ო’ ჰენრი - არ მიყვარს გმირებისთვის ზედმეტი ტანჯვის მიყენება…

(უილიამ სიდნი პორტერი - 1862-1910)
„არ მიყვარს გმირებისთვის ზედმეტი ტანჯვის და წამების მიყენება“, - ო’ ჰენრი


„ის მაინც გაგვიმხილეთ, კაცი ხართ თუ ქალი“, - მიიღო ო’ ჰენრიმ წერილი და არ უპასუხა. მისმა თანამედროვეებმა არც კი იცოდნენ, ვინ იყო იმ მახვილგონიერი, სხარტი, წარმტაცი სიუჟეტის მქონე მოთხრობების ავტორი, რომლებიც ასეთი პოპულარობით სარგებლობდა.

ო’ ჰენრიმ მძიმე, გაჭირვებითა და ხიფათით სავსე ცხოვრება გაატარა. თხუთმეტი წლიდან თვითონ ირჩენდა თავს - მსახურობდა აფთიაქში, მერე ტექსასში გადასახლდა.

კოვბოი, ბუღალტერი, მესაწყობე, ეკლესიის მგალობელი, ერთ ხანს - მსახიობი, პროვინციული იუმორისტული გაზეთის რედაქტორი, რომელიც წერდა ნარკვევებს, წერილებს, ლექსებს... ბოლოს ცოლი შეირთო, ჰიუსტონში დასახლდა და ნაციონალურ ბანკში მოლარედ დაიწყო მუშაობა. ბანკის სალაროდან ათასი დოლარის გაფლანგვა დააბრალეს და სასამართლო პროცესის თავიდან ასაცილებლად ო’ ჰენრი ცენტრალურ ამერიკაში გაიქცა.

როგორც ამბობენ, ჰონდურასში, საბარგო გემიდან გადმოსვლისას დაინახა საუცხოოდ შეკერილ, მაგრამ დასვრილ და დაფლეთილ კოსტუმში გამოწყობილი კაცი, რომელიც მეორე გემიდან გადმორბოდა.

- რამ გაიძულათ ასე სასწრაფოდ ჩამოსვლა? - იკითხა ო’ ჰენრიმ.
- იმავემ, რამაც თქვენ, - იყო პასუხი.

ეს უცნობი ცნობილი ბანდიტი აღმოჩნდა, გვარად ჯენინგსი - მატარებლების მძარცველთა მეთაური, რომელიც პოლიციას ემალებოდა. ჯენინგსის ბევრი ნაამბობი მისი და მისი ამხანაგების ცხოვრებიდან ო’ ჰენრიმ ნოველების სიუჟეტებად გამოიყენა. მან ჯენინგსთან ერთად დაიწყო ხეტიალი, მაგრამ მალე ჰიუსტონში დატოვებული ცოლის ავადმყოფობის ამბავი შეიტყო და თუმცა იცოდა, რომ საპყრობილე არ ასცდებოდა, სასწრაფოდ დაბრუნდა შეერთებულ შტატებში.

პატიმრობა მას მართლაც არ ასცდა, მაგრამ ვერც ცელი გადაარჩინა. საპყრობილეში ო’ ჰენრიმ სამი წელი გაატარა. აქ (ო’ ჰენრის ფსევდონიმით) თავისი პირველი ცნობილი იუმორისტული მოთხრობა „დიკის საშობაო წინდები“ დაწერა, რათა ქალიშვილისთვის საშობაო საჩუქრის გასაგზავნი ფული მიეღო.

„აქ ადამიანის სიცოცხლე გაუფასურებულია. ჭლექი ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენაა, როგორც ციხის გარეთ სურდო, თვითმკვლელობა კი ისეთი ხშირია, როგორც ზაფხულში გასეირნება... დამწყვდეულ უბედურთა კვნესა და ყვირილი მოქმედებს ჩემზე, როგორც ცივი სამართებლის პირი კისერთან. ყვირილი შემოიჭრება ხოლმე ჩემს მოთხრობაში, როგორც ჩონჩხის ძვლების ჩხარუნი საქორწილო მხიარულებაში“, - ასეთ სასოწარკვეთილ კერძო წერილებს აგზავნის ო’ ჰენრი საპყრობილედან.

ბავშვმა არ იცოდა, რომ მამა დაპატიმრებული იყო. მოთხრობა გაიყიდა და მას შემდეგ ო’ ჰენრის წერა არ შეუწყვეტია.

სასჯელის მოხდის შემდეგ ის ნიუ-იორკში დასახლდა და მწერალი გახდა.

ლიტერატურული მოღვაწეობა დიდი ფულის მომტან პროფესიად მიაჩნდა:

„მწერლობა ლუკმაპურის შოვნის სხვა გზებზე უფრო იოლი და სასიამოვნო გზაა... მწერლობით მეტ ფულს ვშოულობ, ვიდრე სხვა რომელიმე პროფესიით ვიშოვიდი“, - მოჰყავს ო’ ჰენრის თანამედროვეს მისი სიტყვები.

ო’ ჰენრი 1910 წელს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, ნიუ-იორკის ერთ-ერთ პოლიკლინიკაში გარდაიცვალა.

მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „აანთეთ სანთელი - სიბნელეში სიკვდილი არ მინდა“.

ავტორი - მაია ნათაძე