ლევან ბერძენიშვილი - ქალი, რომელიც ლიტერატურამ აღმოაჩინა, მხატვრობამ კი უკვდავყო

შემოქმედთა მუზებზე საუბრისას, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ერთი შემთხვევა, რამაც ერთბაშად ორ სფეროზე – ლიტერატურასა და მხატვრობაზე მოახდინა დიდი ზეგავლენა – ლიტერატურამ აღმოაჩინა იგი, მხატვრობამ კი უკვდავყო.

ელენა დიაკონოვა, თავის თავს გალინას ეძახდა, პირველმა სიყვარულმა კი გალა უწოდა. გალინას პირველი სიყვარული სხვა არავინ იყო, თუ არა პოლ ელუარი, დიდი ფრანგი პოეტი. ფრანგმა პოლ ელუარმა და ყაზანში დაბადებულმა ელენამ ერთმანეთი შვეიცარიაში, სანატორიუმში, ტუბერკულოზის მკურნალობისას გაიცნეს. ასე რომ, მთაში მკურნალობა არა მხოლოდ თომას მანის, არამედ ამ დიდი რომანის საფუძველიცაა.

პოლ ელუარს უყვარდა გალა, გატაცებული იყო ამ ქალით და ცოლადაც მოიყვანა. წყვილი 1917 წელს დაქორწინდა. ერთი წლის შემდეგ შეეძინათ ქალიშვილი – სესილი. 1921 წელს ელუარმა კიოლნში გალას მხატვარი მაქს ერნსტი გააცნო. გალა მხატვრის საყვარელი გახდა, თანაც ისე, რომ ელუარის ცოლად რჩებოდა.

მაქს ერნსტი - გალა ელუარი
შემდგომში, ერნსტი ელუართან და გალასთან გადავიდა საცხოვრებლად, 1929 წელს კი, ხანგრძლივი საქორწინო ურთიერთობის შემდეგ, კატალონიაში გალამ ცნობილი მხატვარი, სალვადორ დალი გაიცნო.

ეს ნამდვილი გაელვება აღმოჩნდა ორივესთვის – დალის შეუყვარდა გალა, გალას – დალი, მიატოვა პოლ ელუარი და გადავიდა სალვადორთან.

სალვადორ დალი - პოლ ელუარი
მხატვარმა ელუარის პორტრეტიც დახატა, როგორც ამბობდა, თავს ვალდებულად თვლიდა, ასე მოქცეულიყო და დაეხატა პოეტი ოლიმპოზე, საიდანაც მას ქალღმერთი მოსტაცა.

ასე იქცა გალა დალის ერთადერთ მოდელად და მისი დიდი წარმატების, ფინანსური წარმატების მთავარ შემოქმედად.

უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ გალა ურთიერთობას არ წყვეტდა ელუართან, ყოველ შემთხვევაში, მათ მიმოწერა ჰქონდათ.


ლევან ბერძენიშვილი - „წიგნიერების ევოლუცია“, გამომცემლობა „არტანუჯი“, 2016წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში