ფრანც კაფკას წერილი ფელიჩესადმი 09/09/1917

ძვირფასო, შენს მიმართ საბაბიც კი არ გამაჩნია სასაყვედუროდ. მხოლოდ დღეს რომ გწერ, ამისთვის ერთადერთი მიზეზი არსებობს. არ იფიქრო შენი დუმულის გამო არ გწერდი.

შენი დუმილი გასაგებიც კია ჩემთვის. პირიქით, სასიამოვნო პასუხი უფრო გამიკვირდა. ვიცი ის ბოლო წერილი მართლაც არ შემეფერებოდა. შემზარავი იყო და პასუხსაც არ იმსახურებდა. ჩემი სიტყვები ძილში ნაბოდვარს ჰგავდა, მე ხომ თითქოს მძინავს, როცა ვწერ. სწრაფად კი ვფხიზლდები, მაგრამ უკვე გვიანია, თუმცა, ეს არაა ჩემი ყველაზე ცუდი თვისება.

ჩემი დუმილის მიზეზი, სულ სხვა რამ იყო: ბოლო წერილების შემდეგ, ორი დღის განმავლობაში, ე.ი. ზუსტად ოთხი კვირის წინ, ღამით, დაახლოებით ხუთ საათზე, პირიდან სისხლი წამსკდა. ეს იყო ფილტვებიდან ამოხეთქილი სისხლი. ზუსტად ათი წუთი გრძელდებოდა ჩემი ტანჯვა. მეგონა, აღარასოდეს შეწყდებოდა.

მეორე დღესვე წავედი ექიმთან და მას მერე ხშირად დავდივარ, რენტგენიც გადამიღეს. მაქსის თხოვნით, ერთ პროფესორთანაც ვიყავი. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო და თითოეული ექიმის მტკიცებებს არ მოვყვე, ორივე ფილტვის ტუბერკულოზი მაქვს. ეს დაავადება ასე უცაბედად რომ დამატყდა თავს, არ მიკვირს, არც ის მაოცებს, სისხლი რომ წამსკდა. უკვე რამდენი წელია, უძილობა და საშინელი თავის ტკივილი მტანჯავს და ალბათ გაწამებულმა სისხლმაც ამიტომ ამოხეთქა. ერთი სიტყვით, 34 წლის ასაკში, ტუბერკულოზი დამემართა.

მანცვიფრებს, რადგან, ჩემს წინაპრებში მსგავსი არაფერი ყოფილა. თუმცა დღეს ამას, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. მეჩვენება, რომ ამ სისხლმა თავის ტკივილისაგან გამანთავისუფლა. მომავალში რა სახით განვითარდება ჩემი დაავადება, არავინ იცის, ეს დაავადების საიდუმლოდ რჩება. ალბათ, სულ ცოტა, სამი თვით ქალაქიდან გასვლა მომიწევს, ოტლასთან, ციურაუში. როგორც ამბობენ, შესაძლოა პენსიაც დამინიშნონ, მაგრამ არ მინდა. ვერ ვიტან სენტიმენტალურ გამოსამშვიდობებელ კომედიებს, რაც ჩემს ძველ ჩვევებზე მაინც ვერ მათქმევინებს უარს. ასე რომ, მე კვლავ აქტიურ თანამშრომლად ვრჩები და შვებულებაში გავდივარ.

თუმცა, ჩემი ავადმყოფობა საიდუმლოდ არ დარჩება. ჯერჯერობით, მხოლოდ მშობლებს უნდა დავუმალო. თავდაპირველად სულ არ მიფიქრია ასე, მაგრამ, როცა დედასთან სასხვათაშორისოდ თქმა დავაპირე, საშინლად ავნერვიულდი, ისევ შვებულების საჭიროება მოვიმიზეზე და არც მას შეჰპარვია რამეში ეჭვი.

ესაა მოკლედ, რასაც კარგა ხანია, უფრო სწორად, ერთი კვირაა ვმალავ. ”საბრალო, ძვირფასო ფელიჩე”- გწერდი ბოლოს. ნუთუ ეს უნდა გახდეს ჩემი წერილების დამასრულებელი მუდმივი სიტყვები. არ არსებობს დანა, რომელიც მხოლოდ ბასრი პირიდან ჭრიდეს, ის ბრუნავს და ორივე მხრიდან გსერავს.

ფრანცი

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში