სელჩუქ დერინოზი - გენერლის დილა

ფოტო: არა გულერი
აჰა, ავდექი 
საწოლიდან, ძილიდან, სიზმრიდან,
დავიბანე პირი,
გადავივარცხნე თმა მარჯვნისაკენ, 
აჰა, ჩავიცვი თეთრი პერანგი -
ჩემი აბჯარი,
ჯინსის შარვალი,
ტყავის ქურთუკი,
გამოვედი გარეთ,
ჩემივე თავის ჯარისკაცი,
ჩემივე თავის მეზარბაზნე,
მეომარი შეუპოვარი!
გამოვედი, აჰა, ცხოვრებავ, 
საბრძოლველად, საომრად, გასამარჯვებლად! 
პირველი შეტევა,
ამოსვლა სანგრიდან, წინა ხაზი -
უბნის მაღაზია,
უცხვირპირო მოწინააღმდეგე, 
დახლის უკან გამაგრებული გამყიდველი,
მტერი ვერაგი.
ვიტრიალებ ცარიელ ჯიბეებს და 
უკან ვიხევ,
არაფერს ვიმჩნევ,
უკან ვბრუნდები,
თავაწეული,
წარბაწეული,
ჩემივე თავის გენერალი,
ვტოვებ ბრძოლის ველს,
უსიგარეტოდ.

თარგმნა ირაკლი კაკაბაძემ