Thursday, June 1, 2017

ჯულიან ბარნსი - მსოფლიოს ისტორია 10 ½ კარად

„მსოფლიოს ისტორია 10 ½ კარად“ ჯულიან ბარნსის ყველაზე სასაცილო წიგნია - განსაკუთრებით მისი პირველი მოთხრობა „უბილეთოდ დამგზავრებული" . ეს არის წარღვნის არაკანონიკური ვერსია, რომელსაც ნოეს კიდობანს უნებართვოდ დამგზავრებული და ნოეზე ფრიად ნაწყენი სულიერი გვიყვება.

***

კიდობანზე უმკაცრესი წესრიგი იყო შემოღებული: იქაურობა ხმელთაშუა ზღვაზე გასასეირნებელ გემს ნამდვილად არ გავდა - უსაქმურობისაგან თავგაბეზრებული ხალხი, ბანქოს თამაშსა თუ ცეკვა-არშიყობას რომ ეტანება, ყოველი სადილობის წინ კიდე, ქალიან-კაციანად, ტანსაცმელს რომ იცვლიან უცილობლად. არა, ჩემო კარგებო - ჩვენთან ფრაკები მხოლოდ პინგვინებს ემოსათ და ჩვენი ეს მოგზაურობაც მეტად სახიფათო გახლდათ: მიუხედავად იმისა, რომ წესების ნაწილი იმთავითვე დაგვიდგინეს. ბოლო-ბოლო, აქ სრულიად მხეცთა სამეფოს უკლებლივ ყველა წარმომადგენელი უნდა მოთავსებულიყო და როგორ გინდოდათ, შავი ავაზა შვლისაგან ერთი ნახტომის მანძილზე დაგებინავებინათ?! ასე და ამგვარად, უშიშროების გარკვეული ზომების მიღება უბრალოდ აუცილებელი გახლდათ და ჩვენც რაღა გვექნა - შევეგუეთ ორმაგ საკეტებს, ყოველდღიურ შემოწმებებს, კომენდანტის საათის შემოღებას. სამწუხაროდ, ვერც გარკვეული სახის სასჯელის დადებასა თუ ცალკე საკნებში გამომწყვდევის საყოველთაო პრაქტიკას გადავურჩით. მერე იყო და მთლად ზემო ეშელონებში ვიღაცა ცნობების შეგროვების იშტაზე მოვიდა - შედეგად, დაბეზღება-ენატანიობა სრულიად ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. მოკლედ, ეს ჩვენი კიდობანი, უნდა გითხრათ, რაღაც ბუნებრივ ნაკრძალს სულაც არ გავდა და ერთგვარ მცურავ ციხეს უფრო მოგაგონებდათ.

***

ეს ჩვენი „ კიდობანი “ მხოლოდ ერთი ხომალდი რომ ვერაფრით იქნებოდა. ცხადია, ასე მთელ ჩვენს ფლოტილიას ვეძახდით შემოკლებით (განა მართლა არსებობს ვინმე ისეთი გულუბრყვილო, დაიჯეროს, რომ მხეცთა მთელი მოდგმა სულ რაღაც სამასიოდე წყრთის სიგრძის ხის ყუთში შეიძლება ჩაბეკნო?!); და ასევე - ორმოცი დღე და ღამე ცა ფეხად ჩამოდიოდაო. კარგი ერთი! ამდენი ინგლისშიც კი მოდის ხოლმე, თანაც ზაფხულობით! ჩემი ვარაუდით, მთელი ეს ამბავი წელიწადნახევარი მაინც გრძელდებოდა. რაც შეეხება იმას - წყალი ას ერგასი დღე არ დაწრეტილაო - ეგეც ან მტკნარი სიცრუეა, ან - თავის მოტყუება: ოთხ წელზე ნაკლები არაფრით დასჭირდებოდა, რაზეა ლაპარაკი … საზოგადოდ, თქვენი სახეობის წარმომადგენლები მუდამ მოიკოჭლებდნენ თარიღების დასმა-გამოთვლის ამბავში. ჩემი ღრმა რწმენით, ეს ზოგადად, შვიდჯერადი რიცხვების თქვენსავე უცნაურ აკვიატებას უნდა დავაბრალოთ. დასაბამიდან კიდობანი რვა ხომალდისაგან შედგებოდა: პირველი თავად ნოეს ხომალდი გახლდათ, მასზე ჩაბმულ სააღალო კარჭაპს რომ მიითრევდა; მას კიდევ ოთხი მოჰყვებოდა, რომელთაც მისივე შვილები ამირბარობდნენ, ხოლო სულ ბოლოს საკარანტინო ორჩხომელი გვედგა კვალში, რადგან ოჯახი წყევლასავით უფრთხოდა ყოველგვარ გადამდებ ავადობას. იყო კიდევ ერთი - მერვე, არცთუ დიდი ხანი რომ სდევდა კუდში ქამის კიდობანს და რომლის დანიშნულებაც, პირადად ჩემთვის, ამოუცნობი დარჩა: მომცრო იყო, ნახჭებითა და ჩუქურთმებით გაწყობილი და როგორც კი ქარიშხალი ჩადგა, მას მერე სულ ნაზი სურნელი მოგვდიოდა იქიდან, ხალისიანი დაკვრა-მღერა მოისმოდა და ხმამაღალი სიცილ-კისკისი. უცნაური იყო, რაღა თქმა უნდა, რაკიღა დარწმუნებულნი ვიყავით - ნოეს რძლები სითბოსა და მყუდროებაში სხედან მათთვის განკუთვნილ ხომალდებზეო. ოღონდაც ეს - როგორც ეტყობა, ხალისით სავსე და გარეგანადაც მორთულ-მოკაზმული, უცაბედად მოვარდნილმა ტალღამ იმსხვერპლა და მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ქამი რაღაც შეჩქვიფებული დაიარებოდა. შემდეგი სწორედ ის სააღალო კარჭაპი გაქრა - ერთ უმთვარო ღამეს, როცა ქარიც ჩამდგარიყო და გუშაგნიც მიუტევებლად თვლემდნენ; დილით კი ნოეს სამეთაურო კიდობნის კიჩოზე მხოლოდ რომელიღაც ცხოველის მიერ გადაღრღნილი სქელი ბაგირის ნაგლეჯიღა კონწიალობდა. ერთი ამბავი ატყდა, რაღა თქმა უნდა და ურთიერთბრალდებებსაც ბოლო არ უჩანდა - ან რაა გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ერთბაშად რამდენიმე სახეობის გაქრობის პირველი შემთხვევა გახლდათ! მერე იყო და ჩვენს მცურავ საავადმყოფოსაც თითქოს წყალმა პირი უყოო და ხმები დაირხა, ეს ორი ამბავი ერთმანეთს ებმისო: აკი ქამის ცოლი აპილპილებულა - როგორ თუ ჩემი ხელით დაქარგულ- დამაქმანებული საბან-გობანი აღალის კარჭაპმა გაიყოლაო და ვაითუ ამგვარად გადაეწყვიტა ზოგ ცხოველზე მაინც ეყარა ჯავრიო. ოღონდ დანამდვილებით კი ვერავინ ვერაფერი გაიგო. თუმცა, ყველაზე დიდი დანაკლისი მაინც ვარადის დაკარგვა აღმოჩნდა. სემსა და ქამს ხომ იცნობთ და მათი მესამე ძმის, იაფეტის თაობაზეც გსმენიათ ალბათ, ოღონდ დაგენაძლევებით, ვარადის შესახებ ყური არავის არაფრისთვის მოგიკრავთ, ეგრეა? ეგ უმრწემესი იყო ნოეს ვაჟიშვილებში და უღონიერესიც, ოღონდ უსაყვარლესიო - ნამდვილად ვერ ვიტყვი; მისდა საუბედუროდ, იუმორის გრძნობა გააჩნდა - ყოველ შემთხვევაში, ბევრს იცინოდა, თქვენს მოდგმაში კი ეს ორი რამ ხშირად ერთმანეთში ეშლებათ ხოლმე. მოკლედ, დიდი ჭკუამხიარული ვინმე გახლდათ და ხშირად მინახავს, მთლად გემბანსგარეთ გაჭიმულ ბაგირებზე რომ მუშაითობდა, ორთავე მხარზე შემოსმული თითო თუთიყუშით; ოთხფეხა რქოსნებს ქედზე უტყაპუნებდა ხელს და ისინიც, ნაამებნი, ზმუილით ეპასუხებოდნენ და საერთოდ, ხმა დადიოდა, მის კიდობანში შეუდარებლად უფრო ლიბერალური წესებია შემოღებულიო. ჰოდა, ეგეც თქვენ: ერთ დილასაც გავიღვიძეთ და მისი ხომალდი უკვე ცისკიდურს ეფარებოდა, ცხოველთა სამყაროს მასთან დამგზავრებული მთელი ერთი მეხუთედითურთ! ყველა სხვას რომ თავი გავანებოთ, მარტო ვერცხლისფერთავიანი და ფარშევანგისკუდიანი ჩიტი-სიმურგის დაკარგვა როგორი ამბავია? და ცნობადის ხეზე ბუდისმკეთებელ ჩიტზე რაღას იტყვით? ეგენი ორივენი ისევე ვერ გადაირჩენდნენ თავს აქაფებულ ტალღებში, როგორც რომ უბრალო პრანწია!

უფროსი ძმები აქეთ ამუნათებდნენ უმცროსს - გეზი ვერ დაიჭირა სწორადო, ცხოველების მიმართ გაუკუღმართებულ ურთიერთობასაც კი აბრალებდნენ და იმაზეც მიანიშნებდნენ, ჯერ კიდევ სულ ოთხმოცდახუთი წლის ბაჭაჭყანამ, მოახერხა და ღმერთი რაღაცით გაანაწყენაო. არადა, მართლა მძიმე დანაკლისი მოგივიდათ, წყალი არ გაუვა - მაგის გენები მთელს თქვენს მოდგმას წაადგებოდა მომავალში.

***

მთელი ეს ამბავი მაშინ დაიწყო, როცა დანიშნულ დროსა და ადგილზე გვიბრძანეს შეკრება. სწორედ მაშინ გავიგეთ უზენაესი გეგმის შესახებ, ოღონდ მისი პოლიტიკური სარჩულის თაობაზე, ცხადია, ჩვენთან სიტყვა არავის დაუძრავს. მოკლედ, ის, რომ ღმერთი თავის ქმნილებებს შემოსწყრა, ჩვენთვის სრული მოულოდნელობა გახლდათ და უბრალოდ, ხელს გაგვაყოლეს, შეიძლება ითქვას. აბა ჩვენ რა ბრალი გვედო მთელ ამ საქმეში?! (ახლა არ მითხრათ, გველიო და ა. შ. - ეს სულ ადამის შავი პიარი გახლდათ).

***

რა გგონიათ, მთელი დედამიწის ფაუნა ზედ ნოეს სრა-სასახლის სანახებში ბინადრობდა?! (ისე, სამოსახლოს კი არ უჩიოდა, ნამდვილად - ხელმოკლე იყოო, მაგაზე ენა არ მოგიბრუნდებოდა) არა, ბატონო ჩემო, მთელი სამყაროს დაფეთება რომ აეცილებინათ თავიდან, ჯერ კონკურსის გამოცხადება მოუწიათ და მერე - ამ ვითომდა კონკურსის მოწყობა: გარეგნობაო, უნარ-ჩვევებიო, ნაზი გრძნობების გამოხატვის უნარიო, წყვილთა შორის ურთიერთშეთავსებულობაო … მსურველები დანიშნულ თვეს უნდა გამოცხადებულიყვნენ ნოეს კიდობნის აღსავლის კართან. ახლა ხომ გესმით, რა ცოდვის დღეც ტრიალებდა მთელ დედამიწაზე?

***

ნოესა და მთელ მის საორგანიზაციო კომიტეტს არც ის მარტივი ამბავი გაუთვალისწინებია, ზოგი ცხოველი რომ ამ დროს შუა გამოზამთრებაში იქნებოდა, ძილქუშს მიცემული; ახლა კიდე - მოგეხსენებათ, ზოგი ოთხფეხი უფრო სწრაფად გადაადგილდება და ზოგიც - სულ ნელა, მცონარასავით (არსებობდა ერთი ასეთი ჯიში, ძაან-ძაან ფუმფულა და საყვარელი ვიღაცები იყვნენ, გეფიცებით - მარტო ხიდან ჩამოსვლა მოასწრეს და ღვთის რისხვის პირველმა ტალღამაც გადაუარა ზედ) და ამას ეძახით თქვენ ბუნებრივ გადარჩევას?! მე თუ მკითხავთ, პროფესიული უვარგისობის სუნი უდის ამ ყველაფერს.

***

ნოეს სასახლის მაღალი ღობის მიღმა, ერთთავად განდეგილ- დაწუნებულთა მოთქმა-გოდება გაისმოდა ხოლმე წკვარამ ღამეში.

***

აკი მუდამ ჩაგჩიჩინებდნენ - ნოე სიბრძნის, ღვთისმოშიშობისა და მართალი სამართლის ქმნის განსახიერება იყოო, მე კიდე ფსიქიკურად არამდგრად გაიძვერად და ლოთად წარმოგიდგინეთ? რას იზამ, ბოლო-ბოლო, ეს ორი თვალსაზრისი არც ისე შეუთავსებელია! მოდი, ასე ვთქვათ: თავად ნოე დიდი ვერაფერი ავ-კარგიანი ვინმე იყო, მაგრამ აბა ერთი, სხვებიც გენახათ! რაღა გასაკვირი ამბავია, უფალს რომ საკუთარი გასვრილი ხელების განბანვა მოსურვებოდა - უცნაური ისაა, ამ სახეობის სულ მთლად მოსწყვედნა რომ არ მოუვიდა თავში - ბოლო-ბოლო, მისი ეს ქმნილებები ხომ დიდად ვერაფერი სასახელო გახლდათ თავად მათი შემოქმედისათვის.

***

არც ის იცოდა, ზუსტად როდის მოვიდოდა ეს დაპირებული წარღვნა - უფალმა ესეც კი არ აცნობა თავის რჩეულს. დღეყოველ ავცქეროდით ცარგვალს - მორეკავდა ავბედით ღრუბლებს დასავლეთის ქარი, თუ მამაღმერთი თავის ამ სპეცდანიშნულების წვიმას სულ სხვა მხრიდან მიუშვებდა დედამიწაზე?

***

შორით კი მიტოვებულ ცხოველთა საწყალობელი მოთქმა- ყმუილი მოისმოდა. თანდათანობით, ეს ხმებიც მიწყნარდა და მივხვდით, წყალი უკვე მთლიანად ფარავდა ველ-მინდვრებს.

***

ნოემ თუ იქნებ თავად ნოეს უფალმა დაადგინა - ორი სახის ცხოველი არსებობს, წმინდა და უწმინდურიო. შესაბამისად, წმინდები შვიდ-შვიდი აყავდათ, უწმინდურები კიდე - ორ-ორი.

გასაგები მიზეზების გამო, ამგვარმა სეგრეგაციამ ცხოველები აღაშფოთა და უნდა ითქვას, თავად ეს „ წმინდად “ შერაცხულნიც თავს მეტად უხერხულად გრძნობდნენ; ოღონდაც სულ მალე აღმოჩნდა, რომ ამგვარი აღზევება კარგს არაფერს უქადდათ: ეს „ სიწმინდე “ მხოლოდ იმას ნიშნავდა, ვარგისი არიან საკვებში გამოსაყენებლადო.

არა გჯერათ? აბა მაშ მითხარით ერთი, თქვენი აზრით, მთელი ეს ხანი რითი იკვებებოდა ნოე და მისი ჯალაბობა? ღმერთო დიდებულო - ჩვენით, რაღა თქმა უნდა!

***

არა, მისხალი აზრი მაინც რომ გვეპოვა ამ გაუგებრობაში, ანდა თავად ნოეს აეხსნა რაიმე ჯეროვნად … თუმცა, მას მხოლოდ ბრმა მორჩილება სჩვეოდა.

***

ეს ჩვენი ნოე დიდი ღვთისმოშიში კაცი გახლდათ და თუკი მისსავე ღმერთივით მოშურნე და ერთგვარად უჯიათ ხასიათსაც გავითვალისწინებთ, უკეთესი შემსრულებელი არც გინდოდა.

***

საწყენად კი არ ვამბობ, ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ ეგ თქვენი ნოე დიდი ვერაფერი შვილი გახლდათ - მოკლედ რომ ვთქვათ, ვერ იყო მთლად კარგი კაცი. მესმის, არავის გეამებათ ამის გაგონება - აკი სულ მის პირდაპირ შთამომავლებად თვლით თავს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - დიდი უგვანი ვინმე იყო: თვითკმაყოფილი და თვითკმარი პატრიარქი, დღის ერთი ნახევარი რომ თავის ღმერთს უგორებდა კოჭს, მეორე ნახევარი ჩვენზე ანთხევდა დაგროვილ ბოღმას. საკუთარი საბიჯგელი ურთხელისაგან გამოთალა, რომელიც მისმა ღმერთმა ურჩია საშენ მასალად და … მოკლედ, ზოგიერთ ცხოველს დღემდე ზოლებად დასდევს იმ ურთხელის კვალი. ისე, გამაოგნებელი ამბავია, რა შეუძლია შიშს და გამიგია კიდეც, თქვენს მოდგმაში მისგან ზოგს თმაც კი მეყვსეულად გასთეთრებია; ოღონდ ეგ რაა - ჩვენს კიდობანში ეგეთები მომხდარა?! აი მაგალითად, იყო ხვლიკების ერთი წყვილი - ნოეს ფეხის ხმას გაიგონებდნენ თუ არა, წამში იცვლიდნენ ფერს: მათი ბუნებრივი კანისფერი გარემოს ეხამებოდა და ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ აიჩეჩა ნოემ მხრები, გალია რომ, მისი აზრით, ცარიელი დაუხვდა! ხოლო როგორც კი მისი საბიჯგელის კაკუნის ხმა მიწყდა, ამ საცოდავმა, დამფრთხალმა ქვეწარმავლებმა ნელ-ნელა ისევ მიიღეს ჩვეული სახე. შემდგომში - ასე ვთქვათ, პოსტ-საკიდობნე ხანაში მათ ეს ჩვევა ძალზე გამოადგათ; ყველაფერი კი „ადმირალის“ წინაშე შიშმა გამოიწვია, მე ვარ ამის ცოცხალი მოწმე.

***

საერთოდაც, უნდა გითხრათ, რომ ნოე და მისი ოჯახი ჩვენ ყველას ერთ დიდ, მცურავ დუქნად აღგვიქვამდა და კაცი არას დაგიდევდათ, წმინდა იყავი თუ - არც ისე. ჯერ სავსე სტომაქი და მერე - მარხვა, ასეთი იყო წესი და რიგი. ეგებ ვერც კი ხვდებით, რაოდენი დაკარგეთ მისი მუცელღმერთობის წყალობით. ან იქნება და პირუკუ: ძალიანაც კარგად იცით ყველაფერი, იმიტომ რომ ერთთავად რაღაცებს წარმოიდგენთ ხოლმე - ათასგვარ მითიურ ცხოველებს, წარსული დროის თქვენი პოეტები რომ სახავდნენ ერთიმეორეზე უკეთ - თქვენ გგონიათ, მართლა იგონებდნენ, ან მავანი, ზედმეტად გადაკრულში მყოფი მონადირეების შეთხზულ ზღაპრებს იმეორებდნენ? არა, ბატონებო - ეგენი სულ ნოემ და მისმა ამქარმა დაათოხლავა!

***
გაგვიჩნდა არცთუ მთლად უსაფუძვლო ეჭვი - ნოესა და მის ოჯახს ზოგი ფრინველ-ცხოველი უბრალოდ, თვალში არ მოსდიოდა! სიტყვაზე, ბასილისკოების წყვილი რაღაც საეჭვოდ ადრე გაქრა გემბანიდან, და თუმც ნებისმიერს დავეთანხმები - დიდად ვერაფერი საამო შესახედები იყვნენ, მაგრამ არც ხორცი იჭმებოდა მათი და არც რამე ავადობა შეჰყრიათ - მაგაზე ყველა ჩვენთაგანი თავს დადებს.

რაღა თქმა უნდა, თქვენ ისინი თვალითაც არასოდეს გინახავთ - ოთხფეხა მამლებს გავდნენ, გველის კუდები ებათ და მეტად უსიამო გამოხედვა ახასიათებდათ. და რა მერე? განა მათაც იგივე უფლებები არ გააჩნდათ, რაც ყველა სხვას? მაგათ მერე გრიფონები მიჰყვნენ, გრიფონებს - სფინქსები, სფინქსებს - ჰიპოგრიფები … თქვენ კიდე გგონიათ, ეგენი სულ ვიღაც ტვინნაღრძობი პოეტების გამოგონილი არსებებია? გეგონოთ. უბრალოდ, ეგენი ყველანი სულ ნაჯვარი ცხოველები იყვნენ.

***

ყველაზე სამწუხარო მაინც რქაცხენას ამბავი გახლდათ: მთელი სამი თვე ვერაფრით ამოვიგდეთ თავიდან მისი გაქრობა. ხმებიც კი დაირხა - ქამის ცოლი მის რქას ყოვლად უხამსი საჭიროებისთვის იყენებსო; ხელისუფლებამაც არ დაახანა და ძალ-ღონეს არ იშურებდა მისი ხსოვნისათვის ჩირქის მოსაცხებად - აქაოდა საკუთარი მძიმე ხასიათის მსხვერპლი შეიქნაო. ფაქტი ფაქტად რჩება - პირადად ნოემ აითვალწუნა ეს უკეთილშობილესი ცხოველი, რადგან ყველანი ალალად პატივს ვცემდით, მამამთავრისა კი მხოლოდ გვეშინოდა. ბოლო-ბოლო, რაა დასამალი - ეს თქვენი ნოე ერთი ხეპრე, სუნიანი, ეჭვიანი, გულბოროტი და შურით სავსე ვინმე გახლდათ! მეზღვაურადაც ხომ არაფრად ვარგოდა - რამდენი ქარი ამოვარდებოდა და ღელვა ატყდებოდა, იკეტებოდა თავის კაიუტაში, იწვა გაშხლართული და გულზიდვის შესამსუბუქებლად კუჭის წვენს ანთხევდა ხის დიდ ტაშტში - მაგისი ყროლი ხომალდის ცხვირიდან კიჩომდე უწევდა ხოლმე. აი, რქაცხენა კიდე მისი სრულიად საწინააღმდეგო არსება გახლდათ - ღონიერი, უშიშარი, უპატიოსნესი, მის კანს მუდამ კრიალი გაჰქონდა და ძუაც ღერი-ღერზე ჰქონდა ხოლმე დავარცხნილი.

***

ჯერ მარტო ნოეს სიშიშვლის ამბავი რადა ღირს! ეგ უკვე ხმელეთზე გადასვლის მერე მოხდა: ნოე, როგორც არასდროს, ისეთი კმაყოფილი გახლდათ საკუთარი თავის - აბა როგორ, მთელი კაცობრიობა გადაარჩინა, ანუ - საკუთარი გვარის ზეობა ისე განამტკიცა, ვინღა იყო მისი წინააღმდგომი! თავად ღმერთმა პირადად მას დაუდო სამარადჟამო ხელშეკრულება და ახლა შეეძლო, სიცოცხლის ის დარჩენილი სამასორმოცდაათი წელი ნეტარ უსაქმურობაში გაეტარებინა. მთის კალთებზე პაწია დასახლება დაარსა (თუ არ ვცდები, თქვენ მას არღურად იხსენიებთ), იჯდა და სხვა რა საქმე ჰქონდა - სულ ახალ-ახალ წოდებებს იგონებდა თავისთვის: „ქარიშხლის წმინდა რაინდი“ , „ოთხივ მხარის ქართა მბრძანებელი“ და რა ვიცი, რას არა … გაიძახით - ვაზი დაასხაო … რა უნდა მაგ ევფემიზმის მიხვედრას?! ლოთობდა, ეგ იყო და ეგ! ერთხელაც კიდე, მთლად რომ გატყვრა, ლოგინამდეც ვეღარ მიაღწია და იქვე, იატაკზე გაიშოტა. ქამი და მისი ძმები კი სწორედ ამ დროს მიბოდიალობდნენ სადღაც, ბრაგვანის ხმა მოესმათ და იფიქრეს, ემანდ რამე ხომ არ მოიწია ამ ჩვენმა ლოთმა მამამო, შევიდნენ მის კარავში და რას დაინახავდნენ?!

როგორი სანახავია, ექვსასორმოცდაათი წლის ბეხრეკი, შიშველ- ტიტველი რომ გდია ძირს და მთელი თავისი საბერველებით რომ ხვრინავს? ქამს მაინც ეყო ზრდილობა და ძმებს უთხრა - მთლად ასე ნუ დავტოვებთ, რამე გადავაფაროთ და ისე ჩავაწვინოთ ლოგინშიო. ისინიც უკუსვლით მიუახლოვდნენ და ისე გადაათრიეს მძინარე მამა, ერთხელაც არ დაუხედავთ მის სარცხვინელზე (ეგეც კიდევ ერთი უცნაური ახირება - გამრავლების ორგანო, რატომღაც, დიდად სარცხვინელ სანახად რომ ითვლება!). და რა მერე? ამისთანა კდემამოსილ და მშობლის პატივისმცემელ ძეს რითი გადაუხადა მადლობა ჯერაც მაჭრით გამობრუჟულმა ამ მემთვრალემ? ქამი და მთელი მისი შთამომავლობა მიაწყევლა და დაუდგინა - აწ და მარადის, ჩემკენ უკანალმოშვერილი შენი ძმებისა და მათი მონაგარის მსახურებად დარჩებითო! ხედავთ ამაში თქვენ სიბრძნის რაიმე ნიშანს? იტყვით ალბათ - ლოთობამ გონება აუმღვრია და შესაცოდია ეგ კაცი, განსასჯელი კი არაო. დავუშვათ. ოღონდ ერთსაც ვიტყვი: თქვენგან განსხვავებით, ჩვენ მას პირადად ვიცნობდით. ნოე ერთი ბეხლეწი ვინმე გახლდათ, მთის გორილას ხელა, თუმცა ამაზე მათი მსგავსება თავდებოდა კიდეც. თავიდან მხოლოდ ამ ჩვენი ფლოტილიის კაპიტნად რომ იხსენიებოდა და მერე კი ადმირალის წოდებაც დაისაკუთრა, დიდი მოუხერხებელი ვინმე გახლდათ და თან - პირადი ჰიგიენის არცთუ გულდაგულ მიმდევარი. თმასაც კი ვერ იზრდიდა წესიერად და სხვა ცხოველების ბეწვით იფარავდა ხოლმე თავს.

***

გჩვევიათ ხოლმე, ის ირწმუნოთ, რისი რწმენაც გსურთ, და ერთხელ უკვე შემუშავებული თვალსაზრისის გადახედვისაკენ გული არ მიგიწევთ; რას იზამ, ნოეს გენები აქაც იჩენს თავს. მაგასვე უნდა მივაწეროთ ის ამბავი, რომ კაცობრიობა, ზოგადად, უცნაურად არაცნობისმოყვარეა - სხვა აბა რითი ავხსნა, რომ თავშიც არავის მოგსვლიათ შეკითხვა - რა დაემართა ყორანს? როცა კიდობანი მთის წვერს მიეხალა (სინამდვილეში ცოტა უფრო რთულად იყო საქმე, მაგრამ მოდი, დეტალებზე ნუ შევყოვნდებით), ნოემ ახადა თავი კიდობანს და ერთი ყორანი და ერთიც მტრედი გამოუშვა იმის შესატყობად, ხომ არ დაიმცრო წყალიო. მერე ამ ყორანზე სიტყვაც აღარ დაუძრავს არავის - ეტყობა, დაფრინავდა თავისთვის იქით-აქეთ. აი, მტრედის ის სამი გაფრენა კი ლამის გმირობად დასახეთ!

***

აღტაცების ჟრუანტელი გვივლის, როცა ნისკარტით ზეთისხილის შტოს მოუტანს ნოეს. სინამდვილეში, საქმე სულ სხვაგვარად იყო: ჯერ ეს ერთი, ყორანი მტრედზე ბევრად უკეთ დაფრინავს და რომ გაიძახოდა - მაგან კი არა, მე ვიპოვე ის ზეთისხილის ხე და ის რტოც მე მოვატეხეო, მჯერა კიდეც - აბა მტრედი რომელი რტოების მომტეხავი იყო?! ნოემ კი გადაწყვიტა, ასე უფრო „სიმბოლური“ იქნებაო და თან სწორედ მისი და მისი ღმერთის ხასიათში ჯდებოდა, ახლა ფრთოსნები გადაემტერებინა ერთმანეთისთვის. არაო, გაიძახოდა - თვითმხილველებმა თქვესო (არა, მაინც ვინ - საინტერესოა ვიცოდეთ? არცერთი ფრინველი ასე არ დაეცემოდა ზნეობრივად, ამგვარი ხმები დაეყარა ვინმესთვის!), რომ ყორანმა თავისი პირდაპირი მოვალეობა მიივიწყა და ლეშის ჭამით გაერთოო. სხვათა შორის, ამბობენ, რომ ყორნის ხმაში ახლაც მოისმის განაწყენების მიმანიშნებელი ერთგვარი ხრინწი. ამის საწინააღმდეგოდ, ხმელეთზე გადმოსვლის მერე მტრედი ისე აღუღუნდა, თითქოს უკვე ხედავდა საკუთარ გამოსახულებას საფოსტო მარკებზე.

***

ადამიანი, ზოგადად, ბევრად ჩამორჩება ცხოველს, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მაინც. ჩვენ ხომ მარად იგივენი ვართ - აი რას ნიშნავს იყო განვითარებული. ჩვენ ისეთები ვართ, როგორებიც ვართ და ვიცით, როგორ უნდა ვიქცეოდეთ. განა კატა დაიწყებს ყეფას, ან ძაღლი - კნავილს? თქვენგან კი სწორედ ასეთ ქცევას მოველით ხოლმე! ხან ველურები გინდათ იყოთ და ხანაც - ცივილიზებულები.

***

თქვენს სახეობას სიმართლე თვალებს სტკენს და თან, ძალიანაც: ან სულ იოლად ივიწყებთ ხოლმე რაღაც-რაღაცებს, ან თავს იკატუნებთ, ვითომდა აღარ გახსოვთ. მეორე მხრივ, არის ამგვარ სირაქლემისებურ ქცევაში რაღაც დადებითიც: როცა ცუდს ვერ ამჩნევ, ცხოვრებაც გიიოლდება. ოღონდ ცუდს როცა არ იმჩნევ, ნელ-ნელა იმასაც ირწმუნებ, ეგეთი რამ საერთოდ არც არსებობსო. მერე კი გიკვირთ, თოფი რატომ კლავს, ბევრი ფული რატომ რყვნის, ზამთარში თოვლს რატომ დებს … ეგეთი გულუბრყვილობა საამოა, მაგრამ თან - სახიფათოც.

***

რომელიღაც ძველებრაულ წიგნში ისიც კი გიწერიათ - პატრიარქმა ნოემ ღვინო მაშინ აღმოაჩინა, თუხთუხა ყურძენნაჭამი ვაცი რომ იხილაო. აბა კი, როგორ არა - ეგეც ცხოველებს გინდათ გადააბრალოთ?! თქვენ რომ გკითხოთ, პირველცოდვა გველის ბრალია, პატიოსანი ყორანი უსაქმური და ლეშის მოყვარულია, ვაცმა კი ნოე გაალოთა. მერწმუნეთ, ღვინის თვისების აღმოსაჩენად ნოეს რომელიმე ჩლიქოსნის დახმარება არაფერში სჭირდებოდა. მაგრამ ასეა: თქვენ მუდამ სხვას გინდათ ყველაფერი გადააბრალოთ, ხოლო თუ ვერც ვერავის აბრალებთ - მაშინ უკვე იმის მტკიცებას იწყებთ, ეგ პრობლემა არც არასოდეს არსებულა, სულ თითიდან გამოწოვილი ამბავიაო. თამაშის წესებსაც ხომ მუდამ თქვენს ჭკუაზე ცვლით, და ისეთ რამეებსაც იგონებთ, დაბნეულობისაგან პასუხსაც ვერავინ გაგცემთ.

მთარგმნელი - გია ჭუმბურიძე