მიქელანჯელოს - პიეტას ფათერაკებიანი ისტორია
საკუთარი ხელოვნების სრულყოფილებაში ღრმად დარწმუნებულმა მიქელანჯელომ კონტრაქტში მიუთითა - „პიეტა იქნება ულამაზესი მარმარილოს ქანდაკება და ვერც ერთი ცოცხალი ხელოვანი უკეთესს ვერ შექმნის“.
პიეტა (იტალ.: Pietà - თანაგრძნობა, ღვთისმოსაობა) ძვ. რომაულ მითოლოგიაში მშობლების მიმართ შვილის სიყვარულის განსახიერება. ლეგენდის მიხედვით, სიკვდილმისჯილი მამა (თუ დედა) ქალიშვილს ძუძუთი გამოუკვებავს და სიცოცხლე გაუხანგრძლივებია.
პიეტას გამოსახავდნენ ქალის სახით, მისი ატრიბუტებია ბავშვები და წერო. პიეტას უწოდებენ აგრეთვე იესო ქრისტეს დატირების სცენებს (ღვთისმშობელი და მკვდარი ქრისტე).
მიქელანჯელომ ქანდაკება 1498-1499 წლებში შექმნა, ხელოვანი მაშინ 23-24 წლის იყო.
ქანდაკება ერთ-ერთი კარდინალის საფლავის კაპელისთვის იყო განკუთვნილი. იტალიელი ხელოვანისა და მწერლის - ჯორჯო ვაზარის ცნობით, მიქელანჯელომ ქანდაკებაზე ავტორის ხელმოწერა ამოკვეთა:
„MICHAELA[N]GELUS BONAROTUS FLORENTIN[US] FACIEBA[T] - ეს ქანდაკება ფლორენციელმა მიქელანჯელო ბუონაროტიმ გამოკვეთა“.
ეს ამბავი მას შემდეგ მოხდა, რაც ერთ-ერთმა დამთვალიერებელმა „პიეტას“ ავტორად სხვა მოქანდაკე მიიჩნია.
ვაზარის ცნობითვე, მიქელანჯელომ ეს გადაწყვეტილება მოგვიანებით ინანა და დაიფიცა, რომ საკუთარ ნამუშევარს ხელს აღარასდროს მოაწერდა.
წლების განმავლობაში ქანდაკება რამდენჯერმე დაზიანდა. მარიამ ღვთისმშობლის ფიგურას მარცხენა ხელის 4 თითი ერთ-ერთი გატადანისას მოტყდა. რესტავრაცია „პიეტას“ 1736 წელს ჩაუტარდა.
ყველაზე მეტად ქანდაკება 1972 წლის 21 მაისს დაზიანდა, როდესაც წარმოშობით უნგრელი, ავსტრალიელი გეოლოგი - ლასლო ტოთი „პიეტასთან“ უროთი შეიარაღებული მიიჭრა.
„მე ქრისტე ვარ, მე მკვდრეთით აღვსდექი“ - ყვიროდა დამნაშავე და ჩაქუჩს ქანდაკებას ურტყამდა. 15 დარტყმის შედეგად „პიეტა“ მნიშვნელოვნად დაზიანდა. მარმარილოს ნამსხვრევების ნაწილი დამთვალიერებლებმა მოიპარეს, მათ შორის ღვთისმშობლის ფიგურის მოტეხილი ცხვირი. დეტალების ნაწილი მოგვიანებით დაბრუნდა, თუმცა უმეტესობა დღემდე დაკარგულია.
რესტავრაციის შემდეგ ქანდაკება წმინდა პეტრეს ბაზილიკაში დააბრუნეს. „პიეტა“ დღეს ტყვიაგაუმტარი მინის კონსტრუქციითაა დაცული.