Friday, February 24, 2017

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიის შესახებ კანონის პროექტი

რევოლუციის დღეებში, განსაკუთრებით ბოლო დროს, ურიცხვი საფრთხე და უბედურება ემუქრებოდა ჯერ კიდეც ჩამოუყალიბებელ და სუსტ რესპუბლიკას. წითელმა გვარდიამ უდიდესი სამსახური გაუწია ქვეყანაში თავისუფლებისა და სამოქალაქო წესრიგის საქმეს. 

წითელი გვარდია, რომელიც მოწინავე მუშებისა და გლეხებისგან შეიქმნა, გმირული მამაცობით იცავდა თავისუფლებასა და რევოლუციას შინაური და გარეშე მტრებისაგან; თვითონ იტვირთა მძიმე ბრძოლა ანარქიასთან, რომლის მღვრიე ტალღები დაღუპვას უქადდნენ საქართველოს რესპუბლიკას. წითელი გვარდიის ამ დიდი დამსახურების ნიშნად მთავრობა არსებულ წითელ გვარდიას აცხადებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიად.

სახალხო გვარდიის შემადგენლობაში შედის წითელი გვარდიის ყველა ნაწილი თავ-თავისი შტაბებით, რომლებსაც მთლიანად აქვთ შენარჩუნებული პირადი შემადგენლობა. რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალთა საერთო სისტემაში სახალხო გვარდიის მდგომარეობა, მისი არსეობიბსა და მოქმედების საფუძვლები განისაზღვრება შემდეგი ნორმებით:

1
სახალხო გვარდიის ამოცანაა რესპუბლიკის, მისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვა. (შესწ. შემდეგ) სახალხო გვარდიის, ისევე როგორც ყველა შეიარაღებული ძალის, ამოცანაა მართლწესრიგის, დემოკრატიული რესპუბლიკის მოწყობის საფუძვლებისა და სახელმწიფოს ტერიტორიის დაცვა.

2
სახალხო გვარდიაში მიიღებიან მსურველები იმ მოქალაქეთაგან, ვინც არ ექვემდებარება სამხედრო გაწვევას, შეუბღალავია და ერთგული დემოკრატიული რესპუბლიკისა. შეიარაღებულ ძალებში სამსახურისგან არავინ არ თავისუფლდება.

3
სახალხო გვარდიაში მიღება ეკისრება მის რაიონულ შტაბს, მთავარი შტაბის მიერ შემუშავებული ინსტურქციის მიხედვით (შესწორების შემდეგ დამატებულია)... სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის მიერ შემუშავებული და მთავრობის მიერ დამტკიცებული...

4
სახალხო გვარდიის წევრი ვალდებულია, შესაბამისი შტაბის გაწვევისთანავე შეწყვიტოს თავისი ყოველდღიური შრომა და გამოცხადდეს მითითებულ პუნქტში ხელზე გაცემული იარაღითა და სრული აღჭურვილობით.

5
სახალხო გვარდიის წევრები მოვალენი არიან წესრიგში იქონიონ ხელზე გაცემული იარაღი და აღჭურვილობა; სამსახურის გარდა, არა აქვთ არც საზოგადოებრივ ადგილებში იარაღის ტარების, არც მათზე გაცემული აღჭურვილობისა და ფორმის საგნებით სარგებლობის უფლება.

6
სამსახურისას (სასწავლო შეკრებებზე, მორიგეობისას, საგუშაგოებსა და ლაშქრობებში) სახალხო გვარდიის წევრები ემორჩილებიან სამხედრო დისციპლინის მოთხოვნებსა და საქართველოს რესპუბლიკის არმიაში მოქმედ ყველა კანონს. მე-4 და მე-5 მუხლების დარღვევისთვის სახალხო გვარდიის წევრები ისევე აგებენ პასუხს, როგორც ჯარისკაცები ანალოგიური საქციელისათვის.


7
სახალხო გვარდიაში უფასოდ მსახურობენ. მაგრამ სახალხო გვარდიის წევრებს, რომლებიც სახალხო გვარდიაში სამსახურისას ხელფასს კარგავენ, გარკვეული თანხით უნაზღაურდებათ დაკარგული შრომითი დღეები. სახალხო გვარდიის ინსტურქტორები და ოფიცრები იღებენ ანაზღაურებას, რომელსაც განსაზღვრავს სახალხო გვარდიის მთავარი შტაბი, საქართველოს რესპუბლიკის არმიაში არსებული განაკვეთების შესაბამისად. (შესწ. შემდეგ)... მაგრამ როდესაც სახალხო გვარდიის წევრები მოვალეობას ასრულებენ, მათ ოჯახებს მიეცემათ მთავრობის მიერ განსაზღვრული თანხა; ხოლო სამსახურში ენახებათ ადგილი ანაზღაურების გარეშე.


8
სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრებს ნიშნავს მთავრობის ხელმძღვანელი, მთავარი შტაბის მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან. სახალხო გვარდიის ცალკეული ნაწილების მეთაურებს ნიშნავს მთავარი შტაბი, მათ ამტკიცებენ იმავე წესით, როგორც საქართველოს რესპუბლიკის არმიის შესაბამის ნაწილთა მეთაურებს.

9
სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის განკარგულებაშია მთავრობის მიერ გამოყოფილი აუცილებელი სახსრები, რომლებიც სახელმწიფო ხარჯთაღრიცხვაში სამხედრო სამინისტროს უწყებითაა გატარებული.

10
სახალხო გვარდიის მთავარ შტაბს სამხედრო სამინისტროებთან შეთნხმებით შეუძლია სახალხო გვარდიის შემადგენლობისაგან ჩამოაყალიბოს ჯარის ყოველგვარი ნაწილი და თვითონვე იკისროს ამ ნაწილების გაწვრთნა და მომარაგება (აქ დავსვი რაოდენობისა და შემადგნელობის საკითხი, მაგრამ იგი გადაუჭრელი დარჩა). ყოველგვარი სახსრები სახალხო გვარდიის მომარაგებისთვის მთავარი შტაბის მოთხოვნით, სამხედრო სამინისტრომ უნდა გაიღოს.

11
სახალხო გვარდიის ნებისმიერი ნაწილის გაწევა შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ მთავარი შტაბის მეშვეობით. სახალხო გვარდიის გაწვევის უფლება აქვს მთავრობის ხელმძღვანელს. თუკი მთავრობის ხელმძღვანელისათვის შეუძლებელი იქნება ამ უფლების გამოყენება, მაშინ სახალხო გვარდია შეიძლება გაიწვიოს ეროვნული საკრებულოს თავმჯდომარემ. განსაკუთრებით მნიშნველოვან შემთხვევებში სახალხო გვარდიის გაწვევის უფლება გადადის უშუალოდ გვარდიის მთავარი შტაბის ხელში.

[...]

მე საერთოდ წინააღმდეგი ვიყავი ამგვარი ორგანიზაციის, როგორც შეიარაღებული ძალის შექმნისა; ვთქვი კიდეც ეს. თუმცა ვაღიარებდი, რომ მისი არსებობა აუცილებელი იყო. ვიდრე არმიას ჩამოვაყალიბებდით, და გული კი მეთანაღრებოდა, მაგრამ მაინც მივიღე მონაწილეობა განხილვაში.

ცოტა არ იყოს, გაგვიჭირდა ერთი პუნქტის გატანა, სადაც ნათქვამია, რომ გვარდიელები არ თავისუფლდებიან სახელმწიფო შეიარაღებულ სამსახურისგან, ე.ი. მობილიზაციის შემთხვევაში ისინი ჯარის ნაწილებში უნდა დაფანტულიყვნენ. ფაქტიურად, ამ პუნქტს შემდგომში არასოდეს არ ასრულებენ. თითოეული პუნქტი სადავო ხდებოდა და იძულებული ვიყავი დამეცვა ჩემი შეხედულება იმის თაობაზე, რომ გვარდია, როგორც შეიარაღებული ძალა, სრულიად გამოუსადეგარია ბრძოლის ველზე. ჩემს აზრს გარკვევით და ნათლად გამოვთქვამდი და მაგალითებსაც ვიშველიებდი. რასაკვირველია, ჩემს სიტყვაში არაერთხელ გაისმა ამ სისტემის გაკიცხვა.

უეცრად ნ.ჟორდანია წამოდგა და აღელვებულმა, წამოჭარხლებულმა თქვა:

„მე, როგორც ჯარისკაცთა და მუშათა დეპუტატების თავმჯდომარე, ვაცხადებ, რომ შეუძლებელია, სამხედრო სამინისტროს სათავეში იდგეს გვარდიისადმი ასე მტრულად განწყობილი პიროვნება“. ძალიან გამაკვირვა ბატონი ნოესთვის უჩვეულო გაცხადებამ. შევეპასუხე - მიკვირს, ბატონი ნოეს სიცხარე, ეს არც მის ჭაღარას შეჰფერის და არც მის ასაკს-მეთქი. ვთქვი, არასოდეს მითხოვია სამხედრო მინისტრის თანაშემწეობა, წავალ შინ, მესანგრეთა ქუჩაზე, დაჯვდები აივანზე და ისევ ისე მშვიდად გავაბოლებ, როგორც ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე ვაბოლებდი-მეთქი. ამ დროს შემობრუნდა მანამდე გარეთ გასული სამხედრო მინისტრი და განაცხადა, მთავრობამ თავის სხდომაზე მოიწონა და მიიღო დებულება გვარდიის შესახებო. საკითხი ამოწურული იყო, დავა დასრულდა.

გიორგი კვინიტაძე - ჩემი მოგონებები 1917-1921
თბილისი, 2014წ.