გენერალი გიორგი კვინიტაძე - ფიქრები 1921 წლის კამპანიაზე

სანამ მოგონებებს გავაგრძელებდე, მინდა რამდენიმე მოსაზრება გამოვთქვა 1921 წელს ბოლშევიკებთან კამპანიის თაობაზე. როგორც ცნობილია, ომის საბაბი გახლდათ ვითომდა აჯანყებული მუშებისა და გლეხობის მიერ რუსეთის მთავრობისთვის დახმარების თხოვნა. ამ ამბების შემსწრეებმა შესანიშნავად იციან, რომ აჯანყება საერთოდ არ მომხდარა და არც შეიძლებოდა მომხდარიყო.

ხალხი აშკარად ბოლშევიკებისა და რუსეთის წინააღმდეგ იყო განწყობილი და აჯანყების სიმულირებაც კი შეუძლებელი გახლდათ. ჯერ კიდევ 1920 წელს სცადეს ბოლშევიკებმა შიდა გადატრიალების მოწყობა, ერთდროულად წითელ ხიდთანაც გამართეს შეტაკება და სამხედრო სკოლასაც დაესხნენ თავს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ და სიმულაცია გამოაშკარავდა. 1921 წელს მასებში ამგვარი განწყობილება საბოლოოდ განმტკიცდა. ვერაფერმა ვერ შეარყია ბოლშევიკებისადმი უამური დამოკიდებულება - ვერც იმან, რომ თბილისში მოზრდილი ბოლშევიკური დელეგაცია იყო, რომელიც ბოლშევიზმს პროპაგანდას უწევდა, ვერც ამ იდეის პროპაგანდის ნებართვამ. ეს საბაბი, ეს ეგრეთ წოდებული „მუშათა და გლეხთა აჯანყება“ ვერანაირად ვერ შენიღბავს მოსკოვის მთავრობის ნამდვილ ზრახვებს.

საქართველოზე თავდასხმა ერთ-ერთი ნაბიჯია ამ მთავრობის ანტანტასთან ბრძოლისა და მდგომარეობის განმტკიცებისთვის ძალისხმევის გზაზე. საქართველოს დაპატრონება მოაგვარებდა მომწიფებული მოვლენების ფონზე წარმოქმნილ ყველა საკითხს. ეს ჯერ კიდევ 1920 წელს სცადეს. მაგრამ მაშინ, პოლონეთსა და ვრანგელთან საბრძოლო მოქმედებების გამო მოსკოვის მთავრობამ ვერ მოახერხა ამიერკავკასიაში საკმარისი სამხედრო ძალის გამოგზავნა. მერე ხერხს მიმართეს და აზერბაიჯანი მარჯვედ წარმართულ პოლიტიკურ პროპაგანდას შეეწირა მსხვერპლად. იმავე წელს მოუღეს ბოლო სომხეთსაც, რომელიც, მართალია, შეიარაღებული ძალით, მაგრამ უმთავრესად პროპაგანდის საშუალებით დაიმორჩილეს; პროპაგანდისა, რომელმაც სომხურ პოლიტიკურ წრეებში შუღლის შედეგად, ერთობ შეუწყო ხელი ქვეყნის დაცემას. აზერბაიჯანსა და სომხეთში გამოყენებულმა ამგვარმა ხერხმა 1920 წელს საქართველოში არ გაამართლა. მაშინ მოსკოვის მთავრობამ გადაწყვიტა, საქართველოს დასაპყრობად დიდძალი ჯარი გამოეგზავნა. 1921 წლი გაზაფხულზე ჯარი შეტევისთვის მზად იყო.

მოსკოვის მთავრობამ საქართველო დაიპყრო, რადგან ამ ქვეყნის დაპატრონება რუსეთვის აუცილებელი გახლდათ. საქართველოში გაბატონება განამტკიცებდა მის მდგომარეობას ამიერკავკასიაში. შეიძლება ითქვას, ამიერკავკასიის პატრონობის გასაღები საქართველოა. დამოუკიდებელი საქართველოს არსებობა დამორჩილებული აზერბაიჯანისა და სომხეთის გვერდით ამ სახელმწიფოებს ფსიქოლოგიურად აქეზებდა ბოლშევიკურ-რუსული ხელისუფლებისგან გასათავისუფლებლად. რაც შეეხება ეკონომიკას, ბაქოს რაიონიდან ნავთობის გატანა უდიდეს მნიშვნელობას იძენდა. რუსეთიდან ნედლეულის ყოველგვარი ექსპორტი, უტრანსპორტობისა და ყოველმხრივ მოშლილი მეურნეობის შედეგად თითქმის შეწყდა. ნავთობის, თან სწორედ ბაქოს ნავთობის გატანა რუსეთისთვის არსებით მნიშვნელობას იძენდა და საერთაშორისო ურთიერთობების მოგვარებისას დიდ კოზირად გვევლინებოდა მოსკოვის მთავრობის ხელში. ბაქოს ნავთობი, ბათუმიდან მის გატანასთან დაკავშირებით (ნავთობსადენი ბაქო-ბათუმი), მნიშნველოვანი ელემენტი გახლდათ მოსკოვისთვის უცხოურ სახელმწიფოებთან ეკონომიკური ურთიერთობებისას. ამიერკავკასიის ბლოკის ჩაშლის შედეგად (1920 წლის 25 აპრილს სან-რემოში ვთქვით ამაზე უარი) ანტანტის, განსაკუთრებით ინგლისის გულგრილობა აიოლებდა საქართველოს დაპყრობას. ამგვარი კოზირი საჭირო იყო და მოსკოვურმა მთავრობამაც სწორად გაითვალისწინა ეს გარემოება.

რუსეთი კარგა ხანია ხედავდა, რომ მოშლილი მეურნეობის აღდგენა მხოლოდ ევროპული სახელმწიფოების ჩარევით გახდებოდა შესაძლებელი. საწარმოო იარაღთა ტექნიკაში გაიზარდა ნავთობის მნიშვნელობა, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში კი ამ ნედლეულმა კოლოსალური, მსოფლიო მნიშვნელობა შეიძინა; მის ექსპლუატაციაზე უფლების მიღება უცხოურ სახელმწიფოებს მოსკოვთან ეკონომიკურ ხელშეკრულებებს დაადებინებდა. ამ ხელშეკრულებების დადებისთვის შეიძლებოდა ხელი შეეშალა დამოუკიდებელ საქართველოს, რომელზეც ნავთობსადენი და რკინიგზა გადის. ბაქოც ხელში უნდა ჰქონოდათ და ბათუმიც. ამა თუ იმ გზით საქართველოს დაპყრობა მოსკოვის მთავრობისთვის აუცილებელი იყო. ანტანტის წინააღმდეგ მოკავშირეთა ძიებაში მოსკოვის მთავრობამ არჩვანი ანგორის მთავრობაზე შეაჩერა. თურქეთის ძლიერება ანატოლიაშია. თურქეთს იქაურობა ამარაგებდა ძალ-ღონით, სახსრებით, ადამიანებით, ნედლეულით. იქაა ნამდვილი თურქეთი.

ამასობაში, ანგორის მთავრობა, რომელსაც მეამბოხედ მიიჩნევდნენ, თანდათანობით იძენდა საერთაშორისო მნიშვნელობას. თავდაპირველად სუსტი ანგორა კარგა ხანს ანატოლიის რესურსებით იკრეფდა ძალას. მერე თანდათან მოღონიერდა და ისეთ ძალად იქცა, რომლისთვისაც ანგარიში უნდა გაგვეწია. დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებმაც დაუწყეს მას ანგარიშის გაწევა, როგორც სახელმწიფოს და ხელშეკრულებების დადებასაც შეუდგნენ მასთან. და აი, მოსკოვის მთავრობამ, რომელიც თავის მიერ გამოცხადებული პოლიტიკის იდეებისა და საფუძვლების მიხედვით ინტერნაციონალურად ითვლებოდა, კავშირი გააბა თურქეთთან - რუსეთის ოდინდელ და ისტორიულ მტერთან ამიერკავკასიასა და აზიაში აგრესიული პოლიტიკის გამოც და რელიგიური ხასიათის მიზეზებითაც. კონსტანტინეპოლის დაპყრობა და ხმელთაშუა ზღვაზე გასვლა ოდითგვანვე რუსული პოლიტიკის მიზეზი იყო. თურქეთთან კავშირმა მოსკოვის მთავრობის მდგომარეობა განამტკიცა, რომელიც ანგორის მთავრობას ამარაგებდა საბერძნეთთან საბრძოლველად. სწორედ საბერძნეთი გახლდათ ანტანტის ხელში ანგორასთან ბრძოლის იარაღი.

დამოუკიდებელი საქართველო სოლივით იჭრებოდა თანამედროვე რუსეთსა და თურქეთს შორის; და თუ ანტანტა მოკავშირე თურქეთის და რუსეთის გათიშვას მოინდომებდა, საქართველოს ყოველთვის შეიძლებოდა ბაზის მაგივრობა გაეწია. 

ანგორის მთავრობა ამ მდგომარეობას უთუოდ ჯეროვნად შეაფასებდა; შექმნილი ვითარების შედეგად, ანგორას ის უფრო აძლევდა ხელს, რომ საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ კი არ ეარსება, არამედ, ანგორის მოკავშირის, რუსეთის განკარგულებაში ყოფილიყო. საქართველოს ტერიტორია შეიძლებოდა კონსტანტინეპოლის მფლობელი დასავლეთ ევროპის ჯარების დესანტის გადმოსასხმელი ადგილცი გამხდარიყო და ბაზაც თურქეთისა და რუსეთის წინააღმდეგ. ამას უნდა დავუმატოთ, რომ ანგროსი მთავრობას ერჩივნა საქართველო მძლავრი ანტანტის ხელში ან მხარეზე კი არ ეხილა, არამედ თანამედროვე პირობების კვალობაზე სუსტი რუსეთის ხელში. თავს ნებას მივცემ, გამოვთქვა აზრი, რომ თუკი თანამედროვე რუსეთსა და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებს შორის (მხოლოდ ანტანტას არ ვგულისხმობ) შეიარაღებული შეტაკება მოხდება, მაშინ საქართველო და ამიერკავკასია სამხედრო ქმედებათა თეატრად გადაიქცევა. ბათუმის დაკავება უზრუნველყოფს ზურგს თურქეთიდან; ქვეყანას, რომელიც აქ გადასხამს ჯარს, თავისუფალი საზღვაო მიმოსვლა და სრული შესაძლებლობა ექნება, შავიზღვისპირეთში გაშლოს მოქმედება ბაქოს მიმართულებით. იმ შემთხვევაში, თუ ანგორის მთავრობა აქტიურად ჩაერთვება რუსეთის მხარეზე, საქართველო და სომხეთი იქნება ის წყარო, საიდანაც მედესანტეებს არ მოაკლდებათ ცოცხალი ძალა, რათა თურქეთის მხრიდან უზრუნველყონ ბაქოს ოპერაცია.

ამ მნიშვნელობის შეფასებისას მოსკოვის მთავრობას არ შეეძლო დაპყრობილი დაეტოვებინა ტერიტორიის ეს ნაწილი, რომელიც შეიძლებოდა მომავალში დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებს მის წინააღმდეგ მოქმედების ბაზად გამოეყენებინათ და საიდანაც ამ სახელმწიფოებს შეეძლოთ რუსეთისთვის თურქეთიც მოეწყვიტათ და ბაქოც, ე.ი. ნავთობსაც დამუქრებოდნენ.

კიდევ ერთი გარემეობა, რამაც რუსეთს საქართველოს დაპყრობა გადააწყვეტინა. მოსკოვის მთავრობა საკუთარ თავს მუშათა და ხალხის მასის დამცველად აცხადებდა, შრომის დამცველად კაპიტალის წინააღმდეგ. საშინაო პოლიტიკაში ის ამ სულისკვეთებას აღვივებს ხალხში. ხელის შემშლელი ანტანტა ცხადდება რუსი ხალხის მტრად და ამ მიმართულებით დაუღალავი პროპაგანდა მიმდინარეობს. ვინც ანტანტას უჭერს მხარს, ის რუსი ხალხის მტერია, მუშათა და გლეხთა მტერი. არ მოვყვები მტკიცებას, რომ ამ იდეებმა რუსეთის ხალხთა მასებში ფეხი მოიკიდა; მაგრამ ინერგებოდა და, უეჭველია, ხალხის ერთმა შეითვისა კიდეც. საქართველოს მუშათა და გლეხთა დახმარების იდეა, ანტანტისკენ, ე.ი. კაპიტალისკენ გადახრილ სახელმწიფოებთან ომი ვერ გამოიწვევდა რუსეთის სახალხო მასის წინააღმდეგობას; თუმცა ეს მასა ყლვეთვის მორჩილი გახლდათ, მითუმეტეს, რომ მათ შორის ამ იდეის მხურვალე დამცველებიც იყვნენ: ერთი მხრივ, კომუნისტები, მეორე მხრივ - ყველა, ვისაც სასურველად მიაჩნდა დაპყრობა, მაგალითდ, ველიკოდერჟავნიკები. ამგვარად, ამ მხრივ საქართველოს - რუსეთის სახელმწიფოს ყოფილი ნაწილის - დაპყრობა, რომელიც აშკარად გადაიხარა რუსეთის მტრისა და კაპიტალის მხარეზე, იმ ქვეყნის დაპყრობა, სადაც მუშები და გლეხები ვითომდა დახმარებას ითხოვდნენ, მართლდებოდა პოლიტიკურ ფენებშიც და მათ თვალშიც, ვინც თავისი პოლიტიკური მრწამსით ამის წინააღმდეგი უნდა ყოფილიყო. ასეთი ვითარება უეჭველად განამტკიცებდა მოსკოვის მთავრობის საშინაო მდგომარეობას, რომელიც იძულებული გახლდათ, გარემოებათა გამო მასების ყურადღება მოეშორებინა იმ დანგრეული ყოფისგან, რომლის გამოსწორებაც არ შეეძლო და რომლის ნამდვილი მიზეზიც უნდა დაემალა. ასე რომ, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საშინაო ვითარების განმტკიცების თვალსაზრისითაც, ეკონომიკური და სტრატეგიული თვალსაზრისითაც საქართველოს დაპყრობა მოსკოვის მთავრობისთვის აუცილებლობას წარმოადგენდა.

1920 წელს, მოსკოვის მთავრობამ, რომელსაც მთელი ყურადღება პოლონეთთან ომზე და ვრანგელზე ჰქონდა გადატანილი, ვერ მოახერხა საკმარისი ძალები გამოეყო საქართველოს დასაპყრობად. თუმცა, ვიცით, რომ ხელშეკრულება მოსკოვის მთავრობასა და საქართველოს შორის, სადაც აღიარებულია ამ უკანასკნელის თავისუფლება, 1920 წლის 7 მაისს არის ხელმოწერილი. არადა, მოსკოვის მთავრობის ჯარი ჩვენს საზღვრებზე ჯერ კიდევ ორ მაისს გადმოვიდა, ე.ი. ხელშეკრულების ხელმოწერამდე. ეს ნიშნავს, რომ მოლაპარაკება საქართველოს მოდუნების მიზნით ტარდებოდა; ამ მოდუნებით ისარგებლებდნენ, სწრაფი შეტევით მოულოდნელად დაგვესხმებოდნენ თავს და თავიანთ ნამდვილ ზრახვებსაც წარმატებით განახორციელებდნენ. ხელშეკრულების განხილვისას შეიძლება ითქვას, რომ მისი პუნქტები გარანტია უფრო ძლიერისთვის იყო და მას შესაძლებლობას აძლევდა, ნებისმიერ მომენტში დაეწყო ომი - იმდენად გაურკვევლად იყო შედგენილი ეს პუნქტები და იმდენად სადავო იყო ნებისმიერი მონიშნული საკითხი. საერთოდაც, ხელშეკრულება არ არის გარანტია. ყველა ხელშეკრულება ყოველთვის ირღვეოდა. ამა თუ იმ ქვეყნის ნეიტრალიტეტიც არ გამორიცხავს შეიარაღებულ თავდასხმას. ბელგიის მაგალიტზე რომ აღარაფერი ვთქვათ, შეიძლება ჩინეთი გავიხსენოთ, რომლის ტერიტორიაც რუსეთმა და იაპონიამ ომის საშინელებებისთვის გაიმეტეს; სხვათაშორის, ჩინეთის ტერიტორიების ხელშეუხებლობა იყო დიდი სახელმწიფოების პოლიტიკის ძირითადი საფუძველი, რაც არაერტხელ ხაზგასმით აღინიშნა. მაგრამ ამ გარემოებამ მაინც ვერ იხსნა ჩინეთი, იმის მიუხედავად, რომ რუსეთ-იაპონიის ომის წინ, სწორედ ჩინეთის ტერიტორიების ხელშეუხებლობის საფუძველზე, დიდმა სახელმწიფოებმა იაპონიას მოსთხოვეს, ჩინეთისთვის დაებრუნებინა მის მიერ დაპყრობილი პორტ-არტური; იმის მიუხედავად, რომ იაპონიას ეს შტურმი ძვირად დაუჯდა.

მოსკოვის მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებას მაინცდამაინც არ მოვუდუნებივართ. მაინცდამაინც-მეთქი, ვამბობ, რადგან 1920 წელს, როდესაც მოსკოვის ჯარები ბაქოში შევიდნენ, საყოველთაო მობილიზაცია გამოვაცხადეთ, და გამალებით დავიწყეთ ომისთვის მზადება, მაგრამ ვერაფერი ვერ გავაწყეთ - ომს მაინც მოუმზადებელი შევხვდით. ომისთვის სამზადისს უნდა შუდგე არა ერთი კვირით, არამედ კარგა ხნით ადრე. 1919 წელს აზერბაიჯანთან დადებულ ხელშეკრულებას მე მომზადებად ვერ მივიჩნევ, ვინაიდან ქაღალდზე ხელშეკრულების გადატანის გარდა არაფერი გაკეთებულა; სხვა რომ აღარაფერი ვთქვათ, ომის შემთხვევაში ერთობლივ ქმედებათა ძირითადი გეზიც კი არ შემუშავებულა. არაფერი არ გაკეთებულა. ჩვენი მობილიზაციის მიუხედავად, მტერი მაინც მოუმზადებელს დაგვატყდა თავს და მხოლოდ მისმა მცირერიცხოვნობამ და ფოილოს ხიდის აფეთქებამ გვიხსნა. ამან მტერი შეაყოვნა, რკინიგზიდან უკან დაახევინა და აიძულა, ფეხით ევლო, რამაც წინააღმდეგობის ორგანიზების საშუალება მოგვცა. კამპანია მოვიგეთ. ასე რომ, 1920 წელს ჩვენი დაპყრობის მოსკოვის მთავრობისეული პოლიტიკა მარცხით დამთავრდა. ამგვარად, ომის მიზეზებისა და 1920 წელს საქართველოს მიმართ მოსკოვის მთავრობის ქმედების გათვალისწინებით, უეჭველი იყო, რომ საქართველოს დაპყრობის ახალი ცდა არ დააყოვნებდა.

შეგვეძლო თუ არა ამ დაპყრობის თავიდან აცილება, უფრო სწორად, შეგვეძლო თუ არა ომისთვის ისე მომზადება, რომ იარაღასხმულებს წარმატებით მოგვეგერინებინა ეს შემოჭრა? ისმის მთავარი კითხვა: შეეძლო თუ არა „პატარა საქართველოს“ წინააღმდეგობის გაწევა „დიდი რუსეთისთვის“? განვიხილოთ ეს საკითხი. თუ მხოლოდ ამ დონეზე ვიმსჯელებთ - „პატარა“, „დიდი“ - რასაკვირველია არ შეეძლო. თუმცა ვითრების შეფასებისას, იმჟამინდელ რუსეთს „დიდს“ ვერ ვუწოდებთ ამ სიტყვის რევოლუციამდელი მნიშვნელობით. დიდი რუსეთი დაიქცა. უზარმაზარი ოლქები, საიდანაც რუსეთი საომარ ძალას და საშუალებებს ხაპავდა, ქვეყანას აღარ ამარაგებდნენ. მთელი ციმბირი, თურქესტანი, კასპიისპირეთი, უკრაინა, პოლონეთი, ფინეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ბესარაბია, ამიერკავკასია არა მარტო საომარი ძალისა და საშუალებების წყაროდ ვერ გამოდგებოდა; პირიქით, მათი ნაწილი რუსეთს საბოლოოდ მოწყდა, მეორე ნაწილი კი ჯარს თხოულობდა ამ რეგიონების შესანარჩუნებლად მოსკოვის მთავრობის ორბიტაში. ამას უნდა დავამატოთ, რომ დონის, კავკასიელი, ურალის და სხვა კაზაკები მოსკოვის მთავრობის წინააღმდეგ თუ არ გამოდიოდნენ, ყოველ შემთხვევაში იმჟამად პასიურ მოწმეებს წარმოადგენდნენ. ამგვარად, რჩებოდა მხოლოდ ნაწილი ევროპული რუსეთისა, ე.ი. ველიკოროსია, მისი ცენტრალური ნაწილი და ვოლგისპირეთის ნაწილი. უკანასკნელ, დიდ ომამდე ევროპული რუსეთის მოსახლეობა ას მილიონს შეადგენდა. თუ ამას გამოვაკლებთ მოგლეჯილ ნაწილებს და გავითვალისწინებთ, ჯარის რა რაოდენობა სჭირდებოდა მოსკოვის მთავრობას იმ რაიონებში, სადაც ხელისუფლებას მხოლოდ ხიშტით ინარჩუნებდა (როგორც უკრაინასა და სხვა ოლქებში), მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ცნება „დიდი“ აღარ შეესაბამებოდა ნამდვილ ვითარებას, აღარც ტერიტორიით, აღარც მოსახლეობის რიცხვით. ამის დასტურია გარემოება, რომ გენერალ ვრანგელთან და პოლონეთთან საბრძოლველად მხოლოდ რამდენიმე ასეული (სამასამდე) ათასი კაცის გამოყვანა სეძლეს; არადა, დიდ რუსეთს მილიონობით კაცი გამოჰყავდა საბრძოლველად. მოშლილი მეურნეობა და ძლიერი უტრანსპორტობა კიდევ უფრო აცლიდა ძალას ამ „დიდ რუსეთს“. მისი სისუსტე აშკარა გახდა პოლონეთთან ომში. რასაკვირველია, პოლონეთი ვერასოდეს გაუწევდა წინააღმდეგობას იმ დიდ რუსეთს, რომელსაც ჩვენ ვიცნობდით. პოლონეთმა კი არა მარტო მოიგერია ამჟამინდელი რუსეთი, არამედ ომი მის საზღვრებში გადაანაცვლა და თავისთვის სასურველ ხელშეკრულებაზე მოაწერინა ხელი. პოლონეთს ფულიც კი გადაუხადეს. შეიძლებოდა თუ არა პოლონეთი მძლავრ სახელმწიფოდ მიგვეჩნია? რათა თქმა უნდა, არა. იგი მხოლოდ გერმანიის, ავსტრიის და რუსეთის ძალაუფლებაში ასწლეულობით მყოფი ნაწილებისგან შედგებოდა; არც გაერთიანებული და შეკრული არ ყოფილა. ის-ის იყო ყალიბდებოდა და ჯერ კიდევ ბევრი აკლდა იმ ერთიან მექანიზმამდე, რასაც სახელმწიფოს ვუწოდებთ. ჯარსაც ის-ის იყო აწყობდნენ. არმიაში ჯერ კიდევ ვერ მორეოდნენ დისციპლინას - სამხედრო ძალის ამ საფუძვლის შემარყეველ და დამანგრეველ ახალ მიმართულებას და ამ არმიას არა მარტო იდეალურამდე აკლდა ბევრი, არამედ საშუალოსაც ვერ დაარქმევდით. მაგრამ რუსეთთან ომში გაიმარჯვა; თან მშვენივრად გაიმარჯვა, იმის მიუხედავად, რომ ჯარი იძულებული იყო, ორასი ვერსით დაეხია უკან; უკანდახევა კი ყოველთვის ამცირებს ბრძოლისუნარიანობას. აშკარაა, რომ მოსკოვის მთავრობის ძალა ვერ შეედრებოდა საიმპერატორო რუსეთის ჯარის ძალას; და რომ დენიკინთან, ვრანგელთა და ჩვენთან გამარჯვება მხოლოდ იმის მაჩვენებელია, თუ რარიგ სუსტები იყვნენ სინამდვილეში დამარცხებულები.

პოლონეთის არმიის წარმატებას ვერ მივაწერ ვერც ფრანგ ინსტრუქტორებსა და ვერც ფრანგ მეთაურებს. ერთი მუჭა ხალხი ვერ იქონიებს გავლენას მთელი კამპანიის, რომ აღარაფერი ვთქვათ, მთელი ომის შედეგზე. შეიძლება ინსტრუქტორებმა არმია გაწვრთნან, მაგრამ საამისოდ კვირები კი არა, წლები, ათეულობით წელიწადია საჭირო. ხელმძღვანელობას, რასაკვირველია, დიდი მნიშვნელობა აქვს; მაგრამ ხელმძღვანელობა ვერ შეცვლის არმიას; ხელმძღვანელობა ვერ მიაღწევს წარმატებას თუ საჯარისო ერთეულებს არ შეუძლიათ ტაქტიკური წარმატებების მიღწევა; ხელმძღვანელობა ვერაფერს ვერ იღონებს, თუ არმია ბრძოლაზე უარს ამბობს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ფრანგი მეთაურებისა და ინსტრუქტორების სამხედრო უნარი, მაგრამ მაინც უნდა ვაღიაროთ, რომ პოლონელები წარმატებას უმთავრესად საკუთარ არმიას უნდა უმადლოდნენ; არმიამ, რომელმაც თავისი თვისებებით, საერთოდ, ბრძოლისუნარიანობით და მეთაურობით აჯობა მოსკოვის მთავრობის არმიას.

უნდა ვაღიაროთ, რომ ხარისხის თვალსაზრისით, რუსულ-ბოლშევიკური ჯარი ვერ წარმოადგენს მრისხანე ძალას. ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს 1920 და 1921 წლებში მათთან ჩვენი ჯარების შეტაკებას კრიტიკული, ობიექტური ანალიზი. კერძოდ, უნდა ითქვას, რომ ჩვენ კიდევ ერთი ხელშემწყობი მონაცემი გვქონდა - ბოლშევიკური რუსეთისთვის ამიერკავკასიაში ომი რამდენადმე კოლონიური ხასიათის გახლდათ. მე არ წამიკითხავს გეკერის მოხსენება, მაგრამ გადმოცემით ვიცი, რომ საქართველოზე თავდასხმისას ის დაახლოებით 35.000 ხიშტს თხოულობდა. მოსკოვის მთავრობას რომ მოეხერხებინა და 1920 წლის აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში ამ ძალისტვის აზერბაიჯანში მოეყარა თავი, მაშინ მომავალი წლის თებერვალში კი არა, ადრევე დაგვესხმოდა თავს. მაგრამ რუსეთს ასე აკლდა ტრანსპორტი და ისე უჭირდა არმიისთვის მისი მიწოდება, რომ მოსამზადებელი სამუშაოსთვის დიდი დრო სჭირდებოდა. გარდა ამისა, ომში გამოჩნდა, რომ რუსებმა დიდი გაჭირვებით მოასწრეს, ომის დაწყებისას თავი მოეყარათ გეკერის მიერ მითითებული ჯარის რაოდენობისთვის. ჩემს ამ მოსაზრებას ადასტურებს ისიც, რომ ხაშურთან ბრძოლაში მონაწილეობდა ბოლშევიკური ჯარი, რომელიც პეტროვსკიდან შეუსვენებლივ ჩამოვიდა. მოსკოვის მთავრობისთვის ეს იყო ომი ქვეყნის კიდეში, ომი - მოშორებული სასიცოცხლო ცენტრებს; ომი, რომლის ბედიც ბეწვზე ეკიდა როსტოვ-ბალაჯარა-თბილისის ერთ სარკინიგზო ტოტზე. ცნობილია, რომ სახელმწიფოს ძალიან უჭირს ომი, როდესაც საბრძოლო ქმედებები სასიცოცხლო ცენტრებიდან დაშორებულია და იქაურობასთან კავშირი - გაძნელებული. პატარა იაპონიამ მშვენივრად გათვალა ეს გარემოება და რუსეთთან ომი გაბედა. ციმბირის რკინიგზა რომ ორლიანდაგიანი ყოფილიყო და 30-40 წყვილი მატარებლის გატარება შეძლებოდა, იაპონია მარტო არასოდეს შეებმებოდა რუსეთს, რადგან რუსეთი სულ იოლად გამოიყვანდა იაპონიის წინააღმდეგ სამჯერ უფრო მეტ ძალას. ერთ მუჭა ხალხს, ბურებს, ინგლისი ორ-ნახევარი წელიწადი ეომებოდა.

ამრიგად, უნდა ვაღიაროთ, რომ „პატარა საქართველოს“ „დიდი რუსეთი“ არ ეომებოდა და რომ ეს ომი კოლონიური ომისთვის დამახასიათებელ მძიმე პირობებში მიმდინარეობდა. თუ გავითვალისწინებით ჯარის მხოლოდ იმ რაოდენობას, რომელიც რუსეთის მხრიდან მონაწილეობდა, პატარა საქართველოს რიცხობრივად გაცილებით დიდი ჯარის გამოყვანა შეეძლო. ომისთვის რიგიანად რომ მოვმზადებულიყავით, მოსკოვის მთავრობის ჯარებს მაშინვე გავრეკავდით; ან მოსკოვის მთავრობის ომისთვის მზადებისას უფრო დიდი ჯარი უდნა გემოეყვანა და, მაშასადამე, შემოტევაც გარკვეული დროით გადაევადებინა, ან ომი გაჭიანურდებოდა და, შესაბამისი მომზადების შემთხვევაში, უსასრულოდ იქცეოდა. აკი შეძლეს ყოველი მხრიდან გარშემორტყმულმა დაღესტნელმა მთიელებმა ექვსი წელიწადი ეომათ რუსეთთან. ბურებმაც შეძლეს ინგლისისთვის ორ-ნახევარი წლის განმავლობაში წინააღმდეგობის გაწევა, რადგან საზღვაო მიმოსვლა ჰქონდათ. ამ მხრივ ჩვენ სასიკეთო ვითარება გვქონდა. შავი ზღვა მოსკოვის მთავრობას არ ეკუთვნოდა; პირიქით, შავი ზღვიდან შეიძლებოდა საბრძოლო საშუალებები მიგვეღო. მაგრამ საჭირო იყო ომისთვის მზადება; საჭირო იყო: 1) არ დაგვეზოგა ფული, რომელიც მერე მაინც დაიხარჯა საზღვარგარეთ და 2) არ აგვეგო თავდაცვა ისეთ საწყისებზე, როგორზეც ჩვენი მთავრობა აგებდა; აქ ვგულისხმობ ჯარების ორგანიზაციასაც გვარდიის საწყისებზე.

ქვეყნის თავდაცვის საქმეს ჩვენში არასერიოზულად ეკიდებოდნენ. არმიის მობილიზაცია მიიჩნეოდა ომისთვის ერთადერთ სამზადისად. ამასობაში, ეს მხოლოდ უკანასკნელი აქტი გახლავთ ქვეყნის თავდაცვისთვის მომზადების საქმეში. არაფერი, სრულიად არაფერი არ გაკეთებულა - არც სახელმწიფოს საინჟინრო მომზადება, არც საბრძოლო და მატერიალური მარაგი, არც ომის გეგმა, არც ჯარების ორგანიზება რაც საშუალებას მოგვცემდა, ბრძოლის ველზე ერთბაშად დიდძალი მეომარი გაგვეყვანა, არაფერი გვიღონია მობილიზაციის დასაჩქარებლადაც. მოსკოვის მთავრობის დელეგაციას, რომელიც თბილისში იმყოფებოდა, შეუძლებელია არ დაენახა, რომ ომისთვის მზად არ ვიყავით. ამიტომაც მიაჩნდა ჩვენს მოწინააღმდეგეს, რომ საქართველოს დასაპყრობად მხოლოდ რამდენიმე ათეული ათასი მებრძოლი იკმარებდა.

მართლაც, შეიარაღებულ ძალთა ჩვენი ორგანიზაციის მიხედვით, გვყავდა არმისი თორმეტი ბატალიონი, რომლებიც მობილიზაციისას როტის სამი შემადგენლობის 36 ბატალიონად გაიშლებოდა, ე.ი. 21-22 ათას ხიშტად; გვარდია სულ 20-24 ბატალიონი იყო, რომელსაც დაახლოებით 10-12 ათასი ხიშტის ძლა ჰქონდა. ასე რომ, ჩვენ მხოლოდ 32-34 ათასი ხიშტის გამოყვანა შეგვეძლო. ეს მარტივი არითმეტიკაა და გეკერი სამართლიანად ითვალისწინებდა, რომ აღმოსავლეთის საზღვარზე უკეთეს შემთხვევაში ჩვენი ძალის მხოლოდ ორი მესამედის, ე.ი. 22-23 ათასის გაყვანას შევძლებდით; ამგვარად, თავისთვის 35 ათას ხიშტს ითხოვდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ერთ-ნახევარჯერ მეტი ჯარი ეყოლებოდა. ჩვენი ძალების მესამედს მაინც ყოველი შემთხვევისთვის ჩრდილოეთ საზღვრისკენ გადაატანინებდნენ ყურადღებას საბრძოლო მოქმედებებით. ჩვენი ორგანიზაცია საშუალებას არ გვაძლევდა, აგვემოქმედებინა თადარიგში დარჩენილი რეზერვი, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენი ორგანიზაციის წყალობით, ვერ შევძელით გამოგვეყენებინა ის მძლავრი წინააღმდეგობა, რომელსაც ხალხი გამოიჩენდა. ასე რომ, უნდა ვაღიაროთ, ომისთვის სათანადო მომზადების შემთხვევაში, „პატარა საქართველოს“ და „დიდი რუსეთის“ ძალთა თანაფარდობა ძალიან შორს იქნებოდა ცნებებისგან „პატარა“ და „დიდი“. არ შემიძლია და არც მინდა ლაპარაკი ომისთვის მზადებაზე მთლიანობაში და დეტალურად.

გიორგი კვინიტაძე - ჩემი მოგონებები 1917-1921 
თბილისი, 2014წ.