Header Ads

test

ანდრე ბრეტონის პოეზია... |

სიფხიზლე

პარიზში წმინდა იაკობის კოშკი რომელიც მზესუმზირასავით ირწევა კენწეროთი იშვიათად ეხება სენას და კოშკის ჩრდილი შეუმჩნევლად ლივლივებს ბარჟებს შორის

ამ წუთას ძილში თითის წვერებზე

დავდივარ ოთახში სადაც ვწევარ გაშხლართული და მას ცეცხლს ვუკიდებ

რათა არაფერი დარჩეს თანხმობიდან რომელიც გამომგლიჯეს ავეჯი ადგილს უთმობს თავისავე ზომის ცხოველებს რომლებიც ძმურად იყურებიან

ლომებს რომელთა ფაფრები ბურბუშელებად ჩამწვარან

ზვიგენებს რომელთა თეთრი მუცელი იზიდავს თავისკენ ზეწრების უკანასკნელ ცახცახს

სიყვარულის და ლურჯი ქუთუთოების ჟამს ვხედავ ჩემის მხრივ როგორ ვწვავ სიცარიელის სადღესასწაულო სათავსოს რაც ჩემი ტანი იყო

ცეცხლის მოთმინებისუნარიან იბისთა მიერ განწებებული როცა ყველაფერი აღსრულდა მე უჩინარი შევდივარ კიდობანში

არ ვუფრთხი სიცოცხლის გამვლელებს მოჟღარუნეებს შორს თავიანთი ზანტი ნაბიჯებით

წვიმის კუნელს მიღმა ვხედავ მზის ბიბილოს

მესმის უზარმაზარი ფოთლებივით იფხრიწებიან ადამიანური ჩვრები ერთმანეთის წამქეზებელთა არსებობისა და არარსებობის კლანჭებში ყველა ხელობა განიმქრევა და მხოლოდ სურნელოვან მაქმანებს ტოვებს მაქმანოვან ნაჭუჭს უზადო ფორმის ქალის მკერდის მსგავსს მე მხოლოდ ნივთების გულს ვეხები მე ძაფი მიჭირავს.

* * *

შენს ადგილზე მე არ ვენდობოდი ჩალის რაინდს ანჟელიკას მხსნელი სიფათის მსგავს ამ ტიპს შენს თმაში ანფილადებად დაქსაქსული მეტროს ხახების ლაიტმოტივი

ესაა მომხიბლავი ლილიპუტური ჰალუცინაცია მაგრამ ჩალის რაინდი ყალის რაინდი

თავისი ცხენის გავაზე გსვამს და თქვენ შექანდებით მაღალ ხეივანში ალვებისა

რომელთა პირველი დაკარგული ფოთლები კარაქად ცვივიან ქარის პურის ვარდისფერ ნაჭრებზე

მე ქედს ვიხრი ამ ფოთლების წინაშე მსგავსად მაღალხარისხოვნად დამოუკიდებელი იმ ყოველივესი რაც შენშია

მათი გაფითრებული წონასწორობა

დაწყებული იებით

სწორედ ის აუცილებელია რათა შენი ტანის ყველაზე უნაზეს ნაკეცებში ამოვიდეს მთავარი მოუხელთებელი ეპისტოლე ბოთლიდან რომელსაც დიდხანს ინახავდა ზღვა

და მე თაყვანს ვცემ როცა ისინი როგორც თეთრი მამლის ბუმბული გაცოფებით მჭიდროვდებიან ძალადობის სასახლის ტერასზე

იმ შუქზე რომელიც შემზარავი გახდა სადაც უკვე საუბარი აღარაა ცხოვრებაზე მოჯადოებულ ტევრში

სადაც მონადირე თოფს კონდახით იმაგრებს მხარზე და უმიზნებს ხოხობს ეს დანაიას მონეტის ფოთლებია

როცა მე საშუალება მეძლევა ისე მოგიახლოვდე რომ შენ აღარ ჩანხარ შევკვეცო შენში ეს გამოცარიელებული ყვითელი საყრდენი

შენი თვალის ყველაზე უფრო მბრწყინავი წერტილი სადაც ხეები ფრინავენ

სადაც შენობები იწყებენ ცახცახს სულელური მცდელობის სიხარულით სადაც საცირკო სანახაობები იცვლება ქუჩის ცოფიანი სიხარულით დათმენა

შორს ორი სამი სილუეტი მოწყვეტილა

ახლობელთა წრის თავზე პარლამენტარის დროშა იმსხვრევა


მზესუმზირა

პიერ რევერდის

მოგზაური ქალი რომელმაც ცენტრალური ბაზარი გადაჭრა ხანდაზმულობაში თითის წვერებზე მიდიოდა

უიმედობა ცაზე თავის დიად და ესოდენ მშვენიერ არუმებს მიაგორებდა და ხელჩანთაში ინახებოდა ჩემი ოცნება ეს ფლაკონი საყნოს მარილთა რომელთაც ისუნთქავდა ოდენ უფალი ღმერთის ნათლიდედა გაშეშებანი იშლებოდნენ მსგავსად ორთქლისა მხრჩოლავ ძაღლის თანავარსკვლავედთან შესახვედრად

ვერ იქნებოდა მათ მიერ დანახული თუ არა ბოროტად და ალმაცერად ყმაწვილქალი

ვისთან ჩემი შეხვედრაც სიფიცხის ელჩთან

ან შავ ფსკერზე თეთრ სიმრუდესთან აზრად წოდებულთან სწორედ რომ მაშინ როცა უდანაშაულოთა მეჯლისი ხურდა ფარნები ნელ-ნელა ინთებოდნენ წაბლის ხეებზე

როცა უჩრდილო ქალმა მუხლი მოიყარა ცვალებადობის ხიდზე აქ-ცხოვრობს-გულის ქუჩაზე არა სწორედ იგივე ბგერები ბოლოსდაბოლოს აღსრულდნენ ღამეთა დანაპირებნი მოხეტიალე მტრედები დახმარების კოცნები მშვენიერ უცნობ ქალს ჩამოეღვენთნენ

წუნდაუდებელ საზრისთა კრეპქვეშ შუბებად მოქანავე ძუძუებზე ფერმა განცხრომას ეძლეოდა პირდაპირ პარიზის ცენტრში და მისი ფანჯრები ირმის ნახტომს უყურებდნენ

მაგრამ ჯერ არავინ ცხოვრობდა მასში მოულოდნელ სტუმართა მოჩვენებებზე უფრო დიდი ერთგულებით ცნობილ გადამთიელთა გამო მათგან ზოგიერთი როგორც ეს ქალი თითქოს დაცურავსო და სიყვარულში აღწევს მათი არსის წვეთი

ისინი მას თავიანთ თავში იღებენ

მე არა ვარ სათამაშო არანაირი მგრძნობიარე ძალის

და მაინც ჭრიჭინამ რომელიც ფერფლის თმაში მღეროდა ერთხელ საღამოს ეტიენ მარსელის ქანდაკების ახლოს გაგებით სავსე მზერა მტყორცნა და თქვა ანდრე ბრეტონი მოდის


* * *

1934 წლის მშვენიერ შუადღეს

ჰაერი შენი სიწითლისფერი ვარდი იყო

და ტყე როცა მე მასში შესვლა გადავწყვიტე დაიწყო სიგარეტის ქაღალდის ფოთლებიანი ხით ვინაიდან მე შენ გელოდი

და ამიტომ როცა ჩვენ ერთად დავეხეტებით სულერთია სად

შენი ბაგეები ემალად შავდება

მათგან განუწყვეტლივ მოცურავს ლურჯი ბორბალი დაშლილი და დამსხვრეული და

მიფრინავს

ლიანდში ფითრი

ყველა ხიბლმა იჩქარა ჩემთან შესახვედრად

ციყვი მოვიდა თეთრი მუცლით ჩემს გულში ჩასაკრობად არ ვიცი როგორ მიემაგრა

მაგრამ მიწა სავსე იყო იმაზე უფრო ღრმა ანარეკლებით ვიდრე წყლის ანარეკლებია

ბოლოსდაბოლოს ლითონის მსგავსად შეიბერტყა ქოჩორი

და შენ ძვირფასი თვლების საშინელ ზღვაზე მწოლიარე

შენ ტრიალებდი

შიშველი

ფოიერვერკის უზარმაზარი მზის ქვეშ

მე ვხედავდი შენს ნელ დაღმასვლას ერთუჯრედიანებიდან სადაც ზღვის ზღარბის ოვალურობა მოიპოვებოდა გთხოვ მაპატიო მე იქ უკვე აღარ ვიყავი

მე თავი ავწიე რამეთუ თეთრი ხავერდის ცოცხალმა ყუთმა დამტოვა და დამამწუხრა

ცა ფოთლებს შორის ბრწყინავდა ნემსიყლაპიასებრი სიმკვეთრით და სიმტკიცით როცა ტყის სარქველნი სწრაფად განიხვნენ და დაინგრნენ უჩუმრად

თითქოს უზარმაზარი შროშნის ორი მთავარი ფურცელი ყვავილისა რომლის ძალებში თავისი თავითაა მოცული ღამე მე ვიყავი სადაც შენ მხედავ

სურნელებაში მოწკრიალეში ყველა ზანზალაკით

ვიდრე ისინი მოვიდოდნენ ყოველდღიურობად ცვალებად ცხოვრებასთან

მე მოვასწარი ბაგეებით ვმთხვეოდი

შენი თეძოების შუშას


რამდენიმე სამაგრი

გლეხებით მჭიდროდ დატენილი ყუთები უხმაუროდ მისრიალებენ რძისფერ რელსებზე

ეს ის დროა როცა ეკლების ამგორებელი ღამის მიერ წამოყრილი ქალიშვილები იკლაკნებიან იმ ყარყუმის ნაკბენებისგან ვისი ყვირილიც

შემოჩარხავს მათი ძუძუების კერტებს

სხვა რიგის მოვლენები აბსოლუტურად მოკლებულია ინტერესს

ნურაფერს მეტყვით მაყვლებით მოხატულ ამ შპალერზე

ძალიან რომ იჩქარის

თავადვე გაიხეს

ცეცხლის შავი ენები ემეტოქებიან ცხაურზე ბალახის ენებს შორეული ოთხით სვლა ცხენის

ეს მიწისქვეშა ნადირობისკენ უხმობენ ტყეში იები და ბზები მთელი ოთახი აყირავდა

კალების საზომის დიდებული ხაზები ხდებიან ერთი რომელიც ზომის გარდა რუხი ღვინოცაა

მოკურცხვლა ყოველთვის ძალიან ადრე ცარცით ნახატზე დღის წვალებაში დააბუდე ჩურჩულის ტბის ადამიანები

აზრი რომელიც საყელოთი მიათრევს ძველ ეროტიულ ნიშებს დაე დამასვენონ ამ ყველაფრისგან ერთხელ და სამუდამოდ

ჯოჯოხეთური ბუზები განჩხრეკენ ბრჭყალებში ცვრიანი ვაშლის კვარტლის მარცვლებს ცხოვრების დღიდან ნარგავს

თევზებივით აღკაზმული ტანი სხლტება მოჩანჩქარე ბადიდან უღრანში

ქარისა საწოლის ირგვლივ

თავის არიდების არგუსი ძვირფასი თვალები უძრავნი ნახევრადგახელილნი ნახევრადდდახუჭულნი


გზად სან რომანოსკენ

პოეზია კეთდება საწოლში როგორც სიყვარული დაჭმუჭნული ზეწრები ნივთების ამოსვლაა პოეზია კეთდება ტყეებში

მას აქვს სივრცე რომელიც საჭიროა არა ეს არამედ სხვა წინასწარგანსაზღვრულობა

ძერის თვალით

ნამით შვიტაზე

ვერცხლის ლანგარზე გაოფლილი ღვინიანი ბოთლის შესახებ მოგონებით მტრედი-ტრიალას მაღალი ღეროთი ზღვაზე და გონებრივი თავგადასავლის გზით

მაღლა ასული პიკით

შეჩერება და გზა მაშინვე ახრჩობდა

ამის შესახებ არ ყვირიან სახურავებიდან

არ ეგების კარის ღიად დატოვება

ან მოწმეების მოხმობა

თევზის მეჩეჩები წივწივას ღობეები

რელსები დიდ ქალაქში გასვლისას

ნაოჭები პურზე

ბუშტულები ნაკადულზე

კალენდრის დღეები

კრაზანას ბალახი

სიყვარულის საქმე და პოეზიის საქმე

არაერთობლივია

გაზეთის ხმამაღლა კითხვით

მზის სხივის აზრი

ლურჯი სინათლე შეშისმჭრელის ნაჯახის დარტყმების შემაერთებელი გულის ან ჭვირნარის ფორმის ქაღალდის გველის ძაფი თახვების კუდების რიტმული ცემა

ელვის სიმკვირცხლე

ბურთულების ხტომა ძველი კიბის ზედა საფეხურებიდან მისაღები დარბაზი

არა ბატონებო ეს არც მერვე დარბაზია

და არც ყაზარმის აორთქლებები კვირადღის მწუხრზე

გუბეების თავზე გამჭვირვალებაში შესრულებული ფიგურები ცეკვის კედელზე მოხაზულობანი ქალის სხეულისა რომელსაც ხანჯლებს ესვრიან

კვამლის გამჭვირვალე რგოლები

შენი თმის დალალნი

ფილიპინური ღრუბლის ხვეული

მარჯნის გველის კლაკნი

ნანგრევებზე სუროს შესევა

მათ დრო თავზე საყრელი აქვთ

პოეტური ჩახუტებები ისეთია როგორც სხეულის ჩახუტებები ვიდრე გრძელდება

სამყაროს სიღატაკეში ნებისმიერ ჩაშლას კრძალავენ.


ევროპული და ამერიკული პოეზიის ნიმუშები
თარგმნა - დათო ბარბაქაძემ