ქრისტოფერ ტოლკინი - სილმარილიონის შესახებ

„სილმარილიონი“, რომელიც ავტორის (ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი) გარდაცვალებიდან ოთხი წლის შემდეგ გამოიცემა, სამყაროს ადრეული დღეების, ანუ პირველი ეპოქის მატიანეა. „ბეჭდების მბრძანებელში“ მესამე ეპოქის დასასრულის დიდი მოვლენებია აღწერილი; აი, „სილმარილიონში“ მოთხრობილი ამბები კი ლეგენდებია იმ უხსოვარი წარსულისა, როცა მორგოთი, პირველი ბნელი მეუფე, შეუახმელეთში სახლობდა და მოპარული სილმარილების დასაბრუნებლად მას უზენაესი ელფები ეომებოდნენ.

„სილმარილიონი“ არა მხოლოდ „ბეჭდების მბრძანებელზე“ ადრეულ მოვლენებს აღწერს, თავად ნაწარმოებიც ამ უკანასკნელზე ბევრად ადრე ჩაისახა. შეიძლება ითქვას, ის უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნისაა, თუმცა, თავიდან „სილმარილიონი“ არ რქმევია. თავდაპირველი, მითოლოგიის უმნიშვნელოვანესი თქმულებების ფანქრით ნაჩქარევად ჩაწერილი ვარიანტების წაკითხვა 1917 წლის გაცვეთილ უბის წიგნაკებსა და რვეულებშია შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ „სილმარილიონი“ არასოდეს გამოცემულა (თუმცა, „ბეჭდების მბრძანებელში“ მის შინაარსზე გარკვეულ მინიშნებებს ამოიკითხავთ), მამაჩემი მთელი ცხოვრება, სიცოცხლის უკანასკნელ წლებშიც აგრძელებდა მასზე მუშაობას.

ამ ხნის განმავლობაში „სილმარილიონის“ გრძელი, ნარატიული სტრუქტურა დიდად არ შეცვლილა. ის თავიდანვე იქცა იმ მყარ საფუძვლად, რომელზეც შედარებით გვიანდელი ნაწერები აიგო. იმავდროულად, რასაკვირველია, ტექსტი უცვლელი არ დარჩენილა; იცვლებოდა ნაწარმოებში ასახული სამყაროს არსთან დაკავშირებული ფუნდამენტუ იდეები; ზოგიერთი გრძელი ლეგენდა დამოკლდა ან პირიქით, ხოლო ზოგიერთის თხრობის სტილი სრულებით გადასხვაფერდა. დროთა განმავლობაში ამ მუდმივი ცვლილებების შედეგად ერთი და იმავე ლეგენდების უმნიშვნელო თუ მნიშვნელოვანი დეტალებით განსხვავებული ვარიანტები იმდენად კომპლექსური, ჩახლართული და მრავალშრიანი გახდა, რომ მათ შორის საბოლოო ვარიანტის არჩევა თითქმის შეუძლებელი იყო.

გარდა ამისა, ძველი ლეგენდები („ძველი“ არა მხოლოდ იმით, რომ შორეული პირველი ეპოქის მოვლენებს აღწერს, არამედ მამაჩემის ასაკის გათვალიწინებითაც) მამაჩემის ღრმა ნააზრევის გადმოცემის საშუალებად და საჭურჭლედ იქცა. მის გვიანდელ ნაშრომებში მითოლოგიამ და პოეზიამ თეოლოგიურ და ფილოსოფიურ გატაცებებს დაუთმო ადგილი: შედეგად წარმოიშვა სტილისტიკური შეუთავსებლობები.

მამაჩემის სიკვდილის შემდეგ ნაწარმოების გამოსაცემად მომზადება მე დამეკისრა. ჩემთვის თავიდანვე ცხადი გახდა, რომ ამ მრავალფეროვანი მასალის ერთ წიგნში მოქცევა და „სილმარილიონის“ წარმოჩენა იმად, რასაც სინამდვილეში წარმოადგენს, ანუ ნაწარმოებად, რომელიც ნახევარი საუკუნის განმავლობაში იქმნებოდა და იზრდებოდა, მხოლოდ დაბნეულობას გამოიწვევდა და ამას მისი ძირითადი, უმნიშვნელოვანესი იდეები შეეწირებოდა. ამიტომ მიზნად დავისახე მასალის შერჩევა და დაწყობა იმგვარად, რომ მაქსიმალურად ლოგიკური და შინაგანად თანმიმდევრული ტექსტი მიმეღო. დასკვნითმა, ტურინ ტურამბარის სიკვდილის შემდგომმა თავებმა მუშაობისას განსაკუთრებული სირთულე შემიქმნა. საქმე ისაა, რომ ამ თავებმა მრავალი წლის წინ მიიღო დასრულებული ფორმა და სრულიად არ შეესაბამებოდა ნაწარმოების სხვა, გაცილებით უკეთ დამუშავებულ მონაკვეთებს.

სრული შეთანხმების (გნებავთ, „სილმარილიონის“ თავებსა ან თავად „სილმარილიონისა“ და მამაჩემის სხვა გამოცემულ წიგნებს შორის) მიღწევა თითქმის შეუძლებელია და მასზე დროისა და შრომის დახარჯვა არც ღირს. თანაც მამაჩემისთვის „სილმარილიონი“ იყო კრებული, ერთგვარი კომპენდიუმი იმ მრავალფეროვანი მასალისა (პოემებისა, ისტორიული ქრონიკებისა თუ ზეპირსიტყვიერი თქმულებებისა), რომელიც დროის მსვლელობას გადაურჩა და შორეული წარსულიდან ჩვენამდე მოაღწია.

„სილმარილიონის“ ნამდვილ ისტორიასთანაც შეიძლება პარალელების გავლება, რადგან ნაწარმოებს დიდწილად მამაჩემის ადრეულ წლებში შეთხზული პროზა და პოეზია უდევს საფუძვლად. გარკვეული თვალსაზრისით, ის მართლაც კომპენდიუმია. სწორედ ამას უნდა მივაწეროთ თხრობის ტემპისა და სხვადასხვა თავის დეტალთა სიუხვით განსხვავებულობა, მაგალითად კონტრასტი ტურინ ტურამბარის ლეგენდაში მოტივებისა და გეოგრაფიული ადგილმდებარეობების წვრილად აღწერასა და პირველი ეპოქის დასასრულის (როცა თანგოროდრიმი დაანგრიეს და მორგოთი დაამხეს) შედარებით მწირ და ლაკონიურ ქრონიკებს შორის. ამასვე უნდა მივაწეროთ სტილისტიკური თუ მხატვრული შეუსაბამობები და აქა-იქ აზრობრივი დაუკავშირებლობაც. მაგალითად, „ვალაქუენტას“ შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ, რომ ის გვიანდელ წლებშია გადამუშავებული; ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ტექსტში, რომელიც ასახავს ელდართა ვალინორში ცხოვრების შორეულ დღეებს, გრამატიკული დროები და თვალთახედვები მუდმივად იცვლება - ღვთიური ძალები ხან ისევ ჩვენს სამყაროში არსებობენ და მოქმედებენ, ხანაც დიდი ხნის წინ გამქრალ და მხოლოდ ლეგენდებსა თუ თქმულებებში დარჩენილ ორდენად გვევლინებიან.

წიგნი, რომელსაც სამართლიანად ჰქვია „სილმარილიონი“, არა მხოლოდ „ქუენტა სილმარილიონს“, ანუ საკუთრივ „სილმარილიონს“ შეიცავს, არამედ კიდევ ოთხ მოკლე ნაწარმოებს. წიგნის დასაწყისში მოცემული „აინულინდალე“ და „ვალაქუენტა“ „სილმარილიონთან“ მჭიდროდ არის დაკავშირებული, ხოლო „აკალაბეთი“ და „ძალაუფლების ბეჭდები“ (რომლებითაც წიგნი სრულდება) მისგან დამოუკიდებელი და სრულიად განცალკევებული ნაწარმოებებია. ეს უკანასკნელნი წიგნში მამაჩემის აშკარა განზრახვის თანახმად ჩავამატეთ. ამგვარად, ამბავი იწყება აინურთა მუსიკით, რომლითაც სამყარო შეიქმნა და სრულდება მესამე ეპოქის მიწურულს ბეჭდის მცველთა მითლონდის ნავსაყუდელებიდან გამგზავრებით.

წიგნში უამრავი სახელი გვხვდება. პირველი ეპოქის მნიშვნელოვანი პიროვნებების (ელფებისა და ადამიანების) რაოდენობაში ბევრად მცირეა და ყველას გენეალოგიურ ცხრილებში იპოვით. წიგნს აგრეთვე ერთვის ელფური სახელების მნიშვნელობებისა და მათი შემადგენელი ნაწილების ნუსხა. აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთის დიდი მთაგრეხილი ერედ ლუინი, იგივე ერედ ლინდონი, ანუ ლურჯი მთები, „ბეჭდების მბრძანებლის“ რუკაზე უკიდურეს დასავლეთშია გამოსახული. წიგნის შუაში ჩართულია შედარებით მომცრო რუკაც, რომელიც გვიჩვენებს, თუ სად მდებარეობდა ელფთა სამეფოები ნოლდორთა შუახმელეთში დაბრუნების შემდეგ. წიგნი დამატებითი კომენტარებითა თუ შენიშვნებით არ დამიმძიმებია. შუახმელეთის სამი ეპოქის შესახებ ზღვა ლინგვისტური, ნარატიული, ისტორიული თუ ფილოსოფიური მასალაა დაგროვილი და ვიმედოვნებ, მომავალში ნაწილის გამოქვეყნებას მაინც მოვახერხებ.

ამ ნაწარმოების ტექსტის წიგნად გამოსაცემად მომზადების რთულ და საეჭვო საქმეში დიდი დახმარება გამიწია გაი კეიმ, რომელიც 1974-1975 წლებში ჩემთან თანამშრომლობდა.

ქრისტოფერ ტოლკინი, 1977წ.

მთარგმნელი ნიკა სამუშია
გამომცემლობა „პალიტრა L”, თბილისი, 2016წ.