Header Ads

test

არტურ რემბო - ხევში მძინარე

ხევში მძინარე


ჭალაში, სადაც ვერცხლისფერი მოჩქეფს მდინარე
და შეშლილივით ეჭიდება ნაპირზე ხავსებს,
სადაც მთებიდან მზე იღვრება პირმომცინარე
და აქაფებულ არემარეს სინათლით ავსებს,

ყმაწვილ ჯარისკაცს ბაგეგახსნილს ჩასძინებია.
თავშიშველს, კეფა უტივტივებს ქორფა ბალახში.
წამოწოლილა ზურმუხტოვან ტახტზე ნებივრად,
ფერმკრთალ სახეზე დაჰფენია სხივთა ბადახში.

ჩასძინებია ზამბახებში ტერფებგადაშლილს.
პირზე ღიმილი შერჩენია ავადმყოფ ბავშვის.
ბუნებავ, თბილად დაარწიე: სცივა მძინარეს.

ნესტოებს სულაც არ უთრთოლებს მძაფრი სურნელი.
მზის გულზე სძინავს, უძრავ მკერდზე დაუდევს ხელი.
ორი წითელი ნახვრეტი აქვს მარჯვენა მხარეს.


თარგმანი ფრანგულიდან - ბაჩანა ჩაბრაძე