმა ადამიანმა მოახერხა მთებზე გადასვლა და ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ არნორს მიაღწია. ერთ-ერთი მათგანი იყო ისილდურის საჭურველთმტვირთველი ოჰტარი, რომელსაც ისილდურმა ელენდილის ხმლის ნამსხვრევები გადასცა შესანახად. [...] გატეხილი ხმალი აღარ ელვარებდა და არც გაუმთელებიათ. ელრონდმა იწინასწარმეტყველა, რომ ამის დრო მხოლოდ მაშინ დადგებოდა, როცა მმართველ ბეჭედს კვლავ იპოვნიდნენ და საურონი დაბრუნდებოდა. [...] ისილდურის მემკვიდრეები ხმლის ნატეხებს ძლიერ უფრთხილდებოდნენ და მამიდან ძეს გადასცემდნენ; და არც მათი საგვარეული ხაზი გამწყდარა.
***
შავ ქვეყანაში კვლავ ბოროტება შეიპარა და გორგოროთის ფერფლი თითქოს ცივმა ქარმა წამოშლა, რამეთუ იქ ავსულები შეგროვდნენ. როგორც ამბობენ, სინამდვილეში, ეს ავსულები იყვნენ ულაირები, რომლებსაც საურონი ნაზგულებს უწოდებდა. დიდხანს იმალებოდა ცხრა ბეჭდის აჩრდილი, მაგრამ საურონი ძალას იკრებდა და ისინი ბატონისთვის გზის გასაკვალად დაბრუდნენ.
კალენარდონის მწვანე მხარეში, რომელიც გონდორის სამეფოს ნაწილი იყო, ჩრდილოელი მეცხენენი - როჰარიმები დასახლდნენ და იქაურობას როჰანი ეწოდა. როჰამირები მინას ტირითის მოურავებს ომიანობისას შველოდნენ.
ელრონდის სახლი იყო თავშესაფარი დაღლილთა და ჩაგრულთა და საცავი კეთილი რჩევისა და ცოდნისა. იმ სახლში ცხოვრობდნენ ისილდურის მემკვიდრენი ბავშვობისას და სიბერისას, იმიტომ, რომ ელრონდი მათი სისხლით ნათესავი იყო და იმიტომაც, რომ იცოდა, ერთ დღესაც მათ გვარში გაჩნდებოდა რჩეული, რომელიც მესამე ეპოქის უდიდეს გმირობებს ჩაიდენდა. ხოლო სანამ ეს დრო დადგებოდა, დასუსტებულმა და მოხეტიალე ხალხად ქცეულმა დუნედაინებმა ნარსილის ნამსხვრევები ჩააბარეს შესანახად.
იმ სამი ბეჭდის შესახებ, ელფებმა რომ შეინარჩუნეს, ბრძენნი სიტყვას არ ძრავდნენ და ელდართაგან ცოტამ თუ იცოდა, სად ინახებოდა. თუმცა, საურონის დაცემის შემდეგ ბეჭდები კვლავ ამოქმედდნენ. იქ, სადაც ბეჭდები ინახებოდა, ნეტარება სუფევდა და სწრაფმავალი დროის შეხებისგან ყველაფერი დაცული იყო. სწორედ ამგვარად შეიტყვეს ელფებმა მესამე ეპოქის დასრულებამდე, რომ საფირონის ბეჭედი ელრონდს ჰქონდა თვალწარმტაც შუაველში, რომლის თავზეც ვარსკვლავები ყველაზე ძლიერ კაშკაშებდნენ; ადამანტის ბეჭედი ლორიენში იყო ტყის ელფთა დედოფალ გალადრიელთან, კელებორნ დორიათელის მეუღლესთან, ნოლდოსთან, რომელიც ვალინორში მუდმივ დღეს მოსწრებოდა. შუახმელეთში დარჩენილ ელფთაგან უდიადესი და უმშვენიერესი იყო გალადრიელი. ხოლო წითელი ბეჭდის ადგილსამყოფელი და მისი მცველის ვინაობა ბოლომდე დაფარული იყო და ელრონდის, გალადრიელისა და კირდანის გარდა არავინ იცოდა. [...] ელფთა შორის წინასწარმეტყველური ხმები გავრცელა, ან საურონი დაბრუნდება და მმართველ ბეჭედს იპოვის, ან მოწინააღმდეგენი უფრო ადრე იპოვიან და გაანადგურებენ, მაგრამ ასეც და ისეც, მმართველი ბეჭდის განადგურება ელფთა სამ ბეჭედსაც ძალას გამოაცლისო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ყოველივე, რაც მათი მეშვეობით შეიქმნა და არსებობდა, გაფერმკრთალდებოდა და გაქრებოდა, ხოლო ელფნი გავლენას დაკარგავდნენ და დასუსტდებოდნენ და კაცთა ბატონობის ხანა დადგებოდა. [...] მართლაც ასე მოხდა: მმართველი ბეჭედი, ჯუჯათა შვიდი ბეჭედი და კაცთა ცხრა ბეჭედი განადგურებულია; ელფთა სამი ბეჭედი შუახმელეთიდან წაიღეს და ამით მესამე ეპოქაც მიიწურა.
როცა ბნელტევრს წყვდიადი გადაეფინა, შუახმელეთის დასავლეთში პირველად გამოჩდნენ ისტარები, რომელთაც კაცნი ჯადოსნებს უწოდებდნენ. [...] შუახმელეთის მკვიდრებმა მათ მრავალი სახელი შეარქვეს, რამეთუ ნამდვილ ვინაობას არავის უმხელდნენ. უმთავრესნი მათგან იყვნენ მითრანდირი და კერუნირი, რომლებსაც ჩრდილოელი კაცნი განდალფსა და სარუმანს უწოდებდნენ. ამ ორიდან უფროსი კურუნირი იყო და პირველი გამოჩნდა, მას მითრანდირი და რადაგასტი მოჰყვნენ; სუ ბოლოს მოსული ორი ისტარი აღმოსავლეთში გაემგზავრა და მათზე აქ არაფერია მოთხრობილი. რადაგასტი ყოველი ნადირ-ფრინველის მეგობარი იყო; კურუნირი კაცთა შორის ცხოვრობდა, ენამჭევრი და სამჭედლო საქმეში გაწაფული იყო. მითრანდირი ელრონდისა და ელფების უახლოესი მრჩეველი იყო. ჩრდილოეთსა და დასავლეთში ბევრს მოგზაურობდა, მაგრამ არსად მუდმივი საცხოვრებელი არ ჰქონდა; ხოლო კურუნირი შორეული აღმოსავლეთიდან დაბრუნების შემდეგ იზენგარდის რკალში მდგარ, ნუმენორელების მიერ თავიანთი დიდების ჟამს აგებულ ორთანკში დასახლდა.
ელრონდის თქმით, „სწორედ იმ ჟამს, როცა ისილდურმა ბეჭედი მიისაკუთრა და არ დათმო, გადაწყდა, რომ საურონი დაბრუნდებოდა“.
„ამქვეყნად ბევრი უცნაური რამ ხდება“, - თქვა მითრანდირმა, - „ხშირად, როცა ბრძენნი შედრკებიან, სუსტი გამოგიწვდის დახმარების ხელს“.
მხოლოდ შუახმელეთიდან მითრანდირის გამგზავრების წინ გამჟღავნდა, რომ ცეცხლის წითელი ბეჭდის მცველი ის იყო. თავიდან ცეცხლის ბეჭედი კირდანისთვის, მითლონდის მეუფისთვის ჰქონდათ მინდობილი, ხოლო კირდანმა მითრანდირს გადასცა, რადგან იცოდა, ვინ იყო და სად დაბრუნდებოდა იგი. „გამომართვი ბეჭედი, რამეთუ მძიმე შრომა მოგიწევს და ბევრი საზრუნავი გექნება“, - უთხრა მითრანდირს კირდანმა, - „ეს დაგეხმარება და დაღლილობისგან დაგიფარავს. რამეთუ ეს არის ბეჭედი ცეცხლისა და ვიმედოვნებ, ამ გაყინული ქვეყნიერების მკვიდრთ გულებს ძველებურად სიმამაცით აღუნთებ. ხოლო ჩემი მზერა ზღვიკენ არს მიპყრობილი, ამ რუხ ნაპირებზე დავრჩები და უკანასკნელი ხომალდის გაცურვამდე დავიცავ მითლონდს. აქ დაგელოდები!“
მთარგმნელი ნიკა სამუშია
ამავე თემაზე: ჯ.რ.რ. ტოლკინი - ბეჭდების მბრძანებლის შესახებ