პარიზული ბოჰემა და კაფეები

„როტონდა“
ლიტერატურული და მხატვრული ბოჰემის ცენტრად ითვლებოდა ოთხი კაფე, რომლებიც მონპარნასისა და რასპაის ბულვარების გზაჯვარედინზე ან მის ახლომახლო გაფანტულიყვნენ:

„კაფე დიუ დომი“


 „კუპოლი“



„როტონდა“ 


„კლოზრი დე ლილა“


მრავალი წლის შემდეგ სწორედ ამ სახელგანთქმულ გზაჯვარედინზე, ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, აღიმართა ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასასრულს როდენის მიერ შექმნილი ბალზაკის ქანდაკება:

მედიდურად ზევით აღმართული, ოდნავ გვერდზე გადახრილი მასიური თავი და მანტიის ნაკეცებს ქვემოთ გადაჯვარედინებული ძლიერი ხელები.

ახლა კი, ათიანი წლების დასაწყისში, „ადგილობრივი კოლორიტი“ ბევრად უფრო პროზაული იყო: იაფფასიანი ბისტროები, ჭუჭყიანი, ოღროჩოღრო ქვაფენილი, უზარმაზარ ფურგონებში შებმული ცხენები, ეზოებში კი მოხეტიალე ჯამბაზების წარმოდგენები და მეარღნეები მაიმუნით.

[...]

ლიტერატორებისა და მხატვრების კაფეების გვერდით იყო სხვა, უფრო პატარა კაფეები „მოყვარულებისათვის“, როგორც ამბობს ჰემინგუეი. „ცუდი რეპუტაციის მოწყენილი კაფეები, სადაც თავს იყრიდნენ მთელი კვარტლის ლოთები და სადაც ოფლისა და მჟავე ღვინის სუნი იდგა“.

***

„როტონდა“ მაშინ სულ პატარა ღარიბული კაფე იყო, ერთ ოთახში დახლი იყო გამართული. მეორე, უკანა ოთახში რამდენიმე პატარა მაგიდა იდგა, იყო კიდევ ქუჩაში გამავალი ვერანდა, სადაც კარგ ამინდში შეიძლებოდა დაჯდომა. საშინელი სივიწროვე იყო აქ, განსაკუთრებით ცუდ ამინდში. ნისლივით იდგა სიგარეტისა და ჩიბუხის კვამლი. ისმოდა ხმამაღალი ლაპარაკი ხელოვნებაზე.

ბულვარის მეორე მხარეს „კაფე დიუ დომი“ ბევრად უფრო მდიდრულად გამოიყურებოდა თავისი მუქი წითელი ფერის ხავერდის ფარდებით, მაგრამ იქ უმეტესად უფრო თავდაჭერილი გერმანელი მხატვრები დადიოდნენ, აქ კი „როტონდაში“ სრული თავისუფლება მეფობდა ყველაფერში, დაწყებული ტანისამოსიდან: სამუშაო სამოსი, მოქსოვილი, ხშირად იდაყვებგამოხეული ფუფაიკები, გულგადახსნილი პერანგები, სანდალეტები.

„ჩვენ შორის არავინ იყო ისეთი, ვისაც სხვების გაოცება ეწადა, - წერს ამის შესახებ ჟან კოკტო, - მერე გაჩნდნენ კოვბოები და ფრთიანი ინდიელები. უფრო მოგვიანებით კი წარმოიშვა მოდა და მასკარადი“.

***

კაფეს მეპატრონე ლიბიონი ხატოვნად არის აღწერილი მრავალ მოგონებაში. ამ მაღალ, ჩასხმულ, წარმოსადეგ ბატონს საპატივცემულო ჭაღარა გულმოდგინედ ჰქონდა შუაზე გადაყოფილი და მუდამ თავისი განუყრელი სერთუკი ეცვა.

იგი შესანიშნავად იცნობდა თავის კლიენტურას, უარს არ ეუბნებოდა მცირე კრედიტზე და ბევრი ხელმოკლე მხატვრისათვის „კეთილი მამა ლიბიონი იყო“. თუმცა პოეტმა მარკ ტალოვმა, რომელიც აგრეთვე რამდენიმე წლის მანძილზე „როტონდის“ ხშირი სტუმარი იყო, მითხრა, რომ ლიბიონი რამდენადმე იდიალიზირებულია მემუარებში და ნაწილობრივ ილია ერენბურგის წიგნშიც.

„მას, რა თქმა უნდა, უყვარდა მხატვრები, მფარველობდა კიდეც უსახელო მხატვრებს, მაგრამ თავისებურად. როცა დაინახავდა, რომ სულ აღარ ჰქონდა ფული, აიძულებდა, რაიმე დაეხატა და მიეტანა მისთვის. მერე მისცემდა ათ ფრანკს და ეტყოდა:

„აჰა, ძაღლის შვილო, ამ ათ ფრანკს ჩემს კაფეში დახარჯავ!“ ჭკვიანი იყო!“ - ასე აზუსტებს მარკ ტალოვი „როტონდის“ გულკეთილ მეპატრონის ფსიქოლოგიურ პორტრეტს.


თარგმნა ლარისა ტიტვინიძემ
გამომცემლობა „ნაკადული“, თბილისი, 1984წ.